სამბისტების ახალგაზრდული ტრიუმფი - კვირის პალიტრა

სამბისტების ახალგაზრდული ტრიუმფი

ძიუდოისტებისგან განსხვავებით, ქართულ სამბოში ყველაფერი რიგზეა (ყოველ შემთხვევაში - შედეგების მხრივ). რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა ჩინებულად იჭიდავეს.

ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობა არავის დაუთმეს.

კონტინენტის ჩემპიონები გიორგი ნადარეიშვილი (48კგ), ზებედა რეხვიაშვილი (74), ვახტანგ სარაჯიშვილი (82) და ლევან მუქერია (++100) გახდნენ. ვერცხლი ირგუნეს გენადი ჩირგაძემ (57) და გიორგი ტაბატაძემ (62), ზაზა დევაძე (90) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამბოში ტრადიციული ფავორიტი, რუსეთის ნაკრები, გუნდურ ჩათვლაში ქართველების გალიდერებას ისე გაუმწარებია, რომ მსაჯებიანად და სამბოს ევროპის ფედერაციიანად (რომლის პრეზიდენტიც რუსი სერგეი ელისეევი გახლავთ) ყველა ჩაურთავთ საქმეში და ტაბლოზე სამჯერ დაფიქსირებული შედეგიც კი შეუცვლიათ. ამას ისე აღუშფოთებია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი - ოლეგ იაძე, თურმე ძლივს აკავებდნენ.

საბოლოოდ, ახალგაზრდებში გუნდური ჩემპიონობა სწორედ საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელსაც ბადრი ჯანიაშვილი წვრთნის. იმავე შედეგამდე ცოტა დააკლდა ემილ რაშის მიერ გაწვრთნილ ჭაბუკთა ნაკრებს, რომელმაც ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჩაიწერა აქტივში. ჩემპიონები გიგა გიუნაშვილი (56) და გოჩა ვარძელაშვილი (65) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები გიორგი საჩალელი (52), გიორგი კაცია (60), მიხეილ ჩოჩელი (70) და სლავა რეზესიძე (++87). ბრინჯაოს მედლები ლერი ჯიხვაშვილს (48) და ალექსანდრე მილდიანს (87) ერგოთ წილად.

სეზონის უმთავრეს ტურნირს - ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს შემოდგომაზე თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და ევროპულ ტრიუმფს ჩვენებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობაც უნდა მიამატონ...