თებერვალი ბასილაშვილისთვის დადგა - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

თებერვალი ბასილაშვილისთვის დადგა - ექსკლუზივი

"ჩემი მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო, მაგრამ ასაკთან ერთად გამოცდილება და თვითრწმენაც მემატება"

თებერვალი ნიკოლოზ ბასილაშვილის თვეა. დაბადების დღე 23-ში აქვს, თუმცა, საკუთარი თავისა და ქომაგებისთვის "საჩუქრების" მიძღვნა თვის დასაწყისიდანვე დაიწყო: ჯერ დევისის თასზე დაეხმარა ნაკრებს ფინელების დამარცხებაში, მერე კი სოფიის (საპრიზო ფონდი 482 000 ევრო) და მემფისის (642 000 დოლარი) ტურნირებზე დაერია ფავორიტებს. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, სხვებთან ერთად, ბულგარეთში პლანეტის მერვე ჩოგანი დომინიკ ტიმიც დაამარცხა, მხოლოდ ნახევარფინალში წააგო გრიგორ დიმიტროვთან (13) და რეიტინგში ოცი საფეხურით - 67-ე პოზიციამდე დაწინაურდა! ნახევარფინალში გავიდა და მორიგი სენსაციის ავტორი გახდა მემფისშიც, სადაც 2:0 აჯობა გოლიათ ხორვატ ივო კარლოვიჩს (20), სიდნეიში მარცხისთვის რევანში აიღო ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან (490), ფინალის საგზური კი ყაზახ მიხეილ კუკუშკინთან (103) გაითამაშა. ქართულ-ყაზახური დუელი კვირას დილით დასრულდა და მატჩის შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ინტერვიუ მაინც დაგაინტერესებთ:

- სეზონის დასაწყისს ფიზიკურად და მენტალურად კარგად მომზადებული შევხვდი. რაც შეეხება "თებერვლის ფაქტორს", ვფიქრობ, ჩემი დაბადების თარიღი არაფერ შუაშია და თებერვალში მიღწეული წარმატებები მხოლოდ დამთხვევაა.

- დევისის თასით დავიწყოთ... ელოდი ფინეთთან ასეთ დაძაბულ სერიას?

- ასეთ საფარზე თამაში იოლი არ იყო, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ. დევისის თასი ისეთი ტურნირია, რეიტინგისა და სტატუსის მიუხედავად, ყველა მონდომებით თამაშობს, მაქსიმალურად იხარჯებიან, ავტორიტეტი ნაკლებად ჭრის. ამის გამო ამ ტურნირზე თამაში ყოველთვის რთულია.

- თუმცა, წყვილებში 0:3 წაგება ამის გათვალისწინებითაც კი მოულოდნელი იყო...

- წყვილის მოთამაშე არც მე ვარ და არც - გიორგი ცივაძე, შეთამაშებაც გვაკლია, მაგრამ რადგან ნაკრებს სჭირდება, ჩვენ ვთამაშობთ... მომდევნო მატჩებში მეტ ყურადღებას დავუთმობთ წყვილთა შეხვედრებს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გაგვიჭირდება წყვილებში ფავორიტობა.

- გიორგი 2:5 აგებდა სერიის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩის ბოლო სეტს, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. გადამწყვეტი მტკიცე ხასიათი გამოდგა თუ გულშემატკივრის ფაქტორი?

- გადამწყვეტ მომენტებში გიორგიმ მტკიცე ხასიათი გვიჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ლიტვასთან უფრო რთული ბრძოლა გველის, მაგრამ "ჰარდზე" გაცილებთ კომფორტულად ვგრძნობ თავს და მჯერა, რომ ბალტიისპირელებსაც დავამარცხებთ.

- "სოფია ოუფენზე" მსოფლიოს მერვე ჩოგანს მოუგე. რის დამსახურება იყო დომინიკ ტიმთან გამარჯვება?

- ჩემი მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო, მაგრამ ასაკთან ერთად გამოცდილება და თვითრწმენაც მემატება. ტიმის დამარცხება მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, თუმცა ტოპ-10-ის წევრთან გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა. რაც უფრო ძლიერ მეტოქეს ვეთამაშები, მით უფრო მონდომებული ვარ.

- ნახევარფინალში დიმიტროვთან აღარ გქონდა გამარჯვების შანსი?

- ტიმთან გამარჯვების შემდეგ მომდევნო ორ ღამეს დაძინება გამიჭირდა და კლიჟანსა და დიმიტროვთან შეხვედრებს გამოუძინებელი შევხვდი. პირველ სეტში ვერც ერთთან ვერ მოვახერხე კორტზე "გაღვიძება". სლოვაკთან სულაც 0:6 წავაგე სეტი. ამ პრობლემაზე სერიოზული მუშაობა მჭირდება. მეორე სეტში დიმიტროვთან გამარჯვების შანსიც მქონდა, თუმცა, ვერ გამოვიყენე.

- სოფიის მსგავსად, მემფისის ტურნირშიც გახვედი ნახევარფინალში - ტომპსონი-კარლოვიჩი-ებდენი და...

- მემფისის კორტებზე ჩემი საყვარელი საფარია. აქაურ კორტზე ბურთი ისეთი სიჩქარით მოძრაობს, კარგადაც ვხედავ და კორტსაც ჩინებულად "ვგრძნობ". თანაც, ტომპსონთან სიდნეიში წაგებაც მწარედ მახსოვდა და პირველ შეხვედრაში მაქსიმალურად მოვინდომე.

- რეიტინგით დომინიკ ტიმი სჯობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ივო კარლოვიჩთან გამარჯვება არანაკლებ ფასეული იყო.

- აქამდე მასთან ორჯერ მქონდა წაგებული, ისიც ვიცოდი, რომ არ უყვარს ჩემნაირი სტილის მოთამაშეები - ჩოგბურთელები, ვისაც კარგი მიღება აქვს. არადა, თავად უძლიერესი მოწოდება აქვს და თუ "ბრეიკის" უმცირესი შანსი მაინც მოგეცა, აუცილებლად უნდა გამოიყენო!

- 211 სმ სიმაღლის ხორვატის მთავარი უპირატესობა უძლიერესი "ეისია", მაგრამ მის წინააღმდეგ შენც უზუსტესი პირველი მოწოდება გქონდა.

- თუ უშეცდომოდ აწვდის, ფაქტობრივად, შეუძლებელია მისთვის "ბრეიკის" გაკეთება. ასე რომ, აუცილებლად უნდა მომეგო ჩემი გეიმები და მეცადა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მენახა მისი მოწოდებებისგან. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.

- სხვათა შორის, კარლოვიჩიც თებერვალშია დაბადებული - 38 წლის ხდება. "სიბერის" ეტყობა რამე?

- თამაშის ისეთი სტილი აქვს, რამდენიმე წელიწადი ისევ ითამაშებს და კიდევ ბევრს გაუშრობს სისხლს (იცინის). სხვათა შორის, ჩემს შემდეგ მეტოქეს - მეთიუ ებდენსაც ჩემთვის უხერხული სტილი აქვს. შარშანწინ ტოკიოში მომიგო. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ და მთელი მატჩის განმავლობაში შევინარჩუნე ენერგია, თორემ პირველ სეტში ჯერ 0:3 მიგებდა, მერე - 2:4, თუმცა, წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ დავამარცხებდი!

რატი შელეგიამ