"ვეცდები, ჩემსავით გულდაწყვეტილი აღარავინ წავიდეს სპორტიდან!"
24-10-2016
"ვეცდები, ჩემსავით გულდაწყვეტილი აღარავინ წავიდეს სპორტიდან!"
"ევროპის პირველობაზე დაშვებული შეცდომები მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე მეხმარებოდა - იქ იმავე შეცდომას აღარ ვიმეორებდი!"

"ფსიქოლოგიურ წნეხს არც სპორტსმენობის დროს შეუშლია ხელი - სტიმული უფრო იყო"


კვირაზე მეტია, ძიუდოს ეროვნული ნაკრები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს - ირაკლი უზნაძის ნაცვლად გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ჩაიბარა. ძიუდო ქართული სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი იმედია და ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცთან ინტერვიუ უდავოდ დაგაინტერესებთ:

- ვარჯიშის პროცესით
კმაყოფილი ვარ. მზადება გეგმის მიხედვით მიდის, სპორტსმენებიც და მწვრთნელებიც (ცირეკიძის თანაშემწეებად მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი დაინიშნენ. - ავტ.) ყველაფერს ვაკეთებთ, ძიუდოისტები მაქსიმალურად რომ მოემზადონ.

- სანამ დრო გვიჩვენებდეს, თქვენ გვითხარით - რა შეიცვლება ნაკრებში ირაკლი ცირეკიძის მისვლის შემდეგ?

- დავნერგავთ
ფიზმომზადების ახალ მეთოდიკას, ასევე - მწვრთნელ-კურატორთა სისტემას. კურატორებს კონკრეტულ წონით კატეგორიებსა და სპორტსმენებს ჩავაბარებთ, ნაკრებში აუცილებლად გვეყოლება ფსიქოლოგი, რომელიც ბიჭებს­ დაეხმარება. რაც მთავარია, იქნება ერთიანი, მეგობრული და შეკრული გუნდი!

- საამისოდ რას ითხოვთ­ ძიუდოს ფედერაციისგან?

- ფიზმომზადების მანეჟს, ძიუდოისტებმა ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებაზე მუშაობა საქართველოშიც რომ შეძლონ და უცხოეთში შედარებით ცოტა დრო დავყოთ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი შეგვპირდა, რომ ჩვენი თხოვნა მალე შესრულდება.

- ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ხართ, ჭაბუკთა ნაკრებშიც წარმატებით იმუშავეთ, მაგრამ... საქართველოს ეროვნული ნაკრები ისეთ დონეზეა, ქართველმა ძიუდოისტებმა ისე მიგვაჩვიეს გამარჯვებებს, უმაღლესი შედეგების გარდა გულშემატკივარს აღარაფერი დააკმაყოფილებს. ეს ფაქტორი წნეხად ხომ არ დაგაწვებათ? გაუმკლავდებით ქომაგის "მოთხოვნას"?

- ასეთ წნეხს არც სპორტსმენობის დროს შეუშლია ხელი. სტიმული უფრო იყო - მსიამოვნებდა, რომ ხალხს ეიმედებოდა, სჯეროდა ჩემი! გამოწვევა ახლაც მიღებულია. ეჭვი რომ მეპარებოდეს, გავართმევ თუ არა თავს მოვალეობას, ან ვშიშობდე, რომ ზიანი მიადგება ისეთ წარმატებულ გუნდს, როგორიც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრებია, შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი!

- ვიცი, რომ წინამორბედზე ბევრს არ ილაპარაკებთ, მაგრამ ირაკლი უზნაძის მუშაობის შეფასება მაინც უნდა გთხოვოთ...

- შესაძლოა, არის რაღაცები, რითიც ძიუდოს ქომაგი გულნაკლულია, მაგრამ მე ირაკლის მადლობას ვუხდი იმ შედეგებისთვის, რასაც ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით მიაღწია!

- პრესკონფერენციაზე თქვით, რომ ყველა ლიდერი თავის წონაში რჩება... არადა, გადაწყვეტილი იყო, რომ ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი წონით კატეგორიას იცვლიან. ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ჭრიკიშვილის 90 კგ-ში გადაბარგებაზეც...

- ოლიმპიადის დასრულებისთანავე გადაწყდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანი 100 კილოგრამში ინაცვლებს, ბექა ღვინიაშვილი კი 90-ს უბრუნდება. სხვა გზა არც გვაქვს - ვარლამს ძალიან ბევრის დაკლება უწევდა და უკეთესიც იქნება, ზედა წონაში რომ იასპარეზებს. ვარჯიშის შემდეგ ღვინიაშვილი ისედაც 92 კილოგრამია და მისთვის პრობლემა არ იქნება დაკლება. ჭრიკიშვილი? ავთოს ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში. თუ ვნახეთ, რომ წონის კლება მისთვის ზიანის მომტანია, წონითი კატეგორიის შეცვლაზე მერე ვიფიქრებთ.

- თქვენი ნახსენები კურატორები რა პრინციპით იმუშავებენ?

- გუნდი ორად გაიყოფა: ნახევართან, ვთქვათ - 60-დან 73 კგ კატეგორიის მოჭიდავეებთან, ორი მწვრთნელი იმუშავებს და მთლიანად პასუხისმგებელი იქნება მათზე, ზედა წონების სპორტსმენებს კი სხვა კურატორები ჩაიბარებენ. ბუნებრივია, მეც მათთან ვიმუშავებ და საერთო კოორდინაციას გავუწევ.

- კურატორი კარგია, მაგრამ აჯობებს, თუ ძიუდოისტების სურვილსაც გაითვალისწინებთ და პირადი მწვრთნელები დიდ ტურნირებზე მაინც გაჰყვებიან...

- ნაკრებში არის ორი-სამი ძიუდოისტი, რომელთაც ერთი პირადი მწვრთნელი ჰყავთ. გვინდოდა, ეს სპეციალისტები ნაკრებში ყოფილიყვნენ და შეგირდებთან ემუშავათ, მთლიანი პროცესი გაევლოთ ჩვენთან ერთად, მაგრამ უარი გვითხრეს - არ სურთ მშობლიური დარბაზების მიტოვება...

- იაპონიასა და მონღოლეთში გამართულ შეკრებებზე სპარინგ-პარტნიორების მოძებნა რომ გაცილებით იოლია, არავინ დაობს, მაგრამ შორეულ ქვეყნებში შეკრებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- როგორც ნაკრებს დასჭირდება, საზღვარგარეთული შეკრებები ისე დაიგეგმება. საქართველოშიც დიდ დროს გავატარებთ და ერთობლივ უცხოურ შეკრებებშიც მივიღებთ მონაწილეობას. მათ შორის - იაპონია-კორეაშიც, თუმცა არა იმდენ ხანს, როგორც აქამდე.

- ავთანდილ ჭრიკიშვილზეც გკითხავთ­: აქამდე ავთოც თქვენსავით აუღელვებელი სპორტსმენი გვეგონა, თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. თვითონაც ამბობს, დიდ პასუხისმგებლობას ვერ გავუძელიო! ნაკრების ლიდერის მაგალითი აჩვენებს, რომ გუნდში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია...

- ვფიქრობ, ავთოს ცოტა მეტი ჟინი და აქტიურობა მართებდა, თორემ, მისი მონაცემების პატრონს ნამდვილად შეუძლია ოლიმპიური ჩემპიონობა! ეს არამხოლოდ ჭრიკიშვილის პრობლემაა - რომ არა ფსიქოლოგიური წნეხი, რიო-დე-ჟანეიროდან სხვა სპორტსმენებიც უკეთეს შედეგს და მეტ მედლებს ჩამოიტანდნენ.

- პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარების გარეშე თანამედროვე სპორტში რთულია წარმატების მიღწევა. გვპირდებით, რომ ამიერიდან ძიუდოისტთა ნაკრებიც ისარგებლებს ამ საქმის პროფესიონალის დახმარებით... რამდენ ხანში დაეტყობა ეს გუნდს?

- ბატონი ზურაბ კახაბრიშვილის მეშვეობით ვაზუსტებთ, ვის როგორ შეუძლია დაგვეხმაროს და თანამშრომლობას ამის მიხედვით დავგეგმავთ. ფსიქოლოგი ტურნირისთვის მზადებაში, გამარჯვებისკენ სწორად სვლაში დაგვეხმარება, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ მზადება კი მწვრთნელებისა და ძიუდოისტების საქმეა.

- ოლიმპიური თამაშების სპეციფიკას კარგად იცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატზეც ხომ იკრიბებიან უძლიერესი ფალავნები, ოლიმპიადის მოგება რატომ არის ასეთი ძნელი?!

- ოლიმპიადა განსაკუთრებული ტურნირია, იქ მოგებული მედალიც დიდად ფასობს, მაგრამ სპორტსმენმა ეს ამბავი მეტისმეტად არ უნდა მიიტანოს გულთან, ზედმეტად არ უნდა დაიღალოს შეჯიბრების მნიშვნელობაზე ფიქრით.

- ცნობილია, რომ იგეგმება უცხოელი სპეციალისტის მოწვევაც, ვინც სხვა საკითხებთან ერთად, ძიუდოისტებს დაბლაჭიდის დახვეწაშიც დაეხმარება. ასეთი დახმარება ნამდვილად საჭიროა, რადგან თუ არ ჩავთვლით ვარლამ ლიპარტელიანს, რომელიც "პარტერშიც" ძალიან ძლიერია, სხვა ქართველ ძიუდოისტებს არ უყვართ დაბლაჭიდში ბრძოლა...

- გეთანხმებით. თუმცა რატომ ხდება ასე - არ იციან. თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ დაბლაჭიდზე ყურადღების გამახვილება, ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება. საჭირო რომ არის, უდავოა. დაბლაჭიდი ძიუდოს შემადგენელი ნაწილია და ამ კომპონენტშიც ძლიერები უნდა ვიყოთ.

- რამდენიმე თვის წინ ასაკობრივი ნაკრებების გაერთიანება გადაწყდა. რას იტყვის ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი თავკაცი, გაამართლა ცვლილებამ?

- გაამართლა. შედარებით გამოცდილ სპორტსმენთან ერთობლივი ვარჯიში ყოველთვის სასარგებლოა ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის. რაც უფრო ხშირად იქნებიან უფროსებთან ერთად, მით მალე ისწავლიან და მიეჩვევიან უფროსებში გამოსვლას.

- ნიჭიერ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე მისცემთ ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობას, თუ ამ საკითხზე სხვაგვარი შეხედულება გაქვთ?

- ასაკის გამო არავის შევზღუდავთ. პირიქით, ახალგაზრდები დიდებსაც გაუწევენ მეტოქეობას, რადგან კონკურენტულ გარემოში მეტია მედლის გამოდნობის შანსი. ყურადღებას ყველა სპორტსმენს მივაქცევთ, სრულად გამოვიყენებთ მათ შესაძლებლობებს. აუცილებელია მაქსიმალური სელექცია და კონკურენცია, რათა, რაც შეიძლება, გავაძლიეროთ ნაკრები და პირველმა ნომრებმაც იგრძნონ, რომ ეს სტატუსი პრივატიზებული არავის აქვს!

- 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯარჯი ზვიადაურს მოუგეთ... ჯარჯი დღესაც მოქმედი სპორტსმენია, ირაკლი ცირეკიძემ კი კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა... ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არ იყო?

- შეიძლებოდა კიდევ რამდენიმე წელიწადს მეჭიდავა, მაგრამ... რაც მოხდა, მოხდა, აღარ მინდა, წარსულს მივტიროდე. მაშინდელი გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. მათ შორის - იმდროინდელი ნაკრების მდგომარეობითაც. სპორტსმენს უნდა სიამოვნებდეს გარემო, სადაც არის... ასე რომ, სანამ ნაკრებში ვარ, ვეცდები, ჩემსავით გულდაწყვეტილი აღარავინ წავიდეს სპორტიდან!

- აქტიურ სპორტში დარჩენა თუნდაც იმისთვის მაინც არ ღირდა, ევროპის ჩემპიონი რომ გამხდარიყავით?! გასაკვირია - ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჩათვლაში ერთხელაც რომ ვერ მოიგეთ...

- არც ვიცი, რა გითხრათ... რამდენჯერმე მქონდა შანსი, კონტინენტის პირველობა მომეგო, მაგრამ რატომღაც არ გამოვიდა. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე დაშვებული შეცდომები მომდევნო ტურნირებზე - მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე - მეხმარებოდა, იქ იმავე შეცდომას აღარ ვიმეორებდი!

- 2008 წლის აგვისტოში ოლიმპიადაზე გამარჯვება ყველაზე ემოციური იყო თქვენს კარიერაში, თუ გასახსენებელი სხვა შეხვედრებიც გაქვთ?

- იმ დღეებს რა დამავიწყებს, მაგრამ გამორჩეულად მახსოვს პარიზში გამართული 2006 წლის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი კორეელ მეტოქესთან. მოსაგებად ვიყავი შემართული, მაგრამ დრო აღარ მრჩებოდა - გაფრთხილება რომ მივიღე, მხოლოდ 4 წამი იყო ორთაბრძოლის დასრულებამდე... და მაინც მოვახერხე გამარჯვება! 2008 წლის პეკინის ოლიმპიადას რაც შეეხება, იქ ყველაფერი ერთად იყო - ეიფორიაც, ტურნირში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილებაც, მერე - შეჯიბრებაზე ხელახლა გადართვა, სამშობლოზე ნერვიულობა და ა.შ.

- ქუთაისს მსოფლიო დონის არაერთი სპორტსმენი გაუზრდია. ეს რის დამსახურებაა?

- ძიუდოს მაგალითზე გეტყვით: გარდა იმისა, რომ საჭიდაო სახეობებში ნიჭი გვაქვს, ეს ბატონ ომარ მერაბიშვილის დამსახურებაც არის. ბატონმა ომარმა ბევრი იშრომა ქუთაისში ძიუდოს განვითარებისთვის, ორი ოლიმპიური ჩემპიონი აღზარდა და მისი გარდაცვალება ძალიან დაეტყო ქალაქს. გული მწყდება, რომ მას მერე წარმატებული თაობის ასეთი წყვეტაა. თუმცა, კეთდება ომარ მერაბიშვილის სახელობის დარბაზი, ქუთაისში დღესაც არიან ახალგაზრდა, მონდომებული მწვრთნელები და სპორტსმენები, რომლებსაც ჩვენც მივაქცევთ ყურადღებას. ვეცდებით, გავაგრძელოთ მისი საქმე და ქართულ ძიუდოს ისევ მივაწოდოთ შევსება ქუთაისიდან.
ნოდარ ცირეკიძე
08 ნოემბერი 2016 16:32
ირაკლი ვამაყობ შენით! წარმატებები!!!
თენგო
08 ნოემბერი 2016 07:12
წარმატებები ქართველ ძიუდოისტებს!
დათო
07 ნოემბერი 2016 13:05
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირაკლი არის ძიუდოს ისტორიაში ერთერთი გამორჩეული სპორცმენი და პიროვნება! ძალიან გვეიმედები და წარმატებას გისურვებ!

რედაქტორის რჩევით