"რიოში არ იგრძნობა აღტყინება, სიხარული და სიამაყე"
15-08-2016
"რიოში არ იგრძნობა აღტყინება, სიხარული და სიამაყე"
"ასეთ დაბალი დონის და უღიმღამო ოლიმპიადა ჯერ არავის ახსოვს"

"ქალაქი დუმს, ვერსად ნახავთ ბილბორდებს, რეკლამას, საყოველთაო მხიარულებას... ამასთან, ეს ოლიმპიადა სპონსორთა სიძუნწითაც გამოირჩევა"


თენგიზ გაჩეჩილაძე მეთოთხმეტედ ესწრება ოლიმპიურ თამაშებს და რიო-დე-ჟანეიროშიც მოხვდა ტურნირის გამორჩეულ ჟურნალისტთა შორის. 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ მისიას ხელმძღვანელობდა, დანარჩენ ოლიმპიადებზე კი ჟურნალისტად იყო აკრედიტებული. ასე რომ, გაზეთ "ლელოს" საპატიო რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის თვალით დანახული რიგით მეთოთხმეტე ოლიმპიადა თქვენთვისაც საინტერესო
იქნება:

- 100 ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, რომლებიც აშუქებდნენ 10 და მეტ ოლიმპიადას, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტული პრესის მსოფლიო ასოციაციამ პირველად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე დააჯილდოვა ერთობლივ ღონისძიებაზე. მსგავსი დაჯილდოება რიოშიც გაიმართა და ლონდონის მსგავსად, აქაც დაჯილდოებულთა შორის მოვხვდი. თანაც მწერალი ჟურნალისტები ცოტანი ვართ, უმრავლესობა
ფოტორეპორტიორია, რომლებსაც თავიანთ გამოცემებში კონკურენტი იშვიათად ჰყავთ. ერთი გამოცემიდან ერთი და იმავე ჟურნალისტის სიაში მოხვედრა იშვიათობაა და სწორედ ასეთი გამონაკლისი აღმოჩნდა "ლელო", რომელსაც ყველა ზემოხსენებულ ოლიმპიურ თამაშებზე მე წარმოვადგენდი.

- რით განსხვავდება "რიო-2016" წინამორბედებისგან?

- მარტო ჩემს აზრს არ გამოვხატავ და ვიტყვი, რომ ასეთ დაბალ დონეზე და უღიმღამოდ ჩატარებული ოლიმპიადა ჯერ არავის ახსოვს. კოლეგა-ჟურნალისტები დანანებით ვუზიარებთ ერთმანეთს უსიამოვნებებს, დისკომფორტით შექმნილ უხერხულობებს, თავს გადამხდარ წარმოუდგენელ ამბებს. რამდენჯერმე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ჩავცვივდით. მასპინძლები თავს დიდად არ იწუხებენ ან რა უნდა იღონონ. რამდენიც უნდა მოინდომო, იმის გამოსწორება, რაც ადრე უნდა გათვალისწინებულიყო, ახლა, უბრალოდ, შეუძლებელია. ყველასთვის აუხსნელი და გაუგებარია ბრაზილიელთა საყოველთაო გულგრილობა ოლიმპიადისადმი. არადა, სულ სხვაგვარი დაპირებები გვესმოდა...

- ეს საყვედური მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეხება თუ ორგანიზატორებსაც?
- მოხალისეების უმეტესობამ არაფერი იცის, სულ სხვასთან აზუსტებენ შენს თხოვნას, იქით ითხოვენ დახმარებას. ოლიმპიადის გახსნის დღეს მძღოლმა მთლად გადაგვრია - "მარაკანას" სტადიონს ვერ მიაგნო, გაუთავებლად იარა წრეზე. მერე შორიდან დაგვანახა არენა და მანქანიდან ჩამოგვსვა 2,25 კმ-ის დაშორებით. ასეთ ამბებს რა ჩამოთვლის. საქმე ის არის, რომ ტრადიციად დამკვიდრდა მოხალისეთა ინტერნაციონალიზაცია - მსურველები, მათ შორის მძღოლებიც, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ და ვერ ასწრებენ, ან არ შესწევთ უნარი, ყველაფერში გათვითცნობიერდნენ. ერთადერთი, რასაც არ იშურებენ, ღიმილია. თუმცა ბრაზილიელები ამასაც არ იმეტებენ. უფასოა და იმიტომო, ხუმრობენ სტუმრები. მოკლედ, საერთო ფონით ეს ოლიმპიადა შორს დგას წინამორბედებისგან. საბედნიეროდ, შეჯიბრებების ორგანიზებას ჯერჯერობით წუნი არ დაედება.

- რიოში ხშირია ძარცვა და თაღლითობა, ხალხს პირდაპირ ქუჩებში ძარცვავენ, ოლიმპიადის ბელგიელ პრიზიორს ტელეფონი კოპაკაბანაზე მოჰპარეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თუ არ ვცდები, თქვენც გახდით თაღლითების მსხვერპლი...
- მანამდეც გვწერდნენ და რიოშიც გვაფრთხილებენ - ბრაზილია განვითარებადი ქვეყანაა, ღრმა ეკონომიკური კრიზისია და ყველაფერია მოსალოდნელიო. ფრთხილად ვართ, მაგრამ ყველაფერს ვერ გათვლი. სპორტულ ბაზებზე სასტუმროდან პერსონალური კომპიუტერის წაღებაც საშიშია. საბედნიეროდ, ოლიმპიური ზონები კრიმინალისგან საიმედოდ არის დაცული, იქ უკვე ლაღად ხარ. წესით, არც სასტუმრო უნდა იყოს საშიში, მაგრამ... რას წარმოვიდგენდი, რომ ტაქსის მომსახურების საფასურს სასტუმროს ადმინისტრაცია გამომართმევდა და მერე უარს იტყოდა: კი გთხოვე, მაგრამ არ მოგიციაო. სოციალურ ქსელში ერთმა კეთილისმსურველმა მირჩია, ვიდეოჩანაწერში გამოჩნდება ფულის მიცემაო. მენიშნა, თუმცა ესეც გათვლილი ჰქონიათ თაღლითებს - ჩანაწერი პოლიციის ნებართვით უნდა გაიხსნას და შემოწმდეს, ამას ადვოკატის დაქირავება და განცხადების შეტანა უნდა. 100-ჯერ მეტი დაგიჯდება, ვიდრე დაკარგე და იძულებული ხდები, შეეშვა, თანაც სადაა საამისო დრო და საშუალება. დიახ, კრიმინალი არის ქუჩაში და იქაც, სადაც, წესით, არ უნდა იყოს, მაგრამ, რომელ წესსა და რიგზეა ლაპარაკი... პატრული ვნახეთ მხოლოდ ერთგან - ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს დღის განმავლობაში და ხშირია ძარცვა თუ თაღლითობა. ოლიმპიადის სტუმრები და თვით სპორტსმენებიც კი შარში ეხვევიან, თუ უდროო დროს გამოჩნდებიან იქ, სადაც აუცილებელი არ არის მათი ყოფნა.

- უსაფრთხოების ზომები ოლიმპიადის ჩატარების ადგილებში მაინც იქნება გამკაცრებული...

- ოლიმპიადებზე უსაფრთხოება თანდათან იხვეწება ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. შესაბამისად, არც აქ იგრძნობა ზედმეტი შფოთი და დისკომფორტი. ახალი ხელსაწყოებით ასპარეზობამდე საგულდაგულოდ მოწმდება სპორტული არენების ყოველი კუთხე-კუნჭული.

- ოლიმპიური ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია?
- ოლიმპიური ობიექტები ფორსირებულადაა გაშვებული ექსპლუატაციაში. "ყველაზე საშინელი" - ჯერ კიდევ 2014 წელს ასე შეაფასა სოკ-ის სპეციალურმა კომისიამ რიოში სპორტული ობიექტების მშენებლობის მდგომარეობა, მაგრამ დაიდო პირობა, რომ ყველაფერი მოესწრებოდა. ხარვეზები, ცხადია, არის, მაგრამ ხელის შემშლელად არ ჩაითვლება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი გვსმენია. თუმცა ჟურნალისტებს მთავარ პრესცენტრში პირდაპირ თავზე გვაწვიმდა 11 აგვისტოს - იქაურობა კარგა გვარიანად დაიტბორა.

- ბრაზილიაში ახლა ზამთარია და წესით, ამინდი მაინც იქნება კარგი.
- რიოში ახლა ისეთი ამინდია, როგორიც ჩვენთან გვიან გაზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე. ტემპერატურა 18-22 გრადუსზე ნაკლები არ არის, ზოგჯერ მეტიც.

- ჩვენი ოლიმპიელების ჩაცმულობას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მანდ როგორი იყო მნახველების რეაქცია?

- იმ ხმაურისგან განსხვავებით, რაც ჩვენთან ოლიმპიური დელეგაციის ჩაცმულობას მოჰყვა, აქ ნორმალურად აღიქვეს. როგორც მითხრეს, შეფასებით ხუთეულშიც შესულა, შუა საუკუნეების საქართველო წარმოადგინეს, რაც საინტერესოაო.

- წლებია, ბრაზილიელები ოლიმპიადის მასპინძლობას აპროტესტებენ - ქვეყანას, სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს, ამხელა ხარჯის ფუფუნება არა აქვსო. აქციები ახლაც გრძელდება?

- როგორც კი რიომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო, ბრაზილიელებმა მაშინვე ატეხეს განგაში და ვნებათაღელვა მას შემდეგ არ ჩამცხრალა. რიოს მერმა ედუარდო პაესამ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა საჯაროდ უწოდა "სამარცხვინო" ზაფხულის ოლიმპიადის ბრაზილიაში ჩატარებას. "სირცხვილია, 2016 წლის ოლიმპიადას ბრაზილია რომ მასპინძლობს", - ზუსტად ასე თქვა! ჩანს, ხელისუფლებამ ხალხი ეროვნული თავმოყვარეობითაც ვერ დაამუნათა და საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც, სხვათა შორის, ოლიმპიადის წინა დღეებშიც არ ცხრებოდა, ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ პათეტიკა არაფერ შუაშია, როცა კოლოსალური თანხაა მობილიზებული, როცა ქვეყანაში სიდუხჭირეა და ხალხი შიმშილობს. კიდევ კარგი, აქტიური საპროტესტო გამოსვლები შეწყდა ოლიმპიადის დღეებში.

- იგრძნობა რიოს ქუჩებში ოლიმპიური სული და ვნებათაღელვა, რომელიც ამ მასშტაბის ტურნირს უნდა ახლდეს?
- პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანასა და ქალაქში, რომელიც პლანეტის უდიდეს სპორტულ დღესასწაულს მასპინძლობს, არანაირი აღტყინება, სიხარული და სიამაყე არ იგრძნობა. ქალაქი დუმს, ვერსად ნახავთ ბილბორდებს, რეკლამას, საყოველთაო მხიარულებას... ამასთან, ეს ოლიმპიადა სპონსორთა სიძუნწითაც გამოირჩევა. რაც შეეხება ტურისტებს, ყველამ კარგად იცის, რომ ბრაზილია და განსაკუთრებით რიო, მრავალმხრივ საყურადღებო და გულმისაზიდია ტურისტებისთვის. აქაურები ამბობენ, რომ ოლიმპიადამ წლეულს გაზარდა ამ პერიოდისთვის ტურისტთა ნაკადი.

- და ეს სპორტული არენების ტრიბუნებზეც აისახა?

- იქ მრავლად არიან დელეგაციები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გულშემატკივრები და ტურისტები. თუმცა ტრიბუნებზე მაყურებელთა სიმრავლე პირდაპირ კავშირშია იმასთან, სპორტის რომელი სახეობებია პოპულარული სამხრეთ ამერიკაში და სად ასპარეზობენ ბრაზილიელები. არის სახეობები, სადაც დასწრების გაზრდილი მოთხოვნის გამო ჟურნალისტებზეც კი კვოტაა დაწესებული და ფინალებზე დასწრება ჩვენც მხოლოდ ბილეთით შეგვიძლია.

- ქართველი სპორტსმენების გამოსვლასა და ემოციებზე რას გვეტყვით?

- ჯერჯერობით შეფასებებისგან თავს შევიკავებ. არ იქნება მართებული, ჟურნალისტიც აჰყვეს ემოციებს, თანაც, ვითარება ყოველდღე იცვლება და არ ვიცი, რა იქნება გაზეთის გამოსვლის დღეს. წინ კიდევ არის წარმატების არაერთი შანსი. სპორტსმენების ემოციებს რაც შეეხება, ეს სპორტის თანამდევია და კარგია, როცა დადებითი და გადამდებია.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით