ევროპა ჩვენთვისაც დასრულდა
11-07-2016
ევროპა ჩვენთვისაც დასრულდა
ევროპის ჩემპიონატიც და ევროპული ფეხბურთიც ჩვენთვის გასულ კვირას დასრულდა. ივლისი განსაკუთრებულად ცხელი თვეა და ქართულ კლუბებს ურჩევნიათ, ნაადრევად მოითავონ ხოლმე საქმე ევროტურნირებზე და მშვიდად მოემზადონ ეროვნული ჩემპიონატისთვის. ტრადიცია არც წელს დარღვეულა - დაიწყო თუ არა "ევროპის ლიგის" წლევანდელი გათამაშება, სამივე ქართულმა კლუბმა "ლოგიკური გადაწყვეტილება" მიიღო - დიდხანს არც თვითონ უწვალიათ, არც ჩვენ გვანერვიულეს. დიახ, ქართველებს არ უთამაშიათ "ევრო-2016"-ზე, მაგრამ სადაც ითამაშეს, იქ მოიჭრეს თავი და ახლა ერთადერთი კლუბის იმედზეღა ვართ
- ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სომხურ "ალაშკერტს" ეთამაშება.

15 მილიონი ისლანდიას


ევროპის ახალ ჩემპიონს უკვე იცნობთ. გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირა ღამეს გამართული საფრანგეთ-პორტუგალიის შედეგი ამ ნომერში ვერაფრით მოხვდებოდა, მაგრამ ფინალი ნანახი გექნებათ, ასე რომ, დანარჩენზე ვთქვათ. ახალი ფორმატით გამართულმა ჩემპიონატმა აზრთა სხვადასხვაობაც
გამოიწვია და დიდი ინტერესიც. თუმცა, ერთთვიანმა მარათონმა დაგვარწმუნა, რომ მოსაზრებები, თითქოს "24 ნაკრები ნამეტანია", "ამდენ გუნდს კონტინენტის პირველობაზე არაფერი ესაქმება" და ა.შ. მცდარი გახლდათ. დიახაც, ესაქმებოდათ და ხმაურიანი სენსაციებიც სწორედ მათ შემოგვთავაზეს, ვისგანაც არ ველოდით.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ სიურპრიზს - ისლანდიის ნაკრებს - რეიკიავიკში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს 330 ათასმცხოვრებიანი ქვეყნისგან, რომელმაც მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ისლანდია ერთადერთი ნაკრებია "ევრო-2016"-ის მონაწილე 24 გუნდს შორის, ვინც გოლის გატანა ყველა (ხუთივე!) მატჩში შეძლო!

მაგრამ საფრანგეთის სტადიონებიდან ვიკინგებს მხოლოდ საყოველთაო სიმპათია არ წაუღიათ - სამშობლოში 15 მილიონი ევროც გაიყოლეს! 8 მილიონი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის მიიღეს, 1,5 მილიონი - 1/8-ფინალში, 2,5 მილიონი კი 1/4-ფინალში გასვლისთვის. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება მილიონ ევროდ ფასობს, ფრესთვის კი ნახევარი მილიონია დაწესებული. ამგვარად, ისლანდიამ (ორი მოგება, ორი ფრე) დამატებით სამი მილიონი, სულ კი 15 მილიონი ევრო დააგროვა. ისლანდიური ფეხბურთი სწორი გზით რომ ვითარდება, საკვალიფიკაციო ეტაპზევე გამოჩნდა. საფრანგეთში ნაჩვენები სენსაციური შედეგი ფეხბურთის პოპულარობას გაზრდის ქვეყანაში, სადაც სპორტის უპირველესი სახეობა ხელბურთია. და არა მხოლოდ "ევრო-2016"-ზე ნაჩვენები ფურორი - ისლანდიური ფეხბურთის განვითარებას ის 15 მილიონიც ძალიან დაეხმარება!

ჩვენ რას ვითვლით?!


რადგან კონტინენტის პირველობაზე თამაშზე ისევ ვოცნებობთ, ფულის გამომუშავება მხოლოდ ევროთასებზე წარმატებული თამაშით შეგვიძლია, მაგრამ... რა ფულის მოგებაზეა ლაპარაკი, როცა ქართულ კლუბებს ერთი ეტაპის გადალახვაც სანატრელი გახდომიათ და გასვლითი მატჩების ხარჯსაც უაზროდ იმატებენ?! სანამ ისლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდები მილოცვებსა და მილიონებს ითვლიან, ჩვენ მხოლოდ გოლები (ჩვენს კარში) და გიუმრიმდე ან კიშინიოვამდე სულ ტყუილად გავლილი კილომეტრები ვითვალოთ!
შარშანდელის მსგავსად, სამივე ქართულმა კლუბმა პირველივე ეტაპზე დაასრულა ევროპის ლიგაზე გამოსვლა. ტურნირის დასახელების მიუხედავად, ევროპულ ფეხბურთამდე ბევრი რომ გვიკლია, არა მხოლოდ შედეგებზე, მეტოქეებზეც კარგად გვეტყობა. აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა... მერე რა, რომ ეს ქვეყნებიც ჩვენსავით მსოფლიო რეიტინგის ფსკერზე ყურყუტებენ? სამწუხარო ფაქტი ფაქტად რჩება - ქართული ფეხბურთისთვის ყველა მათგანი გრანდია!

მორიგი ხათ-გაბალა


ევროტურნირებზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "სამტრედიამ" ლამის ამდენივე გოლი გაუშვა აზერბაიჯანული "გაბალასგან". ჯერ თბილისის "დინამოს" შარშანდელი ხათ-გაბალა არ დაგვევიწყებინა, "გაბალამ" კი "სამტრედიას" პირველივე მატჩში მოუმთავრა საქმე და 5:1 გაანადგურა. ევროთასისთვის მოსამზადებელ მატჩებში სამტრედიელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ბაქოში რა დაემართათ, ძნელი სათქმელია. პრინციპში, დიდი ანგარიშით მარცხი საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალონ - მატჩის დასაწყისში გაშვებული ორი გოლის შემდეგ კი გია ცეცაძის გუნდს ფსიქოლოგიურადაც გაუჭირდა და კიდევ სამი ბურთი გაუშვა.

ზესტაფონის სტადიონზე გამართულ განმეორებით შეხვედრაში სამტრედიელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს, მალევე დაწინაურდნენ და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს დაშვებული შეცდომა "სამტრედიას" გაშვებულ გოლად დაუჯდა და აშკარა გახდა, რომ მასპინძლები ოთხი ბურთის გამტანი არ იყვნენ... ასეც მოხდა - მეორე ნახევარში ცეცაძის გუნდმა ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა და 2:1 გამარჯვება მორალური რეაბილიტაციისთვის იკმარა.

"ჩიხურაც" ზესტაფონში


სამტრედიელთაგან განსხვავებით, პირველი შეხვედრები 1:0 მოიგეს "დილამ" და "ჩიხურამ". თანაც, საჩხერლებმა სტუმრად დაამარცხეს კიშინიოვის "ზიმბრუ" და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსიც გაუჩნდათ. სამწუხაროდ, ზესტაფონის სტადიონი არც "ჩიხურასთვის" გამოდგა იღბლიანი. საერთოდაც, ქართული ფეხბურთის მდგომარეობა იმითაც კარგად ჩანს, ევროთასის მონაწილე სამი კლუბიდან ორი სხვის სტადიონზე რომ მართავს "საშინაო" მატჩებს! არადა, ამ ფონზე მაინც გვიკვირს, როგორ ახერხებენ ქართული კლუბები ერთი შეხედვით მოსაგები მატჩების წაგებას.
კიშინიოვში გამარჯვების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი ზესტაფონშიც ორჯერ იგებდა, თუმცა, ბრაზილიელი ლეგიონერებით გადავსებულმა "ზიმბრუმ" ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოლდოველებს გადაულოცა.

ბოლო წუთებზე გაუშვა გოლი "დილამაც". გორში 1:0 გამარჯვების შემდეგ უჩა სოსიაშვილის გუნდმა 84-ე წუთამდე გაუძლო გიუმრის "შირაქის" შეტევებს, მერე კი შეცვლაზე შესულმა ვახან ბიჩაქჩიანმა მაინც გაუტანა მუჯრიშვილს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა ნახევარმა საათმა გამოავლინა და გორელებმა ვერც თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს...

ალავერდი "ალაშკერტთან"


სომხურ კლუბთან რევანშის შანსი აქვს თბილისის "დინამოს", რომელიც 12 ივლისს სომხურ "ალაშკერტს" დაუხვდება. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ძალიან უნდა მოინდომოს, სომხეთის ახალგამომცხვარ ჩემპიონთან ორმატჩიან დუელში გამოვარდნა რომ მოახერხოს. ჩვენი კლუბების შემხედვარეთ აღარაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ იმედია, "შვებულებაში გასვლა" ყველა ქართულ კლუბს არ ეჩქარება და "დინამო" მაინც მიაღწევს აგვისტოს დასაწყისამდე...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით