"ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის" - კვირის პალიტრა

"ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის"

"ქართველი ძიუდოისტები ყველა წონაში ფავორიტები არიან და ოქროსთვის ბრძოლაც ყველა მათგანს შეუძლია"

ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი 39 ქართველი სპორტსმენიდან, ყველაზე მეტი - რვა წარმომადგენელი ძიუდოს ჰყავს. სხვებზე მეტ მედალსაც, ტრადიციულად, ძიუდოისტებისგან ველით და რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან:

- ეს პირველი ოლიმპიადაა თქვენთვის საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში. რას ელით?

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თითქმის ყველა დიდ ტურნირზე წარმატებით ვიასპარეზეთ და ოლიმპიადასაც იმედიანად ვხვდებით. ქართველი ძიუდოისტები ყველა წონაში ფავორიტები არიან, ოქროსთვის ბრძოლაც ყველა მათგანს შეუძლია.

- მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ხართ?

- ევროპის ჩემპიონატიდან ექვსი მედალი ჩამოვიტანეთ, მაგრამ იყო ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც ივნის-ივლისში გამართული ორი დასკვნითი შეკრების დროს ვიმუშავეთ: ხუთი კვირით აზიაში ვიყავით, ათი დღით - ყვარელში. რაც მთავარია, სერიოზული ტრავმა არც ერთ ძიუდოისტს არა აქვს.

- ძიუდოისტები ხშირად უჩიოდნენ თქვენ, წინამორბედ პეტერ ზაიზენბახერს - ვარჯიშს ტრავმირებულებსაც კი გვაიძულებსო. თქვენც ასეთი მკაცრი ხართ?

- ყველა სპორტსმენთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. დისციპლინა აუცილებელია და სადაც საჭიროა, არც სიმკაცრეს ვერიდებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ზოგჯერ უმჯობესია, სპორტსმენი ნებაზე მიუშვა, ფსიქოლოგიურად რომ არ "გადაიწვას".

- სიმკაცრესა და მტკიცე ხელს თუ ვერ გრძნობს, ქართველების უმეტესობას უჭირს კონცენტრირება. ძიუდოისტებიც ასე არიან?

- დისციპლინის გარეშე დიდი გამარჯვებების მოპოვება შეუძლებელია. საქართველოს ნაკრებში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ოფიციალური შეჯიბრების წინ ბიჭები მუდამ საჭირო კონდიციაში არიან და ეს შედეგებსაც ეტყობა.

- ნაკრების თავკაცად 2013 წლის იანვარში დაინიშნეთ და მალევე დაატყვეთ ხელი გუნდს. როგორ მოახერხეთ გუნდში არსებული ვითარების ასე სწრაფად შეცვლა?

- პირველივე დღიდან აქცენტი გუნდის შეკვრაზე, გაერთიანებაზე გავაკეთეთ. დევიზი - "ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის" გუნდში ისევ აქტუალურია...

- ორთაბრძოლისას სულ აძლევთ შეგირდებს რჩევებს და მიმართულებას. განათლებით ფსიქოლოგი ხომ არა ხართ?

- ფსიქოლოგი არა, მაგრამ გვარიდან გამომდინარე, შესაძლოა, გენში მართლაც მაქვს სხვისთვის დახმარების მოთხოვნილება (იცინის)... მწვრთნელები სულ ვცდილობთ, ყველა წონით კატეგორიას და სპორტსმენს ინდივიდუალურად მივუდგეთ, ძიუდოისტების ყველა პრობლემა და მოსაზრება ვიცოდეთ. მწვრთნელისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ტატამზე მყოფი სპორტსმენი მის რჩევას ითვალისწინებს, მისი ეიმედება.

- ჩვენც გვეიმედება თქვენი და თქვენი გუნდის. სათითაოდ მივყვეთ წონითი კატეგორიების მიხედვით:

- 3-4 წელიწადია, ამირან პაპინაშვილი 60 კგ წონითი კატეგორიის ლიდერად ჩამოყალიბდა. ყველა მეტოქის დამარცხება ძალუძს და მისგან უმაღლესი სინჯის მედალს ველით. კარგია, რომ ბრაზილიაში არ იასპარეზებს პაპინაშვილისთვის უხერხული მეტოქე განბაატარი, მაგრამ სხვა ძლიერი კონკურენტებიც გვყავს.

- 66 კგ წონითი კატეგორია დიდხანს იყო პრობლემური საქართველოს ნაკრებში. ვაჟა მარგველაშვილის გამოჩენით ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდა?

- მას შემდეგ, რაც ლაშა შავდათუაშვილმა 66-დან 73 კგ კატეგორიაში გადაინაცვლა, მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განვიხილავდით. საბოლოოდ, მარგველაშვილზე შევაჩერეთ არჩევანი, გვჯეროდა, რომ ეტაპობრივად მოუმატებდა და ასეც მოხდა. ვაჟა ძალიან პერსპექტიული და მონდომებული სპორტსმენია, ბოლო ექვს თვეში სერიოზული პროგრესი აქვს - მოუგო წონის ლიდერების უმეტესობას, ევროპის ჩემპიონატზეც დამაჯერებლად იასპარეზა და ვიმედოვნებთ, ოლიმპიადაზეც შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოავლენს.

- შავდათუაშვილი (73) ვახსენეთ და მასზეც ვილაპარაკოთ: ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ლაშას ჩავარდნა ჰქონდა, მერე წონაც შეიცვალა...

- ოლიმპიადის შემდეგ, ლაშამ ევროპის პირველობაც მოიგო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ წონის დაკლება გაუჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, 73-ში გადაგვეყვანა. ადაპტაციას დრო დასჭირდა, ტრავმებმაც შეუშალა ხელი, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, შავდათუაშვილი გაუშინაურდა ამჟამინდელ წონას, თანდათან უმატებს და ეს ბოლო ტურნირებმაც აჩვენა.

- მივადექით 81 კგ კატეგორიას, სადაც ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოკვეთილი ფავორიტია და გამოირჩევა არა მხოლოდ ძიუდოს ნაკრებში, მთლიანად ქართულ დელეგაციაშიც...

- ჭრიკიშვილი საქართველოს დელეგაციის მედროშეც არის, რაც დამატებითი სტიმულია ძიუდოსთვის. წლებია, ავთო წონის ლიდერია, მსოფლიო და ევროპის სამგზის ჩემპიონი ოლიმპიადასაც რეიტინგ-ლიდერის რანგში ხვდება და ჩინებული შანსი აქვს ოლიმპიური ოქროთიც დაიმშვენოს მკერდი.

- ჭრიკიშვილს გამოცდილებაც აქვს, ტექნიკაც, თავდაჯერებულობაც. იმავდროულად, ცივსისხლიანი მოჭიდავეც არის და ძნელად სავარაუდოა, თუნდაც ოლიმპიურმა წნეხმა ააღელვოს, მაგრამ... მაინც ხომ არ იმოქმედებს ის გარემოება, მისგან ყველა ჩემპიონობას რომ ელის?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე პირიქით მგონია - ავთოსნაირი სპორტსმენისთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება და შანსს აუცილებლად გამოიყენებს!

- საკმაოდ დიდხანს ვარლამ ლიპარტელიანის (90) მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო. ბოლო წლებში ასე აღარ არის. მეტიც, ძალიან კონკურენტულ წონაში "ლიპო" ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და შედეგიან ძიუდოისტად ჩამოყალიბდა...

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლიპარტელიანმა ყველა დიდ ტურნირზე მოიპოვა მედალი, რაც უნიკალური შედეგია. ძიუდო ძალიან დინამიკური სახეობაა და ასეთი სტაბილურობის შენარჩუნება რთულია. ოქროს დაუფლებას აზიელი, ბერძენი, რუსი და კუბელი სპორტსმენებიც ეცდებიან, მაგრამ "ლიპო" წონის ლიდერია და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

- 66-თან ერთად, 100 კგ წონითი კატეგორიაც პრობლემური იყო ჩვენთვის. სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წონაში ბექა ღვინიაშვილის გადასვლასაც. ერთი შეხედვით, მას მართლაც უნდა გასჭირვებოდა ტანმაღალ მეტოქეებთან, მაგრამ "ტაისონამ" ყველა ოპონენტი გააჩუმა!

- წლებია, 90 კგ-ში ლიპარტელიანს სტაბილური შედეგები აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ღვინიაშვილს 100 კილოგრამში ეჭიდავა. მწვრთნელთა საბჭოს ამ არჩევანს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ბექასი! ბოლო ხუთ თვეში ღვინიაშვილმა ახალ წონაში თითქმის ყველა ლიდერს მოუგო და თუ არ ვცდები, ერთადერთი ძიუდოისტია, ვინც ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია! მის შემთხვევაში, სიმაღლე ბევრს არაფერს წყვეტს, უშუალო კონკურენტები - რუსი და მონღოლი არ არიან მასზე დიდად მაღალი. ბექას თავისი კოზირები აქვს, დაამტკიცა, რომ ამ წონაშიც შეუძლია წარმატებით ჭიდაობა. მათ კი, ვინც ფიქრობდა, რომ წონის შეცვლით შეიძლება "გაგვეფუჭებინა" ღვინიაშვილი, ვეტყვი - ბექასნაირ სპორტსმენს ტელევიზიით რომ ეყურებინა ოლიმპიადისთვის, გაცილებით მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდა, ვიდრე წონის ცვლილებით! იმედია, ჩვენი არჩევანის სისწორეს ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგიც დაამტკიცებს.

- მძიმე წონაში ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტია ტედი რინერი! მაგრამ ადამ ოქრუაშვილსაც ხომ აქვს შანსი?

- სამი წელიწადია, ადამიც წარმატებით ჭიდაობს დიდ ტურნირებზე. ბოლო დროს მომატებული წონის დაკლება უჭირდა, მაგრამ ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ არის რამდენიმე დღე და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ წონას ასპარეზობის დაწყებამდე დაიბრუნებს. რინერს რაც შეეხება, ოქრუაშვილს რამდენჯერმე ჰქონდა ფრანგის დამარცხების შანსი და ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში, კიდევ ექნება!

- ოლიმპიადაზე პირველად გვყავს ქალი ძიუდოისტიც - ესთერ სტამისგან რას ელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

- ორი წელია, სტამი საქართველოს სახელით ასპარეზობს. მასაც მოუხდა ქართული ჰაერი - ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც საკმაოდ იოლად მოიპოვა. იმედია, შანსს რიოშიც გამოიყენებს.

- იმედია, რიო-დე-ჟანეიროს "ჰაერი" მთელ ჩვენს დელეგაციას მოუხდება... თქვენ რას გვპირდებით, რა დაედება "უზნაძის მალამოდ" ქართველი ქომაგის გულს?

- გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ქართველი ძიუდოისტები ბოლომდე დაიხარჯებიან და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რასაც ქომაგებიც იმსახურებენ და ჩვენი გმირი ბიჭებიც!