რიონის პირიდან რიოს პრიზებამდე
01-08-2016
რიონის პირიდან რიოს პრიზებამდე
5 აგვისტოს ბრაზილიაში ოლიმპიადა იწყება!

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყება, მაგრამ ერთი კარგი ამბავი უკვე გვაქვს - ოცდაცხრამეტის ნაცვლად, ბრაზილიაში 40 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს!

საქმე ის არის, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ანტიდოპინგური წესების ხშირი დარღვევის გამო, რუსეთის ძალოსანთა ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან, გათავისუფლებული ლიცენზიები კი რვა ქვეყანაზე გადანაწილდა. ლიცენზიანტთა შორის მოხვდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდიც (+75 კგ), რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს და მაღალი სინჯის
ორი მედლითაც იწონებს თავს - ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა, იუნიორთა მსოფლიო თასზე კი ჩემპიონი გახდა. ამგვარად, რიო-დე-ჟანეიროში ორმოცი ჩვენებური იასპარეზებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში.

მთლიანობაში კი ქართველი ათლეტები სპორტის 13 სახეობას წარმოადგენენ. ესენია: ძიუდო (8), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
(5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი - ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დედა-შვილი სპორტსმენების სტატუსით ერთად მონაწილეობს

ორმოციდან ზუსტად მეოთხედი, ანუ ათი, სპორტსმენი ქალია. მთლიანობაში, რიოში გაგზავნილთა შორის გვყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი, 2 ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს 4 ჩემპიონი, ევროპის 19 ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს 12 ქართველ სპორტსმენს. მათ შორის - არაერთგზის. ამ მაჩვენებლით, რეკორდსმენია ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც მერვე(!) ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ოლიმპიადაზე მეოთხედ ცდის ბედს მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამედ - ძალოსანი ირაკლი ცირეკიძე, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა და ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.

ძიუდო
ყველაზე მეტი - რვა წარმომადგენელი ძიუდოს ჰყავს, თანაც, ეს ის შემთხვევაა, როცა რაოდენობა ხარისხსაც უდრის! დიახ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველი ძიუდოისტები ყველა წონით კატეგორიაში ფავორიტთა შორის არიან, რამდენიმე მათგანი კი ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტიც არის. მაგალითად ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) ან ვარლამ ლიპარტელიანის (90) დასახელებაც კმარა. რეიტინგ-ლიდერობის გარდა, ამაზე მათი სტაბილური შედეგებიც მეტყველებს. წლებია, დიდი ტურნირებიდან მედლების გარეშე არ ბრუნდებიან და დიდი იმედი გვაქვს, ეს სასიამოვნო ტრადიცია ოლიმპიადაზეც გაგრძელდება. გამოცდილი მოჭიდავეების გარდა, გვყავს­ ისეთებიც, თავიანთ წონაში შედარებით ახალბედები რომ არიან (ვაჟა მარგველაშვილი (66) და ბექა ღვინიაშვილი (100), მაგრამ უკვე მათაც მოასწრეს დამტკიცება - მედლებისთვის აუცილებლად იბძოლებენ!
ქართველ ძიუდოისტთა სრული შემადგენლობა კი ასეთია: ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) და ესთერ სტამი (70).

თავისუფალი ჭიდაობა
აქაც გვყავს რამდენიმე გამოკვეთილი ფავორიტი. უპირველესად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, წინა ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57). ასევე, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი და სანდრო ამინაშვილი (86), რომელიც ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია და აკი ჩაანაცვლა კიდეც ოლიმპიურ ნაკრებში დავით მარსაგიშვილი.

გამოცდილება არც "თავისუფალთა" გუნდის დანარჩენ წევრებს აკლიათ. ასე რომ, რევაზ მინდორაშვილის შეგირდთაგან რამდენიმე მედალს ველით.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (57), იაკობ მაქარაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97), გენო პეტრიაშვილი (+125).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ხუთი წარმომადგენელი ჰყავთ "კლასიკოსებს". მედლისთვის ბრძოლა ყველა მათგანს შეუძლია, მაგრამ მაინც გამოვარჩევთ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს (75), დანარჩენები კი, ძირითადად, ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებით იწონებენ თავს:
შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98), იაკობ ქაჯაია (130).

მძლეოსნობა

ისტორიაში პირველად გაგზავნა ოლიმპიადაზე ხუთი წარმომადგენელი ქართულმა მძლეოსნობამ და იმის მიუხედავად, რომ "სპორტის დედოფლად" წოდებული სახეობა ყველაზე მრავალფეროვანი და მასობრივია, იმედია, ჩვენი მძლეოსნები მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას არ დასჯერდებიან. ეს კი, ის სახეობებია, სადაც ქართველებს­ ვნახავთ:
დავით ხარაზიშვილი (მარათონი), ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბესიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა), ლაშა თორღვაძე (სამმაგი ხტომა), ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა).

ძალოსნობა
ანასტასია გოტფრიდისთვის გაკეთებულ საჩუქარზე უკვე ვთქვით. მანამდე, "რიო-2016"-ის ლიცენზია უკვე ჰქონდა სამ ქართველ ძალოსანს - ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძეს (ორივე +105) და რაულ ცირეკიძეს (94); იმედია, ჩვენი გოლიათები ევროპის ჩემპიონობას არ დასჯერდებიან და არც დოპინგ-სკანდალი შეგვეხება.

მშვილდოსნობა
ამ სახეობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა გვყავს - ხათუნა ნარიმანიძისთვის "რიო-2016" ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ქრისტინა ესებუასთვის - მესამე. მათ ფონზე შედარებით გამოუცდელია იულია ლობჟანიძე.

ტყვიის სროლა
ნინო სალუქვაძეზე ახალი რა უნდა ვთქვათ - ზედიზედ მერვე ოლიმპიადაში მონაწილეობს და მისგან ამჯერადაც ველით მედალს. რაც მთავარია, რიოში მასთან ერთად ასპარეზობს მისი ვაჟი - 18 წლის ცოტნე მაჭავარიანიც, რომელიც ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. ოლიმპიადების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედა-შვილი სპორტსმენების სტატუსით ერთად მონაწილეობს.

ცურვა
ორი წარმომადგენელი გვეყოლება ცურვაშიც: ირაკლი ბოლქვაძე და თეონა ბოსტაშვილი. ლონდონის ოლიმპიადაზე ბოლქვაძემ 200-მეტრიან დისტანციაზე საქართველოს რეკორდი დაამყარა და იმედია, ფინალისტთა შორის რიოშიც მოხვდება.

თითო, მაგრამ იმედიანი

თითო წარმომადგენელი გვეყოლება ჩოგბურთში, ბატუტზე ხტომაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ფარიკაობასა და ნიჩბოსნობაში. თუმცა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებს ნამდვილად შეუძლიათ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) ჩინებულ ფორმაშია და რამდენიმე დღის წინ ATP-ს ტურნირის ფინალშიც ითამაშა; სალომე ფაჟავა ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში; მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) კი მესამედ მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და გამოუცდელობას ვერ დავწამებთ; ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონია მოფარიკავე სანდრო ბაზაძე; ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორია ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძეც. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი ქართველია, ვინც ნიჩბოსნობაში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით