"ყველა გატანილ გოლს მამას ვუძღვნი" (ექსკლუზივი)
08-08-2016
"ყველა გატანილ გოლს მამას ვუძღვნი" (ექსკლუზივი)
"პირჯვარს ვიწერ და ცაში ვიყურები"

"ალენიჩევმა პირდაპირ მითხრა - ამ სეზონში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა უნდა მოაგროვოო. 20 ბურთი იყოს და საგოლე გადაცემებს რას დავეძებ?!"


ნდობა და შანსი - ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ სწორედ ეს არის ჯანო ანანიძის შედეგიანი თამაშის მიზეზი. სამწუხაროდ, ორივე თავიდან ექნება მოსაპოვებელი, რადგან კვიპროსულ "აეკთან" შინ წაგების შემდეგ, გუნდი დატოვა "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა. გაჭიმული კუნთის გამო, ქართველმა ნახევარმცველმა ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა კუნძულელებთან განმეორებითი
მატჩი და მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი გაძლო. თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის - ჯანო ანანიძე მოედანს მალე დაუბრუნდება:

- გამოკვლევამ აჩვენა, რომ სერიოზული არაფერია, კუნთის სპაზმი 2-3 დღეში გაივლის. "აეკთან" ძალიან მინდოდა თამაში და მწვრთნელს ვუთხარი, ვცდი-მეთქი. ერთი ტაიმი გავძელი, მაგრამ შესვენებისას მივხვდი, რომ თამაშის
გაგრძელება და გარისკვა აღარ ღირდა.

- რატომ წააგო "სპარტაკმა"?
- ძალიან ბევრი საგოლე ეპიზოდი გავაფუჭეთ. როცა შენ ვერ იყენებ მომენტებს, მეტოქე გაიტანს და ასეც მოხდა. ჯერ კიდევ შოკში ვართ ყველა...

- ამის გათვალისწინებით, ალენიჩევის გაშვება ლოგიკური იყო?
- კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა... ბოლო მატჩებში სულ ძირითადში მათამაშებდა, ვიმედებოდი... მაგრამ ცხოვრება გრძელდება. დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას იტალიელი მასიმო კარერა შეასრულებს. ვნახოთ, ვინ მოვა. იმედია, ახალი მწვრთნელიც დაინახავს, რომ კარგ ფორმაში ვარ.

- სამი გოლი საწყის ორ მატჩში. ეს ფიზიკური კონდიციების დამსახურება უფროა თუ თავდაჯერების?
- შეკრებაც ნაყოფიერი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მწვრთნელის ნდობაა - თუ ფეხბურთელი შებოჭილია, ვერ ითამაშებს! "როსტოვში"ყოფნისას ბოჟოვიჩი სულ მათამაშებდა, "სპარტაკში"კი, ამდენი წლის შემდეგ, პირველად ვიგრძენი ასეთი ნდობა. ვგრძნობდი, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ერთი ჩაგდებული თამაშისთვის სკამზე არავინ დამსვამდა. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდა ჩემგან ასეთი შედეგიანი თამაში, მაგრამ ასე უნდა ვთამაშობდე, წლებია, ჩემგან სწორედ ამას არ ელიან?! ალენიჩევმა შეკრების დროს პირდაპირ მითხრა, ამ სეზონში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა უნდა მოაგროვოო. მერე ვხუმრობდით, მთლიანობაში თხუთმეტამდე მაინც ავალ-მეთქი. 20 ბურთი იყოს და საგოლე გადაცემებს რას დავეძებ (იცინის)?!

- გენდობიან, მაგრამ ფორმაში რომ არ იყო, ვინ გათამაშებდა?
- შესაძლოა, ვინმე ფიქრობს, რომ ახლა გადავდე თავი, ან ახლებურად თამაში ვისწავლე. სულ ამდენს ვშრომობდი და არც ნიჭი მომმატებია, მაგრამ როგორც კი ნდობა და შანსი მომეცა, უფრო მეტად გავიხსენი, თან ცხვირის ოპერაციის შემდეგ გაცილებით უკეთ ვსუნთქავ და არც დაღლა მეტყობა.

- რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, დაისაკუთრე 7-ნომრიანი მაისური. ეს ციფრი ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის?
- მამაც ამ ნომრით თამაშობდა და მეც, ასაკობრივ ნაკრებებში თუ კლუბში, ყველგან ვცდილობ ხოლმე, 7-ნომრიანი მაისური ავიღო. ჩემამდე "სპარტაკში"ეს ნომერი კირილ კომბაროვს ჰქონდა. როცა ნომერი თავისუფლდება, პირველ რიგში, ასაკოვან ფეხბურთელებს ეძლევათ არჩევის უფლება. მაგრამ მეცხრე წელია, კლუბში ვარ, ყველამ იცოდა, რომ ძალიან მინდოდა ეს ნომერი და უარი არავის უთქვამს.

- ვლადიმერ ვაისმაც დადებითად დაგახასიათა რუსულ პრესასთან - ჯანო მრავალმხრივი ფეხბურთელია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაშიო. თუმცა ვიცი, რომ ყველაზე კომფორტულად ცენტრში გრძნობ თავს - საყრდენი ნახევარმცველის წინ...
- მეც წავიკითხე ვაისის ინტერვიუ და გამიხარდა, ასე რომ დამახასიათა. დიახ, შემიძლია, თუ მწვრთნელი დამავალებს, მეკარედაც ვითამაშებ, მაგრამ ჩემთვის ოპტიმალურია თავდამსხმელების უკან, საყრდენი ნახევარმცველის წინ თამაში. ფლანგზე ბურთი შედარებით იშვიათად გაქვს, სულ მის მოლოდინში ხარ, ცენტრში კი პირიქით, შენ ანაწილებ.

- მაგრამ თანამედროვე ნახევარმცველი დაცვასაც უნდა მიეხმაროს.

- საყრდენს ესეც ევალება, მაგრამ გამთამაშებელს, რომელიც მას და თავდამსხმელებს შორისაა, სხვა ფუნქციები აქვს. როცა გვერდით ბურთის ართმევის ისეთი ოსტატი გყავს, როგორიც ჯაბაა, მშვიდად ხარ. ისე კი, შეტევის ჩაშლაზე მეტად, ჩემი პოზიციის ფეხბურთელს მისი წამოწყება ევალება.

- ახლა, როცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხარ, შენგან ყველა მატჩში შედეგიან თამაშს ელიან. დამატებითი წნეხი ხელის შემშლელ ფაქტორად ხომ არ იქცევა?

- სულაც არ ვფიქრობ, რომ ყველა თამაშში გოლი უნდა გავიტანო. ამას "სპარტაკის"საუკეთესო ბომბარდირ პრომესსაც კი არავინ სთხოვს. მოლოდინი გავაჩინე? მოლოდინი და თავდაჯერება მეც მომემატა, ვირწმუნე, რომ შემიძლია. წინათ ინტერვიუშიც ვამბობდი ხოლმე, გოლს საგოლე პასის გაკეთება მირჩევნია-მეთქი! მაგრამ გატანას "გემო რომ გავუგე", შევეცდები, თავადაც გავიტანო. როცა პარტნიორი უკეთეს პოზიციაზე იქნება, პასს არ დავაყოვნებ, მაგრამ თუ შემეძლება, თავად გავიტან!

- ცოტა ხნით, მაგრამ უკვე იმუშავე ვლადიმერ ვაისთან ერთად. მასზე რას იტყვი?

- მაღალი დონის მწვრთნელია, კარგი ვარჯიშები და თავისებური ხედვა აქვს. ყველა ფეხბურთელის მიმართ კეთილგანწყობილია, სულ გვიმეორებს, თქვენში პოტენციალს რომ ვერ ვხედავდე, აქ არ ვიმუშავებდიო! ამ შესარჩევ ციკლში მაინც უნდა მივაღწიოთ რამეს. ნაკრებმა უამრავი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ ჯგუფიდან ერთხელაც ვერ გავედით და დროა, ქომაგებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ ნაცვლად ვერავინ გავა და ითამაშებს, ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული!

- ნანობ, ესპანეთთან ისტორიულ გამარჯვებაში მონაწილეობა რომ ვერ მიიღე?
- არამხოლოდ ესპანეთთან, სულ მინდა ყოფნა გუნდთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საქართველოს ნაკრების გამო 16 წლის ასაკში ყველაფერზე უარი ვთქვი. ასე თავად გადავწყვიტე და მამასაც ვუთხარი, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა! ბოლო სანაკრებო მატჩებშიც ძალიან მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ოპერაცია აუცილებელი იყო. სამედიცინო დასკვნა "სპარტაკმაც"გაგზავნა სფფ-ში, მეც პირადად ავუხსენი ლევან კობიაშვილს და ვლადიმერ ვაისს, რომ სუნთქვა მიჭირდა და გამძლეობაც მხოლოდ ერთი ტაიმის სათამაშოდ მყოფნიდა. ახლა არც სუნთქვა მიჭირს და გამძლეობაც მომემატა. სლოვაკეთი და რუმინეთი? იმ მატჩებში რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თანაც მწვრთნელს ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდაც სურდა და გარკვეულწილად, ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა გუნდი.

- ერთხელ მითხარი, ფეხბურთის თამაში უნდა გსიამოვნებდეს, მე კი, სანაკრებო მატჩის შემდეგ არავის დანახვა აღარ მინდაო... ეს როდის უნდა დამთავრდეს?

- იმედია, ავსტრიასთან მატჩის შემდეგ აღარ ვიქნები უხასიათოდ, ახლანდელივით თავაწეული ვივლი და აღარც კლუბში მეტყვიან სანაკრებო მატჩის შემდეგ, როგორც ყოველთვის, ისე ითამაშეთო.

- ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, რუსებს რა აქვთ სათქმელი?
- ახლა მეც მომეცა სალაპარაკო, მაგრამ... რუსები მონაწილეობენ მაინც დიდ ტურნირებზე, ჩვენ კი ამასაც ვერ ვახერხებთ.

- მინდა ისეთი ფეხბურთელი ვიყო, მამას რომ გაუხარდებოდაო... გული გწყდება, შენს წარმატებებს შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი რომ ვერ ხედავს?
- ყველა გატანილ ბურთს მამას ვუძღვნი... "აეკთან" მატჩისას ჩემს ცოლს ჰქონდა დაბადების დღე და გოლის შემდეგ თითებით გაკეთებული გულით მივულოცე. სხვა დროს გოლის გატანის შემდეგ პირჯვარს ვიწერ, ცაში ვიყურები და ბურთს მამას ვუძღვნი. სამწუხაროა, რომ ჩემთან აღარ არის, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებ თამაშს, ძალიან გაუხარდება...

- მართალია, რომ "სპარტაკს" საბა კვირკველიას შეძენა უნდა?

- ჩემთვის კლუბში არაფერი უთქვამთ ამის შესახებ. საბამ დამირეკა, ლაპარაკობენო, მაგრამ ზუსტად არც მან იცოდა. "რუბინის" მწვრთნელმა ახალი მოთამაშეები მოიყვანა, საბას პირველ ტურში არ უთამაშია და, ალბათ, წასვლა სურს.

- "სპარტაკთან" შენი ხელშეკრულება ათ თვეში იწურება... რას აპირებ?
- გერმანიიდან დამირეკეს, პირეოსის "ოლიმპიაკოსიც"რეალური იყო, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული შემოთავაზება არა მაქვს და ამაზე არც ვფიქრობ. მით უმეტეს, ჯერ არც "სპარტაკს"შემოუთავაზებია რამე ვარიანტი. თუ ასე გავაგრძელებ თამაშს, კლუბებიც გამოჩნდება. დღესდღეობით მოსკოვში ვვარჯიშობ და ვთამაშობ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. მომდევნო მატჩი 8 აგვისტოს გვაქვს, თუ ბოლომდე ვერ გამოვკეთდი, ალბათ, არ გავრისკავ -სჯობს, ერთი მატჩი გამოვტოვო, ვიდრე თვე-ნახევარი.

მოამზადა რატი შელეგიამ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით