დომინიკ ტიმი: "ბასილაშვილს აქვს პოტენციალი, ტოპ-20-შიც მოხვდეს" - კვირის პალიტრა

დომინიკ ტიმი: "ბასილაშვილს აქვს პოტენციალი, ტოპ-20-შიც მოხვდეს"

"არ მოგატყუებთ - საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. თუმცა მსმენია, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა და თქვენთან კარგი მთებია თხილამურებით და სნოუბორდით სასრიალოდ"

"იმის მიუხედავად, რომ ეს ყველა ჩოგბურთელის უმთავრესი მიზანია, არც ის იქნება პრობლემა, თუ მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ ვიქნები!"

გასული კვირის ბოლოს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე ითამაშა ლიტველების წინააღმდეგ. "კვირის პალიტრის" ფორმატის გამო კვირას გამართული გადამწყვეტი შეხვედრების შედეგები გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა. თუმცა, თუ ჩოგბურთი გაინტერესებთ, დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მატჩების შედეგები უკვე გეცოდინებათ და დომინიკ ტიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუსაც სიამოვნებით წაიკითხავთ. ახალგაზრდა ავსტრიელმა ისე სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ტოპ-10-ში, "ეტყობა, არ გაჩერდება და ATP-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ლიდერებსაც მალე შეუტევს. აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში 23 წლის ტიმი მე-9 ადგილს იკავებდა (შარშან პლანეტის მეშვიდე ჩოგანიც იყო. - ავტ.), პროფესიულ კარიერაში კი ჯერჯერობით რვა ტიტულითა და პრიზად მიღებული 6 მილიონამდე დოლარით იწონებს თავს. წლების განმავლობაში დომინიკ ტიმი იმავე მწვრთნელთან ვარჯიშობდა, ვისთანაც ირაკლი ლაბაძე და ჩვენებურს კარგად იცნობს. გარდა ამისა, თებერვალში გამართულ შოფია Oპენ-ზე ავსტრიელი ჩოგბურთელი ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან. სწორედ ამიტომ, დომინიკ ტიმთან ინტერვიუ ქართველ ჩოგბურთელებზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- სოფიის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ორ სეტში დამარცხდით. რის ხარჯზე დაგამარცხათ ქართველმა?

- სოფიის კორტის საფარი საკმაოდ სწრაფია და რთული სათამაშო, ნიკა კი ძალიან კარგი ჩოგბურთელია. გარდა ამისა, ჩემთვის ეს ტურნირის პირველი მატჩი იყო, ბასილაშვილს კი სოფიაში უკვე ჰქონდა მოგებული ერთი თამაში და ჩემთან შეხვედრაშიც ძალიან მოინდომა.

- მეტოქის შეუფასებლობაც ხომ არ იყო მიზეზი?

- არა. ნიკას სხვა ტურნირებშიც შევხვედრივარ და ვიცი, რომ კარგი ჩოგბურთელია. ასე რომ, წაგება მოწინააღმდეგის შეუფასებლობის ბრალი ნამდვილად არ იყო.

- აქვს ნიკას პოტენციალი, კიდევ უფრო მოუმატოს?

- ბასილაშვილი არის ყველასთვის სახიფათო მეტოქე, რომელიც ახლა განსაკუთრებით კარგ ფორმაშია. თუ ასევე გააგრძელებს, ჩემი აზრით, ნამდვილად აქვს პოტენციალი, საუკეთესო ოცეულშიც შევიდეს.

- ირაკლი ლაბაძე როდის გაიცანით?

- ირაკლის დიდი ხანია, ვიცნობ. თუ სწორად მახსოვს, 12 წლის ვიყავი, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს.

- გახსოვთ მისი თამაში?

- რა თქმა უნდა, მახსოვს. ლაბაძის თამაშის ყურება ძალიან საინტერესო იყო. მიმაჩნია, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფორჰენდი აქვს. ამასთან, ირაკლი არის ძალიან მხიარული ადამიანი, გამორჩეული იუმორით...

- რა იცით საქართველოს შესახებ? ირაკლისთან სტუმრობას ხომ არ გეგმავთ?

- არ მოგატყუებთ, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რადგან თქვენს ქვეყანაში არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა, მსმენია, რომ ძალიან ლამაზი, საინტერესო ქვეყანაა და თქვენთან კარგი მთებია თხილამურებითა და სნოუბორდით სასრიალოდ. ჩემი მეგობარი ჩამოვიდა საქართველოში სასრიალოდ და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. ასე რომ, თუ დრო გამოვნახე, მეც სიამოვნებით გესტუმრებით.

