"ამ ბიჭებს წაგება არ შეუძლიათ!" - კვირის პალიტრა

"ამ ბიჭებს წაგება არ შეუძლიათ!"

"გამტანობა და ხასიათი გვეხმარება - ქართველს არ უყვარს უკან დახევა!"

"უკვე ყველა ასაკის ადამიანი მოდის ჩვენს თამაშებზე. არა მხოლოდ ინტერესის გამო - სიყვარულით მოდიან!"

თავისი მიღწევებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა კაპიტანს შეუძლია თავის მოწონება. "დასაკვეხნი" სამკლავურის ამჟამინდელ მფლობელ შალვა სუთიაშვილსაც აქვს: მისი კაპიტნობით ბორჯღალოსნებს ერთხელაც არ წაუგიათ! წაუგებელი შეხვედრების თვრამეტამდე გაზრდა შალვას უახლოეს ერთ თვეში შეუძლია, ჩვენს გუნდს კი აქვს ისტორიული შანსი, არა მხოლოდ წელიწადი დაასრულოს წაუგებლად, თავისთვის სარეკორდო მაჩვენებელს - მსოფლიო რეიტინგის მეათე ადგილსაც შესწვდეს! არადა, სათქმელად როგორი ადვილია, შესასრულებლად კი - როგორი ძნელი. საამისოდ ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან სამივეს მოგება გვმართებს: იაპონია/სამოას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ვაჯობოთ, შოტლანდიას - სტუმრად. პირველი გამოცდა 12 ნოემბერს იაპონიასთან გველის, მანამდე კი სწორედ ბორჯღალოსანთა კაპიტან შალვა სუთიაშვილს ველაპარაკეთ:

- 2015 წლის მსოფლიო თასზე ზელანდიასთან მარცხის შემდეგ აღარ წაგვიგია და გვინდა, ეს წელი წაუგებლად დავასრულოთ. ნოემბერში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის: შოტლანდიასთან ურთულესი შეხვედრა იქნება, არათუ ჩვენ, უძლიერეს ნაკრებებს უჭირთ იქ თამაში, მაგრამ კოზირიც გვაქვს - შოტლანდიელები ძალიან თავდაჯერებული გამოვლენ მოედანზე! ტონგელებსაც ეგონათ, რომ შემთხვევით მოვუგეთ მსოფლიო თასზე და შოტლანდიაც ფიქრობს, რომ ოკეანეთში ჩვენი წარმატება შემთხვევითია. თუ ნაკრების ყველა წევრი სათანადოდ მომზადებული შევხვდებით ბრიტანელებთან მატჩს, სიურპრიზის შეთავაზებაც შეგვიძლია. თუმცა მანამდე უხერხული და ძლიერი მეტოქე, იაპონიაა დასამარცხებელი, მერე სამოა ჩამოვა თბილისში და ყველანაირად ეცდება, პრესტიჟი აღიდგინოს.

- ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების დროს გუნდის კაპიტანს განსაკუთრებული როლი ეკისრება. რას გვეტყვის კაპიტანი - გასახდელში უფრო საჭიროა, თუ მოედანზე?

- ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლისას არავის სჭირდება შეგულიანება, დამატებითი მოტივაცია და შეხსენება - რა და როგორ გააკეთოს. რა საჭიროა სიტყვები, როცა ისეთ კაპიტნებს და მორაგბეებს ხედავ, როგორებიც არიან ილია ზედგინიძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი?! უნდა გახვიდე და თავი დადო! თუმცა კაპიტანს მოედანზეც ბევრი რამ აბარია, გადაწყვეტილებასაც ის იღებს და მოედანზე უფრო ვარ საჭირო. მევალება მსაჯთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელთან ურთიერთობა. მითითებას მწვრთნელი გაძლევს, მაგრამ მოედანზე უკეთ ხედავ, რა სჭირდება გუნდს, რა დონეზე ხარ დაღლილი შენ ან ბიჭები, კონკრეტულ ეპიზოდში დასვენება უნდათ თუ დატვირთვის გაზრდა, საჯარიმოს კარში დარტყმა და ნაღდი სამი ქულის აღება სჯობს თუ ლელოსთვის ბრძოლა და ა.შ.

- რას ნიშნავს კაპიტნის სამკლავური შალვა სუთიაშვილისთვის?

- უდიდეს პატივს და პასუხისმგებლობას! ძალიან გამაძლიერა, როგორც სპორტსმენი და პროფესიონალი მორაგბე; ვირწმუნე, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება. რაგბის გუნდის კაპიტნობა არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე მეტი ხარ. საქართველოს ნაკრებში ისეთი მოთამაშეები არიან, ავტორიტეტი გჭირდება, რათა მოიპოვო იმ მორაგბეების პატივისცემა და სიყვარული, ვინც მოედანზე გაგყავს. ვერ გადმოვცემ, მაგრამ თუ თამაშის წინ მომისმენთ, შეიძლება მიხვდეთ, რას ნიშნავს ჩემთვის ეროვნული ნაკრების კაპიტნობა!

- კაპიტანი მოედანზე უფრო საჭიროაო... ნაკრების გასახდელში რა ხდება ხოლმე თამაშის დაწყებამდე?

- იმ წუთების გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ მოყოლით ძნელია, მიხვდე, რა მუხტი იგრძნობა ნაკრების გასახდელში! უცხოც კი მიხვდება, რომ ამ ბიჭებს წაგება არ შეუძლიათ! იმ წუთებში ზოგიერთი მოთამაშე თავისას ფიქრობს, სხვები თანაგუნდელებს აგულიანებენ, კულმინაცია კი მაშინ დგება, როცა წრეს ვკრავთ და "მამაო ჩვენოს" ვამბობთ! იქ ისეთი ენერგიით და მუხტით ივსები, უფლება არ გაქვს, გუნდს უღალატო, თუნდაც ერთი ნაბიჯით დაიხიო უკან!

- თამაშის წინ სათქმელს მორაგბეებიც ამბობენ თუ მხოლოდ მწვრთნელი და კაპიტანი?

- გუნდის გასამხნევებელი სიტყვის თქმა ყველას შეუძლია, მაგრამ მოთელვიდან მატჩის დაწყებამდე სულ ათიოდე წუთია, ყველა ვერც მოასწრებს ლაპარაკს და არც არის საჭირო. ერთმანეთი ისე გვეიმედება, თანაგუნდელის უზუსტობას ისე სწრაფად ვასწორებთ ხოლმე, მაყურებელი წუნს იშვიათად ამჩნევს. ჩემთვის სწორედ ის არის იდეალური გუნდი, თანაგუნდელის ნაკლს რომ დამალავს!

- როგორ ფიქრობ, როდის ჩაგვთვლიან "ექვს ერში" გაწევრების "ღირსად"?

- "ექვსი ერის" ტელეტრანსლაციის უფლებები 2019 წლამდე უკვე გაყიდულია... მაგრამ თუ სენსაცია მოვახდინეთ და შოტლანდიას მოვუგეთ, სხვა გზა აღარ ექნებათ! თუ "ექვს ერზე" ისევ უარი გვითხრეს, "ოთხ ერს" უნდა დაგვამატონ, რაც ნიშნავს, რომ თვეებით მოსწყდე ოჯახს და კლუბს, რის უფლებასაც არც ერთი გუნდი არ მოგცემს. არადა, როცა ხედავენ, რომ საქართველო ასე სწრაფად პროგრესირებს, დიდი შანსია, სწორედ "ოთხ ერთან" ინტეგრაცია შემოგვთავაზონ. არავის ეგონა, რომ ასე კარგად ვითამაშებდით მსოფლიო თასსა და ოკეანეთის ტურნირზე. იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენმა პირდაპირ გასვლამ ცხრილიც კი არია. დიდი თავსატეხი გაუჩნდათ და მიხვდნენ, რომ ჩვენი ადგილი აღარ არის "რაგბი ევროპის" გათამაშებაში. უკვე კლუბებშიც პრობლემები გვაქვს, ეშინიათ, მათმა მოთამაშემ სუსტ ნაკრებთან შეხვედრაში ტრავმა არ მიიღოს. ამ დონის მოთამაშეები ხართ, მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილს უმიზნებთ და გერმანიასა და ესპანეთთან სათამაშოდ გაშვებას ითხოვთო?!

- ცხადია, რომ როცა "ექვსი ერის" გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა ხშირად მოგვეცემა, პირველ ხანებში მატჩების უმეტესობას წავაგებთ. როგორ ფიქრობ, ამის გამო რაგბის ქომაგი ხომ არ მოაკლდება?

- აქამდე მისვლა ძნელი იყო, მაგრამ ამ ადგილის შენარჩუნება უფრო რთული იქნება! უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში და ადაპტაციისთვის დრო დაგვჭირდება. წაგებებიც იქნება, მაგრამ ეს წაგებები გაგვზრდის და გაგვაძლიერებს. წაგება ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს - ჩვენთვის. გულშემატკივარს ისე ვუყვარვართ, ჩვენს მარცხს ძალიან მიიტანენ გულთან. ეწყინებათ კიდეც და ობიექტურადაც გაგვაკრიტიკებენ. მთავარია, ყველა ხედავდეს, რომ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. გულშემატკივარი წაგებული მატჩების შემდეგაც ჩვენ გვერდით იდგა, რადგან ხედავდა, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოდით!

- ქართველ მორაგბეებს იმდენი გულშემატკივარი გყავთ, კარგა ხანია, "ცუდად მოქცევის" უფლება დაკარგეთ - საქართველოში მორაგბე კარგი კაცის სინონიმად იქცა!

- გერქვას მორაგბე - უკვე დიდი პასუხისმგებლობაა! ყველა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ სახელის მოპოვებაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა. ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა გეგმავს, განახორციელოს პროექტი, რომელიც საქართველოს სკოლებში რაგბის პოპულარიზაციას გულისხმობს - მოსწავლეები გაეცნობიან რაგბის "შიდა სამზარეულოს", ნაკრებში არსებულ ვითარებას, მორაგბეების ვალდებულებებს და ა.შ. ეს აუცილებელიც არის, რადგან როცა რაოდენობა იზრდება, შეიძლება ვინმემ შეცდომაც დაუშვას და ჯოხი მასზე არ უნდა გადატყდეს... როცა მცნობენ, მაშინვე ვხვდები, როგორ უყვართ საქართველოს ნაკრები. ოკეანეთიდან დაბრუნების შემდეგ ათმაგად ვიგრძენი, რამდენს ვყვარებივართ. ქომაგები უდიდეს სტიმულს გვაძლევენ. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ჩვენ თამაშებზე და რაც მთავარია, არა მხოლოდ ინტერესის გამო. უკვე სიყვარულით მოდიან!

- მაინც რა არის საიდუმლო - ასე ორგანულად როგორ მოერგო რაგბი ქართველი კაცის ხასიათს?

- გამტანობა და ხასიათი გვეხმარება - ქართველს არ უყვარს უკან დახევა! თანაც, ძალისმიერ სახეობებში, ტრადიციულად, ძლიერები ვართ. რაგბიც ძალისმიერია და იოლად შევისისხლხორცეთ, ამიტომ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ბურჯები. საკუთარ მაგალითზე ვიტყვი: მოედანს მიღმა ძალიან მშვიდი ვარ, მინდორზე კი უარყოფითი ენერგიისგან დაცლის სურვილი მიჩნდება. საერთოდ, რაგბის მხოლოდ სიამოვნებისთვის ვთამაშობდი, არასდროს მითამაშია ფულისთვის, სანამ საფრანგეთში არ მოვხვდი და ამ საქმეს პროფესიონალურად არ მოვეკიდე...

რატი შელეგია