"პარასპორტი არის შანსი, დაამტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს" - პარალიმპიადის პირველი ქართველი ჩემპიონი - კვირის პალიტრა

"პარასპორტი არის შანსი, დაამტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს" - პარალიმპიადის პირველი ქართველი ჩემპიონი

ზვიად გოგოჭური პარალიმპიადის პირველი ქართველი ჩემპიონია. მხედველობის პრობლემების მქონე 29 წლის ძიუდოისტმა რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე სამივე ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა. მხოლოდ ცალი თვალით ხედავს, ისიც - ბუნდოვნად. ამის მიუხედავად, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრიც არის, თბილისის გრან-პრის, ევროპის და მსოფლიო თასების გამარჯვებული, გუნდურში ევროპის ორგზის ჩემპიონი, კლუბებს შორის ევროპის "ოქროს ლიგის" ორგზის გამარჯვებული... პარაძიუდოში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონია, რასაც, რიოში ოლიმპიური ოქროც მიუმატა. თუმცა, მთავარი გამარჯვება ზვიადს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს - მედიკოსთა განაჩენსაც უნდა აჯობოს და მხედველობა დაიბრუნოს! ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ ზვიად გოგოჭურს ინტერვიუ არ მიუცია. "კვირის პალიტრა" ამჯერადაც პირველია:

- ამაზე დიდი ემოცია რა უნდა იყოს?! ბედნიერი ვარ, ჩემი გულშემატკივრები და ოჯახი რომ გავახარე, ჩემი საქართველო ვასახელე...

- მედლის უმთავრესი პრეტენდენტი იყავით. უდიდესმა პასუხისმგებლობამ ავთანდილ ჭრიკიშვილი უმედლოდ დატოვა და კარგია, რომ თქვენ მაინც არ შეგიშალათ ხელი...

- ფავორიტი ვიყავი, ჩემგან ყველა მედალს ელოდა და ეს დამატებითი წნეხი იყო, შედარებით ართულებდა ჩემს ამოცანას - შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა, წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა... ასეთ დროს სპორტსმენი ფსიქოლოგიურადაც უფრო დაძაბულია, არადა, თავისუფლად უნდა ჭიდაობდეს, პასუხისმგებლობა გადაულახავ ტვირთად არ უნდა აწვეს.

- ჩემპიონი წინა წლებშიც არაერთხელ გამხდარხართ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრიც დღემდე ხართ. "დიდი" ძიუდოს პარალელურად პარასპორტში ასპარეზობამ რა შეცვალა ზვიად გოგოჭურის ცხოვრებაში?

- ძიუდოს მთავარი გუნდის წევრიც ვარ, მაგრამ პარასპორტში ასპარეზობას დაუფიქრებლად დავთანხმდი. მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ პარასპორტი არის შანსი, დაამტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს, რომ დიდი გამარჯვებების მოპოვება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ - ყველა დონეზე და ყველა სახეობაში! ჩემი აქ ასპარეზობა არა მხოლოდ ჩემთვის, სხვა სპორტსმენებისთვისაც დიდი სტიმულია. პატარ-პატარა წარმატებებს დიდ ძიუდოშიც ვაღწევ, პარასპორტში კი, სადაც მონაწილეობა მიმიღია, უკვე ყველაფერი მოვიგე.

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენთან სულ იყო და ახლაც არის განსაკუთრებული კონკურენცია. პარასპორტის ტურნირებში მონაწილეობისკენ ამანაც ხომ არ გიბიძგათ?

- კონკურენცია აუცილებელია, სპორტსმენი კონკურენციის პროცესში იზრდება. როცა შენს წონით კატეგორიაში ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ჭიდაობენ, უფრო უნდა მოინდომო, მეტი იშრომო, მათ დონეზე რომ იჭიდაო და აჯობო. ჩემს წარმატებებში მათთან პაექრობამაც დიდი როლი შეასრულა, იქ მიღებული გამოცდილება პარასპორტშიც ძალიან დამეხმარა.

- სპეციფიკის მხრივ ყველაზე უფრო რით განსხვავდება პარაძიუდო ჩვეულებრივისგან?

- რადგან კარგად ვერ ხედავ მეტოქეს, მსაჯი შესაძლებლობას გაძლევს, მოწინააღმდეგეს ხელი ჩაავლო და ორთაბრძოლა ისე დაიწყო. სხვა მხრივ განსხვავება არ არის. სხვა სახეობებში, შესაძლოა, არის კიდეც, მაგრამ ძიუდოში მხოლოდ ეს შეღავათი გვაქვს.

- და როცა ხელს ჩაავლებ, იმის მიუხედავად, ხედავ თუ ვერა მეტოქეს, ალბათ, ინსტინქტურად იწყებ მოძრაობას, ილეთს. ასეა?

- ასეა, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისთვის ხელის ჩავლების უფლებას აძლევენ, პარასპორტი უფრო რთულია. უფრო დატვირთული, დაძაბული ხარ. ჩვეულებრივ ძიუდოში ჩავლების ამღები უპირატესობას იღებს, თანაც, შეუძლია ხანდახან გაექცეს მეტოქეს, ცოტათი მაინც შეისვენოს. პარაძიუდოში კი ამის შესაძლებლობა არ არის.

- ჩავლების შემდეგ რა თვისებებია გამარჯვებისთვის გადამწყვეტი - სისწრაფე, ფიზიკური ძალა, ტექნიკა თუ სხვა რამ?

- ყველა ეს თვისება აუცილებელია. ფიზიკური მომზადება, გამძლეობა თუ არ გაქვს, ბრძოლას გამარჯვებამდე ვერ მიიყვან... ოლიმპიადაზე ვერავის შევამჩნიე, რომ პრობლემები აქვთ - ყველა მობილიზებული იყო, ისეთივე მონდომებით ემზადებოდა, როგორც დიდი ოლიმპიადის მონაწილეები. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, სახლში არავინ უნდა ჩაიკეტოს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებმაც მოინდომონ, ივარჯიშონ და გაიმარჯვებენ!

- ოლიმპიადაზე საწყისი ორთაბრძოლები იოლად, ვადაზე ადრე მოიგეთ. ძირითადი დროის დასრულებამდე გაიმარჯვეთ ფინალურ შეხვედრაშიც, მაგრამ ცხადი იყო - ყველაზე მეტად ფინალში გაგიჭირდათ...

- გადამწყვეტ შეხვედრაში შეცდომის უფლება არ გაქვს. ძიუდო ისეთი სახეობაა, ერთი შეცდომაც კი ძვირად ფასობს. ამის გამო თავიდანვე დავგეგმეთ, რომ ფინალში განსაკუთრებული სიფრთხილე გამომეჩინა. უკრაინელი ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენია და ზედმეტი მოძრაობების გარეშე, შედეგზე უნდა მეჭიდავა.

- დიდი ხანია, რაც მხედველობა დაგიქვეითდათ?

- წლებია. დიდ ძიუდოსაც ამ პრობლემით ვჭიდაობდი და ბევრჯერ მიფიქრია - მხედველობის პრობლემა რომ არა, იქაც მეტს მივაღწევდი... თუმცა რას ვიზამთ... ერთი თვალით საერთოდ ვერ ვხედავ, მეორე თვალით ახლომხედველი ვარ. საზღვარგარეთაც ბევრჯერ გავიარე კონსულტაცია, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ თანამედროვე მედიცინა უძლურია ჩემს პრობლემასთან, შედეგს ვერც ქირურგიული ჩარევა მოიტანსო. თუმცა, სამედიცინო სფეროც სწრაფად ვითარდება და იმედს არ ვკარგავ, რომ როდესმე მეც მეშველება...

- ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი ხართ, ვინც რიოს ოლიმპიადიდან ოქროს მედალი ჩამოიტანა, ამავდროულად, პირველი პარალიმპიელი ჩემპიონი საქართველოდან. თქვენი წარმატება მეტ გამოხმაურებას და აღნიშვნას არ იმსახურებდა?!

- ვგრძნობ კიდეც დიდ სითბოს და სიყვარულს... თანაც, ბრაზილიიდან ახლახან დავბრუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრს ვნახავ (იცინის)... თუმცა, ჩემი ქვეყნის სახელით იმიტომ არ ვიბრძვი, ვინმესგან დაფასებას ველოდე... ახლა, როცა ყველა ტიტული მოგებული მაქვს, ჩემი მთავარი ამოცანა როგორმე მხედველობის დაბრუნებაა...