"კოტეს და დათოს ცხოვრება ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს"
28-11-2016
"კოტეს და დათოს ცხოვრება ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს"
"კოტე მახარაძე დათო ყიფიანს ფეხბურთის "ჭკუისკოლოფას" ეძახდა"

"კოტე ხუმრობდა - გინესის რეკორდების წიგნში ვარ შესაყვანი, ჩემს თეატრს სიდედრის სახელი ვუწოდეო"


წლევანდელი ნოემბერი გამორჩეულია საიუბილეო თარიღებით: 17 ნოემბერს 90 წელი შესრულდა კოტე მახარაძის დაბადებიდან, 18-ში კი - დავით ყიფიანის 65 წლისთავი... სხვადასხვა ღონისძიება მანამდეც გაიმართა, იუბილეებზე კი საკადრისი საჩუქრებიც ვნახეთ - დავით ყიფიანს საინტერესო წიგნი მიეძღვნა, ფიქრის გორის ნაწილს კი ამიერიდან კოტე მახარაძის სახელი ჰქვია... ქართული სპორტული სამყაროს ამ ორი ვარსკვლავის
გასახსენებლად ჯამლეტ ხუხაშვილზე უკეთეს რესპონდენტს სად ვიპოვიდით?!

- კოტეს და დათოს ცხოვრება ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს - ორივე საოცრად ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, უზომოდ პოპულარული იყო და ნიშანდობლივია, რომ მათ იუბილეებსაც ერთი დღის სხვაობით აღვნიშნავთ. ორივესთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა, მაგრამ კოტე მახარაძე ჩემი მასწავლებელი და
გზის გამკვალავი იყო და ალბათ, მომიტევებთ, მასზე თუ უფრო მეტს ვილაპარაკებ. 17 ნოემბერს დიდუბის პანთეონში შევიკრიბეთ, მერე კი, ფიქრის გორაზე გადავინაცვლეთ, სადაც პატარა ქუჩას კოტე მახარაძის სახელი ეწოდა... სხვათა შორის, 2016 წლის დასაწყისშივე გამოვაცხადე ტელევიზიით, რომ მთელი წელი მიეძღვნება კოტე მახარაძეს და ასეც არის.

- როგორი იყო "ნამდვილი" კოტე მახარაძე - სცენის, კადრს, მიკროფონს მიღმა?

- ძალიან თავმდაბალი. წარმოუდგენელია, თანამოსაუბრისთვის რამით მაინც ეგრძნობინებინა, რომ მასზე მაღლა იდგა. არადა, ის იყო განუმეორებელი უნივერსალი, რომელიც წარმატებით იბრძოდა მრავალ ფრონტზე და კოლეგებზე ერთი თავით მაღლა იდგა, არა მხოლოდ როგორც კომენტატორი - იყო საუკეთესო მსახიობი და პიროვნება, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად საუკუნის კომენტატორად დასახელებული... პოსტსაბჭოეთის ქვეყნების პრეზიდენტები მათივე რანგის სტუმარივით იწვევდნენ. იდეალური იყო კოტეს და სოფიკოს წყვილი. ღმერთმა ინება, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ერთად მოუტანეს თავიანთ ქვეყანას უდიდესი სახელი. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერი ვართ, დიდი ხნის განმავლობაში რომ ვიყავით კოტეს, სოფიკოს, დიდი ვერიკოს გვერდით...

- ცნობილია, რომ კოტე მახარაძეს გამორჩეულად უყვარდა დავით ყიფიანი...

- დათო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მსოფლიო მასშტაბის ვირტუოზი. კოტეს მართლაც გამორჩეულად უყვარდა და უხვად აჯილდოებდა იმ ეპითეტებით, რომლებსაც სხვებისთვის იშვიათად იმეტებდა. დათო ყიფიანს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის - უბედნიერესი კაცი ხარ, კოტე მახარაძის მოწაფის ოფიციალური სტატუსი რომ გაქვს, შეგიძლია, მთელი დღის განმავლობაში მასთან იყო და ერთად გაიაროთ ცხოვრების გარკვეული ნაწილიო... სული სულს ცნობდა - ორივე მრავალმხრივ განვითარებული დიდოსტატი იყო: კოტეზე უკვე ვილაპარაკე. დათო? დიდებული ფეხბურთელი, უცხო ენების ჩინებულად მცოდნე, გამორჩეული იუმორის პატრონი, შესანიშნავი თამადა, და საოცრად თავაზიანი კაცი...

- ყიფიანს ეპითეტებით ანებივრებდაო... გაიხსენებთ რომელიმეს?

- კინოფილმ "ღიმილის ბიჭების" მეტსახელები ხომ გახსოვთ? დათო ყიფიანი კოტესთვის ფეხბურთის "ჭკუისკოლოფა" იყო. ვერ გამიგია, ასეთი რა აზროვნება აქვს, მოედანს ასე როგორ ხედავსო! აღფრთოვანებული იყო ყიფოს დიაგონალური, გამჭოლი პასებით, მოძრაობითა თუ დიდოსტატური ტექნიკით - ბურთს ერთი შეხებით რომ გააქვავებდა და მერე, გახედვაც არ სჭირდებოდა, ისე აკეთებდა უზუსტეს პასს! კოტე მახარაძეს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების თამაში უნახავს, მაგრამ დათოს თამაშით განცვიფრებული იყო და ამას არც მალავდა.

- რაში იყო კოტე მახარაძის რეპორტაჟის მთავარი ხიბლი - ხმის ტემბრი, ამოუწურავი სიტყვათა მარაგი, ემოცია?

- ყველაფერი ერთად: გენიალური ხმის ტემბრი, ცოდნა, უნიკალური მეხსიერება... თეატრში ყველას როლი ზეპირად იცოდა და თუ ვინმე რეპეტიციას აცდენდა, კოტეს სთხოვდნენ დახმარებას. ყველას ეხმარებოდა საქმით, სიტყვით, მატერიალურად... არა მხოლოდ საფეხბურთო რეპორტაჟები, ოლიმპიური თამაშების მრავალი სახეობაც მიჰყავდა. მათ შორის - რუსულ ენაზეც!

- თანაც, ორივე ენაზე წარმატებით...

- თუნდაც ამიტომ იყო უნიკალური ადამიანი. განა იდეალურად უძღვებოდა რეპორტაჟებს როგორც მშობლიურ, ისე რუსულ ენაზე! ბუნებრივია, ჰქონდა ქართული აქცენტი, მაგრამ მიუხედავად მათი ეგოიზმისა და შურისა, რუსმა კომენტატორებმაც კი აღიარეს საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რუსულენოვან კომენტატორად. წარმოიდგინეთ, როგორ უნაკლოდ უნდა სცოდნოდა რუსული ენა, ასეთი აღიარება რომ დაემსახურებინა.

- ეროსისთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

- განუყრელი მეგობრები იყვნენ. კოტე სულ თვალებში უყურებდა, აღტაცებული იყო მისი ნიჭით, ხმის ტემბრით... ასე ვიყავი მეც - ვცდილობდი, ხმის ტემბრი კოტესთვის მიმემსგავსებინა... აღსანიშნავია, რომ კოტე მახარაძე პირველად სწორედ ეროსიმ მიავლინა კომენტატორად. 1957 წელს თბილისში გასამართი საქართველოს და აშშ-ის ნაკრები გუნდების საკალათბურთო მატჩისთვის კომენტატორს ეძებდნენ. ეროსის მხოლოდ საფეხბურთო მატჩები მიჰყავდა და მეგობრის კანდიდატურა დაასახელა - კალათბურთშიც ერკვევა და ენამოსწრებულიც არისო. ასე წაიყვანა პირველი საკალათბურთო რეპორტაჟი კოტე მახარაძემ. ბევრმა არც იცის, რომ ის კარგად თამაშობდა კალათბურთს და 1946 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშიც ირიცხებოდა.

- ეთანხმებით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ქართულ სპორტს დღეს სწორედ ძლიერი ადამიანები აკლია? ისეთი პიროვნებები, როგორიც იყვნენ კოტე მახარაძე, დავით ყიფიანი, კახი ასათიანი...

- არ ვიცი, კიდევ როდის გვეყოლება კოტესნაირი ადამიანი... გენიალური თამადაც იყო, რაც ყველა პროფესიაზე რთულია... როცა ერევანში ნიკიტა სიმონიანის 75 წლის იუბილე გადაიხადეს, სწორედ კოტე იყო ათასკაციანი სუფრის თამადა. მას არაერთხელ წაუყვანია ერევნის "არარატის" საერთაშორისო შეხვედრების რეპორტაჟები და სომხეთშიც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. სიმონიანის იუბილედან ერთი კვირის განმავლობაში ნიკიტაზე კი არა, ყველა კოტეს თამადობაზე ლაპარაკობდა! ხანდახან ბოდიშს მოგვიხდიდა - ერთი საათით დაგტოვებთო, გადიოდა პატარა ოთახში და წიგნის წერას აგრძელებდა. მის ნაწერს არც სტილისტი სჭირდებოდა, არც კორექტორი და არც რედაქტორი, ნაწერი პირდაპირ სტამბაში უნდა წაეღო...

- დათო ყიფიანს დავუბრუნდეთ: რესპონდენტის ამპლუაშიც შეხვედრიხართ?

- დათო ჩემი უმცროსი მეგობარი იყო. კოტეს მსგავსად, მასაც ყველაფერი ეხერხებოდა - იყო გენიალური თანამესუფრე, უღალატო მეგობარი, თავაზიანი, უამრავი ანეკდოტის მცოდნე... 1989 წელს თბილისის "დინამოსთან" ერთად მთელი ისრაელი შემოვიარე და დათომ ყველა გაგვაოცა - თურმე, როგორი მორწმუნე კაცი ყოფილა...

- როცა დათო ყიფიანს წარმოიდგენთ, პირველ რიგში რა გახსენდებათ?

- მეფე იყო მოედანზე! როცა ბურთი მას ჰქონდა, კომენტატორები მშვიდად ვიყავით, ვიცოდით, რომ არასდიდებით არ დაკარგავდა ბურთს და შეტევას დიდოსტატურ გაგრძელებას მოუძებნიდა! დათო ცალკე გუნდი იყო და ასეთად დარჩა ჩემს მეხსიერებაში... მილანის "ინტერთან" 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, ყიფო გმირად იქცა იტალიელებისთვის. გარეგნულად ძალიან ჰგავდა სანდრო მაცოლას. როცა გაიგეს, როგორი ფეხბურთელი და ადამიანი იყო, ყიფიანს კი აღარ ადარებდნენ მაცოლას - რა ბედნიერია სანდრო, დათოს რომ ჰგავსო!

- თანამედროვე ფეხბურთში როგორ ითამაშებდა დავით ყიფიანი?

- შეიცვალა სისწრაფე და ტაქტიკა, ფეხბურთი უფრო ათლეტურიც გახდა, მაგრამ დათო ყიფიანი ისეთი ნიჭის პატრონი იყო, ყველა დროში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა!

- ვცდილობდი, კოტესთვის მიმებაძაო... რა ისწავლეთ მისგან?

- ჩემს ცხოვრებაში იყო ორი მთავარი ადამიანი, ვისგანაც სულ ვსწავლობდი: ჩემი ძმა ირაკლი და კოტე მახარაძე. ირაკლი ძალიან ახალგაზრდა, 46 წლისა გარდაიცვალა და მას მერე ჩემი გზამკვლევი კოტე იყო. ის იყო ცოდნის ამოუწურავი მადანი, საიდანაც ყოველდღე ვსწავლობდი რაღაც ახალს... კოტე მახარაძის სახელობის ქუჩა უკვე არის ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩის ქვევით. ერთი მსახიობის თეატრი რომ დააარსა და მას ვერიკოს სახელი უწოდა, ხუმრობდა - გინესის რეკორდების წიგნში ვარ შესაყვანი, ჩემს თეატრს სიდედრის სახელი ვუწოდეო. ცოცხალი რომ იყოს, გინესის წიგნში შეყვანას კიდევ ერთხელ "მოითხოვდა", რადგან მისი და მისი სიდედრის სახელობის ქუჩები გვერდიგვერდ არის.
07 თებერვალი 2017 17:34
Udidesi legenda msoplio pexburtis istoriahi ganumeorebeli fintebis udidesi virtuozi da legendaruli adamiani gmertma acxonos misi suli
jiji
01 თებერვალი 2017 21:37
ყიფიანი, საქართველოს ისტორიაში, ერთერთი არა, ბატონო ჯამლეტ! ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, საუკეთესო ფეხბურთელი იყო და დღემდე რჩება! მგონი, ეს სადაო არავისთვის არის! ალბათ, სულმნათი სიმონიკა სხირტლაძე,რომ გააცოცხლო, მასაც კი არ ეყოფა სიტყვები კოტე მახარაძის და დავით ყიფიანის შესამკობად! კაცები რომლებმაც დაამშვენეს ჩვენი სამშობლო! ნათელში ამყოფოს მათი სულები!
nukri, kopilli policieli
01 თებერვალი 2017 15:58
ვოვას რამაზს ვიტალის ორ სჰოტას...........გაუმარჯოს.

რედაქტორის რჩევით