ოქტომბერში პელე გვესტუმრება? - კვირის პალიტრა

ოქტომბერში პელე გვესტუმრება?

საერთაშორისო კომპანია "ინტერ ამერიკა სპორტის" წარმომადგენელი საქართველოში ნიკო პატარქალიშვილი მორიგ პროექტზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ პატარქალიშვილმა ჩამოიყვანა ორი წლის წინ თბილისში დიეგო მარადონა.

მის სახელს უკავშირდება საქართველოსა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩიც, რომელიც თბილისში გაიმართა 2006 წლის ნოემბერში. ამჯერად საქმე გაცილებით მასშტაბურ პროექტს ეხება. "ინტერ ამერიკა სპორტის" წარმომადგენელი მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ჩატარებას გვპირდება, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები - ფეხბურთის მეფე პელეც დაესწრება! ნიკო პატარქალიშვილის თქმით, ტურნირში საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული ყოფილა როგორც სამხრეთამერიკულ გუნდებთან, ისე ფეხბურთის ლეგენდა პელესთან.

შესათანხმებელი მხოლოდ ტურნირის ჩატარების თარიღი და კიდევ ერთი "პატარა" დეტალი - დაფინანსების საკითხი გახლავთ. მწარე გამოცდილების მქონე ნიკო პატარქალიშვილი (სანამ მარადონა საკუთარი თვალით არ დაინახეს, არავის სჯეროდა, რომ ლეგენდარული არგენტინელი თბილისში მართლაც ჩამოვიდოდა) ტურნირის ორგანიზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის პატრონაჟს ქვეყნის პრეზიდენტი იკისრებს.

- ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ და მას საპატიო სტუმარი - პელეც დაესწრება. ფეხბურთის მეფესა და მოწვეულ ნაკრებებთან უკვე მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას, შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც, რომლებსაც იდეა ძალიან მოეწონათ და აღგვითქვეს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ტურნირისთვის სათანადოდ მოამზადებენ. მომავალი კვირიდან საინფორმაციო სამუშაოს დავიწყებთ და ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენლებსაც შევხვდებით. დაბეჯითებით ერთი რამის თქმა შემიძლია - ტურნირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მის პატრონაჟს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება.

- ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ მარადონას ჩამოყვანას შეძლებდით და ამის გამო საორგანიზაციო პრობლემებსაც გადააწყდით. ახლა ასე ამიტომ ფრთხილობთ?

- ამ რანგის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა. მით უმეტეს, თუ პელეც ჩამოვა... ამიტომაც ეს ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა, შესაძლოა, ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი ჩრდილი მიაყენოს იმ ურთიერთობას, რაც მრავალი წელია მაქვს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან. ამიტომ ვიჩენ სიფრთხილეს. არ მინდა, სასწორზე შევაგდო არც ის ნდობა, რაც წლების განმავლობაში დავიმსახურე და არც ჩემი ქვეყნის პრესტიჟი...

- ბრძანეთ, რომ პელესგან უკვე მიღებული გაქვთ წინასწარი თანხმობა...

- მისგან საპასუხო წერილი მივიღეთ, სადაც მადლობას უხდის ქართველ ხალხს მიწვევისთვის და კონკრეტულ დეტალებზე საუბრისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამს. საქმე ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ფეხბურთის მეფის ყოველი დღე რეგლამენტირებულია. სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ კი ის მოლაპარაკების გასაახლებლად მზად იქნება.

- როგორც ვიცი, ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზეთ სამხრეთამერიკული ტურნეს ორგანიზებაც, რომელშიც საქართველოს 13, 15 და 17-წლამდელთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას...

- დიახ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც აქვს ამის სურვილი. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენს ფეხბურთელებს სამხრეთ ამერიკაში მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა ევროპულთან შედარებით, ქართული ფეხბურთი უფრო სამხრეთამერიკული თამაშის სტილთან იყოს ახლოს. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ, 2010-2014 წლებზეა გათვლილი. მინდა, რამდენიმე ათეულ ქართველ მოთამაშეს მივცე შესაძლებლობა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოემზადოს და თუ ასე მოხდა, მომავალი შესარჩევი ციკლისთვის თემურ ქეცბაიას ფეხბურთელების გაცილებით დიდი არჩევანი ექნება. სამხრეთ ამერიკამოვლილი მოთამაშეები სხვადასხვა ქართულ კლუბში განაწილდებიან, ან შეიძლება ერთი გუნდიც კი ჩამოყალიბდეს.

- ოთხთა ტურნირის ორგანიზებას დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება...

- მართალი ხართ. წინასწარი შეთანხმება უკვე ყველა ნაკრებთან მიღწეულია. მხოლოდ ტურნირის კალენდარი და ფინანსური უზრუნველყოფაა მოსაგვარებელი. მგზავრობის ხარჯის გარდა, მოთამაშეთა ჰონორარიც უნდა გამოიყოს. თითოეული მათგანი პროფესიონალი მოთამაშეა, ხელფასი აქვთ და თუ არ გადაუხადე, ამხელა გზაზე ისე არავინ წამოვა. ასეთ მოთამაშეებს კი არა, არგენტინაში მოთამაშე ერთ-ერთ კოლუმბიელს, 14 წლის ხორხე ლუისს ვუთხარი, საქართველოში უნდა დაგპატიჟო-მეთქი. ფულს თუ გადაიხდი, წამოვალ, ისე, არაო. აი, ასე ზრდიან იქ ფეხბურთელებს...

- როგორც ცნობილია, ამხანაგური მატჩის ორგანიზება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შესთავაზეთ...

- 25 მაისს ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოს ნაკრები კამერუნის ნაკრებთან გამართავს ამხანაგურ მატჩს. ფედერაციას შევთავაზე, რომ ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შემიძლია ვენესუელის, კოსტა-რიკის, პერუს, ბოლივიის, კანადის ან ჰონდურასის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის ორგანიზებაც. როგორც მითხრეს, ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია და თუ თემურ ქეცბაიას სურვილი ექნება, უპრობლემოდ შემიძლია ამ ნაკრებთაგან რომელიმე ავსტრიაში ან თბილისში შევახვედრო ჩვენს გუნდს...