"რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!" - კვირის პალიტრა

"რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

"პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ"

ნოემბრის ტესტების შეფასება ბორჯღალოსანთა მწვრთნელისგანაც მოვისმინეთ და ნაკრების რამდენიმე მორაგბისგანაც. თუმცა, ვისაც რაგბი უყვარს, იაპონია-სამოა-შოტლანდიასთან შეხვედრებზე მამუკა გორგოძის შეხედულებაც აუცილებლად დააინტერესებს. საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" ვარსკვლავთან ინტერვიუ საფრანგეთის ტოპ-14-ის ბოლო ტურში მომხდარი ინციდენტით დავიწყეთ:

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...

- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულეთ. არადა, ვარსკვლავური "ტულონისგან" მხოლოდ პირველობას ელიან...

- კლუბის პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს უკვირთ, წინა წლების მსგავსად, ახლაც პირველ ადგილზე რატომ არ ვართო! ავიწყდებათ, რომ გასულ წლებში ჩვენსავით ძლიერი შემადგენლობა არავის ჰყავდა. წელს "მონპელიე", "რასინგი", "ლა როშელი", სხვა კლუბები ძალიან გაძლიერდნენ, "ტულონს" კი არაერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. თუმცა ოთხეულში აუცილებლად შევალთ, მერე კი... გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს.

- ნოემბრის ტესტებზე გადავიდეთ: იაპონიასთან წაგების ერთ-ერთი მიზეზი ოკეანეთის ტურნედან წამოყოლილი ეიფორიაც ხომ არ იყო?

- შოტლანდიასთან თამაშით გულდაწყვეტილი ვარ, სხვა შეხვედრებში კი ცუდად არ გვითამაშია. თავის და თანაგუნდელების გამართლება არასდროს დამიწყია, თუმცა, როგორც პროფესიონალი, გეუბნებით: იაპონიას ყველაფერში ვაჯობეთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ყველა შანსი გამოიყენეს და ოთხ შეტევაში ოთხი ლელო დადეს... რაც შეეხება შოტლანდიას, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, ვერც მათ შემოთავაზებულ თამაშს ავუღეთ ალღო და... პირველ ტაიმში "დაგვეძინა". თუმცა დამიჯერეთ - დღეს რომ ვეთამაშოთ ნეიტრალურ ან თუნდაც ისევ მათსავე სტადიონზე, ასეთი სხვაობით აღარ წავაგებთ და დიდ ბრძოლასაც გავუმართავთ!

- მერე რა იქნება, სხვა საკითხია, მაგრამ "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...

- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- იაპონია დავჯაბნეთ შერკინებაში, დერეფანში, რაქში... მაგრამ სისწრაფეში აშკარად გვაჯობეს და ოთხივე ლელო ამის დამსახურებაა, სისწრაფეში თითქმის ყველა ძლიერ ნაკრებს ჩამოვრჩებით...

- გამოსავალი სწორედ სწრაფ გუნდებთან ხშირი თამაშია. კუნძულელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აშშ-ს და კანადასაც ძლიერი უკანახაზელები ჰყავთ. მათთან შეხვედრებში უნდა გამოვიწრთოთ. საქართველოს ნაკრები საუკეთესო თამაშს ხანგრძლივი შეკრების შემდეგ აჩვენებს ხოლმე, "ექვსი ერის" მასშტაბის გათამაშებისთვის კი არც ხანმოკლე შეკრებები გვეყოფა და არც სათადარიგოთა სკამი, ტრავმირებული ლიდერები უმტკივნეულოდ რომ შევცვალოთ. სამოასთან, ფიჯისთან, ტონგასთან, აშშ-თან, კანადასთან ჭიდილში რომ მოვძლიერდებით და ფავორიტები ვიქნებით, მერე თამამად გვექნება პრეტენზია "ექვს ერზე"... თუმცა ამას იმდენი დრო დასჭირდება, შესაძლოა, მოთამაშის რანგში მე ვერც მოვესწრო ჩამოთვლილ ნაკრებებთან ფავორიტობას.

- იაპონიასთან ზედმეტმა თავდაჯერებამაც ხომ არ გაგიწიათ დათვური სამსახური?

- თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია, იაპონიას უნდა მოვუგოთ, მაგრამ... არც ის დაგვავიწყდეს, რომ "საკურებმა" სამხრეთ აფრიკა წააქციეს და მსოფლიო თასზე ჩვენი გამოსვლა გადაფარეს. იაპონია რომ არა, ჩვენ ვიქნებოდით 2015 წლის მსოფლიო თასის მთავარი სენსაციის ავტორები. წავაგეთ და რაღა მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ იაპონიას ყველაფერში ვაჯობეთ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა...

- იმავეს ვამბობ - ასეთ ძლიერ ნაკრებთან "აუცილებლად გამარჯვების" მოლოდინიც ხომ დამატებითი წნეხი იყო? მესამოცე წუთის შემდეგ, როცა სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ჩვენი გუნდი აირია...

- ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ იაპონიასთან მოგებით მსოფლიო რეიტინგის მეათე საფეხურზე გადავდიოდით, რაც მართლაც გამორჩეული და დასაფასებელი შედეგი იქნებოდა ჩვენი დონის გუნდისთვის.

- გასაგებია, რომ ლელოს გატანა გვინდოდა, მაგრამ არ სჯობდა, დასარტყმელი ჯარიმები კარში დაგვერტყა და ლელოზე დაწინაურების შემდეგ გვეფიქრა?

- საჯარიმოების აცილების შემდეგ კიდეზე გადატანაზე გავაკეთეთ აქცენტი. პირველ ნახევარში ლელოებიც გავიტანეთ და წინაც ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ, მეორე ტაიმში ყველა ჯარიმა კარში დაგვერტყა. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ბევრჯერ არ მოგვეცა. ისე კი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არც მწვრთნელი იღებს, არც კაპიტანი - ერთი გუნდი ვართ და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ.

- ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოს ნაკრების შერკინება დომინანტია მსოფლიო მასშტაბით! შერკინებების 60% ჯარიმით გვაქვს მოგებული... რის ხარჯზე ხდება ეს? ჯანიანი ბიჭები ხომ არც სხვა გუნდებს აკლიათ...

- ძნელი სათქმელია... მოლს რომ ვამუშავებთ ხოლმე ვარჯიშზე, ჩვენი ბიჭებისგან ისეთ ძალასა და წნეხს ვგრძნობ, საფრანგეთში იშვიათად შემხვედრია. დიდი ჯანის პატრონები არიან... საქართველო ყველა მორაგბით ამაყობს, მაგრამ პირველი ხაზი მართლაც ფანტასტიკური გვყავს, ერთიმეორეზე უკეთესი ბიჭები!

- ამ ფონზე ორმაგად გულდასაწყვეტია, შერკინების ასეთ უპირატესობას მატჩის საბოლოო შედეგზე რომ ვერ ავსახავთ.

- რაგბიში ჩაუხედავი, შეიძლება, ვერც მიხვდეს, რამხელა სარგებელი მოაქვს შერკინებას, რამდენ მეტოქეს ითრევს, როგორ ნაპრალებს აჩენს მოწინააღმდეგის დაცვაში... ხაზშიც ჩინებული ბიჭები გვყავს, ტექნიკურებიც არიან და სწრაფებიც, მაგრამ ხაზი გაცილებით რთული სათამაშოა, მთელი ფილოსოფიაა! მთლიანობაში, რაგბი ურთულესი სახეობაა. გრანდებთან მიახლოებას და მათ დონეზე თამაშს ათწლეულები სჭირდება. თუმცა, რა დონის ქვეყანაც ვართ და რა დონიდანაც დავიწყეთ, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ!

- თანაც რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...

- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს. ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებული არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?

- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...

- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

- იაპონიისა და სამოას მწვრთნელები გაოცებას ვერ მალავდნენ - არსად გვინახავს, წაგებული და მოგებული თამაშის შემდეგ გუნდს ერთნაირი სიყვარულით აცილებდნენო...

- რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია! ჩვენს გენსა და ტრადიციაში დევს და მინდა, გულშემატკივარს ვუთხრა - წაგებების მიუხედავად, გული არ აიცრუონ! თუ შეამჩნევენ, რომ რაღაც არასწორად მიდის, ობიექტურ კრიტიკას ყოველთვის მივიღებთ.

- შოტლანდიასთან მატჩს დავუბრუნდეთ: რას ელოდით და რა წამოიღეთ კილმანროკიდან?

- შოტლანდია უძლიერესი გუნდია, ვერნ კოტერის ხელში განსაკუთრებით კარგად თამაშობენ, მაგრამ... მაინც გვმართებდა უკეთ თამაში. სამოელების დამარცხებით გახარებული ვიყავით და, მგონი, სათანადოდ ვერ შევაფასეთ სქოთების ძალა, ვერ ვითამაშეთ საჭირო კონცენტრაციით, ამას მოულოდნელობის ფაქტორი და გამოუცდელობაც დაემატა... არადა, პირველ ნახევარშიც რომ მეორეს მსგავსად გვეთამაშა, ამხელა სხვაობით არ წავაგებდით.

- პირველი ტაიმი თავიდანვე წაგებულის პოზიციიდან ვითამაშეთო, თქვა ჰეიგმა. მართლაც, ბურთი სულ მასპინძლებს ჰქონდათ. ჩვენ კი, იმის ნაცვლად, შერკინებიდან მოკლე პასებით გვეცადა წინსვლა, ფლანგებზე გადაგვქონდა და ფეხით ვცდილობდით ბურთის გადაკიდებას.

- ბიჭებთან კი ვამბობდი, უნდა მოვიგოთ-მეთქი, მაგრამ არ დაგიმალავთ - შოტლანდიის სტუმრად დამარცხების ილუზია არ მქონია! კარგად უნდა გვეთამაშა და დიდი სხვაობით არ წაგვეგო... მაგრამ დაგვაკლდა მომზადებაც და ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდილებაც, მათი სისწრაფითაც გაოცებული დავრჩით... თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია, მეორე ტაიმში მოვინდომეთ და რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ.

- კილმარნოკში წაგების შემდეგ ქართველები ქართული დროშებითა და შეძახილებით შეგხვდნენ ადგილობრივ პაბში... თქვენი ხასიათი რომ ვიცი, წაგებული მატჩის შემდეგ ასეთი დახვედრა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებდათ.

- მოკლედ ვიტყვი: აი, ეს არის რაგბის გულშემატკივარი! ნურავის ეწყინება, მაგრამ ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ქომაგი გვყავს... პაბში ძალიან უხერხულად ვიგრძენით თავი, გამარჯვებულ გუნდს არ ეგებებიან ისე, ჩვენ რომ დაგვხვდნენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის...

- რა დაგვანახა შოტლანდიელ "ნარშავებთან" მატჩმა - "ექვსი ერისკენ" მიმავალი გზაწვრილი კიდევ უფრო ეკლიანი გახდა?

- რა ეტაპზეც ახლა ვართ, იმის იქით წასვლა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითამაშოთ ძლიერ გუნდებთან, წაგებებისთვის მზად ვიყოთ და გავაცნობიეროთ, რომ საკმაოდ დიდხანს ჩვენი მიზანი ათეულში შესვლა და იქ ადგილის შენარჩუნება იქნება! ჩვენისთანა ქვეყნისთვის ათეულში ყოფნა და იქ ბობოლებთან ბრძოლა ძალიან დიდი სახელი და წარმატებაა! მსოფლიოში ბევრს რაგბიმ გააცნო საქართველო. თანაც, მებრძოლი სულით, შეუპოვარი ხასიათით გავაცანით თავი და არც შევიცვლებით!