"ფენომენური მარკოიშვილი" და სანიკიძეზე შეყვარებული იტალიელები - კვირის პალიტრა

"ფენომენური მარკოიშვილი" და სანიკიძეზე შეყვარებული იტალიელები

რამდენიმე დღის წინ ბოლონიაში მორიგი "ქართული დერბი" გაიმართა: ადგილობრივმა "ვირტუსმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე თამაშობს, მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" უმასპინძლა და 76:80 დამარცხდა.

სანიკიძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 6 ქულას 9 მოხსნაც მიამატა. გაცილებით ნაყოფიერად ითამაშა მარკოიშვილმა, რომელმაც მხოლოდ 13 წუთი ითამაშა (ხუთი ჯარიმის გამო მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა) და 10 ქულას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მეხუთე ჯარიმა მანუჩარმა სწორედ თანამემამულის წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის თამაშით იტალიაში აღფრთოვანებული არიან, ბოლონიაში მოგების შემდეგ კი იტალიელმა ჟურნალისტმა მანუჩარ მარკოიშვილს Un Fenomenale უწოდა. ფენომენურ კალათბურთელს იტალიაში დავურეკეთ:

- ბოლონიაში გამარჯვება ყველას უჭირს, მათ შორის, ჩემპიონატის გამოკვეთილ ფავორიტ "მონტეპასკისაც" კი. ასე რომ, "ვირტუსის" სტუმრად დამარცხება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ და სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ.

- ძალიან ნაყოფიერად კი ითამაშეთ, მაგრამ მოედნის დატოვება მეტისმეტად ადრე მოგიხდათ...

- მოედანზე მხოლოდ 13 წუთი ვიყავი. პრინციპში, მატჩის დაწყებამდეც ვიცოდი, სათამაშოდ ბევრი დრო რომ არ მექნებოდა, - ტრავმის შემდეგ ჩვეული ფორმა ჯერაც არ დამიბრუნებია, მაგრამ მართალი ხართ, 13 წუთში 5 ჯარიმა მაინც ბევრია...

- ალბათ, ბედის ირონიაა, მაგრამ მეხუთე ჯარიმა სწორედ თანამემამულისა და მეგობრის, ვიქტორ სანიკიძის აკრძალული წესით შეჩერებისთვის მიიღეთ... მატჩის შემდეგ ვიქტორი დანანებით ამბობდა, არ ვიცოდი, ასე მცირე დროში უკვე ოთხი ჯარიმა თუ ჰქონდაო, თორემ...

- თორემ რას იზამდა, აღარ შეუტევდა (იცინის)? ხუთიდან სამჯერ სწორედ სანიკიძის წინააღმდეგ თამაშისას დავჯარიმდი... სხვა რა გზა მქონდა?! თავზე გადამახტებოდა და ისე ჩატენიდა ბურთს კალათში. წესის დაურღვევლად მისი შეჩერება შეუძლებელია...

- თქვენი თამაშით იტალიელი ჟურნალისტები ხშირად არიან აღფრთოვანებული. მაგალითად, "ვირტუსთან" მოგების შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში წერდნენ, "ფენომენურმა მარკოიშვილმა "კანტუს" მოაგებინაო". ასეთ შეფასებაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- სიმართლე გითხრათ, ეგ სტატია არ წამიკითხავს. რეაქცია? - ჩვეულებრივი. მოედანზე ყოველთვის იმისთვის გავდივარ, რომ ჩემი საქმე გავაკეთო, ბოლომდე ვიბრძოლო და მეტოქეს თავისუფლად თამაშის შესაძლებლობა მოვუსპო. შესაძლოა, თავდასხმაში არ გამოგივიდეს თამაში, მაგრამ თუ თავდაუზოგავად იბრძოლებ და დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებ, გუნდს დიდ დახმარებას გაუწევ. კალათბურთელის მოვალეობა სწორედ ეს არის, ამიტომაც მსგავსი შეფასებები განსაკუთრებულად არც მახარებს და არც მიკვირს, თუმცა სტიმულს ნამდვილად მაძლევს...

- "კანტუში" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად ხართ, თუმცა ისეთი გამოკვეთილი ჯერ ვერა, როგორც წინა კლუბებში, თუნდაც - "კიევში". ბუნებრივია, იტალიისა და უკრაინის ჩემპიონატების შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ გვინდა, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ "ძველებური მანუჩარი"...

- იტალიის ჩემპიონატი ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში, მაგრამ მთავარი ეს არ არის. "კანტუს" მთავარი პლუსი გუნდური თამაშია, თორემ სხვა გუნდებისგან განსხვავებით "ვარსკვლავური" დონის არც მოთამაშეები გვყავს და არც მწვრთნელი - ანდრეა ტრინჩიერისთვის ეს პირველი სეზონია სერია  A-ში. როცა გუნდში ერთი გამოკვეთილი ლიდერია, მოწინააღმდეგეს ამოცანა უადვილდება, - იმ ერთ მოთამაშეს "ამოკეტავს" და მორჩა... დაცვაში უშეცდომო თამაში და გუნდური შეტევა - აი, ჩვენი გუნდის წარმატების "საიდუმლოც" და თქვენი კითხვის პასუხიც...

- "ვირტუსთან" მატჩამდე კოჭის ტრავმის გამო ორი კვირა გაგიცდათ. ეს ის კოჭია, შარშან ზაფხულს ნაკრების მატჩები რომ გამოგატოვებინათ?

- დიახ, სწორედ ის არის. აქამდე არ შევუწუხებივარ, მაგრამ ორი კვირის წინ ფეხი ცუდად დავდგი და კოჭი გადავიბრუნე, რის გამოც ნახევარი თვე გამიცდა. სეზონის ბოლოს საფუძვლიან გამოკვლევას ჩავიტარებ და გავიგებ, რამდენად სერიოზულად არის საქმე. ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - რაც შეიძლება გავიხანგრძლივო კარიერა...

- სანიკიძის თამაშზეც უნდა გკითხოთ. ვიქტორთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებთ და მისი შესაძლებლობებიც კარგად იცით. ამიტომ თქვენი შეფასება ძალიან საინტერესოა მკითხველისთვის...

- მეგობრისა და თანაგუნდელის პოზიციიდან არა - როგორც კალათბურთელი კალათბურთელს ისე შევაფასებ... წელს მართლაც კარგად თამაშობს და მწვრთნელი მეტ სათამაშო დროს რომ აძლევდეს, მერე გენახათ... სხვათა შორის, ამ თემაზე ხშირად ვლაპარაკობთ და ვიქტორი გულგატეხილი ნამდვილად არ არის, - ნებისმიერ წამს, როცა გუნდს სჭირდება, მზადაა მოედანზე შესასვლელად და სასწაულებს სჩადის. იტალიაში მისი თამაშით აღფრთოვანებული არიან. შორს რომ არ წავიდე, ჩემს მწვრთნელს - ანდრეა ტრინჩიერისაც ძალიან უყვარს სანიკიძე, სულ მასზე მელაპარაკება.

- ამბობენ, სანიკიძის გადაბირება მადრიდის "რეალს" უნდაო...

- მეც პრესიდან შევიტყვე ეს და ძალიან გამიხარდა. ვიქტორი ნამდვილად იმსახურებს ძლიერ გუნდში თამაშს, მაგრამ რამდენად რეალურია ტრანსფერი, ვერაფერს გეტყვით, სჯობს, თავად სანიკიძეს ჰკითხოთ.

- ერთმანეთის ნახვას ხშირად ახერხებთ?

- ტელეფონით ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ისე კი, თუ 1-2 თავისუფალი დღე გამოგვიჩნდება, ან მე მივდივარ ბოლონიაში, ან ვიქტორი ჩამოდის კანტუში. მატარებლით მხოლოდ ერთი საათის გზაა ამ ორ ქალაქს შორის.

- იტალიაში წლების წინაც თამაშობდით, მაგრამ ახალ ქალაქებთან შეგუებას მაინც დრო უნდა...

- არ გამჭირვებია, რადგან უკვე წლებია, უცხოურ კლუბებში ვთამაშობ, ჩემი პირველი უცხოური კლუბიც იტალიური იყო. ცოტაოდენი იტალიური ენაც ვიცოდი, აქაურებსაც ვახსოვდი და... ისე, ჩემი აზრით, პროფესიული ზრდისა და ძლიერ კლუბში მოხვედრის პერსპექტივისთვის იტალიის ჩემპიონატი ზედგამოჭრილია...

- იტალია ყველაფრისთვის "ზედგამოჭრილია"... თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ხოლმე?

- ფეხის ტრავმის შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდი "გართობა" დასვენებაა, კოჭს დიდი ყურადღება სჭირდება. ისე კი, როცა ვახერხებ, იტალიაში სანახავის მეტი რა არის? მილანი ორ ნაბიჯზეა, კომოს ტბა, შვეიცარიაც ძალიან ახლოსაა, აღდგომას რომში წავედით...