"დაცემა ყველას შეუძლია, მთავარია, როგორ წამოდგები!"
05-09-2016
"დაცემა ყველას შეუძლია, მთავარია, როგორ წამოდგები!"
"ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს"

"ექვსი წელია, არ დამისვენია, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვარ, გიტარის სიმივით დაჭიმული... ალბათ, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა"


ავთანდილ ჭრიკიშვილი - რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრის უმთავრესი იმედი და იმედგაცრუება... ინტერვიუს მიცემა არც მანამდე უყვარდა, ბრაზილიაში განცდილის შემდეგ კი - მით უმეტეს. მაგრამ "კვირის პალიტრას" უარი არც ამჯერად უთხრა. რატომ დარჩა უმედლოდ
და როდის დაბრუნდება - ავთანდილ ჭრიკიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხეთ:

- ინტერვიუ და წინასწარ ლაპარაკი, სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა თუ გინდა, სპორტს თავი უნდა დაანებო! სპორტსმენს ასეთი რაღაცები არ სჭირდება, ის უნდა აკეთოს, რაც იცის. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ეს იყო!

- რას გულისხმობ?!

- ოლიმპიური დელეგაციის მედროშეობა უდიდესი პატივი იყო ჩემთვის, მარცხს ამას როგორ დავაბრალებ,
მაგრამ... არ მეგონა, ასე ძლიერ თუ იმოქმედებდა, ამხელა პასუხისმგებლობა იქნებოდა... როცა აუცილებლად ოქროს მედალს ელიან შენგან და სულ ყურადღების ცენტრში ხარ, მშვიდად მომზადებას ვეღარ ახერხებ. დამატებითი წნეხია, როცა ტატამზე აცნობიერებ, რომ მხოლოდ შენთვის არ ჭიდაობ და მარცხი შენი სამშობლოს წარუმატებლობაც იქნება... ნახევარფინალში წაგება ფსიქოლოგიური პრობლემის ბრალი იყო, ცუდი მომზადება ან სხვა მიზეზი არაფერ შუაშია! როგორც ჩანს, ნერვებმა მიმტყუნა და ამას მოჰყვა ტაქტიკური შეცდომა, თორემ ის შესვლა არაფერში მჭირდებოდა... ფრთხილი, შედეგზე ორიენტირებული ჭიდაობისას ასეთი შეცდომა არ გეპატიება, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა და ალბათ, ასე იყო საჭირო...

- მედროშედ იმიტომ აგირჩიეს, რომ ლიდერი იყავი, ოქროს მთავარი პრეტენდენტი!

- ამიტომაც წაგების გამო ორმაგად მრცხვენია! მედროშე რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. შვილს რომ ზრდი, მისი თითოეული ნაბიჯით ხარობ, ემზადები და... უეცრად, ყველაფერი ხელიდან გამოგეცლება - ასე დამემართა. ვერ გამოვთქვამ, რამხელა ტრაგედია იყო ჩემთვის ოლიმპიადიდან უმედლოდ დაბრუნება, მაგრამ ვეგუები - სხვა რა გზა მაქვს?!

- ერთხელ გითხარი - ცივსისხლიანობით, მგონი, ირაკლი ცირეკიძესაც აჯობე-მეთქი... მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. რიოში პირველივე ორთაბრძოლისას გეტყობოდა, რომ ჩვეულად ვერ ჭიდაობდი...

- ჩემი ბრალია, ასეთი დაძაბული არ უნდა ვყოფილიყავი, პასუხისმგებლობაზე ამდენი არ უნდა მეფიქრა... სხვა დროს უფრო თავისუფლად ვჭიდაობ ხოლმე. რაც შეეხება ნახევარფინალს, დღემდე ვერ ვხვდები, სტივენსთან შეხვედრაში რატომ წამოვიწყე საბედისწერო ილეთი. მუხლი მაწუხებდა და ის შესვლა სამი თვე აღარ გამიკეთებია. შეკრების დროსაც კი არ მიცდია და არ ვიცი, იქ რა დამემართა. სპორტსმენი ინსტინქტურად გრძნობს, როდის დგას მეტოქე ხელსაყრელ მდგომარეობაში და როდის დაიწყოს ილეთი. ვიგრძენი, რომ თუ შევუტევდი, დაეცემოდა, მაგრამ... ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, ამერიკელი შეგნებულად დგებოდა ისე, ილეთზე რომ შევსულიყავი.

- ლონდონშიც ხომ ტრევის სტივენსთან დამარცხდი - მხოლოდ ოლიმპიადებზე გიგებს?! თუმცა, მას შემდეგ ყველა ორთაბრძოლა მოუგე და ალბათ, რიოში სათანადოდ არ დააფასე...

