"ყველაფერს მხოლოდ მე ნუ დამაბრალებთ" (ექსკლუზივი)
26-09-2016
"ყველაფერს მხოლოდ მე ნუ დამაბრალებთ" (ექსკლუზივი)
"პირველ რიგში, ფეხბურთზე უნდა იფიქრო და მხოლოდ შემდეგ მანქანაზე"

"50 წლის შემდეგ, ალბათ, მესიზეც იტყვიან, მის დროს რა ფეხბურთი იყოო!"


4 აგვისტოს მალხაზ ასათიანი 35 წლის გახდა. ფეხბურთელების უმეტესობა ამ ასაკში იწყებს კარიერის დასრულებაზე ფიქრს, ასაკი კი... უკვე ექვსი წელიწადია, "ყოფილი ფეხბურთელის" სტატუსით ცხოვრობს. არადა, რამდენი ბედნიერი წუთი უჩუქებია გამარჯვებას დანატრებული ქართველი ქომაგისთვის და კიდევ რამდენი შეეძლო... ინტერვიუზე იშვიათად თანხმდება. ახლაც, საუბრის ბოლოს, სიცილით მითხრა - სამი-ოთხი წელიწადი ეს ვიკმაროთ
და მერე კიდევ ვილაპარაკოთო. და სანამ "ის ოთხი წელიწადი" გავა, მალხაზ ასათიანთან ექსკლუზიური ინტერვიუ წაიკითხეთ:

- 35 წელი ბევრია თუ ცოტა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ექვსი წელიწადია "ყოფილი" ჰქვია?!
- ბევრია. ვბერდები, წავედი თავდაღმართში (იცინის). ყველა ასაკს თავისებური ხიბლი აქვს, მაგრამ 20 წლის რომ ვიყო, უკეთესი იქნებოდა!

- ამ წლების განმავლობაში ფეხბურთი ერთხელაც არ მოგნატრებია ისე, დაბრუნებაზე გეფიქრა?

- როგორ არ მომნატრებია... მენატრება და ვთამაშობ კიდეც მოყვარულის დონეზე, მაგრამ მოგონებები წარსულს ჩაჰბარდა. როცა თამაშობ, სიამოვნება უნდა მიიღო და არაფერზე იფიქრო.

- წარსულს ჩაჰბარდაო, მაგრამ კარიერას რომ გადახედავ, კარგი მეტი გახსენდება თუ ცუდი?
- ფეხბურთში სასიამოვნო უფრო გამახსოვრდება და მეც ასე ვარ. გულშემატკივარს წარმატებით ხშირად ვერ ვანებივრებდით, მაგრამ იყო გამორჩეული მატჩებიც. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, როგორც რუსები ამბობენ.

- რუს ჟურნალისტს უთხარი, საქართველოში ვარ და ცხოვრებით ვტკბებიო. რა არის ცხოვრებით ტკბობა მალხაზ ასათიანისთვის?
- ფეხბურთელობისას მოკლებული ვიყავი ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს. დანაკლისს ახლა ვინაზღაურებ, დროის უმეტეს ნაწილს ოჯახსა და მეგობრებთან ვატარებ. საქმე? ფეხბურთში არა ვარ, მცირე საქმეებით ვარ დაკავებული მეგობრებთან ერთად. უმეტესად ქუთაისში ვართ, ხანდახან მოსკოვში.

- და როგორც ახერხებ, ყველას ეხმარები. გამოდის, სხვისი გახარებაც "ცხოვრებით ტკბობაა" მალხაზ ასათიანისთვის?
- ჩემზე ისეთი რაღაცებიც მაქვს გაგონილი, თავად გამკვირვებია. ყველას სურს, რაც შეუძლია, დაეხმაროს გაჭირვებულს. შეძლებისდაგვარად, ამას მეც ვცდილობ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.

- მალხაზ ასათიანმა ნიჭი გაფლანგა, ბევრად მეტი შეეძლოო... ეთანხმები?
- რატომაც არა, მეტიც შეიძლებოდა.ნაწილობრივ, ალბათ, მეც ვარ დამნაშავე, თუმცა ტრავმამაც შემიშალა ხელი, ისეთი პერიოდებიც იყო, როცა ნაკლებად მენდობოდნენ... ყველაფერს მხოლოდ მე ნუ დამაბრალებთ.

- არიან მოთამაშეები, რამდენიმე უმძიმესი ტრავმის მიუხედავადაც რომ ნახულობენ ძალას კარიერის ხელახლა დასაწყებად. ალბათ, შენ არა ხარ ასეთი მიზანსწრაფული...
- ყველას თავისებური ხასიათი აქვს, თორემ ფეხბურთი როგორ მომბეზრდებოდა?! ფეხბურთი სულ მიყვარდა და სანამ ვარ, სულ მეყვარება! კარგი რაღაც მოიგონეს, კარგი (იცინის).

- ასათიანმა დიდი ფული იშოვა და ფეხბურთი აღარ აინტერესებდაო. არ გწყინს ასეთი შეფასებების მოსმენა?
- ვიღაცისთვის, შესაძლოა, ასეც ჩანდეს, მაგრამ ეს მათი უფლებაა... სხვა მიზეზებთან ერთად, მთავარი მაინც ის იყო, რომ რუსეთის ჩემპიონატში მინდოდა თამაში, ლოდინში კი დრო გავიდა და ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა... სანამ თამაშობ, მაღალ დონეზე უნდა ითამაშო და ვიფიქრე, რომ გამიჭირდებოდა ამის გაკეთება...

- სულ უთამაშებლობას არ სჯობდა, საქართველოს ჩემპიონატში გეთამაშა?
- რატომაც არა, შეიძლებოდა. დრო რომ გადის, მერე უკეთ აანალიზებ ყველაფერს, ხვდები, რომ ბევრი რამის გაკეთება სხვაგვარად აჯობებდა, მაგრამ რაღა დროს. წარსულის გახსენებას რა აზრი აქვს?! თავიდან დაწყება რომ შემეძლოს? ბევრ რამეს შევცვლიდი...

- როცა კარიერა უკვე დასრულებული გქონდა, თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ვარჯიში მართლაც შემოგთავაზა?
- დიახ, თემურთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. არ მახსოვს, 2010 წლის ბოლო იყო თუ 2011-ის დასაწყისი, შემომთავაზა, ბიჭებთან ერთად ივარჯიშეო. ადამიანური ამბავი იყო, არც გუნდს შევუშლიდი ხელს და ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი...

- როგორ ფიქრობ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გულიანმა და მებრძოლი ხასიათის მოთამაშემ, თემურ ქეცბაიამ, ნაკრების სათავეში რატომ ვერ მიაღწია წარმატებას?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მონდომებული რომ იყო, ყველა ხედავდა. საერთოდაც, საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებული წარმატებით არც არავის უმუშავია, თითო გამორჩეულ მატჩს კი ნაკრები ყველა მწვრთნელის დროს გამოურევდა ხოლმე.

- დაესწარი საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩს?
- ნაკრების მატჩებს უმეტესად ტელევიზიით ვუყურებ ხოლმე. ავსტრიასთან შეხვედრის მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბოლო წუთებზე საჯარიმოსაც მივაჯაჭვეთ სტუმრები, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთულია... ავსტრიას განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია - ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.

- სწორედ ამაშია სხვაობა - მაღალი კლასის გუნდი ყველა მომენტს იყენებს...
- ავსტრია უმაღლესი კლასის გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენზე მეტი გამოცდილება კი აქვს. ეს პირველი შეხვედრა იყო, ჯგუფშიც არა გვყავს გერმანიის ან იტალიის მსგავსი გამოკვეთილი ფავორიტი, ასე რომ, შანსი არის.

- არადა, ისტორიასა და ჩვენს ხასიათს თუ გავიხსენებთ, გრანდებთან გაცილებით მობილიზებული გავდივართ, ვიდრე საშუალო დონის ნაკრებებთან...
- როცა წილისყრა გრანდებს გვარგუნებს, ვწუწუნებთ, როგორ ძლიერ ჯგუფში მოვხვდითო, სხვა დროს კი, საშუალო დონის გუნდებთან მობილიზება გვიჭირსო (იცინის). საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი დაწყებულია და ვნახოთ, რა იქნება.

