"წამითაც არ გამჩენია ეჭვი, რომ პირველობას სხვას დავუთმობდი"
22-08-2016
"წამითაც არ გამჩენია ეჭვი, რომ პირველობას სხვას დავუთმობდი"
"შტანგაც მძიმეა და გამარჯვებამდე გასავლელი გზაც!"

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა და შეუერთდა ლაშა ტალახაძეს, რომელმაც სამი დღით ადრე ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო რეკორდი "ასწია"! გასულ შაბათ-კვირას სხვა ქართველებმაც იასპარეზეს, მაგრამ გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ამ ნომერში მათზე ვერ ვილაპარაკებთ. სამაგიეროდ, შემოგთავაზებთ ინტერვიუს პირველ ოქრო-კაცთან - ლაშა ტალახაძესთან, რომელსაც რიო-დე-ჟანეიროში დავუკავშირდით:

- უკვე გააცნობიერე, რომ ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი ხარ, თუ ჯერაც ვერ იჯერებ?

-
იმას ვგრძნობ, რომ ღირსეულად წარმოვაჩინე ჩემი ქვეყანა და გავახარე ყველა, ვინც ასე ელოდა ჩემს წარმატებას!

- ყველაზე ემოციურად ვინ მოგილოცა?

- ვინც მიცნობს, ყველა მაქსიმალურ შედეგს ელოდა ჩემგან და მიიღეს კიდეც. ტელევიზიით, ალბათ, ყველამ ნახა, როგორ გაუხარდათ ჩემი და ირაკლი თურმანიძის წარმატება საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს,
დარბაზში მყოფ დელეგაციის წევრებსა თუ გულშემატკივრებს. სპორტის მინისტრით დაწყებული, რიგითი გულშემატკივრის ჩათვლით, ყველა ბედნიერი იყო და სიხარულს თავისებურად გამოხატავდა... ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც ველაპარაკე, მთელი საჩხერე ზეიმობდა ჩემს წარმატებას.

- შენი მთავარი კონკურენტი, ბეჰდად სალიმი, უკმაყოფილო დარჩა მსაჯების გადაწყვეტილებით. შენც გითხრა რამე?

- სალიმი ღირსეულად მოიქცა. პირადად ჩემთვის უკმაყოფილება არ უგრძნობინებია. პირიქით, გადამეხვია და მომილოცა.

- არა მხოლოდ ფიცარნაგზე ნაჩვენები შედეგით, ჟურნალისტები დაჯილდოების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც გააოცე მოზომილი, ჭკვიანური და ღირსეული პასუხებით. ჩანს, რომ ესეც შენი დადებითი მხარეა...
- თუ რამ კარგი ვთქვი, ყველაფერი გულიდან იყო წამოსული, სიტყვებისთვის კი განსაკუთრებული ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია.

- შტანგასთან ყველა მისვლის წინ პირჯვარს იწერ. რწმენა ამ სიმძიმის დაძლევაშიც გეხმარება?

- უფლის გარეშე ცხოვრებაში არაფერი ხდება. რწმენა უმთავრესია ჩემთვის და ყველაზე მეტად მეხმარება.

- როდის დაიჯერე, რომ ჩემპიონი იყავი?

- ასპარეზობის დაწყებისთანავე. წამითაც არ გამჩენია ეჭვი, რომ პირველობას სხვას დავუთმობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ უფლის წყალობით გავიმარჯვებდი.

- შტანგა უფრო მძიმეა, თუ ის პასუხისმგებლობა და მოლოდინი, რაც მომდევნო წლებში სულ იქნება შენი გამოსვლების დროს?

- პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამიერიდან სულ მომიწევს ტიტულების დაცვა და აღარ მეპატიება რომელიმე შეჯიბრების დათმობა. რაც შეეხება შტანგას, ისიც მძიმეა და გამარჯვებამდე გასავლელი გზაც!

- რას იტყვი ირაკლი თურმანიძეზე? 32 წლის ასაკში ოლიმპიადის ბრინჯაოს მოგება იოლი არ არის...

- ირაკლიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. შრომა დაუფასდა, ეკუთვნოდა ეს წარმატება. ორმაგად ბედნიერი ვიყავი, რადგან იკა ჩემ გვერდით იდგა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე!

- მეგობრები და იმავდროულად, კონკურენტებიც ხართ. რას გრძნობს სპორტსმენი, როცა ხედავს, რომ უშუალო კონკურენტი ყველაფერს აკეთებს, გამარჯვებაში რომ დაეხმაროს?

- ირაკლი შეჯიბრების დროს მეჩხუბებოდა, ჩემზე ნუ ფიქრობ, საქმეს მიხედეო. იკას დაძლეული ყოველი წონა დიდ სტიმულს მაძლევდა. ძალიან დამეხმარა.

- სიმძიმის აწევაში ტრადიციულად ძლიერები ვართ. ეს ქართული გენის დამსახურებაა თუ შრომისმოყვარეობის?

- ვფიქრობ, ჩვენი გენი და ხასიათიც გვეხმარება, მაგრამ შრომისა და თავდადების გარეშე დიდ შედეგს ვერ მიაღწევ.

- უამრავი თაყვანისმცემელი და ქომაგი შეიძინე. თავად თუ გყავს მისაბაძი სპორტსმენი, რომლის მაგალითზეც გაიზარდე?

- ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონია, ფედერაციის პრეზიდენტი - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მათ გზას დავადექი და მინდა, ჩემი კარიერაც ასევე წარვმართო. მათზე სამაგალითო ვინ უნდა იყოს?!

- ტანად და შედეგებით დიდი ხარ, მაგრამ ასაკით - ჯერ პატარა! 22 წლის ასაკში რთული არ იქნება ამდენი ყურადღების, სიყვარულისა და პოპულარობის ატანა? ხელს ხომ არ შეგიშლის, დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევს?
- მიღწევები აქამდეც მქონდა, მაგრამ ოლიმპიადისთვის მზადებაში ხელი არ შეუშლია. შეჩერებას არ ვაპირებ. პირიქით, ახლა უფრო მეტი მონდომება და შრომა მმართებს ტიტულების შესანარჩუნებლად. ასე რომ, თავს ზედმეტის უფლებას არ მივცემ!
ბმბ
26 აგვისტო 2016 12:57
ბედნიერებაა, რომ ლაშა ქართველია, მეც ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მეც ქართველი ვარ. ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა გზაზე, მადლობა ამ სიხარულისთვის.
არტაგი
26 აგვისტო 2016 11:01
სულ აღმავალი გზით გევლოს ლაშა!წარმატებები!
მერაბი
26 აგვისტო 2016 10:50
წარმატებები საქართველოს სასახელო შვილს, გვიყვარხარ და გეთაყვანებით ასე გააგრძელე...

რედაქტორის რჩევით