ერთი ტაიმის გუნდი
27-03-2017
ერთი ტაიმის გუნდი
ქართველი გულშემატკივარი გამოუსწორებელი ოპტიმისტია. რა თქმა უნდა, არაერთხელ დაუდვია პირობა, რომ "მისი ფეხი არ იქნება სტადიონზე", რომ "ფეხბურთისკენ აღარ გაიხედავს" და ა.შ. მაგრამ... სტადიონზე მაინც მიდის და ყოველთვის იმედგაცრუებული ბრუნდება.

სერბეთთან მატჩიდანაც, უპირველესად, სწორედ იმედგაცრუება გამოგვყვა. იმედგაცრუება არა მარცხის, არამედ პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის გამო, თორემ საქართველოს ნაკრებისგან წაგება რა გასაკვირია - ვინმეს თუ ვაჯობეთ, ის უფრო გვიკვირს ხოლმე. პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მართლაც ითამაშა ფეხბურთი. ბუნებრივია, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ
ითამაშა, გოლიც გაიტანა და სადაც სამართალია, ორბურთიანი სხვაობითაც უნდა დაწინაურებულიყო! თუმცა ყაზაიშვილმა ისეთი მომენტი გაატანა ქარს, 100%-იანზე მეტიც რომ ჰქვია. არადა, ქარის ნაცვლად, ჯანოსთვის უნ
და "გაეტანებინა" ბურთი, ის კი უპრობლემოდ გაიტანდა გოლს და... 2:0-ის განიავება ჩვენისთანა გუნდისთვისაც კი არ იქნებოდა იოლი საქმე.

თუმცა ვერ გავიტანეთ და როგორც წესი და ჩვენი არაერთგზის გამოცდილება "მოითხოვდა", აქეთ გაგვიტანეს, თანაც, სამი შექმნილი მომენტიდან - სამივე! მანამდე კი საქართველოს ნაკრები ფავორიტ სერბეთზე უკეთ თამაშობდა - აგრესიულადაც იცავდა თავს და, სტუმრებისგან განსხვავებით, უმეტესად გრძელი გადაცემებით რომ ცდილობდნენ ლორიას კართან მიახლოებას, საგოლე მომენტებსაც ქმნიდა. ჩვეულად სასარგებლო იყო ნაკრებში დაბრუნებული ჯაბა კანკავა, თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს მიღებულმა გაფრთხილებამ მეორე ნახევარში კაპიტანი შედარებით ინერტული გახადა. კარგი დარტყმითა და რამდენიმე ჩინებული პასით დაგვამახსოვრა თავი ანანიძემ, მაგრამ მაინც გასაკვირია - ცენტრში გამწესების ნაცვლად ვაისი ჯანოს ფლანგისკენ რატომ ექაჩება?! უთამაშებლობა აშკარად ეტყობოდა ყაზაიშვილს: აუცილებლად გასატანი ეპიზოდის გარდა, ვაკომ სხვა შემთხვევებშიც ბევრი შეცდომა დაუშვა და კაკაბაძის არ იყოს, ისიც კარგა ხნით ადრე იყო შესაცვლელი.

ტაიმის (და შესაძლოა, მთელი მატჩისაც) მთავარ ნათელ წერტილად კი ნიკა კაჭარავა იქცა: დასაწყისშივე ნიკამ კარგად ისარგებლა მეტოქე მცველების შეცდომით და სტოიკოვიჩს აუღელვებლად გაუტანა გოლი, აუცილებლად გასატანი მომენტის დროსაც სწორედ მან დატოვა მეკარესთან პირისპირ ყაზაიშვილი და გულშემატკივრის ოვაცია სხვა ეპიზოდებშიც დაიმსახურა. კაჭარავას უბურთოდ მოძრაობა არ უყვარს და ნაკლად ამას თუ ჩავუთვლით, მთლიანობაში დიდი სამუშაო გასწია და მეორე ნახევრის შუაწელამდე, სანამ ქანცი გასწყდებოდა, ძალიან სასარგებლოდ იშრომა.

კონცენტრაციის დაკარგვასთან ერთად, წაგების მთავარი მიზეზი ესეც არის - საქართველოს ნაკრებმა, აგერ, მერამდენედ გვიჩვენა, რომ ერთი ტაიმის გუნდია, თანამედროვე ფეხბურთში კი არათუ თამაშის ნახევრის, ტაიმის მესამედის ჩაგდებასაც არავინ გაპატიებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობას კი ძირითად შემადგენლობასთან ბევრი არაფერი აკავშირებს და ისიც გასაკვირია, ან იმ ერთ ტაიმს როგორ თამაშობენ...

ჰო, კლასიც არ დაგვავიწყდეს: ფავორიტები კი იყვნენ, მაგრამ იმ ეპიზოდებშიც კი, როცა თამაში არ მისდიოდათ, სერბებმა, უპირველესად, სწორედ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს. ქართველების შემთხვევაში კი პირიქით იყო - ჩვენზე მაღალი კლასის გუნდი გაცილებით მეტს იხეირებდა მეტოქის დაბნევით და იქნებ პირველ ტაიმშივე მოემთავრებინა საქმე, ჩვენ კი... არათუ მატჩის, ტაიმის ბოლომდეც ვერ გავძელით.

სერბეთი ფავორიტი იყო, მოგებაც ჩვენზე მეტად სჭირდებოდა (საქართველოს ნაკრები ხომ ყველა საკვალიფიკაციო ეტაპს მომდევნო შესარჩევისთვის "ახალი გუნდის ასაშენებლად იყენებს"!) და სტუმრებს თავიდანვე რომ მოეთავებინათ საქმე, ამდენს აღარც ვინერვიულებდით, მაგრამ გულსაკლავი სწორედ ის არის, მეხუთე წუთზე გაჩენილმა იმედმა მხოლოდ ორმოცი წუთი რომ გაგვიძლო...
გამოცდილი სერბებისგან განსხვავებით, ჩვენები ისეთ კლუბებში ირიცხებიან, ნაკრების მწვრთნელი სათამაშო პრაქტიკის მქონეებსაც კი უთამაშებელ ფეხბურთელებს­ ამჯობინებს... რაც შეეხება მწვრთნელს - სერბთა გამოცდილი თავკაცი სლავოლუბ მუსლინი ჩვენთვის არა მხოლოდ მუსლინი, მუსოლინიც და ფერგიუსონიც გამოდგა. პრინციპში, არა მხოლოდ მუსლინი - საქართველოს ნაკრებთან ნებისმიერი მწვრთნელი "ფეხბურთის ბონაპარტად" იქცევა ხოლმე...

ჩვენს "მხედართმთავრებს" კი ისევე უჭირთ საკუთარი შეცდომების დანახვა/აღიარება, როგორც მათ შეგირდებს - გოლის გატანა... და ხელის გაშვერასა და დამნაშავედ გამოცხადებასაც ჩვენგან ელიან. "შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელი და ამას ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ. გადახედეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები და სად ირიცხებიან ქართველი ფეხბურთელები. დღევანდელი რესურსიდან გამომდინარე, საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე, მაგრამ თუ ხვალ მეტყვიან, რომ დამნაშავე მე ვარ, სკამს არ გამოვეკიდები და წავალ", - ვლადიმერ ვაისმა ეს სიტყვები ნამატჩევს თქვა.

სერბეთთან მხოლოდ ვაისს არ წაუგია, მაგრამ თავისი წილი შეცდომები სლოვაკ მწვრთნელსაც რომ ჰქონდა, აშკარაა. სამწუხაროდ, შეგირდების მსგავსად, ვლადიმერ ვაისიც ერთი ტაიმის მწვრთნელად იქცა. მწვრთნელად, რომელიც ხან აგვიანებს, ხან კი საერთოდ ვერ რისკავს ფეხბურთელების შეცვლას. სლოვაკი ყველანაირად ცდილობს, შეგირდებს შემტევი ფეხბურთი ათამაშოს, მისი ფეხბურთელები ბურთს ცარიელ კარს რომ აცილებენ, არც ეს არის მისი დანაშაული, მაგრამ რაც მისი საქმეა, ის ხომ მაინც უნდა გააკეთოს დროულად, მწვრთნელის ფუნქცია ხომ სწორედ ტაქტიკისა და ფეხბურთელების შეცვლაა?!

სხვა რომ არაფერი, ოთარ კაკაბაძეზე ვთქვათ: კლუბსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში თამაშისთვის ოთარი არაერთხელ შეგვიქია, მაგრამ ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველს სერბეთთან მატჩში არაფერი გამოსდიოდა. მეტიც, პირველ ტაიმში სტუმართა შექმნილი თითქმის ყველა სახიფათო შეტევა მისი ფლანგიდან დაიწყო და 45-ე წუთზე ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც ახალგაზრდა მცველის შეცდომას მოჰყვა. სერბიან-ქართველიანად ყველამ დაინახა, რომ 24 მარტი ნამდვილად არ იყო ოთარ კაკაბაძის დღე და რაც მალე შეცვლიდნენ, მით უკეთესი იქნებოდა როგორც ჩვენი გუნდის, ისე - 21 წლის ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც. სერბიან-ქართველიანად ყველამ, სლოვაკის გარდა, რომელმაც ახალგაზრდა მარჯვენა მცველი 70-ე წუთამდე დატოვა მოედანზე... სამწუხაროდ, მარჯვენა მცველის პოზიცია ისევ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საქართველოს ნაკრებისთვის და ამ პოზიციაზე დაშვებული შეცდომებისთვის მწვრთნელ-ფეხბურთელები იმდენჯერ გააკრიტიკეს, როგორც ჩანს, უკვე ვაისსაც ვეღარ გაუგია, რომელ (მარჯვენა) წყალს მისცეს თავი...

წაგება მხოლოდ კაკაბაძეს რომ არ დაბრალდეს, ისიც გავიხსენოთ, რომ სერბების მეორე გოლი გვილიას შეცდომას მოჰყვა, მესამე ბურთის დროს კი მთელმა დაცვამ "ივაჟკაცა". საერთოდ, წაგება სწორედ ჩვენი, შეტევასა თუ დაცვაში დაშვებული შეცდომების ბრალია. იუბილარი ლევან მჭედლიძისა (24 მარტი კაკაბაძის დღე არა და ლევან მჭედლიძის დაბადების დღე კი იყო) და თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნაც უნდა გავიხსენოთ, მაგრამ...

სამწუხაროდ, ძირითადი შემადგენლობითაც და მის გარეშეც საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ტაიმის გუნდია, ოღონდ, ამ "სანახევრო" გუნდს ამბიცია შესარჩევი ეტაპის ნახევრამდეც არ მიჰყვება ხოლმე და უკვე მეორე-მესამე მატჩის შემდეგ იწყებს მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა: მხოლოდ ორი ქულა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ხუთ მატჩში და ფორმალობად ქცეული დარჩენილი შეხვედრები - ეს საქართველოს ნაკრების სტატისტიკაა.
28 მარტს კი ლატვიასთან ამხანაგური მატჩია და იქნებ ვაისმა და მისმა გუნდმა არაოფიციალურ შეხვედრაში მაინც ივარგონ - ამხანაგური შეხვედრის გარდა სლოვაკს ხომ ჯერ ერთხელაც არ მოუგია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით