"საგანგაშო არაფერია - ამიტომაც ვარ ჩუმად..." - კვირის პალიტრა

"საგანგაშო არაფერია - ამიტომაც ვარ ჩუმად..."

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკვე დაბრუნდა ჩეხეთიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდა. ელიტრაუნდის საწყის ტურში, გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მასპინძელთა ნაკრებს 1:0 მოუგეს, თუმცა, ჰოლანდიასთან მარცხმა (1:2) და რაც მთავარია, იმ მატჩში ლიდერ გიორგი ჭანტურიას გაძევებამ ჩვენს გუნდზე მძიმედ იმოქმედა და საბოლოო ჯამში, მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ.

ამის მიუხედავად, ნაკრების გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს - ჯერ ერთი, ტურნირის ბომბარდირი ქართველი ვაკო ყაზაიშვილი გახდა, და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არაერთი პრობლემის მიუხედავად, გიორგი დევდარიანის გუნდი სწორ გზას ადგას. 17-წლამდელების თავკაცთან ელიტრაუნდის მატჩებზეც ვილაპარაკეთ, მის "საიდუმლო მეთოდებზეც" და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედზე - გიორგი ჭანტურიაზეც...

- ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ აღნიშნეთ, თავს გალახული ბავშვივით ვგრძნობ, არ მეგონა, ჰოლანდიელები ასე თუ დაგვჩაგრავდნენო... ახლა, როცა უკვე სამივე მატჩი ჩავლილია, როგორ განწყობაზე ხართ?

- მასპინძლები ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ნაკრებთან იოლად "გაისეირნებდნენ", ამიტომაც, პირველი მატჩი ჩვენთან დანიშნეს. ჩეხებს კი მოვუგეთ, მაგრამ მათთან მატჩს უდიდესი ენერგია შევალიეთ, ჰოლანდიას კი პირველ ტურში შედარებით იოლი თამაში ჰქონდა უკრაინასთან. ეს ყველაფერი აისახა კიდეც მეორე ტურის მატჩზე - ძალების აღდგენა ვეღარ მოვასწარით. რაც შეეხება ნამატჩევს ნათქვამს, - მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან წავაგებთ, დამარცხების შემდეგ ყოველთვის დათრგუნვილი ვარ...

- მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რა დაგვაკლდა?

- მთავარი მაინც მოკლე სათადარიგოთა სკამია, რისი პრობლემაც, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენს მეტოქეებს ნამდვილად არ ჰქონიათ. მოსახლეობის რაოდენობით ჰოლანდიაც მნიშვნელოვნად აღგვემატება, ჩეხეთიც და უკრაინაც და შესაბამისად, ასარჩევი ფეხბურთელიც მეტი ჰყავთ. 1992-93 წლების პერიოდს თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ იმ წლებში, საქართველოში შობადობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ ასაკის ფეხბურთელები განსაკუთრებით ცოტაა.

წასვლამდე ჩვენი გუნდის მთავარ პრობლემად ტანმაღალ მოთამაშეთა ნაკლებობას ვასახელებდი. ჩვენი ოთხი მცველიდან, მხოლოდ ერთია 170 სმ-ზე მაღალი. ეს ყოველივე კი სამივე მეტოქემ კარგად გამოიყენა და თუკი რამე ხიფათი შეიქმნა ჩვენს საჯარიმოსთან, ყველა მაღალ ჩაწოდებას მოჰყვა...

- არაერთხელ გითქვამთ ისიც, რომ ცოტა გვყავს ისეთი ფეხბურთელიც, მარცხენა ფეხით თამაში რომ შეუძლია...

- საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი და მარცხენა ნახევარმცველიც მემარჯვენე იყო, რაც ჩვენი გუნდის შეტევათა განვითარებას და მრავალფეროვნებას ძალიან უშლიდა ხელს. მარცხნიდან მარჯვნივ შეტევის დროულად გადატანას ვერ ვახერხებდით... ბევრს ალბათ, კითხვა გაუჩნდება - ეს ყოველივე ხომ მწვრთნელმა გამგზავრებამდეც იცოდა და რატომ არაფერი იღონაო. ვიცოდი და გავსინჯე კიდეც ათამდე ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ მემარცხენეები იყვნენ, ნაკრებში ვერ ავიყვანდი - ამ მაჩვენებლის გარდა, ის თვისებებიც უნდა ჰქონოდათ, რაც ელიტრაუნდისთვისაა აუცილებელი...

- ჰოლანდიასთან მატჩში ჭანტურია სამართლიანად გააძევეს?

- ეს ეტაპი რომ გადაგველახა, ფაქტობრივად მეოთხედფინალში გავიდოდით და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდებოდით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინგლისთან, იტალიასთან, საფრანგეთთან და მსგავსი სიძლიერის გუნდებთან მოგვიხდებოდა თამაში... დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ჭანტურიას ნაცვლად პირველ ეპიზოდში ჰოლანდიელი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, არბიტრი ყვითელ ბარათს ნამდვილად არ უჩვენებდა, რადგან გიორგის თამაშის წესი არ დაურღვევია. გაფრთხილების მიღება კი ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ ნაკრების ლიდერი უკრაინასთან მატჩს გამოტოვებდა.

ჭანტურიას არ ვამართლებ, მაგრამ გაფრთხილებამ მასზე დამთრგუნველად იმოქმედა და მერე ჰოლანდიელებს მისი პროვოკაციაზე წამოგება აღარ გასჭირვებიათ, რასაც გაძევება მოჰყვა...

ვერაფერს ვიზამთ - მთავარია, ყველამ აღიარა - საქართველოს ნაკრები პროგრესირებადი გუნდია და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ჩეხეთიდან წამოსულებიც არ ვიყავით, ჩვენს სამ მოთამაშეს უკვე უხმეს საქართველოს 19-წლამდელთა გუნდში...

- ჭანტურია "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გოლების გატანასაც ძალიან მოუხშირა... ამ ყოველივემ გიორგი ხომ არ გააყოყოჩა?

- გეგულებათ მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, რომელზეც 16-M17 წლის ასაკში "საბურთალოდან" "ბარსელონაში" გადასვლა გავლენას არ მოახდენს? შეიცვალა, და ძალიან ბევრი კუთხით - დადებითი მხრიდან. მართალია ერთხანს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან რადიკალურად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდა.

თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა. სხვანაირად რომ იყოს, განგაშის ატეხას ვერავინ მომასწრებდა, რადგან ძალიან მინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ჩუმად რომ ვარ, ეს იმას ნიშნავს, საგანგაშო არაფერია. მოკლედ, ჭანტურია შეიცვალა ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი შეიცვლებოდა მის ადგილას...

- ჩეხეთიდან დაბრუნებული საკუთარ თავს საყვედურობდით, - ბიჭებისთვის მეტი საფეხბურთო "ეშმაკობა" უნდა მესწავლებინაო... რატომ არ ასწავლეთ?

- "ურმის გადაბრუნების" შემდეგ გამოჩნდა, რომ არასაკმარისად მისწავლებია... ჩანს, შინაგანად, ბუნებრივად რაც არ არის ჩემში, ბოლომდე ვერ გადავცემ ბიჭებს. არაერთხელ ვილაპარაკეთ, როგორ აგვერიდებინა თავი მეტოქის პროვოკაციებისთვის და გარკვეულწილად, ჩვენც გამოგვეყენებინა პატარ-პატარა ეშმაკობები, მაგრამ ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა. არა უშავს, ეს ჩემთვისაც კარგი გაკვეთილი იქნება...

- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს გუნდზე - ბიჭებზე, რომლებთანაც უკვე რამდენიმე წელია მუშაობთ. ყველა აღნიშნავს, რომ "დევდარიანის ბიჭები" "სხვანაირად" არიან გაზრდილები და ეს მოედანზეც ეტყობათ, სიტყვა-პასუხზეც და ჟურნალისტებთან ქცევაზეც... რის ხარჯზე აღწევთ ამას, რა არის თქვენი "საიდუმლო"?

- ადამიანისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული - აი, ეს არის მთელი "საიდუმლო"... ბიჭებს კარგად აქვთ გათავისებული, რომ მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, ქართველი მეომრები არიან... წასვლამდე არაერთხელ მიგვიღო პატრიარქმა და ყველა შეხვედრისას ამას უნერგავდა ბავშვებს. მათი ბრძოლის ველი საფეხბურთო მოედანია და იქ უნდა დაიცვან საკუთარი სამშობლოს ღირსება. და თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, შენი ქვეყნის დაცვას ვერ მოახერხებ. სწორედ ერთმანეთის სიყვარულითა და ერთსულოვნებით გამოირჩევიან ეს ბიჭები.

ჩემი მოკრძალებული დამსახურება კი მხოლოდ ის არის,  ბიჭები იმ წყარომდე რომ მივიყვანე, საიდანაც ეს რწმენა მოდის. ჩვენ ყოველ მატჩზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. არა მგონია, რომელიმე ქართველი არბიტრი, რომელ ასაკობრივ ნაკრებსაც უნდა წვრთნიდეს, ჰოლანდიასთან 2:1 წაგების შემდეგ, გალახული ბავშვივით გრძნობდეს თავს - ჩვენ კი, სხვაგვარად ვუყურებთ ყოველ მატჩს და იმიტომაც განვიცდით ასე მძაფრად...