- ქეცბაიას დროს მთავარი ყურადღება დაცვას ექცეოდა და ამის გამო მწვრთნელს ხშირად ვაკრიტიკებდით. შეტევის განსაკუთრებული სიყვარულით არც ვაისის გაწვრთნილი ნაკრები გამოირჩევა...
- ვაისს რუსეთში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. კარგი მწვრთნელია და ისიც იცის, რა გააკეთოს წარმატებისთვის. რაც შეეხება ტაქტიკას, როგორც შეგიძლია, ისე უნდა ითამაშო! მწვრთნელი უკეთ ხედავს, რისი რესურსი აქვს და შესაბამისად გეგმავს შემადგენლობასა და ტაქტიკას.

- ნაკრებში ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობითაც გითამაშია და უცხოელებისაც. ჩვენ გუნდს რომელი უფრო შეეფერება?
- ჩემი აზრით, ქართველი სჯობს, რადგან თანამემამულეებს, ჩვენს განსაკუთრებულ მენტალიტეტს ის უკეთ იცნობს.ქართველს სხვაგვარი მიდგომა უნდა და სანამ უცხოელი ამას მიხვდება, შესაძლოა, დრო აღარც ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქართველი სჯობს და როცა ახალ დონეზე ავალთ და უფრო მაღალი მიზნებიც გაგვიჩნდება, შეგვიძლია, მასზე კვალიფიცირებული სპეციალისტის ჩამოყვანაზეც ვიფიქროთ.

- ქართველებს ბურთი გვიყვარს, ტექნიკურები ვართო და... შენსავით ტექნიკური ფეხბურთელისთვის მძიმე საყურებელი არ არის გუნდის თამაში, სადაც მხოლოდ ორი-სამი მოთამაშე გამოირჩევა ტექნიკით, პასით, მოედნის ხედვით?
- ინდივიდუალურად ყველა კარგია, გუნდური თამაში კი სულ იყო ჩვენი ნაკრების პრობლემა. სხვა მოთამაშეების გამოყოფაც შეიძლება, მაგრამ გადაცემებითა და კარში დარტყმებით მაინც ჯანო ანანიძეს გამოვარჩევ. ჯანო ჩინებული ფეხბურთელია, კლუბშიც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ნაკრებსაც ეხმარება.

- იური სიომინს მცველად რომ არ "გადაეკეთებინე", შესაძლოა, სხვაგვარად წარმართულიყო შენი კარიერა?
- თუ შნო აქვს, ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მწვრთნელი გაამწესებს - სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. სიომინს ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღია, კარგა ხანს მაკვირდებოდა და გადაწყვიტა, რომ დაცვაში უფრო გამოვადგებოდი გუნდს.

- სიომინმა მითხრა, ასათიანი ნამდვილი არისტოკრატი იყო, ჩივაძეს მაგონებდაო. შენ რას გაიხსენებ იური პალიჩზე?
- კარგის მეტი არაფერი მახსენდება, ერთმანეთთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება გვქონდა და მიხარია, სიომინი მოსკოვის "ლოკომოტივში" რომ დაბრუნდა. "ლოკო" მისთვის მშობლიური კლუბია, თუ კლუბმა რამეს მიაღწია, სწორედ იური პალიჩისა და კლუბის პრეზიდენტ ფილატოვის დამსახურებაა.

- რუსეთის ჩემპიონატი ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივიდან" წამოხვედი?
- რუსული კლუბები წინათაც ხვდებოდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ახლაც ხშირად თამაშობენ. ასე რომ, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ სტადიონები აშენდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

- ევროპის წლევანდელი ჩემპიონატიდან რა დაგამახსოვრდა ყველაზე ნათლად?
- "ევრო-2016"-მა გვიჩვენა, რომ შესაძლებელია, შედეგი აჩვენოს ქვეყანამ, სადაც მხოლოდ სამასი ათასი მოსახლეა! ისლანდიისა და უელსის წარმატებულმა თამაშმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია, რომ მთავარი მონდომებაა და არა რაოდენობა. წინათ, კლასში სხვაობა აშკარა იყო და გრანდები თითქმის არასდროს აგებდნენ პატარა გუნდებთან. ახლა ასე აღარ არის და მეტ-ნაკლებად საერთო დონეც გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებმა მოუგო ესპანეთს, რომელსაც რვა წლის განმავლობაში ვერავინ უგებდა! რაც უნდა შემთხვევითი გამარჯვება ვეძახოთ, ფაქტია, რომ მოვიგეთ.

- ისლანდიის თამაში მაგალითი უნდა იყოს ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომ ორგანიზებულობით, საფეხბურთო თავხედობითა და მონდომებით ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეიძლება.
- საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, სხვას ნურაფერს დავაბრალებთ. სათამაშოდ ფეხბურთელები გავდივართ, ესპანელებიც და გერმანელებიც ჩვენისთანა ადამიანები არიან. ფეხბურთელს უნდა სჯეროდეს, რომ გამარჯვება ყველასთან შეუძლია!

- როგორ ფიქრობ, ქართულ ფეხბურთს როდის შეეტყობა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შედეგი?
- როცა ნულიდან იწყებ, მიზნის სწორად დასახვა და დროა აუცილებელი. წლების წინ ქართულმა ფეხბურთმა ყველაფერი დაკარგა. ასეთი რამ სხვებსაც დაემართათ, მაგრამ მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ვინც სწრაფად და სწორად განვითარდა. იმავდროულად, უნდა შევეგუოთ, რომ შედეგი მალევე ვერ იქნება, წლებია საჭირო. აუცილებელია მიმართულება, ფულის სწორად დახარჯვა და დრო.

- ფეხბურთელები?
- ნიჭიერი მოთამაშეები დღესაც საკმარისად გვყავს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კვალიფიციური მწვრთნელები სჭირდებათ, სტადიონზე და მის მიღმა მოქცევის წესები რომ ასწავლონ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოამზადონ. მოზარდს პატარა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს პროფესიონალიზმი. თუ პროფესიონალი მწვრთნელი არ ავარჯიშებს, რაც უნდა ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც დაიკარგება. უფრო სწორად, თუ გაუმართლა, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე მიაღწევს შედეგს... სამწუხაროდ, ცოტა გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც ბავშვებთან მუშაობა იციან. გგონიათ, ახალგაზრდობაში მე არ ვოცნებობდი კარგ ავტომანქანაზე, ან რომ შემძლებოდა, არ ვიყიდდი? მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. პირველ რიგში, ფეხბურთზე უნდა იფიქრო და მხოლოდ შემდეგ მანქანაზე.

- არის ნაკრები ან კლუბი, რომელსაც განსაკუთრებულად ქომაგობ?
- სანახაობრივი ფეხბურთი მიყვარს. გასულ სეზონში მაგრად ვქომაგობდი "ლესტერს", ევროპის ჩემპიონატზე - ისლანდიის ნაკრებს. კლუბებიდან ძალიან მომწონს მადრიდის "ატლეტიკოს" თამაში და მწვრთნელი. იმსახურებენ და იმედია, მოიგებენ კიდეც ჩემპიონთა ლიგას.

- მესი თუ რონალდუ?
- ორივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

- წლებია, გრძელდება კამათი - პელე თუ მარადონა? შეიძლება, მათ საპირწონედ ლიონელ მესიც დავასახელოთ?
- მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ არის... თამაშით კი ვინ ვის სჯობს, გემოვნების ამბავია. პელე და მარადონა თავიანთ ეპოქაში გამოირჩეოდნენ, მაშინდელ ფეხბურთში ბრწყინავდნენ! ახლა მესი კაშკაშებს, მერე სხვა გამოჩნდება... თუმცა 50 წლის შემდეგ, ალბათ, მესიზეც იტყვიან, მის დროს რა ფეხბურთი იყოო!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით