ნარშავი კილმარნოკი - კვირის პალიტრა

ნარშავი კილმარნოკი

შოტლანდია 43:16 საქართველო

"შავი პარასკევი" წინადღით იყო, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის ნათელი არც შაბათი გამოდგა. ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრაში ბორჯღალოსნები კილმარნოკში ესტუმრნენ შოტლანდიას და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან 27-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. "ნარშავებს" (შოტლანდიელთა მეტსახელია. - ავტ.) სარაგბო სამყაროში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილი უჭირავთ და ჩვენამდე ერთი კვირით ადრე შინაურ კედლებში არგენტინასაც კი აჯობეს. ესეც რომ არა, მათთან მოგებაზე ჯერჯერობით ისევ ოცნება თუ შეგვიძლია, მაგრამ ქართველი ქომაგი მაინც იმედიანად ელოდა სქოთებთან შეხვედრას.

რა გვაძლევდა იმედის საფუძველს, მეორე საკითხია, მაგრამ ერთი კი ცხადია - ეს იყო მატჩი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდით და რომელსაც ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. და რა ვნახეთ? ვნახეთ, რომ "ნარშავებმა", ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი და მეორე ნახევარში თავი აღარ გამოუდიათ. ნაწილობრივ, ალბათ, ამის ბრალიც არის, საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში პირველზე უკეთ რომ თამაშობდა... პირველ ნახევარში კი შოტლანდიამ არც ბურთს გაგვაკარა და არც თავის ჩათვლის მოედანს. მეხუთე წუთზე ლობჟანიძის მიერ გატანილი ლელოც მხოლოდ რამდენიმე წუთს გვეყო, მერე კი შოტლანდიური მანქანა მთელი ძალით ამუშავდა და ანგარიშის ზრდასთან ერთად, "ექვსი ერისკენ" მიმავალი გზაწვრილიც კიდევ უფრო დაკლაკნილი გახადა.

როგორც უკვე ვთქვით, მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა შედარებით უკეთ ითამაშა და მეორე ლელოს გატანაც შეძლო. ბიჭებს მონდომებას და ბრძოლას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ მთლიანობაში არათუ მოგების, სხვაობის მინიმუმამდე მიყვანის შანსიც არ გვქონია. შოტლანდიამ ყველაფერში გვაჯობა, ამას ჩვენი შეცდომებიც დაემატა და ამ ფონზე 43:16 ლოგიკური ანგარიშია. თუმცა "ნარშავებთან" წაგება არც შავ პერსპექტივას ნიშნავს და არც ტრაგედიას. აი, ბრიტანულ ნაკრებებთან ტესტ-მატჩების სტუმრად გამართვა კი ნამდვილად ბევრს ნიშნავს. მეტიც, სწორედ ასეთ შეხვედრებზე გადის ის გზა, რომელიც აუცილებლად მიიყვანს საქართველოს "ექვს ერამდე"! ვისაც ეს სიტყვები ზედმეტ ოპტიმიზმად ეჩვენება, გაიხსენოს იტალიის მაგალითი, რომელიც უკვე წლებია, "ექვს ერს" თამაშობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე გამარჯვებით შეუძლია თავის მოწონება, ჩვენთან თამაშს კი ყველანაირად არიდებს თავს.

ეს წაგება კი ბევრს არაფერს ნიშნავს. უფრო იმ სარკეს ჰგავს, გვერდიდან რომ დაგვანახებს ჩვენს ავ-კარგსა და უახლოეს პერსპექტივასაც.

"ნარ-შავია" თუ თეთრი, რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.