"არ იმჩნევენ", რომ მათთან სათამაშოდ მზად ვართ!" - კვირის პალიტრა

"არ იმჩნევენ", რომ მათთან სათამაშოდ მზად ვართ!"

Corriere dello Sport-ის ინფორმაციას, თითქოს "2018 წლის შემოდგომაზე იტალია-საქართველოს ტესტ-მატჩი გაიმართება", საქართველოს რაგბის კავშირი, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. სამაგიეროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ნოემბერში უელსს ვესტუმრებით და ბრიტანულ ნაკრებთან თამაშით შევეცდებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ "რაგბის ევროპის" გათამაშებაში აღარაფერი გვესაქმება. დანარჩენი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან ინტერვიუში წაიკითხეთ:

- გულშემატკივრისგან სულ გვესმის, იტალიასთან რომ გვათამაშა, დავუმტკიცებთ, მათზე მეტად რომ ვიმსახურებთ "ექვს ერში" თამაშსო...

- იტალიასთან მოგება ასე იოლი არ იქნება, მაგრამ საინტერესო თამაში რომ გამოვა, ეჭვი არ მეპარება. არა მხოლოდ იტალიასთან, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდაც, მზად ვართ იმისთვის, რომ თამაშისას სტატისტების როლში არ ვიყოთ და საჭირო გამოცდილება დავაგროვოთ. დარწმუნებული ვარ, მატჩი ყველა მათგანთან გაიმართება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - შენზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გარეშე დონეს როგორ აიმაღლებ? თუ მომდევნო წლებშიც მხოლოდ "რაგბი ევროპის" მოგება გვინდა და გამოცდილების დაგროვებას ისევ აქ ვაპირებთ, პროგრესის ნაცვლად უკან წავალთ. ამ ეტაპზე ისიც კარგია, პირველი დონის ქვეყნებთან წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვათამაშებენ. მეორე ტესტიც თუ დაემატება, ამას რა აჯობებს...

- იტალია ოდესმე ხომ უნდა გვეთამაშოს? აქედანვე ცხადია, რომ საქართველოსთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადებიან, რათა ყველას დაუმტკიცონ, "ექვს ერში" თამაშს სწორედაც ჩვენ ვიმსახურებთ და არა თქვენო!

- არა მხოლოდ იტალია მოემზადება გაორმაგებული მონდომებით, ბევრი სხვა ქვეყანაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია - მოწინავე ქვეყნებს ამბიცია არ აძლევს უფლებას, შეეგუონ, თითქოს მათთან სათამაშოდ მზად ხარ.

- და შოტლანდიასთან მატჩის მსგავსად, არც ობიექტური მსაჯობის იმედი უნდა გვქონდეს?

- არა მგონია, ვინმე სპეციალურად ნიშნავდეს სათავისო არბიტრს. ისე კი, უმეტესად, მსაჯი ძლიერის მხარეს არის ხოლმე, რადგან რაგბი კონსერვატიული თამაშია, რაც ნიშნავს, რომ ძლიერ გუნდს სუსტზე უკეთესი სათამაშო კულტურა აქვს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მსაჯი ფავორიტს ეხმარება, სინამდვილეში კი ძლიერი უფრო სუფთად თამაშობს და მსაჯიც ამიტომ არ სჯის.

- შოტლანდიის უძლიერეს ნაკრებთან მატჩსაც დიდი იმედით ველოდით, მაგრამ შედეგმა იმედგაცრუებული დაგვტოვა...

- შოტლანდია ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა. გულშემატკივარი კი არა, ჩვენი მოთამაშეებიც კი მოდუნდნენ... სწორედ ამის ბრალი იყო კოშმარული პირველი ტაიმი. თუმცა ასეთ მეტოქესთან მეორე ნახევარში თამაშის გამოსწორებაც საქმეა.

- მოთამაშეებისგან ვიცი - კი ვიცოდით, რა დონის გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ გავთვალეთ მათი სისწრაფეო...

- სწორედ ამაშია საქმე - მოწინააღმდეგეზე კი არ უნდა განვეწყოთ, ყველა მეტოქესთან მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ! სწორედ ეს განასხვავებს პირველი დონის გუნდებს დანარჩენებისგან. ჩვენისთანა გუნდები ფავორიტთან აღმაფრენით თამაშობენ, სუსტთან კი კონცენტრაციას კარგავენ, ბობოლებისთვის კი მოწინაღმდეგეს მნიშვნელობა არა აქვს, ყველასთან თავდაუზოგავად თამაშობენ, ამიტომაც არიან ელიტური გუნდები. სწორედ ეს არის კლასი!

- იტალიასთან თუ არა, უელსთან ტესტ-მატჩის თარიღი ხომ მაინც ვიცით? რას ელის რაგბის კავშირის თავმჯდომარე მომავალი მატჩისგან?

- ამ დონის ნაკრებებთან წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვათამაშებენ, ეს უკვე კარგია. გამოცდილებასთან ერთად, ასეთი შეხვედრები თავდაჯერებასაც მატებს მორაგბეს, ძლიერ მეტოქესთან ხშირი თამაში თვითრწმენის ხარისხსაც ზრდის.

- რუმინეთის მძლეველი გერმანიის დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური "ექვს ერთან" საქართველოს დაახლოების საკითხი. თუმცა ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი გუნდებისთვის "ვაკანსიები არა აქვთ" და "საქართველომ 10-15 წელიწადი უნდა მოიცადოს"...

- თებერვალში გამართული შეხვედრები ყველა შემთხვევაში პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ. რაც შეეხება "ექვსი ერის" წარმომადგენლის სიტყვებს, ამასთან დაკავშირებით კიდევ ვამბობ - ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს კეთილ ნებას ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირი, ვეცდებით, სხვა გზა გამოვნახოთ...

- "პრო-12"-სა და "ზე რაგბის" გულისხმობთ?

- კონკრეტულ თარიღებსა და მით უმეტეს, ხელშეკრულების გაფორმებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ სურვილიც არის და ამ თემაზე საუბარიც. მათ შორის, "მსოფლიო რაგბისა" და მის ელიტურ წევრებს შორისაც. ეს ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენნაირი გუნდები მომავალშიც თუ ასე იშვიათად ითამაშებენ პირველი დონის ნაკრებებთან, ეს არა მხოლოდ ჩვენს თვალში, მათი აზრითაც ალოგიკური იქნება. "მსოფლიო რაგბის" უპირველესი ფუნქციაც ის არის, რაც შეიძლება მეტ ნაკრებს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.

- რუსეთის რაგბის კავშირის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მამუკა ლოსაბერიძემ თქვა, რომ იცის, როგორ დაამარცხოს საქართველოს ნაკრები... თქვენ რას ელით 12 მარტის შეხვედრისგან?

- მორიგ სანახაობასა და ანშლაგს ტრიბუნებზე, ბიჭების, მათ შორის ახალგაზრდა მოთამაშეების, მორიგ სიხარულს...