"მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე" - კვირის პალიტრა

"მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე"

რუსეთის ნაკრების მწვრთნელს და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას - როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ

"ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს!"

რუსული რაგბი ქართველს ჩააბარეს: რამდენიმე კვირის წინ გამართულ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 50 წლის მამუკა ლოსაბერიძემ გაიმარჯვა - ქუთაისის "აიას", რუსული და ფრანგული კლუბების, საქართველოსა და საბჭოეთის ნაკრებების ყოფილმა ჰავბეკმა. 23 წელიწადზე მეტია, რუსეთის ნაკრებს ბორჯღალოსნები არ დაუმარცხებია და... ალბათ, ახლა მიეცემათ იმედი, რომ ქართველი რუს დათვსაც ასწავლის "ხეზე ასვლას"... ახალარჩეული პრეზიდენტი არც მალავს, რომ იცის ქართველების დამარცხების საიდუმლო. ტყვია-წამალიც მაქვს, მაგრამ "მსროლელები" მაკლიაო... თუმცა სჯობს, მამუკა ლოსაბერიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ თავად წაიკითხოთ:

- წარმოშობით ლეჩხუმელი ვარ, მაგრამ დავიბადე ტყვარჩელში, სადაც მამა მაღაროს დირექტორი იყო. თუმცა აფხაზეთში ერთი დღეც არ მიცხოვრია, მაშინვე ქუთაისში წამიყვანეს...

- და რაგბისაც იქ ეზიარეთ...

- 7 წლის ასაკიდან, უკვე 43 წელიწადია... ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, რამაზ სვანაძესთან, 1982 წელს კი ჩავირიცხე ქუთაისის "აიაში". უფრო სწორად, მაშინ ჯერ კიდევ "მშენებელი" ერქვა. მალევე, სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს და ევროპის ჩემპიონიც გავხდი ახალგაზრდებს შორის. 1987-1989 წლებში ზედიზედ სამჯერ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და ორჯერ სსრკ-ის თასიც მოვიგეთ, 1990-ში კი საფრანგეთში წავედი და სამი წელი მეორე ლიგის გუნდში ვითამაშე. მოგვიანებით ესპანეთში გადავბარგდი და ორი წელიწადი მწვრთნელად ვიმუშავე. 1999 წელს დავბრუნდი რუსეთში და აღვადგინე მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა და თბილისშიც მყავდა ჩამოყვანილი სათამაშოდ. ჩემი დაფუძნებულია რუსეთის რაგბის პროფესიული ლიგაც...

- საქართველოს ნაკრებშიც ხომ გითამაშიათ?

- ერთადერთხელ. საფრანგეთში გადაბარგებამდე ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩის გამართვა მოვასწარი. ერთი იყო, მაგრამ ისტორიული შეხვედრა: საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი - ზიმბაბვესთან.

- ბოლო წლებში სულ რუსულ რაგბიში ხართ. ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი როდის და რატომ გაგიჩნდათ?

- წლებია, ამ თანამდებობაზე ალტერნატივა არ ყოფილა. 2003 წლიდან ვიაჩესლავ კოპიევი იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ყოველ წელს უკან მიდის რუსული რაგბის საქმე. 142-მილიონიან ქვეყანაში მორაგბეს რომ ვერ მოძებნი და მორკინალი არ გეყოლება, რაზეა ლაპარაკი?

კოპიევის თამადობით ფედერაციის თანამშრომლების 90% რაგბისგან ძალიან შორს მყოფი ჩინოვნიკია. არადა, სწორედ ჩინოვნიკებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.

- კოპიევის მომხრეებმა საარჩევნო ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და სასამართლოშიც აპირებდნენ ჩივილს.

- 117 დელეგატისგან 74-მა მე მომცა ხმა, წინააღმდეგი 4 იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. გამარჯვებისთვის 50% ხმა იყო საკმარისი, მე კი 74 დელეგატის მხარდაჭერა მივიღე. ვინც ყრილობა დატოვა, ყველას კოპიევისთვის რომ მიეცა ხმა, 43 ხმაზე მეტს მაინც ვერ აგროვებდნენ და ამ შემთხვევაშიც საგრძნობი სხვაობით ვუგებდი... ყველაფერი კანონიერად მოხდა! ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ და შევუდექი კიდეც მუშაობას.

- თქვენი მისვლის შემდეგ, რა შეიცვლება რუსულ რაგბიში?

- ყველაფერი: მოვლენ ახალგაზრდები, ვისაც რაგბი უყვარს, ვისთვისაც ეს თამაში ჰობი არ არის.

ჩვენი წინამორბედებისთვის კი რაგბი იყო მხოლოდ ჰობი, რომელსაც თავისუფალ დროს უთმობდნენ. იმასაც მხოლოდ ფულისთვის - წლების განმავლობაში ღრღნიდნენ და გააკოტრეს რუსული რაგბი. მჯერა, რომ ჩვენ ბევრ რამეს შევცვლით.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- საქართველო-რუსეთის ბოლო მატჩის დროს, რაგბის პროფესიული ლიგიდან ვიყავი ნაკრების კურატორი.

- რატომ არ არის რუსეთში რაგბი პოპულარული?

- სხვათა შორის, მასობრიობის თვალსაზრისით, რუსეთში რაგბი უკვე სპორტის მეოთხე სახეობაა. რაც შეეხება პოპულარიზაციას, ფედერაცია არ ზრუნავდა ამაზე, არავის უნდა ჩვენთან თანამშრომლობა, რადგან ხელმძღვანელობა არ მუშაობდა სპონსორებსა და ორგანიზაციებთან, არ გვიცნობენ ინტერნეტისა და ტელევიზიის სამყაროში, ბიზნესი, სპორტი და მთავრობა არ იყო შეკრული, მხოლოდ ფულის შოვნაზე იყვნენ გადასული.

- 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ მოუგია. რუსები როგორ უყურებენ ამ სტატისტიკას?

- ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს! აქაურებს ხშირად ვეუბნები, თუ საქართველოს დაამარცხებთ, მერე შეიძლება რამეზე ლაპარაკი-მეთქი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, საქართველოს და რუმინეთის დამარცხებაზე ვიფიქროთ. ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები, მაგრამ, ჯერჯერობით, არა მყავს საჭირო შემადგენლობა. ტყვია-წამალი არის, მსროლელები - არა. რაც შეეხება საქართველოსთან მუდმივ წაგებას, აქ ამაზე გული არ შესტკივათ, არ აინტერესებთ... წააგეს 0:100? მერე რა?! 25 წელიწადია, ვაგებთ, მაგრამ... ვისაც აინტერესებდა, მოიგო არჩევნები, მოვიდა და საქმის გაკეთებასაც აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- მიხეილ მამიაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციას, რუსულ რაგბის მამუკა ლოსაბერიძე ჩაუდგა სათავეში... სპორტის სათავეში ქართველების სიმრავლე რუსებში აგრესიას ხომ არ იწვევს?

- კიდევ ერთი ქართველი პრეზიდენტიც არის - ჩემი მეგობარი, რუსეთის პარაოლიმპიური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბათუმელი ავთანდილ აბრამიძე, რომლის გუნდიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია! რუსული რაგბის სათავეში ერთი ქართველი ვარ და არანაირ აგრესიას არ ვგრძნობ. პირიქით, მთავრობა ყველანაირად მეხმარება.

- ქართველი მორაგბეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლიაო, თქვით. რას გულისხმობდით?

- ქუთაისის "აია" ჩემი საყვარელი გუნდია, ქალაქის მეორე გუნდის - "ბაგრატის" შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. ავთო იობიძე, დუგლას კავთელაშვილი ჩემი მეგობრები არიან და შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი "ბაგრატს" - ფინანსურად, ფორმით, ინვენტარით. მინდა, რუსეთიდან რამდენიმე ლეგიონერი ჩავიდეს "ბაგრატში" და სეზონის ბოლომდე საქართველოში ითამაშონ. აკადემიაშიც მსურს რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, ასევე, საქართველოში შეკრებებისა და თამაშების გამართვა. "რაგბი ევროპის" მატჩის გარდა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც ვგეგმავ ჩამოსვლას, რათა რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოს რაგბის კავშირთან.

- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?

- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...

- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?

- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!

- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?

- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...

- სანამ პოლიტიკაზე დაგვიწყია ლაპარაკი, სჯობს, თემა შევცვალოთ: როგორ ფიქრობთ, რაშია საქართველოს ნაკრების წარმატების საიდუმლო?

- ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციები, რაც საბჭოეთის დაშლის შემდეგ დარჩათ ქართულ კლუბებს, განსაკუთრებით, ქუთაისურ რაგბის. რუსეთში დღემდე ახსოვთ და ვუყვარვართ იქაური მორაგბეები. საქართველოში ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ, საფრანგეთში ბევრი მორაგბე რომ გაგზავნეს. იმ თაობამ, ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ დიდი როლი შეასრულა ქართული რაგბის სწრაფ პროგრესში. ასევე, სწორმა სარაგბო პოლიტიკამ, საჭირო სპეციალისტების ჩამოყვანამ და ა.შ. დიდი როლი ითამაშეს ვეტერანებმაც - კავთელაშვილმა, ბენდიაშვილმა, მგელაძემ, ძაგნიძემ, კიზირიამ და სხვებმა.

ძალიან ამაყი ვარ, როცა ბორჯღალოსნების ხმაურიანი გამარჯვებების შემდეგ რუსები მეუბნებიან ხოლმე, ნახე, რა "ჩაიდინეს" შენმა ქართველებმაო?! რა თქმა უნდა, ჩაიდინეს, რადგან ისინი სწორად მუშაობენ, ჩვენ კი არა-მეთქი! რაგბის სამყაროს ყველა სერიოზულ ფიგურას მოსწონს ჩვენების თამაში, თითოეული გამარჯვების შემდეგ მოდიან და მილოცავენ ხოლმე! საკლუბო რაგბის მხრივ რუსეთის პირველობა უკეთესია და აქაური ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნები ქართულ კლუბებზე ძლიერები არიან. ევროთასებზე მონაწილეობაც ჩვენ დავასწარით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გოჩა სვანიძე ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული კლუბებიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ.

- 9 ნომრის პოზიციაზე თამაშობდით და, ალბათ, განსაკუთრებული ყურადღებით ქართველი ჰავბეკების თამაშს აკვირდებით.

- ყოველთვის მიხაროდა ირაკლი აბუსერიძის, ვასკა ლობჟანიძისა და სხვა ჰავბეკების კარგი თამაში. სიამაყით ვიტყვი, რომ სსრკ-ის ნაკრებში კილასონია ბრწყინავდა, მერე იყო აბუ, ახლა ლობჟანიძე... ვასკას პირველად ინგლისში, მსოფლიო თასის დროს შევხვდი: გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო, რომელმაც ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა რაგბი მხოლოდ შერკინება არ არის და დანარჩენ პოზიციებზეც გვჭირდება მეტი არჩევანი - 10 ნომერზე, შუამარბებში და ა.შ.

- 12 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-რუსეთია. რას ელით მომავალი მატჩისგან?

- საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ, თანაც მეც 9-ნომერი ვიყავი და ვიცი პატარა ეშმაკობები, რაც საქართველოს ნაკრებს არ მოსწონს. ასე რომ,

რუსეთის ნაკრების მწვრთნელსა და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას, როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ.

- რას ეტყვის რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე თავის სამშობლოს?

- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ! აქვე ჩემს გულისტკივილსაც გაგიმხელთ: ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე...

არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს.

მოამზადა რატი შელეგიამ