საკურადღებო წაგება - კვირის პალიტრა

საკურადღებო წაგება

საქართველო 22:28 იაპონია

იაპონელ "საკურებთან" მარცხი მართლაც საყურადღებოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის. ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის მივიღეთ ოთხი ლელო და როდის დავუშვით ამდენი შეცდომა! ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ იმედგაცრუებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებს ეს მარცხი წაუგებელი სერიის შეწყვეტად და მსოფლიო რეიტინგის მე-10 საფეხურადაც დაუჯდა.

იმედგაცრუებაში ქომაგის სურვილი და მატჩის მიმდინარეობა იგულისხმება, თორემ იაპონიასთან წაგება არც სამარცხვინოა და არც აუცილებლად მოსათხოვი. "ამომავალი მზის ქვეყნის" სარაგბო ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გუნდი რომაა, ბოლო წლების შედეგებიც ადასტურებს. რაღა შორს წავიდეთ - სამხრეთ აფრიკასთან შარშანდელი გამარჯვებით "საკურები" 2015 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორად მოგვევლინენ! მომავალ მსოფლიო თასს სწორედ იაპონია მასპინძლობს და სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ამბიციასთან ერთად კი, ნატურალიზებული მოთამაშეებიც მოემატათ. სხვათა შორის, ჩვენთან გამარჯვებასაც სწორედ იაპონური პასპორტის მქონე ფეხმალ ფორვარდებს უნდა უმადლოდნენ!

საქმეც ეს არის - თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ შერკინებაში იაპონიას უპირობოდ დავჯაბნიდით და გამარჯვებისთვის მათი სწრაფი შემტევებისთვის სივრცის შეზღუდვაღა გვრჩებოდა... შერკინებაში არც გაგვჭირვებია, მოლშიც მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და დერეფანსაც არა უშავდა, მაგრამ... რად გინდა?! - მეტოქის ფაქტობრივად ყველა სწრაფ კონტრშეტევას ლელო მოჰყვა, კონტრშეტევები კი - ბურთის უაზროდ დაკარგვას. პირდაპირ უნდა ვთქვათ: საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ აშკარად ვერ ითამაშა ისე, როგორც ველოდით. მბოჭავებსაც მეტი ყურადღება და აქტიურობა მართებდათ. მთლიანობაში კი დაცვის შეცდომები აშკარა იყო და სამოასთან მატჩამდე დარჩენილ დღეებში მწვრთნელებს სერიოზული მუშაობა ელით.

ხარვეზები პირველივე ტაიმში გამოჩნდა. თუმცა რამდენიმე კონტრშეტევის გაშვების და 0:8 ჩამორჩენის მიუხედავად, პირველი ნახევარი მაინც მოვიგეთ: ჯერ ვიტო კოლელიშვილმა დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, ტაიმის მიწურულს კი ვასილ ლობჟანიძემ გაინავარდა და შესვენებაზე ოთხი ქულის უპირატესობით გავედით.

თამაშის განახლებისთანავე, გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი ჯარიმაც გაიტანა და 22:13 დავწინაურდით. წასაგებისა თამაშს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ... სანამ "მიხეილ მესხის" გადაჭედილი ტრიბუნები და ჩვენი მოთამაშეები რეიტინგის მეათე საფეხურზე ფიქრობდნენ, იაპონიამ სირბილის კიდევ ორი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ამას ზუსტი საჯარიმოც მოჰყვა და... საქართველოს ნაკრებს დრო აღარ ეყო - 22:28.

შეცდომებსა და რამდენიმე მოთამაშის ინერტულობაზე უკვე ვთქვით, მთლიანობაში ჩვენი გუნდი მძიმედ გამოიყურებოდა და მხოლოდ რიგ ეპიზოდებში აჩვენებდა ჩვეულ თამაშს. გუნდს აშკარად დაეტყო კოლელიშვილის დაბრუნება, ჩვეულად სასარგებლო იყო გორგოძე და სასაყვედურო არც ლობჟანიძესთან გვაქვს, დანარჩენს კი თავადაც ნახავდით...

დასანანია, წლის წაუგებლად ჩამთავრების იმედი ნოემბრის ტესტების პირველივე შეხვედრაში რომ გადაგვეწურა, 9-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შევწყვიტეთ და ჯერჯერობით ვერც ათეულს შევწვდით. მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: "საკურებთან" წაგების შემდეგ, ბორჯღალოსნები უფრო სწრაფად გამოვლენ ოკეანეთის ისტორიული ტურნედან გამოყოლილი ეიფორიიდან და მომავალი, არანაკლებ პრინციპული შეხვედრებისთვის ორმაგი მოტივაციით მოემზადებიან.

იაპონია რომ ძალიან ძლიერი გუნდია, ამაში "საკურებმა" გადახალისებული შემადგენლობითაც დაგვარწმუნეს, ოღონდ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო - შაბათის მატჩი იაპონელებს არ მოუგიათ, საქართველოს ნაკრებმა წააგო და ბრაზზე მეტად, იმედგაცრუება დაგვიტოვა!

P.S. 19 ნოემბერს სამოას უნდა დავხვდეთ, 26-ში კი ნოემბრის მთავარი ტესტია: შოტლანდია-საქართველო...

რატი შელეგია