აქეთ მესია, იქით - რაული... - კვირის პალიტრა

აქეთ მესია, იქით - რაული...

"რეალი" 0:2 "ბარსელონა"

"ელ კლასიკომ" არ იცის "დრო და ამინდი"!

"ელ კლასიკო" ამჯერადაც "კლასიკა" იყო... "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი, რაგინდარა სატურნირო ვითარებაში, ფორმასა თუ ხასიათზე უნდა იყოს, ეს ორი გუნდი მაინც წლის მთავარი მოვლენაა ესპანეთში (და არა მარტო!) და სიყვარულისა არ იყოს, არც "ელ კლასიკომ" იცის "დრო და ამინდი"!

გამონაკლისი არც საიუბილეო, 160-ე "ესპანური დერბი" ყოფილა - არც თამაშითა და არც შედეგით. შედეგით იმიტომ, რომ ზედიზედ აგერ უკვე მერამდენედ გაიხარა "ბარსამ" მოსისხლე მტერზე. კატალონიელები მიყოლებით მეორე სეზონია, ამტკიცებენ, რომ მათი გამჩერებელი არათუ ესპანეთში, მსოფლიოშიც არავინაა. თვით ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი "რეალიც" კი, რომელმაც მიმდინარე სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩებიდან  იქამდე ყველა მოიგო(!), ბოლო, 12 შეხვედრაში კი 39 გოლი ჰქონდა გატანილი(!!!)..

აგერ უკვე მერამდენედ დამტკიცდა, რომ ლიონელ მესის გამჩერებელი დღეს მწვანე მინდორზე (ერთადერთი, საჭესთან მჯდომს თუ გააჩერებს პოლიციელი) არავინაა. ჩია არგენტინელმა მადრიდის მთავარ არენაზე ჩვეულად თავისუფლად ვერ იჩაუქა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც გაიბრწყინა და კასილასს ერთი გოლით თავადაც "შეეწია" (მეორე - პედროს ანგარიშზეა). თანაც, ეს ტანმორჩილი ბიჭი უცოდველი კრავის სახით ისე დააგორებს ფეხზე მიწებებულ ბურთს, გეგონება, მე ვიყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მე გავუტანე გასულ კვირას "არსენალს" ოთხი გოლი...

თავში სატურნირო მდგომარეობა ვახსენეთ. "სუპერკლასიკოს" ორივე გუნდი 77-77 ქულით შეხვდა და ტრადიციულ ქიშპს საჩემპიონო ოქროს ელვარებაც გადაჰკრავდა. ახლა კატალონია სამი ქულითაა წინ, თუმცა, გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგაც ელის და... მოკლედ, წლევანდელი სეზონის ორივე "კლასიკო" "ბარსამ" მოიგო, ისე, ეტყობა, ეს გუნდი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, შარშანდელივით, ყველა ტიტულს რომ მოიგებს...

პირადად ჩემთვის კი, ბოლო "კლასიკა" ორი რამით გამოირჩა: ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის მთავრობისთვის მიგებული პატივით ("რეალის" სათადარიგო მეკარე დუდეკი პოლონელი გახლავთ) და რაულის საქციელით. "ელ კლასიკოების" ყველა დროის  ბომბარდირმა ("ბარსასთვის" 11 გოლი აქვს გატანილი) დაამტკიცა, რომ ტყუილად არ არის "რეალის" ლეგენდა, დღესდღეობით, სათადარიგოთა სკამზე მჯდომი რაული მაინც ნამდვილი კაპიტანი და კაცია. იმ დროს, როცა მწარე მარცხისგან დაღრეჯილი მისი თანაგუნდელები თავჩაქინდრულნი ტოვებდნენ მოედანს, კაპიტანი პირველი მივიდა მოზეიმე მეტოქესთან და "მოსისხლეთ" ალალად მიულოცა გამარჯვება.

ასეა, კაცები სათადარიგოთა სკამზეც კაცებად რჩებიან. ბიბილოზე ბრილიანტის საყურეაბრჭყვიალებულ კრიშტიანუ რონალდუს კი ჯერჯერობით მხოლოდ ის შეუძლია, გამარჯვებული მეტოქე ბოღმიანი მზერით გააცილოს მოედნიდან...