"ამბობდა, ისეთ გუნდს არ გავწვრთნი, რომელიც "დინამოს" დაამარცხებსო!" - ეპოქა, სახელად ნოდარ ახალკაცი - კვირის პალიტრა

"ამბობდა, ისეთ გუნდს არ გავწვრთნი, რომელიც "დინამოს" დაამარცხებსო!" - ეპოქა, სახელად ნოდარ ახალკაცი

ფოტოგალერეა

ქართული სპორტის ისტორია ნოდარ ახალკაცის გარეშე წარმოუდგენელია. ის იყო ადამიანი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში ეპოქა შექმნა.

"თუ გამარჯვებულის სული არ ტრიალებს გუნდში, თუ ვიღაც სულ მცირედით უშლის საქმეს ხელს, იქ დიდი გამარჯვება არ იქნება!" - ეს ამონარიდია მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთის ქართველმა  მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა არა მხოლოდ ფეხბურთის სწორი ტაქტიკური და სტრატეგიული დაგეგმვით მიაღწია წარმატებებს, არამედ გუნდში სწორედ ამ "გამარჯვებულის სულის" გაჩენითაც...

ამბობენ, რომ საკმაოდ მკაცრი იყო, უფრო სწორედ ზედმიწევნით ობიექტური. ახლობლები იხსენებენ, რომ მის ჩანაწერებში დიუსელდორფის ოქროს მატჩის შემდეგ, ნახეს მოთამაშეებისთვის დაწერილი შეფასებები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  5-ბალიანი სისტემით 4 ქულა მხოლოდ 3 მოთამაშეს, დანარჩენებს კი - "სამიანები" დაუწერა.

რევაზ ჩელებაძე, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი:

"ახალკაცი გენიოსი, უჭკვიანესი ადამიანი იყო! მე ვიცი, ის ინსტიტუტში გამოცდებს როგორც აბარებდა - საერთოდ არ ემზადებოდა! მიდიოდა, ჯგუფელებს საგნის შინაარსს ჰკითხავდა, მოკლედ მოუყვებოდნენ და მაინც ხუთიანს იღებდა; ისინი კი, რომლებიც მთელი ღამეები საგნებს იზუთხავდნენ - სამიანებს.

მახსოვს, საქართველოს კომპარტიიდან ხალხი რომ მოდიოდა. შევარდნაძეც კი თუ იყო და ილაპარაკებდა, მერე ახალკაცი წამოდგებოდა და ყველა პატარავდებოდა. მისი ლოგიკა, საუბრის მანერა საოცრება იყო. ამავე დროს, უმკაცრესი მწვრთნელი იყო".

ვლადიმერ გუცაევი, თბილისის "დინამოს" ყოფილი გარემარბი:

"კონკრეტული თემით თუ დაინტერესდებოდა, საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდოდა, ჩაჯდებოდა და თემაში დეტალურად გაერკვეოდა. იმას ხედავდა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომაც იყო დიდი მწვრთნელი.

ჩვენი თაობა მისმა მოსვლამ შეცვალა. მთავარ მწვრთნელად 1976 წელს დანიშნეს და დაიწყო იმით, რომ ლამის ყველას პოზიცია შეუცვალა: ყიფიანი, რომელსაც ფლანგზე ან ცენტრფორვარდად ათამაშებდნენ, პლეიმეიკერად დააყენა და დათომ სწორედ ამის შემდეგ გაიბრწყინა; ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე ყიფიანის უკან დააყენა, რადგან ბურთს იჭერდა და პირველი პასი ეხერხებოდა; ფლანგის თავდამსხმელი ვიტალი დარასელია მარცხენა ნახევარმცველად გამოიყენა; ბავშვობიდან ნახევარმცველი ალექსანდრე ჩივაძე - დაცვის ცენტრში დახია, მარცხენა მცველი შოთა ხინჩაგაშვილი კი - ცენტრში შესწია.

გუნდში მოიყვანა გაბელია, კოსტავა, თავაძე, სვანაძე, შენგელია, ჩელებაძე...

70-იან წლებში, მთელი მსოფლიო ორ თავდამსხმელზე რომ გადავიდა, ზოგად ტენდენციას კი არ დაეყრდნო, კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე, "დინამოში" მაინც სამ შემტევს გვაყენებდა - ყიფიანს, მე და შენგელიას ან ჩელებაძეს. გარდა ამისა, მცველებს შეტევებში ჩართვას ავალებდა.

ტყუილს კი არ ამბობდა რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი, გვარდიოლასეული "ბარსელონას" სტილში თავის დროზე თბილისის "დინამო" თამაშობდაო". (წყარო)

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ქართულ ფეხბურთში დაბლოკილ და უმუშევარ ახალკაცს 1989 წელს შესთავაზეს მოსკოვის "სპარტაკის", სხვა რუსული, ყაზახური და ბერძნული გუნდების გაწვრთნა და იმ დროისთვის არნახულ ხელფასსაც ჰპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, ყველას უარი უთხრა. "ამბობდა, ისეთ გუნდს არ გავწვრთნი, რომელიც "დინამოს" დაამარცხებსო"!

ნოდარ ახალკაცი  1938 წლის 2 იანვარს დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა „ნორჩ დინამოელში“ დაიწყო, შემდეგ იყო თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“. როგორც ფეხბურთს მოყვარულები იხსენებენ, ის ტექნიკური თამაშის მანერით გამოირჩეოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო, თამაშის თავი დაანება. ახალკაცმა სამწვრთნელო საქმიანობა 28 წლის ასაკში, თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. თბილისის „დინამოს“ ის 1976-1983 და 1985-1986 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში „დინამომ“ სსრკ-ს პირველობის ოქროს, ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

1981 წლის 13 მაისს, პირველად, კლუბის არსებობის ისტორიაში, გუნდმა ახალკაცის ხელმძღვანელობით უეფას თასების თასი მოიგო. გენიალური მწვრთნელი 19 წლის წინ, 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.

„25 იანვარს მოსკოვში „ფიფას“ პრეზიდენტ ბლატერთან შესახვედრად გაფრინდა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და წასვლა არ უნდოდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ნეტა, ფრენა არ იყოს!“ ფრენა არ გადადებულა. მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალს მეგობრის მანქანაში გული გაუჩერდა“, - გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა შვილმა მედეა ახალკაცმა.

ირაკლი (იბო) დოლიძე, ნოდარ ახალკაცის მეგობარი:

- საქართველოს ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი გენიალური მწვრთნელი, მან უამრავი გამარჯვება მოუტანა საქართველოს.

ბევრმა არ იცის, რომ ის მწვრთნელობასთან ერთად, რა საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე საინტერესო, გონებამახვილი! ნოდარს განსაკუთრებული მსოფლმხედველობა ჰქონდა, რაც მისი მწვრთნელობისას  ყველაზე უკეთესად მოედანზე ჩანდა.

ნოდარი არაჩვეულებრივი, საიმედო მეგობარი იყო...

დღეს ჩემი, ჩვენი საერთო მეგობრების, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელების თხოვნაა ნაძალადევის რაიონში მე-9 სკოლას, რომელიც ნოდარმა ოქროს მედალზე დაამთავრა, მისი სახელი ეწოდოს. არაერთხელ მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ამის თაობაზე, თუმცა ამაოდ... წერილი მივწერე როგორც ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს და ასევე მჟამინდელსაც -  ალექსანდრე ჯეჯელავას. პასუხი მხოლოდ სანიკიძის მინისტრობის დროს მივიღე. წერილს ხელს მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აწერდა:

„ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერტურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი სკოლას შეიძლება ეწოდოს გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ“

ეს რა კანონია, ნუთუ ნოდარის დამსახურება ამ ხალხს ეცოტავება, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ?!"

„ჩემი კრედო, როგორც მწვრთნელისა? - ნაკლები ლაპარაკი და უკეთესი თამაშია“, - ამბობდა ნოდარ ახალკაცი, ალბათ ურიგო არ იქნება, ჩვენში ბევრი ადამიანი უდგებოდეს თავის საქმე-საკეთებელს ამ პრინციპით...

„არაფერი ახალი ჩვენ არ აღმოგვიჩენია. უბრალოდ, გავაგრძელეთ ქართველ ფეხბურთელთა საუკეთესო ტრადიციები: იმპროვიზაცია, დინამიზმი, მაღალი ესთეტიკურობა. არაა საჭირო, თავიდან დაიწყო ის, რისიც მხოლოდ გაგრძელებაა შესაძლებელი. ტრადიციები და მისი აყვანა ახალ საფეხურზე ისე, რომ შეინარჩუნო საკუთარი სპეციფიკა და გაითვალისწინო დროის მოთხოვნები. ესაა „დინამოს“ ფილოსოფია“, - ამასაც დიდი ნოდარ ახალკაცი ამბობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე