"თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი!"
06-03-2017
"თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი!"
აფხაზებს ვუთხარი: თუ ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე თამაში გსურთ, აცნობეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას - შესაძლოა, საქართველოს გუნდის შემადგენლობაში გათამაშონ-მეთქი

"Moscow open 2017"-ის მიმდინარეობისას ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის მიერ "აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის" - კონსტანტინ ტუჟბასთვის დიპლომის გადაცემას ქართული მხარის პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ საპროტესტო წერილითა და კითხვით მიმართა ფიდეს სამდივნოსა და საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს - რა სტატუსით და უფლებით შეხვდა ილუმჟინოვი დე ფაქტო
რესპუბლიკის წარმომადგენელს? იგივე შეკითხვა ყალმუხეთის ყოფილ და ფიდეს ამჟამინდელ პრეზიდენტს ჩვენც დავუსვით და კირსან ილუმჟინოვს­ ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვა საინტერესო თემებზეც ველაპარაკეთ:

- აფხაზეთი თვითგამოცხადებული "რესპუბლიკაა" და შეუძლებელია, ცალკე "ფედერაცია" ჰქონდეს. ტუჟბას რა სტატუსით შეხვდით?

- მოსკოვის ღია პირველობას 16 აფხაზი მოზარდიც სტუმრობდა. რამდენიმე მათგანს და
მშობელს სხვა ტურნირებიდან ვიცნობდი და არ გამკვირვებია, როცა მთხოვეს - იქნებ, ბავშვებს შეხვდეთ და სამახსოვრო ფოტო გადაიღოთო. ახლა მონღოლეთის დელეგაციას ვხვდები და ხვალ გნახავთ-მეთქი. მეორე დღეს აფხაზი ბავშვები, მათი მშობლები და კონსტანტინ ტუჟბა მართლაც მოვიდნენ ჩემთან. მითხრეს, რომ ჭადრაკი აფხაზეთის ყველა სკოლაშია შეტანილი, გააახლეს მთავარი საჭადრაკო სკოლა და ა.შ. მშობლების თქმით, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კონსტანტინ ტუჟბას და ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ გადავეცი სიგელი "ბავშვთა ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის", ბავშვებს კი ბლოკნოტები და სუვენირები ვაჩუქე, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.
ზოგიერთ გაზეთს დაუწერია, თითქოს, აფხაზეთის დამოუკიდებლობაც ვახსენე, მაგრამ ჩვენ ჭადრაკს ვთამაშობთ და არა - პოლიტიკას.

- მაგრამ ფაქტია, რომ ცალკე შეხვდით აფხაზეთის დელეგაციას და მათი "ფედერაციის პრეზიდენტს"!

- ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა. აფხაზეთის წარმომადგენლებს ტურნირის სასადილო ოთახში შევხვდი. ამიტომ, არასწორია ლაპარაკი, თითქოს პოლიტიკურ საკითხებში ჩავერიე...

- თქვენ ხართ ოფიციალური პირი, მსოფლიო ჭადრაკის პირველკაცი... ბუნებრივია, ხვდე­ბით, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელთან თუნდაც არაოფიციალურ შეხვედრას პროტესტი მოჰყვებოდა.

- თქვენი გაზეთის მეშვეობით ხმამაღლა ვამბობ: თუ ვინმეს გრძნობები შევლახე ან ვაწყენინე - ბოდიშს ვუხდი! მაგრამ მოჭადრაკე მოზარდებთან შეხვედრისას პოლიტიკაზე სიტყვაც არ თქმულა! კონსტანტინ ტუჟბას და აფხაზი ბავშვების მშობლებს ვუთხარი: თუ ბათუმში გასამართ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობა გსურთ, აცნობეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და შესაძლოა, საქართველოს გუნდის შემადგენლობაში გათამაშონ-მეთქი.

- თუ ნახეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის საპროტესტო წერილი, რომელშიც კითხვასაც სვამს: გქონდათ თუ არა უფლება, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის დიპლომი გადაგეცათ.

- ვნახე და ოფიციალურად ვპასუხობ: სხვა დელეგაციების მსგავსად, აფხაზ ბავშვებსაც მხოლოდ ჭადრაკზე ველაპარაკე - პოლიტიკასა და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა!

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელებს თუ ელაპარაკეთ ამ თემაზე?

- ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს დავურეკე: ზურაბ, პოლიტიკა რა შუაშია, 25 წელიწადია, მიცნობ და ხომ იცი, რომ ყოველთვის მხოლოდ ჭადრაკისკენ ვარ-მეთქი?! მისი 50 წლის იუბილეც შევახსენე - 2008 წლის აგვისტოს ომი ახალი მომხდარი იყო, იმის მიუხედავად, რომ თბილისში ჩამოსვლისგან თავის შეკავება მირჩიეს, მეგობართან მაინც ჩამოვედი!

- იმ წერილით გია გიორგაძემ ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია! იმ ქვეყნის, რომელიც 2017-2018 წლებში რამდენიმე მნიშვნელოვან საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლებს...

- წელს მსოფლიო თასს, გაისად კი საჭადრაკო ოლიმპიადას და ფიდეს კონგრესს მასპინძლობთ. ბათუმში გასამართი 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ფიდეს ისტორიაში. აჭარაში ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს ვმართავდით ტურნირებს, ბოლო სტუმრობისას კი ბათუმი ძალიან შეცვლილი დამხვდა. ყველა დუბაიზე ლაპარაკობს, მე კი ვამბობ - ბათუმი არც არქიტექტურით ჩამორჩება დუბაის, არც სანაპიროთი და მით უმეტეს - არც ხალხით... მომავალი ოლიმპიადა მსოფლიოს ბათუმისთვის გახსნის, ბათუმს კი - მსოფლიოსთვის!

- თქვენთვის როდის "გაიხსნა" საქართველო?

- საქართველო ჩემთვის ბავშვობიდან ასოცირდებოდა მზესთან, კარგ ხალხთან, ღვინოსთან, ჭადრაკთან, სტალინთან... არ ვიცი, ახლა რას ფიქრობენ საქართველოში მასზე, მაგრამ ბაბუამ მოსკოვიდან ბერლინამდე იბრძოლა სტალინისთვის და სიცოცხლის ბოლომდე ოცნებობდა მისი მშობლიური ქალაქის ნახვაზე. სამწუხაროდ, ოცნების ასრულება ვერ მოახერხა. ქართული ღვინო ძალიან მიყვარს, ჩემს სტუმრებს ყოველთვის აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა "ქინძმარაულსა" და "ხვანჭკარას" შორის. საქართველო სინათლეა, მზე, ცეკვა, ღვინო, ჭადრაკი... ბუდისტი ვარ და ადამიანების აურას ვხედავ. თქვენს ქვეყანას ოქროსფერი აურა აქვს, სინათლის შუქთან, მზისფერ ემოციასთან ასოცირდება ჩემთვის.

- კიდევ როდის ეყოლება საქართველოს გაფრინდაშვილის და ჩიბურდანიძის მასშტაბის ვარსკვლავები?

- ნონას, მაიას, სხვა უდიდესი მოჭადრაკეების თაობა ქართული გენის ამოხეთქვა იყო. მაგრამ ძალის მოკრება გენოფონდსაც სჭირდება. დიდი საჭადრაკო ტრადიციები და უდიდესი პოტენციალიც გაქვთ. ასე რომ, აუცილებლად იქნებიან ახალი "გაფრინდაშვილები" და "ჩიბურდანიძეები". მაგრამ განსაკუთრებულების გასაჩენად დროა საჭირო - გენიოსები ყოველ წელს ხომ არ დაიბადებიან?!

ჩემი დევიზია - "ერთი მილიარდი მოჭადრაკე, ერთი მილიარდი მოაზროვნე ადამიანი!" მსოფლიო რომ შეიცვალოს, ახლანდელი 600 მილიონის ნაცვლად, ჭადრაკს მილიარდი ადამიანი მაინც უნდა თამაშობდეს! მსოფლიოში მიმდინარე ომები და კონფლიქტები ფულის, ოქროს ან ნავთობის ნაკლებობის გამო არ ხდება, ფულიც და ყველანაირი ბუნებრივი რესურსიც საკმარისია იმისთვის, რომ პლანეტის მთელი მოსახლეობა დააკმაყოფილოს. შეიარაღებული კონფლიქტები იმის ბრალია, რომ დედამიწაზე ცოტაა ჭკვიანურად, საღად მოაზროვნე ადამიანი!

მოჭადრაკის მთავარი პრინციპია - ჯერ დაფიქრდი და სვლა მერე გააკეთე. თუ ჭადრაკის მოთამაშეთა, ანუ მოაზროვნეთა რაოდენობას გავზრდით, ისინი პოლიტიკაშიც ჭადრაკის პრინციპით იმოქმედებენ, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მეტი მოაზროვნე იქნება და არასწორი გადაწყვეტილებებიც შემცირდება და კონფლიქტებიც.
მილიარდობით დოლარი ომში კი არა, განათლებისთვის, კულტურისთვის დაიხარჯება...

- ეს რეალურად მიგაჩნიათ?!

- 1995 წელს, როცა ფიდეს პრეზიდენტად ამირჩიეს, რამდენიმე საჭადრაკო ტურნირი იყო, ახლა - ათასობით იმართება. იდეისთვის - "მილიარდი მოჭადრაკე" პირადი ბიუჯეტიდან უკვე დავხარჯე 100 მილიონ დოლარზე მეტი. ყოველწლიურად ვსტუმრობ ასზე მეტ ქვეყანას და ვახორციელებ პროგრამას "ჭადრაკი სკოლაში".

- "ჯერ დაფიქრდი და მერე გააკეთე სვლა..." თქვენს ცხოვრებაში ბევრი იყო "სვლა", რომელიც მერე ინანეთ?

- ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ვერძს ფეთქებადი, აგრესიული ხასიათი უნდა მქონდეს, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება ვისწავლე. ბუდიზმთან ერთად, ჭადრაკიც დამეხმარა, უფრო თავშეკავებული გავმხდარიყავი. მაგრამ მაინც მიმიჩნევენ არაორდინარულ პოლიტიკოსად, არანორმალურადაც კი...

- ნანობთ, საქვეყნოდ რომ ილაპარაკეთ - უცხოპლანეტელებს შევხვდიო?

- არ ვნანობ. არამიწიერ არსებებთან კონტაქტის შემდეგ (ილუმჟინოვი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს 1997 წლის 18 სექტემბერს შეხვდა. - ავტ.), ვერ გადამეწყვიტა - მელაპარაკა თუ არა მომხდარზე. ვიცოდი, რომ ყველა სასაცილოდ აიგდებდა ფიდეს და ყალმუხეთის პრეზიდენტს. ვინღა მოინდომებს საქმის დაჭერას "გიჟთან", რომელიც ირწმუნება, რომ მწვანე კაცუნები ნახა?! დიდხანს ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, საკუთარი იმიჯის გაწირვის ხარჯზე მაინც მელაპარაკა ამაზე, რადგან უამრავი რიგითი ადამიანის მტკიცებას ყურადღებას არავინ აქცევს, აი, პრეზიდენტის ნათქვამზე კი ყველა ლაპარაკობს! მოვყევი, რათა ხალხმა იცოდეს, რომ მილიარდობით პლანეტიდან მხოლოდ დედამიწა არ არის დასახლებული გონიერი არსებებით. არის სამი მოწმე, რომლებმაც ნახეს, როგორ გაქრა კირსან ილუმჟინოვი 12 საათით და მერე ისევ განსხეულდა...

- გაქვთ ბევრი ფული, არამიწიერ ცივილიზაციასთან ურთიერთობის გამოცდილება, არსებობს თქვენი სახელობის ასტეროიდი... კოსმოსში გაფრენის სურვილი არ გაგჩენიათ?

- ერთხელ უკვე ვიყავი კოსმოსურ ხომალდზე. თანაც, მედიტაციისას ოთახიდან გაუსვლელადაც ვახერხებ "მოგზაურობას". დედამიწაზე ჯერ კიდევ იმდენი რამაა სანახავი, სხვაგან წასვლა არ მინდა. აი, 2020 წელს, როცა მილიარდი ადამიანი ისწავლის ჭადრაკის თამაშს, შესაძლოა, გაფრენაზეც დავფიქრდე.
თამაზ
15 მარტი 2017 12:35
ბატონი კირსან ილუმჟინოვი - ძალზე მაგარი პიროვნებაა!!!

რედაქტორის რჩევით