300 მატჩი ბუნდესლიგაში და... მაისურების კოლექცია - კვირის პალიტრა

300 მატჩი ბუნდესლიგაში და... მაისურების კოლექცია

მუდამ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გელზენკირხენის "შალკედან" გასავარდნად განწირულ ბერლინის "ჰერტაში" გადასვლა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, ლევან კობიაშვილს ბევრმა უკან დახევად ჩაუთვალა. თუმცა საკუთარი კარიერის ამბავი ყველაზე უკეთ სწორედ ლევანს მოეხსენება.

მან ყოველთვის ზუსტად იცოდა, როდის უნდა გამოეცვალა კლუბი და ორიოდ ტურის წინ იუბილეც აღნიშნა - მე-300 მატჩი ბუნდესლიგაში! ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ლიგაში ჩატარებული ამდენი თამაშით სხვა ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის. მეტიც, ბუნდესლიგის მოქმედ ფეხბურთელთაგან ამ მაჩვენებლით კობიაშვილი მხოლოდ ოთხ, მასზე გაცილებით ასაკოვან მოთამაშეს ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველის გადასვლა აშკარად დაეტყო ბერლინურ კლუბს, "ჰერტას" გოლების გატანა ისევ უჭირს, ცხრილის ბოლო საფეხურზეა და ბუნდესლიგის დატოვებისგან მხოლოდ სასწაული თუ იხსნის.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ბერლინელები სტუმრად გაცილებით უკეთ თამაშობენ, შინ კი... შაბათს, საკუთარ მოედანზე "შტუტგარტთან" 0:1 წაგებული შეხვედრა ზედიზედ მე-14 მოუგებელი საშინაო მატჩი აღმოჩნდა ლევან კობიაშვილის ახალი კლუბისთვის. ქართველ ლეგიონერს ბერლინში მაშინ დავურეკეთ, როცა "რეალი"-"ბარსელონა" ახალი დამთავრებული იყო და "კობი" ჯერაც "ელ კლასიკოს" შთაბეჭდილებების ქვეშ გახლდათ:

- "ბარსელონა" მართლაც საოცარ ფორმაშია, მესი კი... ამ ფეხბურთელის შემჩერებელი, დღესდღეობით, არავინაა. თუ ასე გააგრძელა და ფორმა ზაფხულამდე შეინარჩუნა, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატს მარტო მოაგებინებს არგენტინის ნაკრებს. ისევე, როგორც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, ვინატროთ - მესიმ ტრავმა არ მიიღოს და ამ საოცარი ფეხბურთელის თამაშით ვისიამოვნოთ - "ბარსელონას" რიგებშიც და მუნდიალზეც...

- ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში მესიმ "არსენალს" ოთხი ბურთი გაუტანა. იმ მატჩს რომ უყურებდი, ალბათ გაგახსენდა, რომ ამავე ტურნირზე, ერთ მატჩში სამი გოლი ლევან კობიაშვილსაც აქვს გატანილი...

- ჰო, მართლაც გამახსენდა (იცინის)... "ეინდჰოვენთან" მატჩში შესრულებული ჰეთ თრიკი არასდროს დამავიწყდება. ფეხბურთი სწორედ იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი სასიამოვნო წუთი მაჩუქა.

- ახლა დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ, რომელიც "ჰერტასთვის" არცთუ იმედისმომცემია. საშინაო მატჩი როდის უნდა მოიგოთ?

- მგონი, დროა, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვოთ, ყველა შეხვედრა სტუმრად გვათამაშონ (იცინის). ბოლო ექვსი გასვლითი მატჩიდან ოთხი მოვიგეთ, მშობლიურ "ოლიმპიაშტადიონზე" კი კლუბს 14 მატჩი არ მოუგია. "შტუტგარტთან" შეხვედრას რაც შეეხება, სტუმრებს თამაშით ნამდვილად არ უჯობნიათ - კლასის ხარჯზე დაგვამარცხეს.

- ამ წაგებით უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შეიმცირეთ...

- ასეა. თანაც ჩვენმა უშუალო კონკურენტმა "ჰანოვერმა" "შალკეს" მოუგო და უკვე ხუთი ქულით გვისწრებს. დარჩენილ ოთხ ტურში კალენდარიც რთული გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- მუდამ ლიდერებს შორის მყოფი "შალკედან" აუტსაიდერ კლუბში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი ხომ არ იყო?

- ყველა აღნიშნავს, რომ ჩემი მისვლის შემდეგ, მეორე წლის მაჩვენებლებით "ჰერტას" დაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო სეზონში "შალკეში" იშვიათად მიწევდა თამაში და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რომ არ მინდოდა, კლუბი იმიტომ შევიცვალე, თორემ გელზენკირხენიდან არავის გამოვუგდივარ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და სიამოვნებას მოედანზე ყოფნა და თამაში მანიჭებს. ამიტომაც, სულაც არ მიმაჩნია ეს ტრანსფერი უკან გადადგმულ ნაბიჯად...

- ბუნდესლიგაში მე-300 მატჩიც, სწორედ "ჰერტას" მაისურით ჩაატარე...

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ამდენი წლის განმავლობაში სტაბილურად რომ ვთამაშობ.

- გერმანიაში როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს?

- განსაკუთრებული არაფერი - პრესაში დაიწერა, მილოცვებიც მივიღე და ა.შ. გერმანიაში ტრადიცია აქვთ - ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელს იმნომრიან მაისურს გადასცემენ, რამდენი მატჩიც მოუგროვდა. ასეთი მაისური უკვე იმდენი მაქვს, აღარ ვიცი, სად წავიღო - 100, 150, 200, ახლა 300...

- ალბათ, იცი, რომ ბუნდესლიგის მოქმედ  ფეხბურთელთაგან ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ როსტი, ლემანი, ბუტი და ნოივილი გისწრებენ. თანაც პირველი სამი - მეკარეა...

- გარდა ამისა, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსებიც არიან. 32 წლის ასაკში, ბუნდესლიგაში 300 მატჩის მოგროვება ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, მომდევნო წლებიც არანაკლებ ნაყოფიერი იქნება.

- მიმდინარე სეზონი მეცამეტეა შენთვის გერმანიის ჩემპიონატში. "ჰერტა" არ ჩავთვალოთ და "ფრაიბურგიდან" და "შალკედან" მაინც რომელი იყო "შენი" გუნდი?

- ორივეს თავ-თავისი პლუსები ჰქონდა. "ფრაიბურგში" ახალგაზრდა, გამოუცდელი ჩავედი. ეს გუნდი ახალი გამოწვევა, თავგადასავალი იყო ჩემთვის და ძალიან მალე გახდა "მშობლიური კლუბი". რაც შეეხება "შალკეს", თუ ობიექტურად შევაფასებთ, კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ გუნდში გავატარე. სულ ლიდერთა შორის ვიყავით, ჩემპიონთა ლიგაშიც ვთამაშობდით... გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ, ბოლო ტურში დავკარგეთ, ზემოთ ნახსენები ჰეთ თრიკი და ბევრი სხვა სასიამოვნო მოგონებაც "ხუმარებთანაა" ("შალკეს" მეტსახელია) დაკავშირებული...

- "შალკეს" თავკაცის - ფელიქს მაგათის ცნობილი დატვირთვების შემდეგ, ალბათ, "ჰერტაში" ვარჯიში გართობად გეჩვენება...

- მართალი ხართ. "დესპოტ ფელიქსს" ტყუილად კი არ ეძახიან. თუმცა, ბედნიერი ვარ, ასეთ მწვრთნელთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მქონდა. მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს სპეციალისტად მიმაჩნია და მისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე.

- ბერლინი უზარმაზარი მეგაპოლისია და პატარა გელზენკირხენის შემდეგ მიჩვევა არ გაგიჭირდა?

- "შალკეში" თამაშისას დიუსელდორფში ვცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი სავარჯიშოდ. გელზენკირხენი ფეხბურთით რომ ცხოვრობდეს, რა გასაკვირია, მაგრამ გავოცდი, როცა ვნახე, რომ ბერლინშიც იგივე სიტუაციაა. სტადიონზე უამრავი ქომაგი მოდის.

- ბუნდესლიგაში 300, ეროვნულ ნაკრებში კი - 13 შეხვედრაც და პირველი ქართველი იქნები, ნაკრებში 100-იან ზღვარს რომ მიაღწევს...

- ბულგარეთთან სამარცხვინო წაგების მერე ვთქვი, შესაძლოა, ეს ჩემი ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო-მეთქი, თუმცა... ეროვნული გუნდიდან წასვლა იოლი არ არის. სანამ შემიძლია და ქვეყანას გამოვადგები, ალბათ, ვერ წავალ... რაც შეეხება პერსპექტივას, ახალი შესარჩევი ციკლია, მწვრთნელიც, ფეხბურთელებიც, თითქოს შედარებით იოლი ჯგუფიც და, რა თქმა უნდა, იმედებიც, მაგრამ ილუზიებმა არ უნდა შეგვიპყროს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ მალტასთანაც კი წაგებული გვაქვს. თუმცა, არ დაგიმალავთ, და, მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ...