ვიზა და ვაისლიბერალიზაცია - კვირის პალიტრა

ვიზა და ვაისლიბერალიზაცია

5:0 მოგებული მატჩის შემდეგ, "უვიზო ევროპის" არ იყოს, საფეხბურთო არენაც უფრო მიმზიდველი ჩანს...

28 მარტი არა მხოლოდ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყების, ლამაზი გამარჯვების დღედაც შევა დიდრონი შავი ლაქებით დაფარული ქართული ფეხბურთის ისტორიაში

"ლიბერალიზაცია" ვლადიმერ ვაისსაც 28 მარტიდან შეეხო. ლატვიასთან 5:0 გამარჯვების შემდეგ, ეროვნული გუნდის სლოვაკი მწვრთნელის კრიტიკასაც ვეტო დაედო - მომდევნო სანაკრებო მატჩამდე მაინც!

მომდევნო მეტოქეები კი ისეთი გვყავს (11 ივნისს მოლდოვას ვეთამაშებით, მანამდე კი, შესაძლოა, კიდევ უფრო სუსტი მეტოქე გვესტუმროს: კარიბის ზღვის კუნძულების - სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები!), დიდი შანსია, ვაისის კრიტიკა აღარც დაგვჭირდეს. ისე არავინ გაიგოს, თითქოს სლოვაკის ჯინი გვჭირს და ჩასაფრებული ველით, როდის მოგვეცემა მისი გაკრიტიკების მიზეზი. პირიქით - ვლადიმერ ვაისისა და მისი გუნდის წარმატება ჟურნალისტებზე მეტად არავის გაუხარდება. თუნდაც იმ "უბრალო" მიზეზის გამო, რომ დავიღალეთ მხოლოდ წაგებასა და უიღბლობაზე წერით!

გულშემატკივარს შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს ფეხბურთელებს და სტადიონზე აღარ წავიდეს, საქვეყნოდ ილაპარაკოს, რასაც მოთამაშეებსა თუ მწვრთნელზე ფიქრობს, ან, ბოლოს და ბოლოს, ხელი ჩაიქნიოს... ჟურნალისტს კი ამის უფლება არა აქვს - ყველა მატჩს უნდა უყუროს და მკითხველს ნანახის ობიექტური შეფასება შესთავაზოს...

ამიტომაც ქართველი ფეხბურთელების მოგებული ყველა მატჩი ჩვენთვისაც დიდი საჩუქარია. იმის მიუხედავადაც, რომ მავანი ქომაგისგან განსხვავებით, 5:0 გამარჯვებაში მხოლოდ დიდი ანგარიშით მოგებას არ ვხედავთ და ეს იშვიათი გამონათებები ვერც ქართული ფეხბურთის აურაცხელ პრობლემას გვავიწყებს. ვერ დავემსგავსებით ქომაგთა იმ კატეგორიას, გამარჯვების შემდეგ მწვრთნელ-ფეხბურთელები ქებით ცაში რომ აჰყავთ, წაგების შემდეგ კი ახსენდებათ, რომ "ქართული ფეხბურთი დიდი ხანია, მკვდარია", რომ "უცხოელისთვის მილიონების გადახდას სჯობს, ეს ფული ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოვახმაროთ", რომ "ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არის, რაგბის და კალათბურთს მივეძალოთ" და ა.შ.

ვერ დავემსგავსებით, ამიტომაც მოკლედ უნდა ვთქვათ:

საქართველოს ნაკრებსა და მის ყველა ქომაგს ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება, უპირველესად - ფსიქოლოგიურად. და მნიშვნელობა არც იმას აქვს, რომ მატჩი ამხანაგური იყო, მეტოქე კი, რაც კი ოდესმე გვინახავს, ყველაზე სუსტი გვყავდა.

მთავარია, რომ ხუთი უპასუხო გოლი გავიტანეთ, ვნახეთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ძალიან გამოადგებიან ნაკრებს და ისიც, რომ კარგად თამაში ორი ტაიმის განმავლობაშიც (ოღონდ, არ დაგვავიწყდეს, რომ ლატვიელებმა ამაშიც შეგვიწყვეს ხელი) შეგვძლებია...

წინა შეხვედრებში ვაისი დაგვიანებული და არასწორი შეცვლებისთვის გავაკრიტიკეთ. ამჯერად საქმე აქამდე არ მისულა და საქართველოს ნაკრებს არც წნეხის გაძლიერება დასჭირვებია - მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში "საკმარისად" სუსტი იყო!

სერბეთთან განიავებული უპირატესობის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა: ლორია მაკარიძემ ჩაანაცვლა, კვირკველია-კაკაბაძე - ხოჭოლავამ და ლობჟანიძემ, კაპიტანი ჯაბა კანკავა სერბეთთან შეხვედრის დასრულებისთანავე დაუბრუნდა კლუბს. მისი, ყაზაიშვილისა და კაჭარავას ნაცვლად კი ძირითად შემადგენლობაში ჯიღაურმა, დვალიშვილმა და ქვილითაიამ დაიწყეს თამაში და "ახლებიდან" თითქმის ყველამ უშეცდომოდ ითამაშა.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხოჭოლავასა და ქვილითაიას კარგი თამაში. ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ დავით ხოჭოლავას თავდაჯერებული და საიმედო (იმის მიუხედავად, რომ დიდი ჯაფა არ დასდგომია) თამაში, უპირველესად, კონკურენციისთვის არის კარგი. კონკურენციის გაჩენა კი, საქართველოსდარი ნაკრებისთვის, რომელიც კონკრეტულ პოზიციებზე თითო ძლიერი მოთამაშის მოძებნასაც გაჭირვებით ახერხებს, ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩინებულად ითამაშა და დუბლი გაიფორმა გიორგი ქვილითაიამ. გარდა ამისა, ანანიძის გატანილი პენალტიც მისი წაქცევისთვის დაინიშნა და თამამად შეიძლება იქვას, რომ სწორედ ჯანო და გიორგი იყვნენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები. ლატვიასთან ქვილითაია უფრო თავდაჯერებული ჩანდა და ეს მის შედეგიანობაზეც აისახა, ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ ბოლო შეხვედრებში საქართველოს ნაკრები გაცილებით მეტ საგოლე მომენტს ქმნის და იყენებს. და როცა კაჭარავა-ქვილითაიასთან ერთად, მწყობრში ლევან მჭედლიძეც ჩადგება, ჩვენს გუნდს უკანასკნელ წლებში პირველად ექნება დიდი არჩევანი თანამედროვე ფეხბურთისთვის ასე აუცილებელ - ზორბა და შედეგიან ფორვარდებს შორის!

აუცილებლად უნდა ვახსენოთ გიორგი არაბიძეც: სერბეთთან მატჩისგან განსხვავებით, დონეცკის "შახტარის" 19 წლის გარემარბს ლატვიასთან მეტი დრო ჰქონდა და გაცილებით შედეგიანადაც ითამაშა: ზუსტი პასები, საგოლე კუთხური და ბოლო წუთებზე საჯარიმოდან გატანილი ლამაზი ბურთი მოედანზე გატარებული ნახევარი საათისთვის მშვენიერი შედეგია...

მოკლედ, სერბეთთან ჩვეული სტილით წაგებისა და იმედგაცრუების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დამბლადაცემულივით მოთამაშე ლატვია გაანადგურა და ახალ წრეზე წავიდა.

წრეზე, რომელიც მოჯადოებულს კი ჰგავს, მაგრამ მაინც იმედის არის. იმედის, რომელიც ყველა მოგებული ან კარგად ნათამაშები მატჩის შემდეგ ჩნდება და... მორიგი წაგების შემდეგ იკარგება...

ხუთი ბურთი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს ხუთოსნებს ჯერ მაინც ვერ ვუწოდებთ... რადგან სუსტ ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერაც არ ვიცით გამარჯვების გემო და... სხვა ბევრი პრობლემაც გვაქვს.

თუმცა, საქართველოს ნაკრები ისე იშვიათად გვახარებს გამარჯვებებით, მომავალ თამაშამდე ეს მოგება ვიკმაროთ - პრობლემებზე სალაპარაკოდ ხომ მატჩები წინ გვაქვს...

შესავალში ვეტო ვახსენეთ და ბარემ მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობაზეც ვთქვათ - გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესრულებულმა ჰიმნმა ჩვენებს ხუთი უპასუხო ბურთი გაატანინა და თუ ისედაც ყოველ წუთს ვცვლით, იქნებ ქვეყნის კონსტიტუციისთვის ერთი პატარა ჩანაწერიც მიგვემატებინა?! მაგალითად: "საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ეროვნული ნაკრების მატჩებს და ფეხბურთელებთან ერთად იმეორებს სახელმწიფო ჰიმნს"...

კარგია, ხუმრობის ხასიათზე თუნდაც ამხანაგური მატჩის შემდეგ რომ ვართ. 28 მარტი კი არა მხოლოდ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყების, ლამაზი გამარჯვების დღედაც შევა დიდრონი შავი ლაქებით დაფარული ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

სხვათა შორის, ლატვია უმწვრთნელოდ დარჩა - შემრცხვა და მივდივარო, თქვა ბალტიისპირელთა თავკაცმა მარიანს პახარსმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ლატვია უმწვრთნელოდ დარჩა. ჩვენ - იმედით... იმედით, რომ ვიზალიბერალიზაციის გამოცხადების შემდეგ ქართული ფეხბურთიც უფრო დაუახლოვდება ევროპულ ფეხბურთს.

სტადიონზე მისვლას ვიზა არც აქამდე სჭირდებოდა.

მაგრამ 5:0 მოგებული მატჩის შემდეგ, "უვიზო ევროპის" არ იყოს, საფეხბურთო არენაც უფრო მიმზიდველი ჩანს...