"იღბალი აღარ მეყო..." - კვირის პალიტრა

"იღბალი აღარ მეყო..."

"ოლიმპიადის წინ რვა(!) კილოგრამი დავიკელი. ეს უკვე წლებია გრძელდება და დრო იყო, გადაწყვეტილება მიგვეღო"

"ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან 100 კგ-ში ვიჭიდავებ!"

ქართველ ძიუდოისტთაგან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ყველაზე მაღალი სინჯის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა. ათასობით სპორტსმენი უყოყმანოდ, დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს ოლიმპიურ ვერცხლს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიალზე ლიპოს მაინც ცრემლმა აჯობა - რიოში საჩემპიონოდ იყო ჩასული და იმიტომ! არადა, სულ ცოტა დააკლდა ოქრომდე - ფინალამდე შთამბეჭდავი ჭიდაობით მივიდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ერთადერთი შანსი მისცა იაპონელ მეტოქეს - შანსი, რომელიც, სიხარულის ნაცვლად, სინანულის ცრემლად იქცა... გადაწყვეტილი ამბავია - ვარლამ ლიპარტელიანს წონის დაკლება აღარ დასჭირდება და ამიერიდან 100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს, მანამდე კი "ძიუდოს პროფესორი" "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- ბოლო წლებში ძალიან მიჭირდა წონის შენარჩუნება და დაკლება. ეს ყველაფერი შეჯიბრებებზეც აისახებოდა და ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან 100 კგ-ში ვიჭიდავებ! რიოს ოლიმპიადის წინ რვა(!) კილოგრამი დავიკელი, თანაც, ეს უკვე წლებია გრძელდება და დრო იყო, გადაწყვეტილება მიგვეღო.

- ეს შენი და მწვრთნელების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო?

- დიახ, ამაზე დიდი ხანია ვმსჯელობთ... ამ წონის მოჭიდავეებთან შეკრებების დროსაც არაერთხელ მიჭიდავია, მათთან ძალის მოსინჯვა მაინტერესებდა. თავიდან, ალბათ, მეც გამიჭირდება, მაგრამ რამდენიმე თვეში თუ არა, ერთი წლის თავზე მაინც გავუწევ კონკურენციას ახალი წონითი კატეგორიის ლიდერებს. კლუბშიც არაერთხელ მიჭიდავია 100 კილოგრამის ლიდერებთან და ბევრ მათგანთან დადებითი ბალანსიც მაქვს. როგორც ვიცი, ბექა ღვინიაშვილიც შეიცვლის წონით კატეგორიას და "მშობლიურ" 90-ს დაუბრუნდება. მინდა ბექას ვუსურვო იმ ოცნების ასრულება, რაც მე ვერ შევძელი ამ წონაში. 90 კილოგრამი ტრადიციულად წარმატებული წონითი კატეგორიაა ქართველებისთვის - თუნდაც ზურაბ ზვიადაურისა და ირაკლი ცირეკიძის დასახელებაც კმარა...

- და ვარლამ ლიპარტელიანის - იმის მიუხედავად, რომ მათი მიღწევის გამეორებამდე სულ ცოტა დაგაკლდა... სანამ ერთ წონაში ჭიდაობდით, შენ და ბექა კონკურენტებიც იყავით და ჩინებული სპარინგ-პარტნიორებიც. როგორ ფიქრობ, ეს ცვლილება სასიკეთოდ წაადგება?

- უკონკურენტოდ ყოფნა სპორტსმენზე უარყოფითად მოქმედებს. პირადად მე დიდი ძალა და მოტივაცია მომცა ბექას გამოჩენამ, მასთან შეხვედრებმა და მისმა წარმატებამ. როცა ჯანსაღ კონკურენციას გრძნობ, თავს მოდუნების უფლებას აღარ აძლევ. ამიტომაც კონკურენცია აუცილებელია. ბექა ძლიერი სპორტსმენია, ასაკიც ხელს უწყობს და შანსსაც აუცილებლად გამოიყენებს!

- ოლიმპიურ ვერცხლზე უამრავი სპორტსმენი ოცნებობს, ვარლამ ლიპარტელიანი კი კვარცხლბეკზე თვალცრემლიანი იდგა, რამ შეგიშალა ხელი ჩემპიონობაში?

- ენერგია და იღბალი აღარ მეყო... ორგანიზმმა ბევრი სითხე დაკარგა, აღდგენა ვეღარ მოვასწარი და თითები აღარ მემორჩილებოდა, გაშლა მიჭირდა, ვეღარ ვიმორჩილებდი... წაგების მიზეზი ესეც არის, მაგრამ მთავარი მაინც ტაქტიკური შეცდომა იყო - ფეხი წამით დავტოვე წინ და... იაპონელმა მაშინვე გამოიყენა შანსი - ის გდება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაშუ ბეიკერი უხერხული მეტოქეა ჩემთვის. მანამდე ორივე შეხვედრაში შევძელი მისთვის გდების გაკეთება, ამჯერად კი ვეღარ მოვახერხე... ვფიქრობ, იაპონელებს ტაქტიკურადაც ჩემზე მეტი ჰქონდათ ნამუშევარი და ცოტათი იღბალიც წაეხმარათ.

- როგორც კი ილეთს წამოიწყებდი, მაშუ ბეიკერი მაშინვე ძირს ვარდებოდა, "პარტერიდანაც" გაგირბოდა...

- ვაქტიურობდი, მაგრამ ბოლოს ენერგია აღარ მეყო... მინდოდა გაფრთხილებების ხარჯზე მომეპოვებინა უპირატესობა, მაგრამ იაპონელი რატომღაც არ გააფრთხილეს, მერე კი ჩემი ნაჩუქარი ერთადერთი შანსი გამოიყენა და გაიმარჯვა. ბოლო წლებში ძალიან ცოტა ტურნირში გამოვედი. წონის ხშირად დაკლებას ვერიდებოდი, თორემ მასტერსზე რომ მეჭიდავა, სამეულში შესვლაც საკმარისი იქნებოდა და ოლიმპიურ თამაშებს რეიტინგის პირველ ნომრად შევხვდებოდი - ფინალამდე ამცდებოდნენ კორეელი და იაპონელი მეტოქეები. თუმცა ვამჯობინე, ტურნირები გამომეტოვებინა და მთელი ყურადღება ოლიმპიადისთვის მზადებისთვის დამეთმო.

- შენგან ყველა ჩემპიონობას ელოდა და დამატებით წნეხად ესეც დაგემატებოდა.

- სხვათა შორის, ამ ოლიმპიადაზე ყველაზე ნაკლებად ვიყავი დაძაბული, თავისუფლად ვჭიდაობდი. საჩემპიონოდ ვიყავი ჩასული, მაგრამ იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რომ წაგება გამორიცხული იყო და აუცილებლად ოქროს მედალი უნდა მომეპოვებინა. თავი არ დამიზოგავს, მაგრამ იმის შიშით, ვაიდა, დავმარცხდეო, ფსიქოლოგიური პრობლემები ნამდვილად არ მქონია.

- ჭრიკიშვილზეც უნდა გკითხო - ნახევარფინალში მარცხი ძალიან განიცადა?

- ძალიან... რიო-დე-ჟანეიროში ავთო ევროპის ზედიზედ სამგზის ჩემპიონის, მსოფლიო ჩემპიონის, რეიტინგის პირველი ნომრის და უპირობო ფავორიტის რანგში ჩავიდა. მისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა და ამის გამო ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა. ამას ჯანმრთელობის პრობლემაც დაერთო - მუხლი ძალიან აწუხებდა...

- როგორ ატყობ, რიოში განცდილი სიმწარე უარყოფითად ხომ არ აისახება ავთოს კარიერაზე? ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა გაშმაგებულმა კი დაიწყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეს არ იყო ის ავთო ჭრიკიშვილი, რომელსაც ყველანი ვიცნობთ.

- იბრძოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ნახევარფინალის წაგების შემდეგ შინაგანად გამოფიტული იყო... არადა, იმ ამერიკელისთვის, ვისთანაც ნახევარფინალში დამარცხდა, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ შვიდჯერ ჰქონდა მოგებული და, როგორც ჩანს, მოდუნდა, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება... რადგან ავთომ მედალი ვერ მოიპოვა, მეც ორმაგად მოტივირებული ვიყავი, მინდოდა ჩემი ჩემპიონობით მეგობრისთვის ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა დარდი.

- "ძიუდოს პროფესორი", "ანაკონდა"... - რა რეაქცია გაქვს, როცა ასეთი მეტსახელებით მოგიხსენიებენ ხოლმე?

- ხან მეცინება, ხან მიხარია... მაგრამ მთლიანობაში ბედნიერი ვარ, გულშემატკივარი ასე აქტიურად რომ ადევნებს თვალს ჩვენს კარიერას. ქომაგისგან მანამდეც ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას, სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ ის, რაც ჩემს ვერცხლის მედალს მოჰყვა, ნამდვილად მოულოდნელი იყო. იმდენმა და ისეთმა ხალხმა მომწერა გამამხნევებელი და თბილი სიტყვები, ვერც წარმოვიდგენდი... არ მაგრძნობინეს, რომ ფინალი მქონდა წაგებული, ყველა ჩემპიონობას მილოცავდა... ეს მხარდაჭერა სტიმულს მაძლევს, მომავალ ტურნირებს გაორმაგებული მოტივაციით შევხვდე! არ დაგიმალავთ - ფიქრით ჯერ კიდევ რიოში ვარ. იმ შეხვედრის ჩანაწერისთვის ჯერ არ მიყურებია, მაგრამ გონებაში რამდენჯერმე ხელახლა ვიჭიდავე ფინალი... მაგრამ რაც იყო, უკვე წარსულია. ამიერიდან ახალი შემართებით უნდა შევუდგე ახალ წონაში ასპარეზობას და ახალ გამარჯვებებზე ვიფიქრო.

რატი შელეგია