"იმედია, შვილებს და საქართველოს 4 წელიწადში ოქროს ჩამოვუტან" - კვირის პალიტრა

"იმედია, შვილებს და საქართველოს 4 წელიწადში ოქროს ჩამოვუტან"

რიოს ოლიმპიადა დასრულდა, ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა, რომელზეც კიდევ კარგა ხანს ვილაპარაკებთ, თუმცა იყო იმედგაცრუებაც... ქართველი გულშემატკივრისათვის, ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი ვარლამ ლიპარტელიანის ფინალში განცდილი მარცხი აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ეს გულშემატკივარზე მეტად თვითონ სპორტსმენმა განიცადა, რაც დაჯილდოების დროს ემოციაშიც გამოიხატა. ჩვენ ვარლამს დავუკავშირდით, განცდილ მარცხზე, დაჯილდოების ემოციაზე და გულშემატკვირს როლზე ვესაუბრეთ:

- როდესაც სპორტსმენი ოლიმპიადაზე მიდის, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობას გეგმავს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ მზად ვიყავი ჩემპიონობისათვის და თანაც, უკვე დრო იყო, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია, თუმცა რას ვიზამთ, სპორტია, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და რაზეც ამდენ ხანს ვოცნებობდი. ამით არ მთავრდება ყველაფერი, მთავარია ჯანმრთელობა, თორემ მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ 2020 წელს სანუკვარს მიზანს მივაღწიო. მანამდე ბევრი ტურნირია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდე ოლიმპიურ ჩემპიონობამდე. ტოკიოში უკვე სხვა წონით კატეგორიაში მომიწევს გამოსვლა, რადგან დიდი ხანია მიჭირს წონის შენარჩუნება, მეტსაც გეტყვით, 2012 წლის მერეც ვფიქროდბით რომ 100 კგ-ში გადავსულყავი, მაგრამ დავრჩი მხოლოდ იმ ოცნებით, რომ ზურაბ ზვიადაურის და ირაკლი ცირეკიძის მიღწევები გამემეორებინა და 90კგ-ში საქართველოს ისევ ჰყოლოდა ოლიმპიური ჩემპიონი, მინდოდა, ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის გზა ღირსეულად გამეგრძელებინა, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, თუმცა მჯერა, რომ ის, ვინც 2020 წელს გამოვა ამ წონაში, ისევ გააგრძელებს ქართველების დომინირებას 90კგ-ში.

- ვარლამ, შენმა ემოციამ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე, მთელი საქართველო აალაპარაკა, არადა , მსოფლიოს არაერთი ძიუდიუსტი იოცნებებდა ვერცხლზე, თუმცა შენთვის ეს ცრემლის მომგვრელი აღმოჩნდა, რატომ?

- ალბათ ეს იყო იმის ბრალი, რომ ზუსტად ვიცოდი რამდენი გულშემატკივარი ელოდა ჩემგან ამ წარმატებას, ვფიქრობდი, რომ ასე ახლოს ვიყავი მედალთან და ვერ შევწვდი... ვხვდებოდი, რომ ოცნების ასრულების შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იყო ძალიან დიდი გულის წყვეტის მომენტი და ცრემლების დაღვრა, რაც კვარცხლბეკზე დამემართა. უდიდესი იმედგაცრუება იყო ავთო ჭრიკიშვილის ასე დასანანად წაგება, ადამიანი რომლისგანაც ოლიმპიურ ჩემპიონობას ველოდით, მედლის გარეშე დარჩა. ამას მართლა ვერავინ წარმოიდგენდა და დიდი სრუვილი მქონდა ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ავთოსთვის ეს დიდი ტკივილი. ჩაფიქრებული მქონდა ეს გამარჯვება ავთოსთვის მიმეძღვნა, მით უფრო რომ მე და ავთომ ოლიმპიადის მოსამზადებელი ყველა ეტაპი ერთად გავიარეთ, სულ ერთ ოთახში ვცხოვრობდით. გვინდოდა ორივეს მიგვეღწია წარმატებისათვს, თუმცა ნათქვამი გვქონდა, რომ ორივემ თუ არა ერთმა მაინც უნდა ვიზეიმოთ ჩემპიონობაო, ბუნებრივია ამის გამო კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული ფინალში განცდილ მარცხზე. ჩემ თავზეც მწყდებოდა გული, ვიცოდი რომ წონა უნდა შემეცვლა და ამ წონაში ჩემპიონობის შანსი აღარ მექნებოდა, კიდევ სხვა ბევრი ფიქრიც იყო, პლიუს ემოცია და ვეღარ შევიკავე თავი.

- რას ნიშნავს შენთვის გულშემატკივარი? ალბათ ბევრი პირადად გეტყოდა საკუთარ განცდას, დარწმუნებული ვარ, სოციალური ქსელის საშუალებითაც უამრავი ადამიანი მოგწერდა...

- ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის გულშემატკივრის ემოცია. ვერ წარმოიდგენთ განცდილი მარცხის შემდეგ რამხელა ძალა მომცა გულშემატკივრების გამოხმაურებამ. მეტსაც გეტყვით, წერილების და პოსტების ნახვის შემდეგ, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა გარკვეული პერიოდი და როდის დავიწყებდი ვარჯიშს. ეს ყველაფერი გულშემატკივრის უდიდესი დამსახურებაა. უამრავმა უცხო ადამიანმა მომწერა, ყველა მილოცავდა, მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ - შენ, ჩვენთვის ჩემპიონი ხარო! სპორტსმენი პირად წარმატებაზე მეტად იმისთვის წვალობ, რომ შენ ქვეყანას მოუტანო წარმატება და სწორედ ის ხალხი გაახარო, ვინც არა მხოლოდ გამარჯვების დროს გიდგას გვერდში. სპორტსმენისთვის ხალხის სიყვარულზე დიდი გამარჯვება არ არსებობს.

- როგორ დაგხვდნენ, უკვე ყველასთვის ცნობილი გულშემატკივარები, შენი პატარა ვაჟკაცები...

- უფროსი ძალიან გახარებული იყო, როგორც ყოველთვის ახლაც იძახდა, მამამ იპონი გააკეთაო. ჩამოსვლისთანავე მედალი გამომტაცა და გამოაცხადა, - ჩემი მედალიაო. ძალიან მინდოდა ოქრო ჩამომეტანა, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა და იმედია, შვილებს და საქართველოს 4 წელიწადში ოქროს ჩამოვუტან.

პ.ს. დამშვიდობებისას ვარლამმა პირობა მომცა, რომ 4 წლის მერე როგორც ოლიმპიურ ჩემპიონთან, ისე ჩავწერდი მასთან ინტერვიუს. მჯერა რომ ასეც იქნება, დიდმა და ღირსეულმა კაცებმა ტყუილი არ იციან, წარმატებას გისურვებთ, ლიპო!

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (პირველი ნაწილი)

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)