ახრიკ ცვეიბა: "თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვიკითხავ ჩემს ყველა ქართველ მეგობარს... წარსულს კედლებს არ ვუშენებ!" (ექსკლუზივი)
07-11-2016
ახრიკ ცვეიბა: "თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვიკითხავ ჩემს ყველა ქართველ მეგობარს... წარსულს კედლებს არ ვუშენებ!" (ექსკლუზივი)
"დარასელიას აფხაზეთში ყველა იცნობდა, როგორც კარგ ფეხბურთელს და ადამიანს. დღემდე ძველებურად უყვართ და იუბილესაც კი უხდიან"!

ორ ათეულ წელიწადზე მეტია, ქართულ ფეხბურთს აფხაზური შენაკადიც გადაეკეტა. ვერ ვიტყვით, რომ ამით აფხაზებს მიემატათ რამე, მაგრამ... ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. ოღონდ, მაინც მგონია, რომ სანამ ენგურს იქით ჯერაც არიან მოთამაშეები, ქართულ ფეხბურთს "შიგნიდან" რომ იცნობენ და ყოფილ თანაგუნდელებთანაც ისევ მეგობრობენ, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, საქართველომ დაკარგული დაიბრუნოს... ახრიკ ცვეიბამ ხუთი წლის განმავლობაში ითამაშა თბილისის
"დინამოში", არც ქართველ ფეხბურთელებთან კავშირი გაუწყვეტია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობასა და იქ აფხაზების დაბრუნებაზე საუბარი მასაც უჭირს. რაც შეეხება წარსულს... ძველ წყენასა თუ პოლიტიკაზე ლაპარაკის გარეშე - ექსკლუზიური ინტერვიუ ახრიკ ცვეიბასთან, რომელსაც თბილისის "დინამოს" გარდა, ცხრა კლუბის და ოთხი (!) სხვადასხვა ნაკრების მაისურით უთამაშია:

-
ხაბაროვსკის სკა-დან თბილისში 1984 წელს ჩავედი ჩემს პირველ მწვრთნელთან - ვლადიმერ შამბასთან ერთად და 1990 წლამდე დიღომში, "დინამოს" ბაზაზე ვცხოვრობდი... "დინამოს" მაშინ უკვე დავით ყიფიანი წვრთნიდა, ბაზაზე მისულმა კი ვნახე ფეხბურთელები, რომლებიც მანამდე მიუწვდომლად მიმაჩნდა, რომელთა თამაშსაც წლების განმავლობაში ვუყურებდი აღფრთოვანებული. ბედმა კი არა მხოლოდ შემახვედრა, მათ მხარდამხარ თამაშის ბედნიერებაც მარგუნა... გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გავიარე ჩივაძის, სულაქველიძის, გაბელიას, რამაზ შენგელიას გვერდით, როცა ყიფიანის კაბინეტისკენ მივდიოდით... სინჯები ერთი კვირა გაგრძელდა და როცა მითხრეს, რომ "დინამოს" დუბლშემადგენლობაში მტოვებდნენ, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

- დავით ყიფიანი მკაცრი მწვრთნელი იყო?

- "დავიდიჩმა" ძალიან კარგად მიმიღო. გამომკითხა, ხაბაროვსკში რამ წაგიყვანაო?! ვუთხარი, რომ სამხედრო სამსახური მიწევდა და მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ხაბაროვსკში მცხოვრებ ბიძასთან გადაწყვიტა ჩემი გაგზავნა. დავით ყიფიანი განათლებული, უაღრესად საინტერესო და არაორდინარული პიროვნება იყო. უდიდეს ფეხბურთელს საწვრთნელი პროცესიც საინტერესოდ მიჰყავდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მკაცრი იყო, მაგრამ ობიექტური! სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა... მის შვილებსაც კარგად ვიცნობ...
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი, საიდ თარბა

- პირველ რიგში რა გახსენდებათ, როცა დავით ყიფიანს ახსენებენ?

- დავითი იყო უმაღლესი დონის ოსტატი და საუცხოო პიროვნება. საბჭოეთში გაზრდილი კაცი თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად! მახსოვს, მოსკოვის "სპარტაკთან" გამარჯვება სასტუმრო "როსიას" დარბაზში აღვნიშნეთ. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა დავით ყიფიანი სცენაზე ავიდა, მუსიკოსებს მიკროფონი გამოართვა და სიმღერა დაიწყო! სიმღერის დროსაც ისეთივე ელეგანტური იყო, როგორიც მოედანზე! გაგიგიათ საბჭოთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჩინებულად მღერის და თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად?!

- ქართველი ფეხბურთელებიდან ვისთან მეგობრობთ?

- ყველა მახსოვს და მიყვარს, ვისთან ერთადაც მითამაშია. რომელი ერთი გავიხსენო?! მურთაზ შელია, თემურ ქეცბაია, მიხეილ ჯიშკარიანი, გია ფირცხალავა, ახლახან 51 წლის ასაკში გარდაცვლილი ლევან ბარათაშვილი... უფროსი თაობის წარმომადგენელთაგან ვმეგობრობ ჩელებაძესთან, სულაქველიძესთან, გუცაევთან, გურულთან. ყველაზე ხშირად მაინც მურთაზ შელიას, გია ფირცხალავას, თემურ ქეცბაიას, მიშა ჯიშკარიანს, საშა ჩივაძეს, რეზო ჩელებაძეს ვეხმიანები. ვოვა გუცაევს­ მოსკოვში ვხვდები ხოლმე. ახლახან თურქეთში შემხვდა მალხაზ მახარაძე...

- ვიტალი დარასელია თქვენზე ათი წლით უფროსი იყო. იცნობდით?

- დარასელიას აფხაზეთში ყველა იცნობდა, როგორც კარგ ფეხბურთელს და ადამიანს. დღემდე ძველებურად უყვართ და იუბილესაც კი უხდიან! მისი თამაში, რა თქმა უნდა, მინახავს, მაგრამ სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი. "დინამოში" რომ ჩამოვედი, ცოცხალი აღარ იყო... თუმცა, თბილისში ცხოვრებისას გავიცანი მისი მეუღლე და ვაჟი, უმცროსი ვიტალი დარასელია. უმცროსი ვიტალი ძალიან მიყვარს და ხშირად ვეხმიანები. თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვიკითხავ მათაც და ჩემს ყველა ქართველ მეგობარს! ვიცი, რომ "დინამოდან" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ბევრს უნდოდა დარასელიას იუბილეზე მის საფლავზე მისვლა, ვიტალის მშობლებთან შეხვედრა. სამწუხაროდ, არსებული სიტუაციის გამო ეს არ მოხერხდა...

- თუმცა, სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოახერხა დარასელიას საფლავის მონახულება და 13 მაისს მოგებული თასის ასლიც ჩაუტანა ვიტალის ოჯახს...

- შესაძლოა, საქართველოში ეს სხვანაირად აღიქვეს, თუმცა, ზვიად სიჭინავას კრიმინალური არაფერი ჩაუდენია. პირიქით - დიდი საქმე გააკეთა! გულის ძახილს მიჰყვა, ჩავიდა და პატივი მიაგო ქართველების და აფხაზების საყვარელ ფეხბურთელს, საჭიროდ ჩათვალა, დარასელიას დედასთან მისულიყო და შვილის მოგებული თასის ასლი გადაეცა. საწყენია, სიჭინავას საქციელს ცუდი გამოხმაურება თუ მოჰყვა.

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც გითამაშიათ?

- რთული კითხვაა, გამიჭირდება გამორჩევა... კეტაშვილი, ჭედია, ცაავა, კაკილაშვილი, ჟვანია, ბარათაშვილი, გურული... ვერ ნახავდით საბჭოეთის ნაკრებს, ქართველს რომ არ ეთამაშა! საქართველოს ახლანდელ ჩემპიონატს თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ რუსეთში მოთამაშე ქართველებს­ კარგად ვიცნობ. ძალიან ნიჭიერი, კრეატიული ფეხბურთელია ჯანო ანანიძე და თუ ტრავმები არ შეაწუხებს, მეტის მიღწევა შეუძლია. მომწონს სოლომონ კვირკველიაც, თუმცა, ბოლო დროს იშვიათად ათამაშებენ. ჩინებული მეკარეა გიორგი ლორია... პერსპექტიული თავდამსხმელია ჩემი მეგობრის შვილი ნიკა კაჭარავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა! ნიკას ჩინებული მონაცემები აქვს, აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს!

- კახა ცხადაძესთან ერთადაც ხომ გითამაშიათ?

- კახა ძალიან კარგი მცველი იყო. სხვათა შორის, საბა კვირკველიას სწორედ ცხადაძეს ვამსგავსებ - კარგად თამაშობს ართმევაზეც, თავითაც... კახასთან და მის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძესთან ხშირი კონტაქტი მაქვს. "ქაირათშიც" ნაყოფიერად მუშაობენ ერთად, ერთმანეთს ავსებენ. ცხადაძე ისე გაიზარდა, ისეთი დონის მწვრთნელად ჩამოყალიბდა, რომ რუსულ კლუბებში უკვე ბევრს ვუთხარი - თუ კარგი სპეციალისტი სჭირდებათ, კახა ცხადაძეს მიაქციონ ყურადღება! ვფიქრობ, კახას დიდი მომავალი აქვს.

- "ქაირათამდე" ცხადაძე საქართველოს ნაკრებში მუშაობდა, ისევე, როგორც თქვენი კიდევ ერთი მეგობარი - თემურ ქეცბაია.

- თემური ბრწყინვალე მწვრთნელი და წესიერი ადამიანია. შესაძლოა, ემოციური ხასიათი ზოგჯერ ხელს უშლის, მაგრამ ვინც იცნობს, იცის, რომ ცხოვრებაშიც ასეთია. წლებია, თემურთან და მიშა ჯიშკარიანთან ვმეგობრობ. ცოტა ხნის წინ მიშას შვილის ქორწილი ჰქონდა. დამპატიჟა, მაგრამ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და კიდევ ვულოცავ.

- როცა საქართველოს ჩემპიონატი იზოლაციაში აღმოჩნდა, საფეხბურთო სფეროში მოღვაწე ქართველი მეგობრის დახმარებით ეროვნულ პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს რუსულ და უკრაინულ კლუბებში გადასვლაში ვეხმარებოდიო. მართალია?

- მამუკა ჯუღელთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. მამუკას ჰყავდა მოთამაშეები, მე კი კავშირები მქონდა და არაერთ მოთამაშეს გავუკვალეთ გზა უკრაინულ და რუსულ კლუბებში. უფრო სწორად, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევდით, დანარჩენი კი მოთამაშეებზე იყო დამოკიდებული - მათ ნაცვლად ჩვენ ხომ არ ვითამაშებდით?! მაგალითი გნებავთ? კანკავა, კვირკველია და სხვები. უკრაინაში ჯაბამ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ.

- ჯუღელთან აღარ თანამშრომლობთ?

- მამუკა ისევ აგრძელებს საქმიანობას, მე კი სხვა სფეროში გადავინაცვლე. ერთად აღარ ვმუშაობთ, მაგრამ კავშირი ისევ გვაქვს, ვხვდებით ერთმანეთს. მე ასეთი ხასიათი მაქვს - წარსულს კედლებს არ ვუშენებ, ყველასთან ვინარჩუნებ ურთიერთობას. როგორც შეგვეძლება, დავეხმარებით ერთმანეთს. ეს ჩვენი ცხოვრებაა!

- უნიკალური ფეხბურთელი ხართ - გითამაშიათ ოთხი სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში!

- "რა ვკნა, რომ ბედი არ მცკალობს?!" (იცინის). გარემოებებმა მოიტანა, დრო იყო ისეთი. სსრკ-ის ნაკრების შემდეგ დსთ-ის ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე, მერე, კიევის "დინამოში" ყოფნისას, უკრაინის ნაკრებში თამაში მთხოვეს და ერთი მატჩი ვითამაშე. თუმცა, ამხანაგური, არაოფიციალური შეხვედრა იყო და ამის გამო არ დამიკარგავს უფლება, ოფიციალურ შეხვედრებში რუსეთის ნაკრების სახელით გამოვსულიყავი.

- გიფიქრიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, კიევში გადაბარგების ნაცვლად, საქართველოში რომ დარჩენილიყავით?

- სსრკ-ის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვიყავი, ერთი თვე იტალიურ შეკრებაზე გავატარეთ, მერე აშშ-ში გავემგზავრეთ. ნაკრების მაშინდელმა თავკაცმა ლობანოვსკიმ პირდაპირ მითხრა, საქართველოს უკვე გადაწყვეტილი აქვს ეროვნულ ჩემპიონატს გამართვა. თუ გინდა, როგორც ფეხბურთელი, გაიზარდო და 1990 წლის მუნდიალზე ითამაშო, კიევში წამოდიო... მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მოვეთათბირე ჩემს ახლობლებს, ვუთხარი ნოდარ ახალკაცსაც, კახი ასათიანსაც და დავით ყიფიანსაც, რომ წასვლა მინდოდა...

- როდის ითამაშებენ ერთად ქართველი და აფხაზი ფეხბურთელები?

- ძალიან რთული კითხვაა, მიჭირს პასუხის გაცემა... ფაქტია, რომ დღეს ასეთი ვითარებაა... ახლახან აფხაზეთში არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა და აფხაზეთის ნაკრების თამაშით გაკვირვებული დავრჩი. კარგად ითამაშეს, ასე რომ, თანდათანობით ჩვენთანაც ვითარდება ფეხბურთი.

