"უდანაშაულო ვართ და არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ"
19-09-2016
"უდანაშაულო ვართ და არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ"
რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით, "საჩუქარი" ფეხბურთის რუსთაველმა მოყვარულებმაც მიიღეს - გასულ პარასკევს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 8 სექტემბერს გამართული პირველი ლიგის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის გარიგებული იყო. მუჯირის თქმით, სფფ-ის სამართლიანობის დაცვის სამსახურმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის შედეგად მომზადებული რაპორტი სადისციპლინო კომიტეტს მიაწოდა, კომიტეტმა კი იმსჯელა და კლუბებს სანქციები დააკისრა: ორივე კლუბს ჩაეთვალა წაგება - 0:3, სატურნირო ცხრილში დააკლდა 6-6 ქულა და ჯარიმად დაეკისრა 10
000 ლარი. ამასთან, სფფ-მ შუამდგომლობით მიმართა ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ სანამ შსს საქმის განხილვას დაასრულებს, დაფინანსება ორივე კლუბს შეუჩერდეს.

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლასა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ორივე ხელით ვემხრობით, მაგრამ... სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება კითხვას მაინც გვიტოვებს: თუ "მერანისა" და "რუსთავის" ბრალეულობა დადასტურებულია, ასეთი მსუბუქი სასჯელი
რატომ აკმარეს და თუ დამტკიცებული არ არის, რატომღა სჯიან?! სამწუხაროდ, დავით მუჯირისთვის ამ კითხვის დასმა ვერ მოვახერხეთ. ამიტომაც მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" დირექტორის, ბადრი მაჭავარიანის კომენტარს შემოგთავაზებთ:

- არ ვიცი, საიდან დაასკვნა ფედერაციამ, რომ მატჩი გარიგებული იყო. მხოლოდ უეფადან ფსონზე მიღებული ინფორმაციით დაადგინეს? მოიწვიონ სპორტული ექსპერტები, განიხილონ მატჩი, დაასაბუთონ, ვინ, სად და ვის გაურიგდა და მერე დაგველაპარაკონ.

"მერანთან" მატჩის 23-ე წუთზე ჩვენი მეკარე დაშავდა და იძულებული გავხდით, 16 წლის მოთამაშით შეგვეცვალა. გარდა ამისა, გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი და ამ ფონზე 1:2 წავაგეთ. მაინც ირწმუნებიან, მატჩი გარიგებული იყოო... ერთ საათში გამოიტანეს დასკვნა საქმეზე, რომლის განხილვასაც, როგორც წესი, ერთი თვე სჭირდება ხოლმე.

6 ქულა ჩამოგვაკლეს, ჯარიმა დაგვაკისრეს და დაფინანსებას გვიწყვეტენ იმის გამო, რომ ვიღაცამ ფსონი დადო... ჩვენ კი არა, "ბარსელონა" აგებს შინ და რაკი მარტვილში დავმარცხდით, ე.ი. მატჩი გარიგებულია?! უდანაშაულო ვართ და არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ. მათ დაგვიმტკიცონ, რომ დამნაშავეები ვართ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით