შევუერთდებით "ექვს ერს"? - კვირის პალიტრა

შევუერთდებით "ექვს ერს"?

გასულ კვირას თბილისში დაბრუნდა საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც იტალიის ქალაქ ტრევიზოში ჩატარებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეოთხედფინალში ჩვენმა ბიჭებმა რუმინელ თანატოლებს "გამოუყვანეს წირვა" (25:7) და ტრავმები და გამოუცდელობა რომ არა, ფინალშიც გავიდოდნენ. სამწუხაროდ, ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში მოპოვებული უპირატესობა ქართველებმა მატჩის ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და ირლანდიასთან 19:11 წააგეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ბელგიასთან 0:15 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ლევან მგელაძის შეგირდებმა მობილიზება მოახერხეს და 18:15 იმარჯვეს.

სწორედ 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელისგან შევიტყვეთ, რომ თუ წარმატებით თამაშს გავაგრძელებთ, შესაძლოა სამ წელიწადში "ექვსი ერის" ქვეყნებთან პაექრობის უფლებაც მოგვცენ...

- ამ შემადგენლობით ნაკრები მხოლოდ ორი თვის წინ დაკომპლექტდა და იტალიაში გამგზავრებამდე მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩის ჩატარება შევძელით. ასე რომ, ბევრი კომპონენტის დახვეწა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მოგვიხდა. ამის გამო, რუმინელებთან მატჩის დასაწყისში, ბიჭები ძალიან ღელავდნენ და მეტოქეს 7:0 დაწინაურების შესაძლებლობაც მისცეს. თუმცა, მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო ვუძღვენით...

- ირლანდიასთან პირიქით იყო - პირველი ტაიმი მოიგეთ (11:6), მეორეში კი ქულაც ვერ მოიპოვეთ და ფინალს მიღმა დარჩით...

- ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი 9 და 10 ნომრები დაშავდნენ. თამაში აღარ "წაუვიდა" ფეხით დამრტყმელსაც და... ალბათ გამოუცდელობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ბრალია, ჩემპიონატზე ძალიან ცუდად რომ იასპარეზეს ამ პოზიციაზე მოთამაშე ჩვენმა მორაგბეებმა. თავად განსაჯეთ - შვიდი გატანილი ლელოდან მხოლოდ ერთი (!) გარდავსახეთ... ამის მიუხედავად, ირლანდიასთან მოგება შეგვეძლო. სხვათა შორის, საქართველო-ირლანდიის მატჩი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თამაშად აღიარეს!

- ჩვენი გუნდი იმითაც გამოირჩა, რომ სამ მატჩში მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მივიღეთ. ამ ასაკში კი არა, ნერვების მოთოკვა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებსაც უჭირთ ხოლმე...

- იმ გუნდში, სადაც მე ვმუშაობ, დისციპლინა ყოველთვის მაღალ დონეზეა. ვინც ამ კომპონენტში მოიკოჭლებს, რაც უნდა კარგი მოთამაშე იყოს, ჩემს გუნდში ვერ მოხვდება!

- ისევ ირლანდიაზე უნდა გკითხოთ - 2007 წლის მსოფლიო თასზე "სამყურების" ძლევა ჩვენს ეროვნულ გუნდსაც შეეძლო, თუმცა, თითქოს ბოლომდე ვერ ვირწმუნეთ, ეს რომ შეგვეძლო. ახლაც ამ პრობლემას ხომ არ გადავაწყდით?

- გარწმუნებთ, ტრავმებს რომ არ შეეშალა ხელი, იმ მატჩს გამარჯვებით დავასრულებდით. თავდაპირველად ორივე მოგებულ შეხვედრაში ვაგებდით და თამაშის შემობრუნება შევძელით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ნამდვილად არ გვაწუხებს. ბელგიელებთან მატჩის პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ... თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და ბრინჯაოს მედლები ჩვენ დაგვრჩა.

- ცნობილია, რომ თქვენი გუნდის თამაშით ევროპის ჩემპიონატზე არაერთი სპეციალისტი მოიხიბლა...

- ჩვენი, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებების კარგ თამაშს შედეგად ის მოჰყვა, რომ სამომავლოდ ევროპის ჩემპიონატის გათამაშების წესი შეიცვლება... 2013 წლიდან თუ "ექვსი ერის" ქვეყნების გარდა, რომელიმე სხვა ევროპული ქვეყანა გახდება ამ ასაკში კონტინენტის ჩემპიონი, "ექვსი ერის" ქვეყნებთან ერთად თამაშის უფლებას მიიღებს...