რატი შელეგია
jaba
25 ნოემბერი 2016 11:06
დზია, აფხაზეტს მას უტმობტ სომხებს?
DM
19 ნოემბერი 2016 13:39
საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკით ნორვეგიის,დანიის,ბელგიის,ავსტრიის დონეზე.ჯერ ჩვენ უნდა შევძლოთ.შევძლებთ?!!გაერთიანების გზაც გამოჩნდება.
ძია
18 ნოემბერი 2016 18:15
ჩემო ძვირფასებო,

თითოეულ სიტყვაზე, რაც კომენტარში დავწერე, მერქმუნეთ, მანამდეც და დაწერის მომენტშიც ნაფიქრი მაქვს.

ერთ-ერთმა პატივცემულმა მკითხველმა არცთუ უსაფუძვლო შენიშვნა გააკეთა, რომ არასოდეს თქვა "არასოდესო".

ბევრი გამაკრიტიკებს ამ სიტყგვების გამო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ აფხაზეთი, თავისი ისტორიითა თუ მდებარეობით არასოდეს ყოფილა, ვთქვათ, სამეგრელოსმაგვარი ან კახეთისმაგვარი რეგიონი. ისტორიული თვალსაზრისით, აფხაზეთი (ვგულისხმობ იმ ტერიტორიას, რაც ახლა აფხაზეთს უკავია, განსაკუთრებით კოდორს გაღმა აფხაზეთი) თითქმის არ ყოფილა საქართველოს ო რ გ ა ნ უ ლ ი (ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას) ნაწილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობით ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აფხაზეთის საქართველოსგან გაუცხოება მიმდინარეობდა (თუ არ ჩავთვლით მცირეხნიან ინტეგრაციას დამოუკიდებლობის წლებსა და ბერიას ეპოქაში), რასაც ძმათამკვლელი სისხლიანი ომიც დაემატა, რომლის იარები მოუშუშებელია ჯერაც, რომელსაც თან მოჰყვა აგრესიული და გავლენიანი მეზობლის მიერ მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ოკუპაცია და მცოცავი, დაუფარავი აგრესია; როცა ეს მეზობელი სულ უფრო უტუფრად და აგრესიულად იქცევა, რისი იმედი უნდა გვქონდეს?

თუ ვინმეს რუსეთის დასუსტების იმედი აქვს, გვერდით გადავდებ ურაპატრიოტულ გრძნობებს და მის ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ რუსეთის ძალიან დასუსტება არც გვარგია, რადგან მას გარდაუვლად მოყვება ჩრდილოკავკასიაში უმართავი პროცესები და თურქეთისა და ისლამის ტრადიციული გავლენის გაძლიერება აფხაზეთში, რაც კიდევ უფრო უარესია მე თუ მკითხავთ. ომით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ, ეგ გამორიცხულია და უომრად კი არც დევნილებს დაგვაბრუნებინებენ მასობრივად... არც ჩვენი ცოდვებისა თუ უუნარობის აღიარება გვინდა (ოსტატები ვართ საკუთარი შეცდომების იგნორირებაში)...

სიტუაცია არის სერიოზულ ჩიხში შესული და თუ რეალობის გრძნობა შეგვრჩენია, ჩვენ ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ იმედი გვაქვს, რომ 50 წლის შემდეგ მაინც შეიძლება აფხაზეთი ხელახლა "შევიერთოთ", გეტყვით, რომ 50 წლის შემდეგ რა მოხდება რეგიონსა და ძალიან დინამიურ მსოფლიოში, ეგ ჯერ არავინ იცის (რატომღაც კარგი ამბების მოლოდინი არც მაქვს). ამიტომ მთლად 2066 წლის (თუნდაც 2026 და 2036 წლის) იმედიც ნუ გვექნება (აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენ ოდესღაც გვქონდა 2003 წლის (ომიდან 10 წლის შედგომი პერიოდი) და 2013 წლის (20 წლის შემდგომი პერიოდი) იმედიც. და თუ მაინცადამაინც მაგის იმედი გვაქვს, კიბატონო, აფხაზეთი ისევ ჩვენთან - ენგურს გაღმა იქნება და ვნახოთ... :)

მოდით, ჩვენ ჩვენს საქართველოს მივხედოთ, ავაშენოთ,. წელში გავმართოთ. ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა და მეორე მხრივ საზოგადოების კონტაქტი გავაძლიეროთ აფხაზურ საზოგადოებასთან, რუსეთთან ისე მოვიქცეთ, როგორც ღირსეული, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის მქონე ქვეყანა და ასეთი მიდგომები უკვალოდ არ ჩაივლის. ადრე თუ გვიან ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში აუცილებლად გაძლიერდება საუბარი კომპრომისებზე. ეს გარდაუვალია. და ამ კომპრომისების შედეგი არ იქნება აფხაზეთის "შემოერთება". ეს იქნება "ერთად, გვერდიგვერდ დგომა" და ურთიერთდახმარება.

რედაქტორის რჩევით