ფაჩულია, CNN-ი და ქართული ღვინო - კვირის პალიტრა

ფაჩულია, CNN-ი და ქართული ღვინო

ტელეკომპანია CNN-ის ოფიციალურ ვებგვერდს ახალი რუბრიკა აქვს -I-List, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარუდგენენ.

CNN-მა აპრილი საქართველოს მიუძღვნა, ქვეყნის სახედ კი "ატლანტა ჰოუქსის" მოთამაშე -ზაზა ფაჩულია აირჩია და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, -ფაჩულია ხომ უკვე მრავალი წელია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. თანაც, CNN-ის მთავარი ოფისი სწორედ ატლანტაში მდებარეობს. ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზამ სამშობლოზე, კალათბურთში პირველ ნაბიჯებსა და ბიზნესზე ილაპარაკა. ჩვენი საუბარიც ამერიკულ ტელეგიგანტში მის სტუმრობაზე ლაპარაკით დავიწყეთ.

-ჩემთვის დიდი პატივია, ისეთმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ტელეკომპანიამ რომ ამირჩია საქართველოს სახედ, როგორიც  CNN-ია. ტელეკომპანიის ჟურნალისტთან ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ სამშობლო ჩემთვის ყველაფერზე წინ დგას და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის სიხარულით მოვდივარ.

-შარშან ატლანტაში რესტორანი შეიძინეთ და როგორც აღნიშნეთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაცია გსურთ.

-ასეა. მინდა, ჯერ ატლანტელებს, მერე კი მთლიანად ამერიკას გავაცნო ჩვენი ღვინო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ახლა ფლეი-ოფის მატჩების გამო ისე დატვირთული ვარ, რომ რესტორანში ხშირად მისვლას ნამდვილად ვერ ვახერხებ. თუმცა, მენეჯერი საქმეს ჩინებულად უძღვება. სხვათა შორის, ჩემს რესტორანსა და  ღვინის ბარში ქართველებიც ხშირად დადიან.

-ახლა -კალათბურთზე. მიმდინარე სეზონში მწვრთნელი ძალიან ცოტა დროს გაძლევთ სათამაშოდ. რატომ?

-ვერ გეტყვით, ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. როცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მეძლევა, მგონი, ურიგოდ არ ვთამაშობ. ბუნებრივია, მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო მოედანზე, მაგრამ მეორე მხრივ, იმითაც ბედნიერი ვარ, გუნდი ასე კარგად რომ თამაშობს. მეშვიდე წელია, აქა ვარ და "ატლანტას" ასეთი კარგი სეზონი არ ჰქონია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, გუნდმა რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადალახოს (ინტერვიუ 2 მაისს არის ჩაწერილი. -ავტ.), ზაფხულში კი გადავწყვეტ, ატლანტაში დავრჩე თუ ახალი კლუბი მოვძებნო.

-"ლეიკერსთან" მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულეთ -10 ქულა და 10 მოხსნა...

-ხომ ვთქვი, როცა მწვრთნელი მენდობა, არ ვაწბილებ-მეთქი (იცინის)... იმ შეხვედრაში სათამაშო დროც საკმაოდ მქონდა და თამაშიც გამომივიდა...

-ფლეი-ოფში, "მილუოკის" წინააღმდეგ 2:0 დაწინაურების შემდეგ, ზედიზედ სამი მატჩი წააგეთ...

-ფლეი-ოფი სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. ყველა ელოდა, რომ "მილუოკის" 4:0 დავამარცხებდით, თუმცა... როგორც ჩვენ მოვუგეთ საშინაო მატჩებში, სწორედ ისე დაგვამარცხეს, საკუთარ არენაზე მათაც. სხვათა შორის, ისეთი ხმაურიანი ქომაგობა, როგორიც მილუოკის დარბაზში ვნახე, მანამდე არსად მინახავს. ამას ჩვენი შეცდომებიც დაემატა და...

თუ ობიექტურად შევაფასებთ, "ატლანტა" დღეს "მილუოკიზე" ძლიერი გუნდია და ამაზე რეგულარული პირველობის შედეგებიც მეტყველებს. თუმცა, ფლეი-ოფში ყველაფერი ხდება და... 3:2 ჩამორჩენის შემდეგ მეექვსე მატჩში წუთითაც არ მოვდუნებულვართ. ყველას კარგად გვესმოდა, რომ წაგების შემთხვევაში ჩვენთვის სეზონი დამთავრდებოდა. ასეთ შემთხვევაში, აღარც ტრავმა გახსოვს და არც სხვა პრობლემები და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ. ფლეი-ოფი ისეთი რამაა, შეიძლება სხვა დროს ვეღარც მოხვდე იქ... 30 გუნდიდან მხოლოდ 16 იღებს მის საგზურს, ამიტომ თუ შანსი მოგეცა, ბოლომდე უნდა გამოიყენო...

-და მაინც, ჩემპიონი წელს "კლივლენდი" გახდება?

-იმედია, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით (იცინის). ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ფინალში "კლივლენდი" და "ლეიკერსი" უნდა გავიდნენ. ხალხს თანამედროვეობის ორი უდიდესი კალათბურთელის, ლებრონ ჯეიმსისა და კობი ბრაიანტის დუელის ხილვა სურს. თუ ასე მოხდა, საოცარი სანახაობა იქნება...