- ვიცით, ფეხბურთი გიყვართ და ისიც გეცოდინებათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო და ავსტრია ერთ ჯგუფში არიან. შარშან, ავსტრიამ თბილისში 2:1 გაიმარჯვა. რას ელით განმეორებითი შეხვედრისგან?

- ფეხბურთი ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ ავსტრია და საქართველო ერთ ქვეჯგუფში არიან. მე, როგორც პატრიოტს, მჯერა, რომ საკუთარ მოედანზეც ავსტრია მოიგებს, თუმცა, ეს ნამდვილად არ იქნება იოლი - საქართველოსაც კარგი გუნდი ჰყავს. არ ვიცი, გამოგვივა თუ არა, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, ბოლომდე ვიბრძოლებთ!

- კლუბებიდან "ჩელსის" ქომაგობთ. რატომ მაინცდამაინც "არისტოკრატები"?

- ათი წლის ვიქნებოდი, როცა ფეხბურთით დავინტერესდი და ვუყურე ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ჩელსისა" და "არსენალს" შორის. იმ შეხვედრაში "ჩელსიმ" ძალიან კარგად ითამაშა და ლონდონურ კლუბს მას შემდეგ ვქომაგობ.

- რამდენიმე დღის წინ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. როგორ მიგაჩნიათ, რას შეცვლის ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რას ეტყვით საქართველოს?

- გამოდის, რომ ამიერიდან უვიზოდ იმოგზაურებთ? ეს ძალიან კარგია როგორც ქვეყნის, ისე მისი მოსახლეობისთვისაც. მეტი შესაძლებლობა გექნებათ, ევროპის ქვეყნები მოინახულოთ, ბევრი ტურისტი ეწვევა თქვენს ლამაზ ქვეყანასაც.

- თქვენი დედ-მამა ჩოგბურთის მწვრთნელია. ჩოგანი ბავშვობიდანვე ამის გამო შეგიყვარდათ?

- დიახ, ჩემი მშობლები მწვრთნელები არიან და ყველაზე ხშირად მათ სწორედ კორტზე ვხედავდი. ამის გამო კორტზე მეც დიდ დროს ვატარებდი და ბუნებრივია, ჩოგბურთის სიყვარულიც ამას უკავშირდება.

- თუმცა, 6 წლის ასაკიდან, ანუ, იმ დროიდან, როცა ჩოგბურთში ვარჯიში დაიწყეთ, გიუნტერ ბრესნიკი გავარჯიშებთ. მშობლებმა განზრახ თქვეს უარი საკუთარი შვილის გაწვრთნაზე?

- მამა მწვრთნელად მუშაობდა ბრესნიკის აკადემიაში. თავდაპირველად მან სთხოვა გიუნტერს, რომ მასთან მევარჯიშა, თანდათანობით კი ეს ვარჯიში უფრო ინტენსიური გახდა და საბოლოოდ სწორედ ბრესნიკი აღმოჩნდა ჩემი მწვრთნელი.

- უკვე 16 წელიწადზე მეტია, ბრესნიკი გავარჯიშებთ და ალბათ, მშობლებზე უკეთაც გიცნობთ. რა არის მისი წარმატებული მუშაობის საიდუმლო?

- მასთან მართლაც უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს მშობლებთან. რაც შეეხება წარმატებულ მუშაობას, "საიდუმლო", ალბათ, ის არის, რომ ბრესნიკი ცდილობს, თითოეული ვარჯიში წინაზე უკეთესი იყოს, მისმა შეგირდმა კი ყოველ ჯერზე უფრო აიმაღლოს ოსტატობა.

- თანამედროვე ჩოგბურთში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჩვენს სახეობაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფიზიკური მომზადება. თანდათანობით ჩოგბურთი უფრო სწრაფი ხდება და ამიტომ ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენჭება, რამდენად ათლეტური, ნავარჯიშები და ამტანი ხარ.

- ცნობილია, რომ ბავშვობიდან იყავით თქვენი თანამემამულის - იურგენ მელცერის ფანი. რა იგრძენით, როცა 2013 წელს პირველად დაამარცხეთ თქვენი კუმირი, ავსტრიის პირველი ჩოგანი?

- რა გასაკვირია, რომ მისი ფანი ვიყავი - მელცერი ხომ ავსტრიის საუკეთესო ჩოგბურთელი იყო, ქვეყნის პირველი ნომერი. რაც შეეხება მასთან გამარჯვებას, ეს ოთხი წლის წინ მოხდა და დიდებული შეგრძნება იყო! თამაშის წინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგად მეთამაშა და იმედი მქონდა, რამდენიმე გეიმს მაინც მოვიგებ-მეთქი. თუმცა გავიმარჯვე და ეს ყველასათვის დიდი სიურპრიზი იყო. ყველაზე მეტად კი - ჩემთვის...

