ქართველები საქართველოს წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

ქართველები საქართველოს წინააღმდეგ?!

ქართულ ფეხბურთს ბევრი რამ ახსოვს - ჩაწყობილი თამაშებიც, არბიტრთა მოსყიდვის ფაქტებიც, მათი ცემა-ტყეპაც და ფეხბურთელთა მიერ საკუთარი გუნდის (მათ შორის - ეროვნული ნაკრების) წაგებაზე დადებული ფსონებიც კი... თუმცა, როგორც ჩანს, საზღვარი არც ადამიანის ფანტაზიას აქვს და არც მის სულმდაბლობას.

ყოველ შემთხვევაში, ძნელია, სხვაგვარი შეფასება მისცე ფაქტს, რომლის შესახებაც გასული კვირის მიწურულს გახდა ცნობილი და რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორმა - დავით კირკიტაძემ პირდაპირ ეთერში გვამცნო. შაბათს რადიო "პალიტრის" ეთერში დიმიტრი ობოლაძის საავტორო გადაცემაში სტუმრად მყოფმა გუბერნატორმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 2010 წლის 3 მარტს გამართული საქართველო-ესტონეთის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, რომელიც ნაკრების ახალი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიასთვის სადებიუტო გახლდათ, შეხვედრის მოლდაველ მსაჯებთან მავანი ქართველი (დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარაკია სფფ-ის ყოფილ ჩინოვნიკზე) მივიდა და არბიტრების მოსყიდვა სცადა, რათა მათ საქართველოს წინააღმდეგ ემსაჯათ(?!) და ქეცბაიასთვის დებიუტი ჩაემწარებინათ(!!!).

ძნელი სავარაუდოა, რა მიზანი ამოძრავებდა ამ პერსონას (თუ პერსონებს) - რევანშის, ქეცბაიას "გაფუჭების" თუ ფულის მოგების წყურვილი, თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. ნუთუ სკამის დაკარგვით გამოწვეულმა ბოღმამ ისე დაუბრმავათ თვალი, რომ ვეღარ გაურკვევიათ, ამით მწვრთნელის ან ნაკრების კი არა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ იბრძვიან?

ფაქტის გადასამოწმებლად მატჩის მოლდაველ არბიტრებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, იმის გამო, რომ დასვენების დღეები დაემთხვა, მათგან კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით. სამაგიეროდ, გთავაზობთ სკანდალური განცხადების ავტორის კომენტარს.  მანამდე კი ჟურნალისტ დიმიტრი ობოლაძეს მოვუსმინოთ.

დიმიტრი ობოლაძე: - რადიოს პირდაპირ ეთერში ისეთი შოკი მივიღე, კარგა ხნის განმავლობაში ვერც მოვიფიქრე, როგორ გამეგრძელებინა გადაცემა. დავით კირკიტაძემ ისეთი განცხადება გააკეთა, მეც და ალბათ, გადაცემის მსმენელებიც შოკირებულები აღმოვჩნდით. ქვემო ქართლის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ, ვიღაც პირები, რომელთა ვინაობაც კირკიტაძემ არ დაასახელა, მივიდნენ მსაჯებთან და სთხოვეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა საქართველოს ნაკრებს არ მოეგო. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, დავით კირკიტაძემ დაწვრილებით აღარაფერი თქვა...

- მიუხედავად ამისა, ძნელი წარმოსადგენია, თანამდებობის პირს დასაბუთებული ფაქტების გარეშე, ასეთი ხმაურიანი განცხადება გაეკეთებინა...

- როდესაც პრეზიდენტის რწმუნებული პირდაპირ ეთერში ასეთ რამეს ამბობს, გამორიცხულია, დარწმუნებული არ იყოს საკუთარ სიტყვებში და ზურგს კონკრეტული ფაქტები არ უმაგრებდეს. ეს ისეთი თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ხომ ეროვნულ ნაკრებს ეხება და როგორ შეიძლება კაცმა ასეთი სულმდაბლობა იკადრო? პირიქით, ესტონეთთან მატჩის შემდეგ, ბევრმა აღნიშნა - არბიტრი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოო და თურმე, ზოგიერთებს საწინააღმდეგო ზრახვა ჰქონიათ...

- როგორ ფიქრობთ, რა იყო "შეთქმულთა" მიზანი? და თუ ითქვა, რის სანაცვლოდ უნდა შეეშალათ ხელი საქართველოს ნაკრებისთვის?

- ვერ გეტყვით, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული მათ - ქეცბაიას ან ახალი ფედერაციის დისკრედიტაცია თუ ესტონელთა მოგებაზე ტოტალიზატორში ფულის დადება. დავით კირკიტაძეს არც კონკრეტულ შეთავაზებაზე ულაპარაკია. თუმცა, ჩემი, როგორც ქართველის პოზიცია ასეთია - თუ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, ეს არის ნაძირალობის უმაღლესი გამოხატულება! აუცილებლად უნდა გამოიძიონ, თუმცა, ეჭვი მეპარება, ვინმემ კონკრეტული პირები დაასახელოს...

დავით კირკიტაძე: - შეგნებულად არ ვასახელებ იმ პირთა ვინაობას, ვის გასაგონად და გასაფრთხილებლადაც გავახმაურე საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ მომხდარი ფაქტი. ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით და მინდა, ყველა გავაფრთხილო - ნურავინ დააპირებს ბინძური ხერხებით შეუშალოს ხელი თემურ ქეცბაიას და საქართველოს ნაკრებს! ამჯერად თავს ვიკავებ დაკონკრეტებისგან, მაგრამ ნამდვილად მაქვს ინფორმაცია ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ.

- პირთა დასახელებას არც გთხოვთ, უბრალოდ, უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა მოხდა...

- საქართველოსა და ესტონეთის მატჩის წინ იყო არბიტრებზე "გასვლის" მცდელობა, რათა მათ საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვებაში ხელი შეეშალათ(!).

- ეს პირები უშუალოდ არბიტრს ესაუბრნენ თუ მასთან შედეგის მიღწევა ვერ მოახერხეს?

- თუ საჭიროდ ჩათვლის, ამაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ილაპარაკებს...

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ზვიად სიჭინავას აქვს ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, აქვს... ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ყველას შევახსენებ, რომ ამქვეყნად არაფერი იმალება და თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდა, მას სათანადო რეაგირება მოჰყვება...

- ის მაინც გვითხარით, ის კაცი ნოდარ ახალკაცი-უმცროსის კადრი იყო?

- მნიშვნელობა არა აქვს, როდინდელი და ვისი კადრი იყო, თუმცა, ის იყო და დღესაც არის ფეხბურთში...

- მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ?

- ამ სამწუხარო ფაქტიდან საკმაოდ მალე... თუმცა, მიმაჩნია, რომ სწორედ ახლა უნდა გამეხმაურებინა. გულშემატკივარი იმედით ელის ახალ შესარჩევ ციკლს, ახალი მწვრთნელისა ეიმედება და არავის აქვს უფლება, თავისი მერკანტილური მიზნებისთვის საქართველოს ნაკრების წინაღმდეგ იბრძოლოს...

- თქვენი აზრით, რისი მცდელობა იყო ეს - რევანშის წყურვილი, თუ თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ მიმართული ქმედება?

- ეს იყო მტრობა ქართული ფეხბურთისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.

კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც.

ზვიად სიჭინავა: - ასეთ რამეს თუ მართლაც ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ეროვნული ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა, ჩვენი სახეა, სახელია და თუ ვინმე ამ სახელის შებღალვას ცდილობს, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ასეთ ადამიანზე...

- დავით კირკიტაძის თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ იცის, ვინ ცდილობდა მსაჯების მოსყიდვას...

- ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი, რომ ესტონეთთან მატჩის შემდეგ იმუქრებოდნენ - გიჩივლებთო...

- ჩივილით მატჩის არბიტრები იმუქრებოდნენ?

- ისრაელიდან წუხელ დავბრუნდი და ჯერ ვერაფერი გავარკვიე. უახლოეს მომავალში შემეძლება კომენტარის გაკეთება იმ ყოველივეზე, რაც ხდება და რაც მოხდა.

- გასაგებია, რომ წუხელ ჩამოხვედით, მაგრამ ესტონეთთან მატჩი მარტის დასაწყისში იყო და ნუთუ არაფერი გაგიგიათ მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ?

- ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ, უკვე დაზუსტებული ყოფილა. ვიმეორებ - მალე გავაკეთებ კომენტარს ამასთან დაკავშირებით.

P.S. ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ აუცილებელია აღნიშნული ფაქტი დეტალურად გამოიძიონ და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, ახლა მაინც გავაცნობიეროთ - რანი ვართ და საით მივექანებით...