"ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ რამეს დავთმობდი" - თავმდაბალი ოლიმპიური ჩემპიონის დიდი გეგმები - კვირის პალიტრა

"ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ რამეს დავთმობდი" - თავმდაბალი ოლიმპიური ჩემპიონის დიდი გეგმები

ჟურნალი "გზა" აქვეყნებს ინტერვიუს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

- ლაშა, მე შენს შესახებ პრაქტიკულად, არაფერი ვიცი. ეგებ მიამბო, ცელქი ბავშვი იყავი თუ დამჯერი, ასფალტზე გაზრდილი ხარ თუ თოხი და ბარიც გჭერია ხელში, ბებიასთან ერთად ყველი თუ ამოგიყვანია? დედ-მამის, შენი ოჯახის შესახებ მითხარი.

- ბავშვი ყველა ცელქია და მაგ ასაკში გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. მყავს მშობლები. ჩემი და, თამუნა უკვე გაიცანით, კიდევ მყავს ერთი წლით უფროსი ძმა, გიორგი. დავიბადე და გავიზარდე საჩხერეში. ამიტომ არც თოხი და არც ბარია ჩემთვის უცხო. ვიდრე თბილისში გადმომიყვანდნენ სავარჯიშოდ, თავისუფალ დროს, ბებიასაც და ბაბუასაც ვეხმარებოდი და ეგ საქმე არც არასდროს მეთაკილებოდა. რაც შეეხება ყველს, ბებიამ იმდენად კარგად იცის ეს საქმე და ხაჭაპურებიც ისეთი დიდებული გამოსდის, ჩემი მიხმარება არასდროს დასჭირვებია.

- საქართველოში ლამის ყველა ბიჭი თავიდანვე ბურთსა და ფეხბურთელობაზე ოცნებობს. ჩვენ ქვეყანაში კი ძალოსნობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით ასი კაცი თუ ვარჯიშობს და მათ შორის - შენც. ამიხსენი, რატომ აირჩიე ძალოსნობა?

- პატარაობისას ფეხბურთით მეც ვიყავი გატაცებული, შემდეგ ვჭიდაობდი კიდეც, სპორტის ბევრი სახეობა მომწონს. არჩევანი კი მამის ფაქტორმა განაპირობა, ის ყოფილი ძალოსანია. საკმაოდ კარგი მონაცემებიც ჰქონდა, შეიძლება ჩემზე არანაკლები ათლეტიც დამდგარიყო, მაგრამ ცუდ პერიოდში მოუწია ვარჯიში და კარიერა ვეღარ გააგრძელა. სამაგიეროდ, მე რომ წამოვიზარდე, ვარჯიში დამაწყებინა და ჩემი პირველი მწვრთნელიც ის გახდა.

- რიოში წასვლამდე გულში რა გედო, რომელი სინჯის მედალზე ოცნებობდი, მსოფლიოს რეკორდის დამყარების იმედიც გქონდა?

- მსოფლიოს რეკორდი ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, მთავარი გამარჯვება იყო. მე და ჩემმა მწვრთნელებმა ოლიმპიადისათვის მზადების პერიოდში ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ყველაფერს ვერ იტყვი კაცი. რიოში რომ მივემგზავრებოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, ყველა წონა უნდა დამეძლია, რაც კი პირველობისთვის იყო საჭირო. მორწმუნე ადამიანი ვარ და უფლის ღრმად მწამს. ისეთი რაღაცები გადავიტანე, რომ ჩემს გამარჯვებაში 100%-ით ვიყავი დარწმუნებული. ვგრძნობდი, რომ ჩემი შრომა დამიფასდებოდა, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ რამეს დავთმობდი. ოქროს მედლისთვის საბრძოლველად წავედი და ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი.

რა სურვილი აუსრულა დას გამარჯვების შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა და როგორ დაუფასა მრავალწლიანი შრომა ოლიმპიელებს მთავრობამ, ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 8 სექტემბრის ნომერში.