MVP ფაჩულიამ "ათიანში" გაისროლა - კვირის პალიტრა

MVP ფაჩულიამ "ათიანში" გაისროლა

NBA-ს მიმდინარე სეზონში, "ატლანტა ჰოუქსის" ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას მოედანზე ყოფნა არცთუ ხშირად უწევს და შესაბამისად, ვერც ქულათა

მონაგარით დაიკვეხნის. საბედნიეროდ, გამონაკლისი გამოდგა ორიოდე დღის წინ, "ბოსტონის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერმა მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა და 10 ქულასთან ერთად, 10 მოხსნასაც მოუყარა თავი.

ზაზამ მოედანზე 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში სამიდან სამი ორქულიანი ისროლა ზუსტად, რასაც ოთხი საჯარიმო ტყორცნაც მიაყოლა და რაკი, მოხსნებშიც არანაკლებ შედეგიანი იყო, MVP-ის, ანუ ყველაზე ღირებული მოთამაშის იარლიყიც დაიმსახურა.

მატჩი კი "ატლანტას" გამარჯვებით 109:92 დასრულდა, რის წყალობითაც, ჯორჯიელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აინაცვლეს და თუ ამ პოზიციის შენარჩუნებას ჩემპიონატის ბოლომდე შეძლებენ, ფლეი-ოფში ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან - "კლივლენდ კავალიერსთან" შეხვედრას აიცილებენ თავიდან...