გადაწყვეტილი ამბავი - კვირის პალიტრა

გადაწყვეტილი ამბავი

სამშაბათს ანანიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნება!

იტალიასა და ისლანდიასთან, შესაბამისად, 5 და 9 სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ექტორ კუპერმა ჯანო ანანიძე გამოიძახა. უნიჭიერესი თინეიჯერის ეროვნულ გუნდში დებიუტს 12 აგვისტოს მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაშიც ველოდით, მაგრამ ჯანოს ნაცვლად თბილისში... მისი წერილი ჩამოვიდა. მართალია, წერილს ფეხბურთელის ავტოგრაფი ამშვენებდა, მაგრამ აშკარად ჩანდა რუსული ხელწერა (რა თქმა უნდა, ჩრდილოელთა ბოროტ ზრახვებს ვგულისხმობთ და არა უშუალოდ კალიგრაფიას).

გადაჭრით აქამდე ვერავინ ამბობდა, შეუერთდებოდა თუ არა 16 წლის იმედის მომცემი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს. ამ კითხვაზე უკვე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომელიც ანანიძეებმა მოგვცეს და ის ცალსახად დადებითად გადაწყდა.

მოგეხსენებათ, აგვისტოს დასაწყისში ფეხბურთელის მამას, ამირან ანანიძეს ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი შეხვდა. ბატონმა ამირანმა ახალკაცთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ჯანოს მხოლოდ საქართველოს ნაკრებში სურდა თამაში. შეხვედრის მეორე დღეს ამირან ანანიძე მოსკოვში, შვილთან გაემგზავრა. ბუნებრივია, რუსებმა მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით ანანიძის გადაბირებისთვის ბრძოლა გააგრძელეს, თუმცა ჯანოსგან დადებით პასუხს ვერ ეღირსნენ. ჩვენთან საუბრისას ახალკაცმა თქვა, რომ ჯანო ანანიძის საკითხი აგვისტოს ბოლო კვირას გადაწყდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ჯანოსა და ბატონ ამირანს ამ დღეებში შეხვედრა ჰქონდათ ""სპარტაკის"" ხელმძღვანელებთან. მოგეხსენებათ, კლუბს უფლება არა აქვს, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი შეაფერხოს, მაგრამ ხშირად, როცა კლუბის მესვეურებს მოთამაშე ნაკრებისთვის არ ეთმობათ და ის ამ ნაბიჯს მაინც დგამს, შემდეგში პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. მსგავსი პრეცედენტი ქართველებსაც არაერთხელ გამოუცდიათ - უმეტესად რუსული კლუბებისგან. ანანიძეებისა და ""სპარტაკის"" ხელმძღვანელთა მოლაპარაკება სწორედ ასეთი უსიამოვნების თავიდან აცილებას ეხებოდა. ხსენებულ საკითხზე საუბარს თავად ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები, რაღა თქმა უნდა, ერიდებიან და არც ჩვენ ჩავძიებივართ. თუმცა, სანდო წყაროს ცნობით, რუსებმა კიდევ ერთხელ სცადეს ჯანოს გადაბირება.

ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და ამირან ანანიძეს დავუკავშირდით:

- "დიახ, ყველაფერი გაირკვა. უკვე დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჯანო ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. 31 აგვისტოს თბილისში გამოვფრინდებით. ""სპარტაკის" ხელმძღვანელობას ველაპარაკე. წინააღმდეგი არ არიან, რომ ჯანომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. მოსკოვის ""სპარტაკის"" თავკაცმა ვალერი კარპინმა პირდაპირ მითხრა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, მხოლოდ ის მაინტერესებს, რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს ადგილი ძირითად გუნდშიო...

ასეთივე პოზიცია დააფიქსირეს მოსკოვური კლუბის სხვა ხელმძღვანელებმაც. მოგეხსენებათ, მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისი არ არის, შესაბამისად, სხვა ქვეყნის გავლით მოგვიწევს ჩამოფრენა. ავიაბილეთები ""სპარტაკის"" ოფისში ხვალ-ზეგ ჩამოვა და მარშრუტსაც გავიგებთ. ასე რომ, ჯანო ეროვნულ ნაკრებში დებიუტისთვის მზად არის.

ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც მახაჩყალის ""ანჟიში"" ანანიძის შესაძლო განათხოვრებას ეხებოდა. ამირან ანანიძეს ამაზეც ვკითხეთ:

- "არა, არანაირი ""ანჟი"". ეს გამორიცხულია. ამ კლუბში განათხოვრებაზე არც ყოფილა ლაპარაკი. ეს უფრო ფანტაზიის სფეროდანაა და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს... რაც შეეხებათ მსურველებს, ვენის ""რაპიდისა"" და ""ვესტჰემის"" ვარიანტი უკვე ჩაიშალა, ეს კლუბები ""სპარტაკთან"" პირობებზე ვერ მორიგდნენ. მადრიდის ""ატლეტიკოც"" დაინტერესდა ჯანოთი... ჰო, ""ჩელსიც"," მანამდე კი, ასე ვთქვათ, ტრამპლინად ""ბლექბერნი"" - ეს თქვენც გცოდნიათ. ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია და ვნახოთ... ყველაფერი მაინც ჯანოზეა დამოკიდებული. თუ ის ამ ტემპით განაგრძობს წინსვლას, მაშინ ევროგრანდში მისი გადასვლა რეალური იქნება".