საქართველო პარაოლიმპიადაზე ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი
15-08-2016
საქართველო პარაოლიმპიადაზე ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი
ლიკა ჩაჩიბაია პირობას დებს, რომ ბოლომდე დაიცავს საქართველოს სახელს

ქართველი პარაოლიმპიელები "რიო 2016"-ისთვის ემზადებიან. საქართველო პარაოლიმპიადაზე 2 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს სახელს ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია დაიცავენ.

სპორტსმენები რიოს ზაფხულის პარაოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. კომპანია BP წარმოადგენს საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პარტნიორს 2012 წლიდან. კომპანიის მიზანი საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სპორტსმენები მაღალ დონეზე ემზადებიან. შალვა
მაისურაძე იმედოვნებს, რომ ზვიად გოგოჭური საპრიზო ადგილს დაიკავებს, ლიკა ჩაჩიბაია კი, რომელიც ახალბედა სპორტსმენია, დიდ გამოცდილებას მიიღებს.


"საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაცია 11-კაციანი შემადგენლობით გაემართება რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და პარამოცურავე ლიკა ჩაჩიბაია. რაც შეეხება ლიცენზიებს, ზვიად გოგოჭური არის ევროპისა და მსოფლიოს
ჩემპიონი, ლიკა კი ე.წ. ველური ბარათით მოხვდა პარაოლიმპიადაზე და ასეთ დიდ ღონისძიებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ზვიადისგან საპრიზო ადგილს ველოდებით. ლიკა კი, იმედი გვაქვს, დიდ გამოცდილებას მიიღებს, რადგან ამაზე მაღალი დონისა და მასშტაბური ტურნირი სპორტსმენისთვის არ არსებობს", - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ზვიად გოგოჭური ამჟამად შეკრებაზე დუშეთში იმყოფება, ხოლო ლიკა ჩაჩიბაია მომზადებას თბილისში გადის, რის შემდეგაც პარაოლიმპიადამდე ბულგარეთში შეკრებაზე გაემგზავრება.

"ზვიადი იყო ბარსელონაში შეკრებაზე, ხოლო ბრატისლავაში ტურნირზე. ვგეგმავთ, რომ პარაოლიმპიადამდე ზვიადმა გაიაროს შეკრება თბილისშიც. ორიენტირებულები ვართ, რომ შედეგით დავბრუნდებით. დიდი შრომაა ჩადებული ზვიადში და ბევრს შრომობს თვითონ სპორტსმენიც. ეს შედეგები ვერ დაიდებოდა, რომ არა "საქართველო", რომლის სრული მხარდაჭერით ხორციელდება ტურნირებში ზვიადის მომზადება და მონაწილეობა. გოგოჭური არის ამ კომპანიის ელჩი და სახე. ძალიან დიდი მოლოდინი აქვს თვითონ კომპანიას. რაც შეეხება ლიკას, ის თბილისში გადის შეკრებას, ხოლო აგვისტოს ბოლოს მიდის ბულგარეთში შეკრებაზე, რის შემდეგაც გამოემგზავრება რიოში", - აღნიშნა მაისურაძემ.

რაც შეეხება პარასპორტის განვითარებაში საქართველოს პოტენციალს, ფედერაციის პრეზიდენტს ასეთი მოსაზრება აქვს:
"ჩვენი ქვეყნის სპორტული მიღწევები ადასტურებს, რომ პოტენციალი გვაქვს, პარაოლიმპიური მიმართულებებითაც განვვითარდეთ და მაღალი შედეგები დავდოთ. გვერდში გვიდგას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალაქის მერია. ყველანაირი პირობაა, რომ სპორტსმენები მოემზადონ და ვფიქრობ, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შევძლებთ, ძლიერ ქვეყნებს გავუწიოთ კონკურენცია. მომდევნო 4 წელიწადში ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ ბევრი სპორტსმენით ვიყოთ წარმოდგენილი მომდევნო პარაოლიმპიადაზე", - განაცხადა მაისურაძემ.

ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ლიკა ჩაჩიბაიას, ვინც სპორტული ცურვით 6 თვის წინ დაკავდა, თუმცა უკვე პარაოლიმპიადაზეა. ჩაჩიბაია პირობას დებს, რომ ბოლომდე დაიცავს საქართველოს სახელს და მაქსიმალურად ეცდება საპრიზო ადგილის მოპოვებას.

"ცურვაზე დაახლოებით 6 თვეა დავდივარ. პორტუგალიაში გამართულ ტურნირზე "ველური ბარათი" ავიღე. დავდივარ ოლიმპიურ აუზზე დიღომში. დიდი ბედნიერებაა, რომ დავიცავ საქართველოს სახელს. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ჩაერთოს პარასპორტში, მიაღწიოს წარმატებას და დაამტკიცოს, რომ შეუძლია წარმატების მიღწევა. ვცდილობ, დავიცვა საქართველოს სახელი და ამ შემართებით მივდივარ რიოში. ვიცი, რომ მყავს ძლიერი მეტოქეები, მაგრამ მჯერა, რომ გავაუმჯობესებ წინა შედეგებს და საპრიზოზეც აუცილებლად გავალ", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

2012 წლის პარაოლიმპიადის მონაწილე, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და კომპანია BP-ის ელჩი სპორტსმენი, ნიკა თვაური თავის კოლეგებს,­ სპორტსმენებს, ურჩევს, რომ ოლიმპიადაზე შანსები თანაბარია და მაქსიმალურად დაიხარჯონ. კომპანია BP-ის კიდევ ერთი ელჩი სპორტსმენი, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ამჟამად საფრანგეთში გადის მზადებას.

"მომზადების საკითხი სპორტსმენებს მოგვარებული აქვთ. მთავარია, გააკეთონ მაქსიმუმი, დაიხარჯონ ბოლომდე. ოლიმპიადაზე ვინც მიდის, სუსტი არავინ არის. ოლიმპიადაზე შანსები არის თანაბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ ძიუდოში ზვიად გოგოჭური მიაღწევს წარმატებას და ქვეყანას ასახელებს", - აღნიშნა თვაურმა.

რიოში პარაოლიმპიური თამაშები 2016 წლის 7 სექტემბერს, "მარაკანაზე" გაიხსნება. ოლიმპიადა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით