ამბავი "ჩაფლავებულთა" ჩემპიონობისა - კვირის პალიტრა

ამბავი "ჩაფლავებულთა" ჩემპიონობისა

ჩვენი გაზეთის მკითხველებს შეხსენება არ სჭირდებათ, სხვა სახეობებთან შედარებით ძიუდოზე უფრო ხშირად რომ ვწერთ. ზოგიერთი გვსაყვედურობს კიდეც, რას გადაეკიდეთ ამ ფეხბურთსა და ძიუდოს, სხვა სახეობებმა რა დააშავესო.

"კვირის პალიტრას" მთავარი მოვლენები არც ერთ სფეროში არასდროს გამორჩენია, მაგრამ ძიუდოისტებისადმი მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ ხოლმე და მათთვის არც ქება დაგვიკლია ოდესმე და არც კრიტიკა. თუმცა, გაზეთის წინა ნომრის გამოსვლის შემდეგ რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ეს ის შემთხვევაა, როცა მკითხველს სუბიექტური ან ობიექტური, ან თუნდაც მცდარი კი არა, არასრული ინფორმაცია მივაწოდეთ.

მიხვდებოდით, ალბათ, ლაპარაკია თქვენი მონა-მორჩილის სტატიაზე "ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ჩააფლავეს", რომელიც "კვირის პალიტრის" 26 აპრილის ნომერში დაიბეჭდა და ავსტრიის დედაქალაქში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს აშუქებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ვენაში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იჭიდავა, ამირან ტოტიკაშვილის შვიდეულიდან მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა მოახერხა მედლის მოპოვება - ვარლამ ლიპარტელიანმა (90) ევროპის შარშანდელი პირველობის მსგავსად, წელსაც ვერცხლის მედალი მოიგო. ჩვენი გუნდისგან გაცილებით მეტს ველოდით. სხვა რომ არაფერი, გუნდში ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი გვყავდა და ვერც დანარჩენ ძიუდოისტებზე იტყვის კაცი, გამოცდილება აკლიათო, თუმცა...

სწორედ კინკილა მედლის ამარა ჩამთავრებული ჩემპიონატის გამო "ჩავაფლავეთ" საქართველოს ნაკრები და თუ ვინმე გვეტყვის, რომ მუდამ კვარცხლბეკის მაღალი საფეხურებისთვის მებრძოლი გუნდისთვის ეს შედეგი და მედლების რაოდენობის მიხედვით დაკავებული გუნდური მე-11 ადგილი ასეთ შეფასებას არ იმსახურებს, ბოდიშს მოვუხდი.

საბედნიეროდ, ჩვენმა ძიუდოისტებმა გაცილებით უკეთ იჭიდავეს ევროპის გუნდურ პირველობაზე, რომელიც აბსოლუტურად სხვა ტურნირია და პირადი პირველობის დამთავრების შემდეგ იმართება. გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ფრანგებს სძლია და მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ამ ასპარეზობის შედეგი კვირა საღამოს გახდა ცნობილი და ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, მისი შედეგის თქვენთვის მოწოდებას ვერაფრით მოვახერხებდით. ჩვენი მკითხველის დაბნევა (და ზოგ შემთხვევაში, გაღიზიანებაც) სწორედ ამან გამოიწვია: იმ დროს, როცა მათმა უმეტესობამ ტელევიზიით შეიტყო გუნდურ ჩათვლაში ჩვენების ჩემპიონობა, გაზეთში მხოლოდ ინდივიდუალური - "ჩაფლავებული" შედეგების ამბავი ამოიკითხეს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით.

პრინციპში, დაბნეულობა უფრო სათაურმა გამოიწვია, თორემ სტატიის წაკითხვის შემდეგ სპორტში თუნდაც ოდნავ გარკვეული მკითხველი მიხვდებოდა, რომ შეცდომასთან, უცოდინარობასთან ან მით უმეტეს, გამარჯვების შეგნებულ დაკნინებასთან კი არა, არასრულ ინფორმაციასთან ჰქონდა საქმე. ვალდებული ვიყავით, მიგვენიშნებინა, რომ მასალაში გუნდური პირველობის შედეგები გათვალისწინებული არ იყო.

რაც შეეხება ევროპის გუნდურ პირველობას, ჩვენებმა ჯერ მოლდაველებს, ნახევარფინალში კი პოლონელებს მოუგეს ერთნაირი ანგარიშით - 3:2. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ორივეჯერ 0:2-ს აგებდა, მაგრამ ლევან წიკლაურის (81), ვარლამ ლიპარტელიანისა (90) და ლაშა გუჯეჯიანის (+100) წყალობით ფინალამდე მიაღწია. გადამწყვეტ მატჩში ჩვენებმა ფრანგები დაამარცხეს - 3:2 და მეოთხედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები. თუ მოლდაველებსა და პოლონელებთან ყველაფერი მძიმეწონიანი გუჯეჯიანის კარგმა ჭიდაობამ გადაწყვიტა, ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა მოგვიტანა მესამე და გადამწყვეტი გამარჯვება.

რაც შეეხება ვენაში საჩემპიონოდ ჩასული რუსეთის ნაკრებისა და მისი პრემიერის მართლაც ჩაფლავების ამბავს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები გუნდურ პირველობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც პრემიერ პუტინის ტურნირზე დასწრებაც მეტყველებს. რუსები დარწმუნებული იყვნენ, რომ გუნდურ ოქროს ვერავინ წაართმევდათ, მაგრამ ჩემპიონობას ვინ ჩივის, რუსეთის ნაკრებმა იტალიასაც ვერ მოუგო და ჯგუფში ჩარჩა. ჰოდა, იმის ნაცვლად, თავისი ნაქები ბიჭებისთვის მიელოცა გამარჯვება, რუსეთის პრემიერი (რომელიც თავის დროზე ძიუდოში სანქტ-პეტერბურგის ჩემპიონი იყო) იძულებული გახდა, საქართველოს ჰიმნს ფეხზე წამოდგომოდა და ჩვენი გუნდისთვის დაეკრა ტაში.

მერწმუნეთ, ჩვენების "ჩაფლავებაზე" წერას ბევრად მერჩივნა ვენის ტატამის თავზე აღმართული ქართული დროშისა და პუტინის სიმწრის ოფლით დაცვარული შუბლის ამბავი გაზეთის წინა ნომერშივე მომეთხრო, მაგრამ...

მიზეზზე უკვე ვილაპარაკე და ვფიქრობ, არცთუ გაუგებრად.