- მოშვებული ნამდვილად არ გავსულვარ სტივენსთან საჭიდაოდ. არც გდებების და ილეთების გაკეთება მიცდია - შედეგზე ვჭიდაობდი! იმ ეპიზოდშიც, ინსტინქტურად წამოვიწყე ილეთი. მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ არ უნდა გამეკეთებინა და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გავაკეთე... მტკივნეულზე რომ დამიჭირა, ინსტინქტურად დავარტყი ხელი ტატამს, ის ეპიზოდი საერთოდ აღარ მახსოვს.

- მუხლის ტრავმა ოლიმპიადაზეც გაწუხებდა?

- ისე არა, რომ მარცხი ამას დავაბრალო. ვიმეორებ - ნერვიულობის, ტაქტიკური შეცდომის გამო წავაგე! ყველა შეხვედრაში შემეძლო, უფრო აქტიურად და ლამაზად მეჭიდავა, მაგრამ მთავარი შედეგი იყო. იმდენს ვაკეთებდი, რამდენიც მჭირდებოდა. სტივენსი თითქმის ყველა შეხვედრაში გდებით მყავს დამარცხებული. ეს არც რიოში იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოსაგებად გაფრთხილებაც იკმარებდა და... ტრევისი არ არის იმ დონის ძიუდოისტი, ოლიმპიურ ვერცხლს იმსახურებდეს და მასთან წაგება ორმაგად დასანანია, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება.

- თემურ ხუბულური ფიქრობს, ავთო ორი წლის წინ უფრო ძლიერი იყო, ახლა კი, როცა ყველაზე მეტად უნდა მოემატებინა, სწორედ მაშინ გაჩერდაო... ასეა?

- მომზადება ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ შეტევისას შეცდომის შესაძლებლობაც მატულობს. ამიტომ, ეფექტიან ჭიდაობაზე აღარ მიფიქრია. რა მნიშვნელობა აქვს, გდებით მოიგებ თუ გაფრთხილებით?! ისე კი, ბოლო დროს ტრავმების გამოც ბევრი გამიცდა. ექვსი წელია, არ დამისვენია, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვარ, გიტარის სიმივით დაჭიმული... ალბათ, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა და ამის გამოა, სულ რაღაც რომ მაწუხებს. ერთი თვე მაინც, ალბათ, არ განვაახლებ ვარჯიშს - კარგად უნდა დავისვენო, ტრავმები ბოლომდე მოვიშუშო და მერე... ფსიქოლოგიურადაც გადავიღალე: როგორც უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ყოველდღე ხუთ საათს რომ ვარჯიშობ, გბეზრდება კიდეც, ჟინიც გინელდება. არადა, უნდა გენატრებოდეს, სიხარულით მიდიოდე სავარჯიშოდ. შესაძლოა, წინათ უფრო აგრესიული სტილი მქონდა, თორემ ბოლო პერიოდში ორჯერ მეტს ვვარჯიშობდი, ვიდრე ორი წლის წინ.

- ოლიმპიური მედლის გარდა ყველაფერი მოგებული გაქვს. ასე რომ, ვერავინ დაგწამებს­ - ბოლომდე არ დაიხარჯაო...

- კიდევ ვამბობ, უმედლოდ ტაქტიკური შეცდომის გამო დავრჩი, მოუმზადებლობა ან მონდომების არქონა არაფერ შუაშია. მეც ვეძებ პასუხს, რატომ დავუშვი ეს შეცდომა. მე რომ მინდოდა ჩემპიონობა, ისე ვის უნდოდა?!

- გადაღლილობა ახსენე. საზღვარგარეთ ამდენი მგზავრობა და შეკრება უარეს შედეგს ხომ არ იძლევა? იქნებ სჯობდა, მაგალითად, იაპონიის ნაცვლად, აქ გაგევლო შეკრება? შენი პირადი მწვრთნელი გურამ მოდებაძეც ამბობს, რომ აკლიმატიზაცია რთულად გადაგაქვს...
- აქ სრულფასოვნად ვერ მოემზადები. სულ ორი-სამი ძიუდოისტია, ვინც სპარინგ-პარტნიორად გამომადგება. ჩემს იაპონელ კონკურენტს დღეში 12-15 სპარინგი აქვს და მე ორი-სამზე მეტს თუ ვერ ვიჭიდავებ, ოლიმპიადაზე როგორ გავუძლებ 5-6 დაძაბულ ორთაბრძოლას, სუნთქვა ხომ მხოლოდ ორზე მეყოფა?! საკმარისი რესურსი რომ იყოს, მეც მირჩევნია, სამშობლოში ვიყო, ქართული საჭმელი მივირთვა, ქართული ჰაერი ვისუნთქო, ზედმეტი არც ფრენა დამჭირდეს და არც აკლიმატიზაცია, მაგრამ ამ ვითარებაში სულ საქართველოში მომზადება რეგრესს გამოიწვევს. თავს არავის ვამეტებ, მაგრამ საქართველოში ვისთან უნდა გაიზარდონ ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, ოქრუაშვილი, შავდათუაშვილი, პაპინაშვილი და სხვები?! სხვას გავაძლიერებთ­ და თავად უკან-უკან წავალთ...

- თუმცა, ვიცი, რომ უცხოური შეკრებების დროსაც გაქვს ხოლმე სპარინგ-პარტნიორის პრობლემა. ბევრი თავს არიდებს შენთან ჭიდაობას...

- ზოგჯერ, მაგრამ იქ იმდენი მეწყვილეა, საშენო მეტოქეს ოცს იპოვი... სურვილის შემთხვევაში შეგიძლია, დღეში 15 შეხვედრა იჭიდაო. ბევრჯერ მიჭიდავია დღეში 18 სპარინგი, ლაშა შავდათუაშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს კი 20-22 უჭიდავიათ დღეში! საქართველოში ამის ნახევარსაც ვერ მოახერხებ.

- ვიცი, რომ ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ არ შეიძლება, ძიუდოისტს შეკრებაზე პირადი მწვრთნელიც ახლდეს და შეგირდი ინდივიდუალურად ამუშაოს მთავარი კონკურენტების წინააღმდეგ? რთულია სიურპრიზის შეთავაზება, როცა სხვებს შენი ყველა მოძრაობა და ილეთი დეტალურად აქვთ შესწავლილი...
- რაც ვიცი, 90% გურამ მოდებაძემ მასწავლა, მის ხელში ვარ გაზრდილი. ცდილობს, ბოლო შეკრებაზე მაინც სულ იყოს ხოლმე ჩემთან. და თუ იქნება საშუალება, უცხოურ შეკრებებზეც წამომყვეს, ამას რა აჯობებს. რაც შეეხება უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ მუშაობას, ეს აუცილებელია და ვმუშაობთ კიდეც, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტრევის სტივენსი ნახევარფინალში შემხვდებოდა და დამამარცხებდა!

- ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტატამზე გაშმაგებული კი შევარდი, მაგრამ... გეტყობოდა, რომ შენთვის ოლიმპიადა უკვე დამთავრებული იყო.

- თუ დამიჯერებთ, იმ ორთაბრძოლიდან არაფერი მახსოვს... რიოში საჩემპიონოდ ვიყავი ჩასული და ბრინჯაოს მედალზე კონცენტრირება ვეღარ მოვახერხე. პირად მწვრთნელთან ერთად დამუშავებული მქონდა ნაგასეს წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა, მაგრამ არ ვიცი, რას ვაკეთებდი ტატამზე. არც ჩანაწერი მინახავს... მხოლოდ ამერიკელთან წაგება მახსოვს, მეტი არაფერი.

- ტატამზე შენი ემოცია ყველამ ვნახეთ. მერე როგორ იყავი?

- ლიპოს ვერცხლმა ოდნავ გამომიკეთა გუნება. ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ვცდილობდი, მისთვისაც არ გამეფუჭებინა ხასიათი. წაგების შემდეგ სამი ღამე არ მიძინია, ოთახში არ შევდიოდი - არ გავაღვიძო-მეთქი. თურმე, არც ვარლამს ეძინა და გამთენიის სამ საათზე მწვრთნელებს მისწერა - სად არის, ყურადღება მიაქციეთო... რომ შევედი, ნახევარი საათი ვაწყნარებდი - ასე ნუ განიცდი, ვერცხლი ხომ მოიგე, მე საერთოდ უმედლოდ დავრჩი-მეთქი. ოქროს მოგება ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა, რომ დამეყვირა: "ჩირიკ (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.), ეს შენთვის!.."

- იქნებ ეს მარცხი კარგიც იყო - სხვა­ნაირად შეხედავ ყველაფერს, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ორმაგად მოინდომებ...

- დაცემა ყველას შეუძლია, მთავარია, როგორ ადგები და გააგრძელებ გზას! ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ორმაგი მონდომებით მოვემზადები. დანარჩენი კი უფლის ნებაა... ვიცი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ვარჯიში და წვალება მელის და ამისთვის მზად ვარ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით