როგორ გალახა "ხულიგანმა" მამიაშვილმა ოლიმპიელი ტრაჟუკოვა და ვის ემუქრებიან რუსები მოკვლით?! - კვირის პალიტრა

როგორ გალახა "ხულიგანმა" მამიაშვილმა ოლიმპიელი ტრაჟუკოვა და ვის ემუქრებიან რუსები მოკვლით?!

გუშინ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ეს ოლიმპიადა საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ქართველებს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა ნება მომეცით ბოლო დღეების განმავლობაში ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული რამდენიმე სკანდალური ამბავი გაგაცნოთ.

ალბათ გაგიგიათ ვინმე მიხეილ მამიაშვილის სახელი. ეს უკანასკნელი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის თავკაცია, ამავდროულად მსოფლიოს ჭიდაობის სამყაროში "რუხ კარდინალად" მოიაზრება და გვარის მიუხედავად ქართველი ფალავნების დაჩაგვრაშიც ხელი არაერთხელ გაისვარა. მთელ რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვებულების ვინაობას მიხეილ მამიაშვილი ხშირად პირადად წყვეტს. მსოფლიო ჭიდაობის ფედერაცია კორუფციის ერთი ამოუშრობი ჭაობი რომ არის, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რამდენიმე წლის წინ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება სურდათ. ბოლო პერიოდში სპორტის ამ სახეობებში ჰაერი შედარებით კი გაიწმინდა, მაგრამ არაობიექტურ მსაჯობას მაინც ხშირად ვხვდებით.

აი, ამ ადამიანმა, მიხეილ მამიაშვილმა, რიო-დე-ჟანეიროში თავისუფალი სტილით რუსი მოჭიდავე ინა ტრაჟუკოვა სახალხოდ გალახა. ინა მესამე ადგილისთვის პაექრობაში დამარცხდა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ "კარიოკა არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. გამძვინვარებული მამიაშვილი ფალავან ქალბატონს მივარდა და ორჯერ ძლიერი სილა უთავაზა. ქალი ნოკაუტში აღმოჩნდა და მის მოსულიერებას რამდენიმე წუთი დასჭირდა.

სპორტსმენი ტრაჟუკოვა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. მამიაშვილმა კი... მან სასწრაფო პრესკონფერენცია მოიწვია და შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ტრაჟუკოვამ თავი შეირცხვინა. 25 წლის რუსმა 37 წლის პოლონელთან წააგო, რაც მისი მხრიდან არაპატრიოტული ნაბიჯი გახლდათ. ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის სახელით ასპარეზობდა და მისი უნიათო გამოსვლის გამო ემოციები ვერ შევიკავე და მოჭიდავე ქალს ვუსაყვედურე. ამბობენ გალახაო. ვერ გეტყვით. ძალიან აღელვებული გახლდით. ინა ტრაჟუკოვამ მთელი რუსეთი შეარცხვინა".

სებასტიან კოე რიო-დე-ჟანეიროში რუსებმა თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინეს. გამოცემა "The New York Times"-ის მტკიცებით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციების პრეზიდენტმა, ახლო წარსულში თავად გამოჩენილმა მძლეოსანმა სებასტიან კოემ უკვე მერამდენედ რუსებისგან მუქარის წერილი მიიღო. ამ გზავნილის სრული შინაარსი კოემ დღის სინათლეზე არ გამოიტანა. ერთადერთი, რუსები სიკვდილით მემუქრებიანო, - აღნიშნა. საქმეში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკვე ჩაერია. ალბათ უახლოეს დღეებში გამოძიებაში ინტერპოლი და ბრიტანული სკოტლანდ იარდიც ჩაერთვებიან.

კოეს დიდი მეცადინეობითა და მოწადინებით დოპინგის მიღებაში გამოჭერილ არაერთ რუს მძლეოსანს ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაცია მიესაჯა. რასაკვირველია შურისძიებამაც არ დააყოვნა.

წინა კვირას ირლანდიელი სპორტული მაღალჩინოსანი პატრიკ ჰიკი ბრაზილიის პოლიციამ ოლიმპიური შეჯიბრებების ბილეთების გადამყიდველებისთვის გადაცემის გამო დააკავა. მისი გზა კიდევ რამდენიმე ირლანდიელმა სპორტულმა ფუნქციონერმა გაიზიარა.

გამოცემა "The Irish Times"-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ირლანდიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კიდევ სამი წევრი დააკავეს. ამ ადამიანების ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ. არსებობს ვარაუდი რომ ეს ხალხი ბატონ ჰიკთან ერთად ბილეთების "ქორვაჭრულ" ბიზნესში იყვნენ ჩართულნი.

მაგრამ კვლავ ქართველ სპორტსმენებს დავუბრუნდეთ. დამოუკიდებელი ოლიმპიური გუნდის სახელით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი 1996 წელს, ატლანტაში გვქონდა. ალბათ გახსოვთ დიდი მოლოდინი და პირველი იმედგაცრუება - დავით ხახალეიშვილის ტრაგედია. ატლანტაში ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ოთხი წლის შემდეგ სიდნეიში მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ და ჩვენს ანგარიშზე უკვე ექვსი ბრინჯაო აღმოჩნდა. პირველი ოქრო 2004 წელს ათენში, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოგვიტანა.

რიო-დე-ჟანეიროში 40 ქართველმა იასპარეზა და ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს მთავრობის სპეციალური სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება რომ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები 170 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან, ვერცხლის მედალოსანი 102 ათასს მიიღებს, ბრინჯაოს ჯილდოს მფლობელები კი 68 ათასს.

იმედია, ჩვენი მთავრობა გვერდზე არ დადგება, დანაპირებს შეასრულებს და ოლიმპიურ მედალოსნებს კუთვნილ ჯილდოებს დროულად გადასცემს.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)