სტადიონი - თავისუფლების კუნძული - კვირის პალიტრა

სტადიონი - თავისუფლების კუნძული

საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო... მეტიც, ფეხბურთის დამოუკიდებლობამ გაასწრო კიდეც სახელმწიფოს გათავისუფლებას! ზუსტად 20 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, სამოცდათხუთმეტათასიან "დინამოს" სტადიონზე ასი ათასი ქართველი შეიკრიბა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩზე,

რომელშიც ერთმანეთს თბილისის "იბერია" და ფოთის "კოლხეთი-1913" შეხვდნენ.

ისტორიულ მატჩთან დაკავშირებით მაშინ ეროვნული მოძრაობის თაოსნობით უნიკალური ბილეთიც გამოიცა, რომლის მფლობელსაც ჰქონდა უფლება, ათი წლის შემდეგაც მისულიყო ჩემპიონატის გახსნის მატჩზე... მას შემდეგ ათი კი არა, ოცი წელიწადი გავიდა, ეროვნული ჩემპიონატიც რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც ცოცხლობს.

თუმცა, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაარსების ერთ-ერთი თაოსანი, საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი გიგა ნორაკიძის სიტყვებს იშველიებს და ამბობს: "საქართველოში შეიძლება ყველაფერი მოკვდეს, ფეხბურთის გარდა!"

- 20 წლის წინ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი ჩატარდა. კაცობრიობის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა - სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ორი წლით ადრე, ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ფეხბურთის მეშვეობით, როდესაც სტადიონზე შეკრებილი ასი ათასი მაყურებლის წინაშე თქვა ისტორიული სიტყვები:

"დანო და ძმანო, დღეს ქართული ფეხბურთი შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და მასთან ერთად იბრძვის საქართველო

დამოუკიდებლობისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს"... ისიც ნიშანდობლივია, რომ პირველი ჩემპიონატი 30 მარტს - ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის დაბადების დღის და რეფერენდუმის თარიღამდე ერთი დღით ადრე გაიხსნა...

- გაიხსენეთ, რა ხდებოდა 1990 წლის 30 მარტს ქვეყნის მთავარ სტადიონზე... მით უმეტეს, თქვენ ამაზე ფილმიც გადაიღეთ...

- იმ დღეს "დინამოს" გადაჭედილ ტრიბუნებზე არც ერთი ინციდენტი, არც ერთი უხეში სიტყვა არ ყოფილა... დიახ, მე გადავიღე ფილმი "სტადიონი", რომელმაც მილანის კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მიიღო. "კორიერე დელო სპორტში" დაწერილი რეცენზია კი ასე იწყებოდა: "სტადიონი - თავისუფლების კუნძული"... აი, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც მე, როგორც რეჟისორმა, მივიღე და ნებისმიერ პრიზს მირჩევნია.

სწორედ თავისუფლების კუნძული იყო სტადიონი 20 წლის წინ... საზოგადოდ, სტადიონი ემოციათა ეპიცენტრია და ამავდროულად ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი - როგორი სტადიონიც აქვს, ისეთივე ქვეყანაა.