BRexit - ევროპის ჩემპიონატიდანაც - კვირის პალიტრა

BRexit - ევროპის ჩემპიონატიდანაც

"ჩვენი ბიჭები" "ევრო-2016"-ის მეოთხედფინალში

ჩვენ დღემდე 35 წლის წინანდელი ერთადერთი გამარჯვების გახსენებით ვცხოვრობთ და ჭკუას სხვების წარმატების მაგალითზეც ვერ ვსწავლობთ!

6 ივლისს ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალია. ამიტომ დროც არის (სხვა გზას გაზეთის ფორმატი არც გვიტოვებს), საფრანგეთის სტადიონებზე ნანახი მოკლედ შევაფასოთ. ოღონდ, მეოთხედფინალების დეტალურად გარჩევას არ ვაპირებთ და ყურადღებას ჩემპიონატის სხვა მხარეებზე, კონკრეტულად კი, მოულოდნელობებზე გავამახვილებთ - "ევრო-2016"-მა სანახაობრივი მატჩებით - ვერა, მაგრამ სენსაციებით ნამდვილად გაგვანებივრა.

სწორედ ის ლანდია

საფრანგეთის სტადიონებზე რამდენიმე ლანდია. ის ლანდები, არცთუ დიდი ხნის წინ, ფეხბურთის აჩრდილებად რომ მიგვაჩნდა, ახლა "ევრო-2016"-ის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში თამაშობენ! ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრილმა ისლანდიის ნაკრებმა, რომელსაც მწვრთნელად დანტისტი ჰყავს, მეკარედ - რეჟისორი, გუნდში კი მეთევზეები, პორტის თანამშრომლები, მფრინავები, იურისტები და ა.შ. ინგლისს საფრანგეთის სტადიონებიდანაც მოუწყო BRexit და კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა (საფრანგეთთან მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - ავტ.), კიდევ ერთმა დებიუტანტმა უელსმა კი მერვედფინალიდან ჯერ თავისნაირი (ასევე დებიუტანტი) მეზობელი - ჩრდილოეთი ირლანდია დაიფრინა, მეოთხედფინალში კი ფავორიტად მიჩნეულ ბელგიასაც კუდით ქვა ასროლინა.

პირველივე ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლა უელსის დონის ნაკრებისთვის უდიდესი წარმატებაა. და რაც მთავარია, ტურნირის დაწყებამდე "ერთი კაცის გუნდად" მონათლულმა "დრაკონებმა" არა მხოლოდ შედეგით, თამაშითაც დაამტკიცეს, რომ ბურთის გორება მათში მხოლოდ გარეთ ბეილმა არ იცის, კრის კოულმენის სახით კი უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი ჰყავთ. მაგრამ უელსს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავ ბეილის გარდა, ჰყავს აარონ რემზი, ჰალ რობსონ-კანუ და მეტ-ნაკლებად ცნობილი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. აი, ისლანდია კი...

ფეხბურთელებზე მეტი... გეიზერი

ჰარი ლინიკერის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, "ინგლისმა წააგო ქვეყანასთან, სადაც გეიზერი მეტია, ვიდრე პროფესიონალი ფეხბურთელი!" გეიზერების რაოდენობისა რა გითხრათ, მაგრამ ის კი ზუსტად არის ცნობილი, რომ 330 000-მოსახლიან ისლანდიაში, 21 500 ფეხბურთელია რეგისტრირებული. ამ 21 ათასიდან ლარს ლაგერბეკმა და ჰეიმირ ჰალგრიმსონმა 23 ისეთი მოთამაშე შეარჩიეს, ევროპის ჩემპიონატის მთავარ სენსაციად რომ იქცნენ. სხვათა შორის, "გეიზერების ქვეყანამ" ჯერ კიდევ "ევრო-2016"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგვაოცა, როცა მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ჩეხეთს და ჯგუფში ჩატოვა ჰოლანდიის ნაკრები! ქვეყანაში, სადაც სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა ხელბურთია, ბოლო წლებამდე, მხოლოდ ეიდურ გუდიონსენს ვიცნობდით. "ჩელსის" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ლაგერბეკმა საფრანგეთშიც წაიყვანა, მაგრამ ვეტერანის დახმარების გარეშეც იოლას (მეოთხედფინალამდე) გავიდა.

გულით ნამღერ-ნათამაშები

ნაკრების თამაში ჰიმნიდან იწყება და როგორ არ შეგშურდება, როცა ბრიტანელი, იტალიელი ან თუნდაც თურქი ფეხბურთელების და მათთან ერთად - ტრიბუნებზე მყოფი ათასობით ქომაგის უდიდესი ემოციით შესრულებულ ჰიმნს უსმენ? ბელგია-უელსის მეოთხედფინალი თავსხმა წვიმის აკომპანემენტით დაიწყო, მაგრამ უელსელებმა ისე გულიანად, ისე მხურვალედ იმღერეს ეროვნული ჰიმნი, გალუმპული ფორმა თამაშის დაწყებამდე შეაშრათ. მართლაც, როცა საქმე ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე მიდგება, ბრიტანეთის წარმომადგენლებს მხოლოდ იტალია თუ გაუწევს კონკურენციას. ეს ფეხბურთელებსაც ეხება და გულშემატკივარსაც. ქომაგებმა დიდი წვლილი შეიტანეს ირლანდიის, განსაკუთრებით კი - უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიულ წარმატებებში. რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს მთავარ ნაკრებს, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ქომაგებმაც ვერ უშველეს. როი ჰოჯსონმა იმდენი მოახერხა, რომ ინგლისური ვარდი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყვაოდა, მისი ნაკრების მაქსიმუმად კი მერვედფინალის მე-4 წუთზე გატანილი პენალტი გამოდგა...

ცივი ქვეყნის ცხელი ემოცია

ისლანდიელები ქვეყანასავით ცივი ხალხი გვეგონა. არადა, ემოციის გამოხატვა გეიზერივით "მდუღარედ" სცოდნიათ. ამის დასტურად სიხარულისგან გადარეული ისლანდიელი კომენტატორიც გამოდგება და საფეხბურთო მატჩებისადმი მხურვალე ინტერესიც. დადგენილია, ინგლისთან მატჩს ისლანდიის მოსახლეობის 98%-მა პირდაპირ ეთერში უყურა, ისლანდიის მოსახლეობის 8% საფრანგეთში ჩავიდა საყვარელი ნაკრების საქომაგოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა კი ვიპ-ლოჟაზე უარი თქვა და საფრანგეთთან მატჩს თანამემამულეებთან, ტრიბუნიდან მიადევნა თვალი. ახლა ხვდებით, რატომ ეძახიან ისლანდიის ნაკრებს მეტსახელად "შტრაკარნირ ოკკარ"-ს ("ჩვენს ბიჭებს" ნიშნავს. - ავტ.)?!

ჩვენ როსღა გვეღირსოს?! ჩვენც გვყავს "ჩვენი ბიჭები", მაგრამ...

აქამდე ევროპის წამყვანი ნაკრებები გვყავდა საზომად და ახლა გამოდის, რომ უნდა დავეწიოთ და გავუსწროთ... ისლანდიას! არადა, რომ დაეწიო, იგივე გზა და მიმართულება მაინც უნდა გქონდეს არჩეული, უნდა იცოდე, რა გინდა და საით მიდიხარ... ისლანდიელებმა ჯერ კიდევ 2009 წელს 3:1 გვაჯობეს ამხანაგურ მატჩში და მაშინ დავწერე - ის თუ ლანდია, ჩვენ ვინღა ვართ-მეთქი?! იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდის იმჟამინდელმა თავკაცმა ექტორ რაულ კუპერმა რეიკიავიკში უმეტესად ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები იახლა, ისლანდიელ "მეთევზეებთან" მარცხი წაგებებს გაშინაურებული ჩვენი ნაკრებისგანაც კი ძალიან გვემწარა. მას შემდეგ მხოლოდ შვიდი წელი გავიდა. "მეთევზეებისთვის" ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რომ ეთამაშათ. საქართველოს ნაკრებმა კი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მწვრთნელების გამოცვლა მოასწრო, 2009 წელს დასმული კითხვა კი ახლა უფრო მძაფრად ისმის: "ევრო-2016"-ის მეოთხედფინალისტი თუ ლანდია, ჩვენ ვინღა ვართ?!

დრო იყო, უელსს ორი მატჩის ჯამში 6:0 ვუგებდით, "დრაკონების" ნაკრებში კი მხოლოდ რაიან გიგზს ვცნობდით და გვეცოდებოდა - მსოფლიო დონის ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე წარმატება არ ეღირსაო... ახლა? უელსი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ისლანდია ტურნირის მასპინძელ ფრანგებს ებრძვის, ჩვენ კი... ჩვენ დღემდე 35 წლის წინანდელი ერთადერთი გამარჯვების გახსენებით ვცხოვრობთ და ჭკუას სხვების წარმატების მაგალითზეც ვერ ვსწავლობთ!

ჩვენისთანა "წყალწყალა" ფეხბურთის პატრონებს და მით უმეტეს - თბილისის ისტორიის მცოდნეთ ვერც თბილი წყლით გაგვაკვირვებს ვინმე და ვერც - გეიზერით, მაგრამ "მდუღარე წყლების ქვეყნის" მაგალითმა ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს.

თუ ნიჭი არ გიწყობს ხელს, წყალი ვერც თბილი გიშველის და ვერც - მდუღარე. ფეხბურთელს სისხლი უნდა უდუღდეს - ჰიმნის მოსმენისას, ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლისას...

და სამწუხაროა, ამის სწავლა ცივი ისლანდიისა და უელსისგან რომ გვჭირდება!