- სხვათა შორის, მელცერის კარიერის უმაღლესი პოზიცია (მერვე ადგილი ATP-ს რეიტინგში) შარშან გააუმჯობესეთ. დომინიკ ტიმი N1-ლი როდის გახდება?

- ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან რეიტინგის ლიდერად გახდომა ურთულესი საქმეა. უბრალოდ, ყველა მატჩში ვცდილობ, საუკეთესო თამაში ვაჩვენო და შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. და იმის მიუხედავად, რომ ეს ყველა ჩოგბურთელის უმთავრესი მიზანია, არც ის იქნება პრობლემა, თუ მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ ვიქნები!

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ პროფესიულ ჩოგბურთში მეგობრობა არ არსებობს?

- არავითარ შემთხვევაში! მე მართლაც კარგი ჩოგბურთელი მეგობრები მყავს - სასიამოვნო ადამიანები, რომლებთან ერთადაც ხშირად ვსადილობ და ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ. ასე რომ, ნამდვილად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამტკიცებს, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელებს მეგობრობა არ გამოსდით.

- და ვინ არიან თქვენი ჩოგბურთელი მეგობრები?

- უმეტესწილად, გერმანელი ჩოგბურთელები - კოლშრაიბერი, კამკე და სხვები.

- ნოვაკ ჯოკოვიჩი ისე წინ იყო მსოფლიო რეიტინგში, ერთი შეხედვით, ვერავინ დაეწეოდა... თუმცა ახლა ენდი მარეია პირველი ჩოგანი და თითქმის ისეთივე სხვაობით სჯობნის ჯოკოვიჩს, როგორი უპირატესობითაც სერბი ლიდერობდა ბოლო წლებში. ეს რის დამსახურებაა?

- ნოვაკი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო პირველი ჩოგანი, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, მობილიზება დაკარგა, რითაც ენდი მარეიმ ისარგებლა. ჩემი აზრით, ენდი მარეი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩოგბურთელია და დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს.

- გყავთ გამორჩეულად საყვარელი ჩოგბურთელი?

- ახლა არავინ, მაგრამ ბავშვობაში ჩემი საყვარელი ჩოგბურთელი იყო ესპანელი ხუან-კარლოს ფერერო.

- ჩოგბურთის გარდა რა გიყვართ?

- ფეხბურთი. ასევე, მეგობრებთან ერთად ყოფნა, დროის კარგად გატარება და მათთან ერთად ტელევიზიით სპორტის სხვადასხვა სახეობის ყურება. სულ ესაა (იცინის).

- გამარჯვება, რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ გახსენდებათ...

- მატჩი, როდესაც როჯერ ფედერერი დავამარცხე შტუტგარტში, ბალახის საფარზე. ბალახის კორტი ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი საფარი და მით უმეტეს, არ ველოდი, რომ ბალახის საფარზე ტურნირს მოვიგებდი, თანაც - როჯერის "გავლით". ასე რომ, ეს ჩემთვის უზომოდ სასიამოვნო სიურპრიზი იყო და სავარაუდოდ, ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებაც!

- როჯერ ფედერერი არის...

- ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე! ის ფაქტი, რომ ფედერერი 35 წლის ასაკშიც საუკეთესოდ თამაშობს, ადასტურებს ჩემს სიტყვებს. როჯერი საუკეთესოა!

- ბევრი სხვა ცნობილი სპორტსმენისგან განსხვავებით, საკუთარ ფეისბუკგვერდს თავად უძღვებით. ახერხებთ საამისო დროის გამონახვას? რა დატვირთვა აქვს თქვენთვის სოციალურ ქსელს?

- ხანდახან ცოტას მეხმარებიან ხოლმე, ძირითადად კი თვითონ ვუძღვები ჩემს ფეისბუკგვერდს და მისი მეშვეობით მატჩის გაანალიზებაც საინტერესო მეჩვენება. ფანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენს კარგი ფეისბუკ და ინსტაგრამგვერდები ჰქონდეს.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელებს?

- ლაბაძისა და ბასილაშვილის მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოში ნიჭიერი ჩოგბურთელები არიან და ვარჯიშის პირობებიც არის. ასე რომ, ვინც ბევრს იშრომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს!