"მწვრთნელს დასამტკიცებელი ყოველთვის აქვს" - კვირის პალიტრა

"მწვრთნელს დასამტკიცებელი ყოველთვის აქვს"

"მწვრთნელობა ერთდროულად საინტერესოც არის, რთულიც და ძალიან უმადური საქმეც"

"მწვრთნელს, მით უმეტეს, ჩემსავით ახალბედას, დასამტკიცებელი ყოველთვის აქვს - ამას არც ვთაკილობ"

თვეზე მეტია, შოთა არველაძე უგუნდოდ არის. თელ-ავივის "მაკაბიდან" წასვლის შემდეგ ჟურნალისტებმა ქართველი მწვრთნელი ხან თურქულ "ალანიასფორში" გაისტუმრეს სამუშაოდ, ხანაც - ჰოლანდიურ "ალკმაარში". თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, არც ერთი ამ კლუბიდან არავინ დაჰკავშირებია. შოთა არველაძე ახლა სტამბოლშია. ის იორდანიის ნაკრებზე, ლუი ვან გაალზე და სხვა საინტერესო თემებზე გველაპარაკა:

- თურქული პრესა ირწმუნებოდა, "ალანიასფორში" არველაძის გადასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო...

- სინამდვილეში, არც "ალანიადან" და არც სხვა თურქული კლუბებიდან მე არავინ დამკავშირებია!

- "ალკმაარიდან"?

- კონკრეტული შემოთავაზება არც ჰოლანდიური კლუბიდან მიმიღია.

- ამჟამინდელი მწვრთნელი სეზონის ბოლოს დატოვებს "ალკმაარს", სადაც ფეხბურთელის რანგშიც ყოფილხარ და მწვრთნელადაც. ჰოლანდიურ კლუბს შენი გვარი ამიტომ დაუკავშირეს?

- სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ "ქასიმფაშაში" და "ტრაბზონში" მუშაობის დროს, "ალკმაარისგან" რამდენჯერმე მქონდა ოფიციალური შემოთავაზება. ალბათ, ჰოლანდიურ პრესაში ახლაც ეწერა რამე კლუბის ინტერესზე. თორემ, ვიმეორებ - ისრაელიდან წამოსვლის შემდეგ ოფიციალურად არავინ დამკავშირებია.

- "ალკმაარში" ლუი ვან გაალის თანაშემწე იყავი და ჰოლანდიელებისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, მაგრამ... ახლა ხომ სხვა განწყობითა და მოტივაციით იმუშავებდი ჰოლანდიურ კლუბში...

- ვცდილობ, წარსულით არ ვიცხოვრო. მწვრთნელს, მით უმეტეს, ჩემსავით ახალბედას, დასამტკიცებელი ყოველთვის აქვს - ამას არც ვთაკილობ. ეს ახალი საქმეა ჩემთვის, თუმცა, პატარ-პატარა შედეგები მაქვს და თანდათანობით, გამოცდილებასაც ვაგროვებ.

- ლეგენდარულმა ლუი ვან გაალმა ახლახან დაასრულა სამწვრთნელო კარიერა. რას გაიხსენებ მასთან ურთიერთობიდან?

- არასდროს შემხვედრია მწვრთნელი, ვინც ვან გაალივით შეძლებდა თამაშის გაანალიზებას და გარდამტეხი დავალებების მიცემას. საოცარი უნარი ჰქონდა, ზუსტად დაესვა საჭირო აქცენტები, მატჩი თავისი სცენარით წაეყვანა!

- რა ისწავლე "მეფე ლუისგან"? მწვრთნელობის "სწავლა" შეიძლება, თუ ამ საქმესაც თავისებური ნიჭი, ხასიათი ან ალღო სჭირდება?

- ყველა ეს თვისება საჭიროა, მაგრამ სწავლაც შესაძლებელია. თუნდაც იმის, რომ შეცდომა არ გაიმეორო. მწვრთნელი თავის მოთამაშეებს არ უნდა "შეეჯიბროს" - მოედანზე ხომ ფეხბურთელები არიან და არა მწვრთნელი, შენ ვერც ირბენ, ვერც ოფსაიდში მოხვდები და ვერც პენალტს ააცილებ. შესაბამისად, სულ მართალი ხარ. მწვრთნელობა ერთდროულად საინტერესოც არის, რთულიც და ძალიან უმადური საქმეც - ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებსაც არ მოსწონხარ და ვისაც არ ათამაშებ - მით უმეტეს! შეცვალე? - უკმაყოფილო რჩება, ვინც შეიყვანე, ისიც ნაწყენია - ასე ცოტა ხანს რატომ მათამაშებო და ა.შ.

- 65 წელი არც ისე დიდი ასაკია მწვრთნელისთვის... როგორ ფიქრობ, გადაძალავს ვან გაალს ფეხბურთის სიყვარული, დაუბრუნდება საყვარელ საქმეს?

- ძალიან პრინციპულია, სიტყვის კაციც არის, მაგრამ მგონია, რომ დიდხანს ვერ გაძლებს უფეხბურთოდ. შესაძლოა, ბავშვების გუნდი ან ასაკობრივი ნაკრები ჩაიბაროს, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც დაბრუნდება.

- შენ რატომ არჩიე მწვრთნელობა - გრძნობდი, რომ გაქვს საჭირო თვისებები?

- ეს ბუნებრივად ხდება, შინაგანად გრძნობ, რომ მინდორზე ყოფნის დროს შენც "იმავენაირად" უყურებდი და აანალიზებდი მოედანზე მომხდარს, როგორც მწვრთნელი, ხედავ, რომ შეგიძლია ასეთივე იდეების განხორციელება. ხედავ და იწყებ... ისე, ბევრს დაუწყია, მაგრამ შეცდომას მალევე მიმხვდარა... მარადონამ და ვან ბასტენმაც კი მიანებეს მწვრთნელობას თავი, როცა შეატყვეს, რომ არ იყო მათი საქმე.

- ამის მიხვედრაც ხომ თავისებური ნიჭია? არიან მაქსიმალისტებიც, საშუალო დონეზე მუშაობა არ აკმაყოფილებთ და როცა აცნობიერებენ, რომ ლიდერთა შორის ვერ იქნებიან, მწვრთნელობას თავს ანებებენ...

- ეს სპეციფიკური საქმეა: რაც უნდა სწორად დაგეგმო, შესაძლოა, ერთმა გაშვებულმა ბურთმა ყველაფერი წყალში ჩაყაროს. ყველა ვერ ახერხებს ასეთი სტრესის გაძლებას, თუ ძლიერი ფსიქიკა არ გაქვს, ძალიან რთულია... ერთ-ერთი კოლეგა მიყვებოდა - წაგებული რომ ვბრუნდებოდი სახლში, ამას ძაღლიც კი ხვდებოდა და ოთახიდან გადიოდაო... რაც შეეხება მაქსიმალიზმს, ყველა თუ ასე მიუდგა საქმეს, გუნდების უმეტესობა უმწვრთნელოდ დარჩება, რადგან წამყვანი საფეხბურთო ლიგების უმეტესობაში სულ 2-3 გამოკვეთილი მწვრთნელია. დანარჩენები რას აკეთებენ?! ეხმარებიან მათ, რომ კარგი მწვრთნელები იყვნენ... მწვრთნელობას სუფრის გაშლას შევადარებდი - რა რესურსიც გაქვს, ის უნდა გამოიყენო, სტუმართა რაოდენობასა და კერძების ჩამონათვალს ხომ შესაძლებლობის მიხედვით ადგენ?! სხვა თუ არაფერი, რიგში კლუბის ისეთი ვარსკვლავები დგანან, როგორებიც არიან ხავი, ინიესტა და სხვ. კლუბის ლეგენდები, რომლებიც ამთავრებენ ან უკვე დაამთავრეს მოთამაშის კარიერა, ასაკობრივ გუნდებში მუშაობენ და თავიანთ რიგს ელიან... მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველა დიდ კლუბში.

- ნაჩქარევ გადაწყვეტილებას თითქმის არასდროს იღებ. ყოფილა არჩევანი, რომელიც მერე სანანებელი გაგხდომია?

- ალბათ, "ტრაბზონში" არ უნდა წავსულიყავი, რადგან კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ტრაპიზონში შვიდი თვის განმავლობაში უხელფასოდ ვიმუშავე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მაინც არ ვნანობ! რაც მეტს მუშაობ, მეტ გამოცდილებას იძენ, უკეთესი მწვრთნელი ხარ. ამას წინათ შენოლ გიუნეშთან ერთად ვისაუზმე. "მაკაბიდან" წამოვედი-მეთქი. არა უშავს, მე ხუთჯერ წამოვედი "ტრაბზონიდან", რაც მეტჯერ წამოხვალ, რაც მეტ გამოცდილებას მიიღებ, უფრო გაძლიერდებიო... ასეც არის.

- იფიქრებდი, რომ თელ-ავივის "მაკაბიში" ჩინებულად დაწყებული სამწვრთნელო კარიერა ასე სწრაფად დასრულდებოდა?

- ეს იმის ბრალია, რომ არსებული პრობლემები პრობლემებად დარჩა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იყო დრო, როცა საჭირო ცვლილებები უნდა მოგვეხდინა, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა. "მაკაბი" ამბიციური, წელგამართული კლუბია და იქ მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. სხვა რომ არაფერი, ევროთასზე ვითამაშე 16 მატჩი!

- თუმცა "შვებულება" დიდხანს გაგრძელდა...

- ვარაუდებით ლაპარაკი არ მიყვარს. რომ შემომთავაზებენ, მერე ვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა... თელ-ავივში ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვთამაშობდით, მაგრამ ამის მიუხედავად, არც დაღლილი ვარ და არც დასვენება მჭირდება.

- საქართველო-იორდანიის ნახვა თუ მოახერხე?

- იორდანიასთან მატჩს საქართველოში ვერ უყურეთ და მე სად ვნახავდი. არ ვიცი, იორდანიელებს რა შემადგენლობა ჰყავდათ, მაგრამ საქართველო ნამდვილად არ ყოფილა პირველი ნაკრებით. ამიტომაც, არა მგონია, თებერვალში იორდანიასთან ამხანაგური მატჩის შედეგზე ყურადღების გამახვილება ღირდეს.

- რა მისცა ამ ამხანაგურმა მატჩებმა ნაკრების მწვრთნელს და ფეხბურთელებს?

- პრაქტიკა მწვრთნელსაც სჭირდება და ფეხბურთელებსაც. მწვრთნელმა ახალი ფეხბურთელი გამოცადა, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ მოთამაშეს მისცა მორიგი შანსი, სხვას უწინდელზე მეტი დრო გაატარებინა მოედანზე და ა.შ. შესაძლებლობა მიეცა, უფრო მეტი დრო დაეთმო, სხვა პოზიციაზეც გამოეცადა ესა თუ ის ფეხბურთელი, ათი დღე შეკრებაზე ენახა... ასეთი თამაშები მწვრთნელს ბევრს აჩვენებს, მაგრამ ამაზე სახალხოდ ხომ არ ილაპარაკებს? საქართველოს ნაკრებს მოულოდნელად რომ დასჭირდეს ეროვნული პირველობიდან ფეხბურთელების დამატება, მწვრთნელს ხომ გაცილებით გაუადვილდება არჩევანის გაკეთება, როცა ნაკრების კანდიდატების უმეტესობა საქმეში ჰყავს ნანახი?

- რა გვაჩვენა იმ ერთმა წელიწადმა, რაც საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის?

- ვაისმა მოსალოდნელზე სწრაფად შეძლო ნაკრების თამაშის "დალაგება". კახა ცხადაძემ ბევრი იმუშავა სასურველი სისტემის დამუშავებაზე და ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელებს გაუჭირდებოდათ ყველაფრის თავიდან დაწყება. თუმცა, სლოვაკმა მწვრთნელმა თამაშიდან-თამაშამდე მოუმატა და... როცა გუნდის თამაში "დალაგდება", შედეგიც მოვა. ოღონდ, ხანდახან იღბალიც საჭიროა, ვაისი კი, როგორც ეტყობა, არ არის "იღბალა" მწვრთნელი... დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს რომ მოხვდება და კარში შეგორდება - მაგარი მწვრთნელი ხარ! მაგრამ თუ ბედი არ გწყალობს, კარის ნაცვლად, ბურთი მოედანზე დაბრუნდება. ხშირად ეს ერთსანტიმეტრიანი განსხვავება მთელი მატჩის ბედს წყვეტს.

- ახლახან გიორგი ქინქლაძის ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გიორგის ბავშვობა გაიხსენა - ზარმაცი კი არა, ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებული იყოო...

- ზარმაცები ასეთ დონეზე ვერ თამაშობენ! უბრალოდ, რაღაც მომენტში "დრო გაექცა", უფრო მეტი უნდა მოეთხოვა თავისი თავისთვის... "მანჩესტერ სიტის" მერე "აიაქსში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ... საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებად ექცა. არადა, გიო დიდი მასშტაბის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო!