"ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს" - კვირის პალიტრა

"ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს"

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ხინჩეგაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "როგორ ახერხებ ყველა გულშემატკივარს ერთნაირი ყურადღება მიაქციო?"

აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილმა საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომელსაც საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.

- რამ განაპირობა შენი ასეთი დიდი წარმატებები?

- შრომამ, მიზანდასახულობამ და, რა თქმა უნდა, იმ ხალხის გვერდში დგომამ და მხარდაჭერამ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთან იყო.

- ლადო, გილოცავ ჩემპიონობას. მაინტერესებს რომ არა ჭიდაობა, რა საქმით დაკავდებოდი? ღმერთი გფარავდეს.

- სპორტი ძალიან მიყვარს და რის საშუალებასაც ჩემი ფიზიკური მონაცემები მომცემდა, იმ სპორტით დავკავდებოდი. თუ არა და, ჩემი აზრით, ადამიანი თუ შრომობს და მიზანდასახულია, ის ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას.

- შენი კარიერის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა რომელიმე უცხო ქვეყნის ნაკრების მხრიდან, ასე ვთქვათ, გადაბირების მცდელობა და მოქალაქეობის შემოთავაზება? და თუ ყოფილა, გთხოვ, დაგვისახელე ეს ქვეყნები. ყველა ძალიან ვამაყობთ შენით და ველით შენგან მორიგ დიდ გამარჯვებებს!

- ამ ბოლო დროს აღარ, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობის პერიოდში ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. კონკრეტულად ყველა არ მახსოვს, მაგრამ თუ გადასვლის სურვილს გამოვიჩენდი, სანაცვლოდ ყველანაირ პირობის შექმნას მპირდებოდნენ. თუმცა არასდროს მდომებია...

ევროპული და კავკასიის ქვეყნები იყო. აზიურებიდან არ მქონია შემოთავაზება...

- გამარჯობა, ჩემპიონო! გილოცავ ამ დიდ წარმატებას! ისე გემრიელად ჩაკბიჩე კვარცხლბეკზე მედალი ნერწყვი მომადგა :) თუ შეგიძლია მიპასუხო, რომელ ქართულ კერძს ან დასალევს მიამსგავსებდი ამ შეუფასებელი მედლის გემოს?

- (იცინის). ვერაფერს ვერ შეადარებ ამას. უბრალოდ, ეს სიმბოლური ჟესტია იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო სხვა ლითონებთან შედარებით რბილია და სპორტსმენები სინჯავენ ხოლმე.

- გილოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას . ჩემს დაბადების დღეზე გამახარე (ფერიცვალებას )... შენს ბავშობაში თუ იყვნენ ნიჭიერი ბავშვები, ვისაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვერ განვითარდნენ? თუ კი, რამ შეუშალათ ხელი შენნაირ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ?

- იყო, კი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ჩანს ყველაფერი, მაგრამ მაშინდელი გადმოსახედიდან ჩემზე ბევრად პერსპექტიული ბავშვებიც იყვნენ. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებები კი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი დაიკარგა, ზოგთან ერთად ახლაც ვარ ნაკრებში და წარმატებულია, ზოგი რაღაც ეტაპამდე იყო წარმატებული.

ალბათ, ზოგს მონდომება დააკლდა, ზოგს - ტრავმამ შეუშალა, ზოგსაც ელემენტარული ხელშეწყობა არ ჰქონდა და სხვა გზით მოუწია სიარული.

მართალია, სახელმწიფო სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კარგადაა და თავიანთ რესურსებს სპორტში მაქსიმალურად დებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ ბავშვებს, სანამ წარმატებებს მიაღწევენ, მეტი ყურადღება დაეთმოს. ამით წარმატების მისაღწევად მეტი შანსი მიეცემათ და საქართველოსაც ასახელებენ.

- ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს წარმატებულ სპორტსმენად ქცევაში და ვის გარეშე გაგიჭირდებოდა ამდენის მიღწევა ?

- ყველა მწვრთნელმა, ვისთან ერთადაც მიმუშავია ამ წლების განმავლობაში. ასევე ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს, რადგან ყოველთვის მიქმნიდა ყველა იმ პირობას, რაც საჭირო იყო სპორტსმენისთვის. სპორტსმენს მხოლოდ ვარჯიში არ სჭირდება. სახლში მისვლისას ამ ვარჯიშს აღდგენითი პროცესიც სჭირდება. ასე რომ ერთ-ერთი მწვრთნელი დედაჩემი იყო.

- როგორ ახერხებ ყველა გულშემატკივარს ერთნაირი ყურადღება მიაქციო?

- ჩემთვის ყველა გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია და მათ არ განვასხვავებ. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება, გულშემატკივრის გვერდში დგომა და მათი სიყვარული, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ მეც იგივე ვაჩვენო და იგივეთი ვუპასუხო თითოეულ მათგანს.

იხილეთ სრულად