ანდრეი შევჩენკო: "გამარჯობა, გენაცვალე!"
21-11-2016
ანდრეი შევჩენკო: "გამარჯობა, გენაცვალე!"
"საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ და ყოველთვის დიდებული მიღება, მხიარული და გულღია ხალხი მხვდება"

"ისე ძალიან ვიყავი დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში, ისეთ აღმავლობას ვგრძნობდი, მეგონა, მთებს გადავდგამდი!"


"ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა თასის მფლობელია, უკრაინის, იტალიის, ჩემპიონთა ლიგის, უკრაინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. "ჩელსის" თუ არ ჩავთვლით, ყველა გუნდში ლიდერი და ბომბარდირი იყო. ამიტომაც უწოდებდნენ "მეფეს", "შევაგოლს", "აღმოსავლეთის ქარს"... მაგრამ ანდრეი შევჩენკოს ხსენებისას ჩვენ ჯერ მაინც "მილანი" და კახა კალაძე გვახსენდება. მილანური კლუბი
თავისი გზით მიდის, კალაძემ პოლიტიკაში გადაინაცვლა, შევჩენკო კი... ქართველი მეგობრის მსგავსად, კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკისკენ ფეხბურთის უკრაინელ ვარსკვლავსაც გაუწია გულმა, თუმცა მალევე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს და ახლა უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. საქართველოში სათამაშოდაც ყოფილა და სტუმრადაც, თუმცა, მოკლე კომენტარს იქით საქმე არ წასულა, ექსკლუზიური ინტერვიუსთვის
კი ანდრეი შევჩენკოს უკრაინაში დავუკავშირდით:

- ანდრეი, რასთან ასოცირდება თქვენთვის საქართველო?

- პირველ რიგში, სტუმართმოყვარეობასთან. საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ და ყოველთვის დიდებული მიღება, მხიარული და გულღია ხალხი მხვდება. თქვენებურ სამზარეულოს ძალიან ვაფასებ, დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ ხოლმე ქართულ რესტორნებს და ქართველი მეგობრებიც მყავს. მოკლედ, საქართველო ჩემში მუდამ დადებით, თბილ გრძნობებს აღძრავს!

- საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრეთ. მოასწარით თბილისის დათვალიერება?

- დიახ, მეგობრებმა ჩემთვის რამდენიმე ექსკურსია მოაწყვეს. თქვენი დედაქალაქი მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თბილისი სხვებს არ ჰგავს!

- იმ წლებში, როცა თქვენ და კალაძე "მილანში" ბრწყინავდით, ევროპის სხვა გრანდებშიც გამოირჩეოდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები. დღეს რატომ აღარ არის ასე?

- ეს დრომ მოიტანა. პოსტსაბჭოთა სივრცე აღარ არსებობს და ცალკე უნდა ვილაპარაკოთ ქართულ ან უკრაინულ ფეხბურთზე, რომელსაც რთული პერიოდი უდგას. შემცირდა დაფინანსება და ჩემპიონატში მონაწილე კლუბების რაოდენობა, არაერთმა პოპულარულმა კლუბმა შეწყვიტა არსებობა... ეს ყველაფერი მზადებაზეც აისახება და მოთამაშეების ოსტატობაზეც. მართალია, საზღვარგარეთ ბევრი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობს და სანაკრებო კანდიდატებს მათ შორისაც ვარჩევთ, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებულ შედეგს ვერც ისინი აჩვენებენ. ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ: ზოგიერთ მოთამაშეს დრო სჭირდება, სხვა - ახალგაზრდაა...გასათვალისწინებელია ტრავმები, ადაპტაციის პროცესი და სხვ. მნიშვნელოვანია, იპოვო შენი გუნდი, დაისახო მიზანი და მიაღწიო მას! მაშინ შედეგიც იქნება.

- გასულ წლებში გამოკვეთილი ვარსკვლავიც მეტი იყო. დღეს რამდენიმე კაშკაშა სუპერვარსკვლავია, სხვები - ცნობილი, ან "პერსპექტიული" მოთამაშეები, რომლებშიც ათეულობით მილიონს იხდიან, თუმცა, უმეტესობა იმედს ვერ ამართლებს. როგორ ფიქრობთ­, გააფუჭა ფეხბურთი ფულმა?
- ფეხბურთი ბიზნესის მსგავსად ვითარდება, იქაც არის საბაზრო კანონები. რადგან ფულს იხდიან, ე.ი. ბაზარზე არსებობს მოთხოვნა. სწორედ ასეთია თანამედროვე ფეხბურთის მდგომარეობა - ფეხბურთელებზე მოთხოვნა არსებობს, მათი სახელები პრომოკამპანიის ნაწილი ხდება, რეკლამირებას უწევენ ცნობილ ბრენდებს. მართალია, ეს არ ახდენს გავლენას ოსტატობაზე, მაგრამ ოსტატობა და კეთილდღეობა მაინც დამოკიდებულია ერთმანეთზე: თუ კარგად ვერ თამაშობ, შენ მიმართ ინტერესი იკარგება. დღეს მაღალი ანაზღაურება შესანიშნავი მოტივაციაა ახალგაზრდობისთვის - ისწავლონ თამაში, გაიტანონ, გამოიმუშაონ...

- კახა კალაძესთან ისევ მეგობრობთ? ბოლოს როდის შეხვდით ერთმანეთს?

- ბუნებრივია, ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით, როგორც "მილანში" თამაშის დროს, თუმცა, ძველებურად შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. თუ არ ვცდები, ბოლოს, შარშან შევხვდით. კახა ახლა ძალიან დაკავებულია.

- რა იყო მისი წარმატების საიდუმლო?

- ნიჭი და შრომისმოყვარეობა. ყველა კარგმა მოთამაშემ იცის, რომ ნიჭს ვარჯიშებზე ოფლის ღვრაც უნდა დაუმატო, მხოლოდ ასე მოვა წარმატება დიდ ფეხბურთში. კახაბერი ბევრს შრომობდა და მუდამ ყურადღებით ასრულებდა მწვრთნელის დავალებას. კალაძეს აფასებდა ყველა მწვრთნელი, ვისთანაც მას უმუშავია.

- კახას მსგავსად, პოლიტიკოსობას თქვენც აპირებდით. რატომ გადაიფიქრეთ?

- ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ბევრი რამ გავიგე, ბევრ რამეს სხვაგვარად შევხედე. თუმცა ის ეტაპი წარსულშია. ახლა მწვრთნელი ვარ, ფეხბურთს დავუბრუნდი!

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რა იცით?

- ამჟამად მთლიანად ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე ვარ გადართული და სხვა ლიგების მატჩების საყურებლად ვეღარ ვიცლი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში, ტრადიციულად, ბევრი ქართველი თამაშობს, ეროვნულ ნაკრებშიც მუდმივად იძახებენ მოთამაშეებს ჩვენი ჩემპიონატიდან. კიევში ყოველთვის ვგულშემატკივრობდით თბილისის "დინამოს". საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

- წარმოიდგენდით, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან ოთხ წელიწადში უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდებოდით?

- მოთამაშის კარიერის ბოლო წლებში უკვე ვოცნებობდი მწვრთნელობაზე. ნაკრებში თამაშისას მოთამაშე მწვრთნელის როლსაც ხშირად ვასრულებდი. ეს ჩემი ცხოვრების გუნდია, ვიდექი მისი შექმნის სათავეებთან, მასთან ერთად მივაღწიე გამარჯვებებს და შეიძლება ითქვას, რომ მთელ უკრაინაში ყველაზე კარგად მე ვიცნობ ჩვენს ნაკრებს! ამიტომაც, მსურს, ახლა მას ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო.

- თუმცა, უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მოთამაშე, ალბათ, კარგად აცნობიერებს, რომ ეროვნული ნაკრების ჩაბარებით, დიდ გამოცდას უწყობს იმ სიყვარულს, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში გრძნობდა. ამას საქართველოს ნაკრების და თემურ ქეცბაიას მაგალითზეც გეუბნებით...

- რისკის რომ მეშინოდეს, არ დავთანხმდებოდი ფეხბურთის ფედერაციის შემოთავაზებას. ახლა ცვლილებების დროა, გუნდის თამაშის გადაწყობის პროცესში ვართ. ამავდროულად, შედეგებიც უნდა ვაჩვენოთ, რადგან ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და დრო არ გვაქვს. პრიორიტეტი მაინც თამაშია - თუ ვაჩვენებთ მოსაწონ და ეფექტიან თამაშს, შედეგიც თავისთავად მოვა. ეს ორი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მივიზიდოთ გულშემატკივარი ნაკრებისკენ, ჩავრთოთ მის ცხოვრებაში.

- როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

- მზად ვართ, განვიხილოთ, ვიკამათოთ, ფანებიც ჩავრთოთ დისკუსიაში. ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც მზად ვარ... უკანასკნელი თვეების განმავლობაში უამრავი შეხვედრა გავმართე - ბავშვებთან, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან, ულტრასებთან, ბრიტანეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებთან... ყველა სანაკრებო შეკრების პირველ დღეს აუცილებლად ვაწყობთ ღია ვარჯიშს მაყურებლებისთვის. ხალხი მოდის, მხარს გიჭერს. ჩვენი მიზანია შევქმნათ უკრაინის დიდი გუნდი, სადაც გაერთიანდებიან არა მხოლოდ მოთამაშეები და მწვრთნელი, არამედ პრესა, მაყურებლები, ფანები.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: "უკვე "მოვკალი" საკუთარ თავში მოთამაშე და ახლა სრულფასოვანი მწვრთნელი ვარ". მართლაც ასეა? ვარჯიშების დროს არ გიჭირთ შეგირდებთან ერთად თამაშის სურვილისგან თავის შეკავება?

- საკუთარ სურვილებს ადვილად ვუმკლავდები. მთავარი ახალი გუნდის აშენებაა, რისთვისაც მზად ვარ, თვითონაც მოვიქციო ბურთი ფეხქვეშ და მოთამაშეებს ვაჩვენო, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში. გუნდისა და ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება. ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია და ამაზე ვმუშაობთ.

- წლებია, უკრაინაში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ახლანდელთაგან ყველაზე კაშკაშა გიორგი არაბიძეა. რას იტყვით მასზე?

- არაბიძე პერსპექტიული ყმაწვილია. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებიდან გამოვყოფ ჯაბა ლიპარტიას, რომელიც წარმატებით თამაშობს ლუგანსკის "ზორიაში".

- მოთამაშის რანგში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებთან გიმუშავიათ. ახლა, როცა თვითონ ხართ მწვრთნელი, მათ მეთოდებსა და მიდგომას სხვანაირად შეხედეთ?

- ნამდვილად გამიმართლა, რადგან უდიდეს მწვრთნელებთან მიმუშავია. ახლა ვხვდები, რომ ლობანოვსკი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ფეხბურთში მთავარი ტაქტიკაა - ეს ანჩელოტიმ მასწავლა.

- როგორ ფიქრობთ, ვალერი ლობანოვსკის მეთოდები დღესაც აქტუალურია, მოძველდა თუ პირიქით - მაშინაც პროგრესული იყო და დღესაც გამოსადეგია?

- ყველა წარმატებული მწვრთნელი თავისი ეპოქისთვის არის კარგი, რადგან იმ დროს მუშაობს. იმის დასადგენად, აქტუალურია თუ არა ლობანოვსკის მეთოდები, საჭირო იქნებოდა, დღეს დაგვენიშნა გუნდის თავკაცად და შედეგები გვენახა. სწორედ ეს იქნება პასუხი. სხვა ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია.

- ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც გითამაშიათ?

- ძალიან ბევრი. ბელკევიჩი, კალაძე, პირლო, კოშტა, დროგბა... მოწინააღმდეგე? გამიჭირდება ჩამოთვლა, არაერთი უდიდესი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია...

- რევაზ ჭოხონელიძე თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ "ვერ შეძლო შევჩენკოს გადარწმუნება, ლონდონის "ჩელსიში" არ გადასულიყო". თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ლონდონში გადაბარგებას "მილანში" დარჩენა ხომ არ სჯობდა? ან სულაც - სხვა კლუბში გადასვლა?

- იცით, მე კმაყოფილი ვარ საკუთარი კარიერით. იმით, როგორ ვთამაშობდი, ვიცვლიდი გუნდებს, რისკენ ვისწრაფოდი. და იმითაც, რითაც დავასრულე. "ჩელსიში" გადასვლა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემთვის. მეტის მიღწევა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ტრავმები უდიდეს სპორტსმენებსაც კი სდევს თან. ასეთია ფეხბურთი.

- "მილანში" გადასვლის შემდეგ, გოლების ფეიერვერკის და უკრაინული სალას გარდა, კიდევ რით გააოცეთ იტალიელები?

- თავდაჯერებით! ისე ძალიან ვიყავი დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში, ისეთ აღმავლობას ვგრძნობდი, მეგონა, მთებს გადავდგამდი! ეს არაერთმა თანაგუნდელმაც მითხრა.

- შეცვლიდით რამეს, კარიერის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს?

- არ ვაპირებ, ხელმეორედ დავიწყო თამაში. ჩემი მიზანი მწვრთნელის წარმატებული კარიერაა!

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ გოლი ან მატჩი, რომელიც თქვენთვის ფეხბურთთან ასოცირდება?

- ჩემთვის ფეხბურთი ბურთი და კარია. აი, რა მომდის თავში.

- რა გვიჩვენა ევროპის ბოლო ჩემპიონატმა?

- რომ ფეხბურთში საიდუმლო აღარ არსებობს. ყველამ ყველაფერი იცის ნებისმიერი მეტოქის შესახებ; ახლა პატარა გუნდსაც შეუძლია, წარმატებით ეთამაშოს ფავორიტს.

- მესი, რონალდუ, თუ...

- იარმოლენკო, რაკიცკი და ზინჩენკო!

- რას ეტყვის ანდრეი შევჩენკო ქართველებს?

- გამარჯობა, გენაცვალე!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით