სლავებში არ აგვე-რიო
25-07-2016
სლავებში არ აგვე-რიო
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია რამდენიმე დღეში მიაშურებს მზიურ ბრაზილიას. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენთვის სარეკორდო - 39 სპორტსმენს ვგზავნით და იმედი გვაქვს, რომ მედლებსაც აქამდე არნახული რაოდენობით მოვიხვეჭთ.
მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ შედეგებზე მიდგება საქმე, ჩაცმულობით უნდა გამოვირჩეთ. ან, პირიქით - ვერ გაგვარჩიონ მოლდავეთის, ყირგიზეთის, რუმინეთის დელეგაციებისგან!

ოლიმპიური დელეგაციის გაცილების და ფიცის დადების ცერემონიალი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე გაიმართა და... ქართველი ოლიმპიელების სამოსი მთავარ თემად იქცა სოციალურ ქსელში:

"ბოშების ქორწილი", "ყირგიზეთის
დელეგაცია", "ჩეჩნური ქრონიკები" და ა.შ. - ასეთი შეფასებები მოჰყვა ქართველი ოლიმპიელების სამოსს. ვიღაცას, ალბათ, მოსწონს. ისიც მესმის, რომ დიზაინის ავტორებს ქართული სამოსის პოპულარიზაცია აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ტანისამოსს რომ შეხედავ, ხომ უნდა მიხვდე, რომ ქართულია?! უცხოელებს რომ თავი დავანებოთ, ქართველები მაინც ხომ უნდა "ვგრძნობდეთ", რომ ტრადიციულ
ქართულ სამოსს ვხედავთ?!
ოლიმპიელებს რომ სამოსი სჭირდებათ, გუშინ არ გარკვეულა. იქნებ რამდენიმე თვით ადრე გაეცნოთ ესკიზები საზოგადოებისთვის, სანამ ყველასთვის შეკერავდნენ, თითო საჩვენებელი ნიმუში მაინც გაესაჯაროებინათ. აუცილებელი არაა, სამოსზე მაინცდამაინც ხუთჯვრიანი დროშა გეხატოს, მაგრამ... არ შეიძლებოდა, ფაქტის წინაშე არ დავეყენებინეთ და ქართული ფორმის დიზაინი მაინცდამაინც გამგზავრებისას, ტრაპიდან ხელის დაქნევისას არ გვენახა?!

ოლიმპიურმა კომიტეტმა ტანსაცმელი მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. მისი დირექტორი ამბობს, რომ ქალ სპორტსმენებს სამოსი ტრადიციული აჭარული კაბის - "ელეგის" დიზაინის მიხედვით შეუკერეს, ვაჟები კი მოხევურ ახალუხში გამოაწყვეს. დიახ, ქართველს (მით უმეტეს - საზღვარგარეთ!) სწორედ ქართული უნდა ეცვას, მაგრამ ისეთი, რომელსაც წარმომავლობა ერთი შეხედვითაც ეტყობა. ანდა, ფერები მაინც შევარჩიოთ ისე, რომ მნახველებს სლავურ ჩაცმულობაში არ აერიოთ...

გემოვნებაზე არ დაობენ? როცა საქმე ქვეყნის სავიზიტო ბარათს, ოთხ წელიწადში ერთხელ გასამართ უდიდეს ღონისძიებას და მილიარდობით ტელემაყურებელს ეხება, სწორედაც რომ დაობენ!

ოღონდ, მანამდე, სანამ საქმე საქმეზე მიდგება, თორემ, ახლა - იდავე რამდენიც გინდა...
ფიცის დადების ცერემონიალი დიდხანს არ გრძელდება. დათბილულ ახალუხში კი არა, გაიჭირვებ და ნაბადშიც გაუძლებ თბილისურ პაპანაქებას. მთავარია, მზიურ რიოში თბილისზე მეტად არ ცხელოდეს...

"ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება". ქართული დელეგაცია - რიო დე ჟანეიროში...
ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ჩვენებს ეს სამოსი მხოლოდ გახსნის ცერემონიალისას უნდა ეცვათ, ასპარეზობების დაწყებასთან ერთად კი, შეგვიძლია მშვიდად ამოვისუნთქოთ და მხოლოდ სპორტულ მხარეზე ვინერვიულოთ!
berdia22
26 იანვარი 2017 06:06
ეგ არაფერი მაგრამ იმედია 2020 წლის ოლილპიადაზე ესკიმოსების ეროვნული თბილი ქურთუკებით არ გამოვლენ ჩვენები...:D:D

რედაქტორის რჩევით