"ვანგრევ ცრუ სტერეოტიპს, რომ თითქოს ყველა სპორტსმენი გაუნათლებელია"
08-08-2016
"ვანგრევ ცრუ სტერეოტიპს, რომ თითქოს ყველა სპორტსმენი გაუნათლებელია"
"პასუხისმგებლობა ბრძოლის ხასიათზე მაყენებს"

გიორგი ჩიღლაძე, საქართველოს ჩემპიონი კრივში, 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით წარდგა და შინ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. გიორგი იხსენებს, რომ შეჯიბრებაზე მსაჯი მიკერძოებული იყო, ამიტომ პირველი ადგილი ვერ დაიკავა. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე პატარა ქვეყნებს არ წყალობენ. წინ მსოფლიო ჩემპიონატია. მოკრივე მაინც თავდაუზოგავად შრომობს და წარმატების იმედიც აქვს.

- გიორგი, გვიამბე შენ შესახებ...

- 17 წლის ვარ. საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში ვცხოვრობ. აკაკი წერეთლის სახელობის
#1 საჯარო სკოლა წელს დავამთავრე. ეროვნულ გამოცდებზე გავედი და სამედიცინო ფაკულტეტზე მოვხვდი.

- კრივით როდის დაინტერესდი?

- 12 წლის ვიყავი, როცა ჩემზე­ უფროს ბიჭთან ვიჩხუბე და გემრიელად­ მომხვდა. მინდოდა მომავალში თავის დაცვა მომეხერხებინა, ამიტომ კრივზე შევედი და ნელ-ნელა სრულიად სხვა ადამიანად გადავიქეცი. წონაში დავიკელი, გამომიმუშავდა
ნებისყოფა. სიმშვიდეს ვინარჩუნებ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი.

- განსაკუთრებით რა მოგწონს კრივში?
- ბევრს შეიძლება კრივი მხოლოდ ცემა-ტყეპად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ვაჟკაცური სპორტია.

- როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხარ...
- დიახ. ამ წოდების მოპოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე. ბრინჯაოს მედალი გადმომცეს. არ მინდა თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ მსაჯი მიკერძოებული რომ არ ყოფილიყო, პირველ ადგილზე გავიდოდი.
ევროპის ჩემპიონატზე ტრავმირებული ხელით გავედი და თან მწვავე გასტრიტიც მჭირდა. ვერაფერს ვჭამდი და ერთ კვირაში 5 კილოგრამი დავიკელი. ევროპის ჩემპიონატი საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში დამეხმარა. ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.
ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვასახელებ.

- ბრძოლის დაწყებამდე რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს?
- "თუ ახლა მაქსიმალურად არ დაი­ხ­არჯები, წააგებ! შენ უკან შენი ღი­რსება, ოჯახი და სამშობლო დგას". პასუხისმგებლობა ბრძოლის ხასიათზე მაყენებს.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- დედაჩემი და ჩემი მწვრთნელი. როცა რინგზე ვდგავარ, ემოციებს არ ზოგავს და მამხნევებს. ხშირად მიმეორებს, რომ გამარჯვება შემიძლია!

- როგორ აპირებ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსებას?

- რინგზე მოწინააღმდეგეებს ძირს დავაგდებ ხოლმე და პაციენტებს გავუშვებ­ საავადმყოფოში, სადაც მევე ვუმკურნალებ (იცინის).

- სპორტი სწავლაში ხელს არ გიშლის?
- ჩემი მშობლები დიდ მნიშვნელობას­ ანიჭებენ განათლებას, ამიტომ ბავშვობიდ­ანვე ჩამინერგეს სწავლის სიყვარული. ვანგრევ საქართველოში გაბატონებულ ცრუ სტერეოტიპს, რომ თითქოს ყველა სპორტსმენი გაუნათლებელია.

- კრივის გამო რა მსხვერპლზე გიწევს­ წასვლა?
- გართობისთვის დრო აღარ მრჩება. მეგობრებთან ერთად ღამეებს ვერ ვათენებ. არ შემიძლია მოვწიო ან ალკოჰოლს მივეძალო. ხშირად ოჯახის წევრებს უარს ვეუბნები, რადგან ვარჯიში მაქვს, სკოლის გამოსაშვებ საღამოსაც კი ვერ დავესწარი.

- ამ დანაკლისის კომპენსაცია რა არის?
- ხალხი პატივს მცემს და ვუყვარვარ. რაც მთავარია, პატარებისთვის (მაგალითად, ჩემი დისშვილისთვის) მისაბაძი მაგალითი ვარ.

- შენი აზრით, საქართველოში კრივს სათანადო ყურადღება ექცევა?

- არა. მწვრთნელების დიდი ნაწილი ბავშვებს საბჭოური მეთოდით ავარჯიშებს, მაშინ როცა მსოფლიოში კრივი განვითარდა და დაიხვეწა. მათი გადამზადება და შესაბამისი ინვენტარია საჭირო. დავძენ იმასაც, რომ საერთაშორისო ჩემპიონატებზე პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ჩაგრავენ და გამარჯვების უფლებას არ აძლევენ.

თათული ღვინიანიძე
კობა კობალავა
16 აგვისტო 2016 09:50
მადლობა გიორგი, მუდამ წარმატებებით გევლოს - ღმერთს ებარებოდე !!!
გურამი
15 აგვისტო 2016 08:58
უფალმა გვიმრავლოს შენნაირი ახალგაზრდები ქართველო1

რედაქტორის რჩევით