უსიამოვნო Sun-ის კვალზე - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

უსიამოვნო Sun-ის კვალზე - ექსკლუზივი

"ბექას კი არა, ტაისონს და სხვა არაერთ უძლიერეს მოკრივეს წაუგია პირველივე რაუნდში!"

"ფედერაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ჩემს მეუღლეს და უთხრეს, რომ "ფრთხილად ვყოფილიყავი"

თებერვალში, ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა The Sun-ში გამოქვეყნებულ წერილს საქართველოშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში ლაპარაკია სქემებზე, რომლებითაც ყალბდება პროფესიონალი მოკრივეების მონაცემები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. "მოკრივეები აყალბებენ თავიანთ სტატისტიკას, რათა ბრიტანელ ჩემპიონებთან ფინანსურად მომგებიანი ბრძოლების უფლება მოიპოვონ, თავს არიდებენ სამედიცინო შემოწმებას და ა.შ.," -–ამტკიცებენ წერილის ავტორები და Boxrec.com-ზე გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან ერთად, მაგალითებად კონკრეტული ბრძოლებიც მოჰყავთ.

"საქართველოში ტოპმოკრივეები ფალსიფიცირებით ახერხებენ მოწინავე ევროპელ მოკრივეებთან ჩხუბის დაბევებას. ყოფილ საბჭოეთის ქვეყნებში პროფესიონალ მოკრივეებს თითო ბრძოლაში საშუალოდ 15 ფუნტს უხდიან, კონტინენტზე ბრძოლაში კი ორი ათასი ფუნტის გამომუშავებაც შეუძლიათ. მენეჯერები გაყალბებული სტატისტიკით, როგორც "სავარჯიშო ტომრებს, ისე გზავნიან ასეთ მოკრივეებს ბრიტანეთში, შემდეგ კი მიღებული თანხის დაახლოებით ნახევარს ითვისებენ. ამ თაღლითურ მახეში სულ 89 ბრიტანელი მოკრივე გაება. მათ შორის - სახელგანთქმული მძიმეწონოსნები დერეკ ჩისორა და დილიან უაითიც... სქემა მარტივია: მენეჯერი საიტ Boxrec.com-ზე აკეთებს პროფილს იქს"მოკრივისთვის, რომელმაც უცხოეთში ბრძოლები უნდა გამართოს; იგივე მენეჯერი აკეთებს რამდენიმე ყალბი მოკრივის პროფილსაც. "იქსს" სწორედ ამ არარსებული მოწინააღმდეგეების წყალობით უგროვდება რეიტინგისთვის საჭირო მოგებები და ბრიტანეთში ბრძოლის გასამართავად შესანიშნავი სტატისტიკით მიდის. მართალია, მარცხდება, მაგრამ იღებს 500-2000 ფუნტს, რომლის ნახევარიც მენეჯერს რჩება. მარცხის შემდეგ"იქსმოკრივის პროფილი ახალი "გამარჯვებებით" ივსება..." - ეს არის ამონარიდი The Sun-ში გამოქვეყნებული სტატიიდან.

"კვირის პალიტრა" ელაპარაკა ბრიტანელ ჟურნალისტ ტიმ ოგდენს, რომელიც ამ სტატიის თანაავტორია:

- ტიმ, რა გამოხმაურება მოჰყვა სტატიას?

- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ბრიტანული კრივის სამყარო გააოგნა ამ ამბავმა. ეს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო ცნობილი პრომოუტერების - ფრენკ უორენის და ედი ჰერნისთვის, მაგრამ ჩვენს მტკიცებულებებთან დაკავშირებით ეჭვი არ გამოუთქვამთ. მტკიცებულებებთან ერთად, ქართველი მოკრივეების ძალიან სუსტი გამოსვლებიც მრავლისმეტყველია. ქართველები იშვიათად იმარჯვებენ ევროპულ რინგებზე. უმეტესწილად, ამას ევროპელი მსაჯების მიკერძოებულობას აბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შეგიძლიათ თვითOონ უყუროთ მათ ბრძოლებს და დარწმუნდებით - ერთი-ორჯერ თუ ახერხებენ, მეტოქეს მუშტი მოახვედრონ, თვითონ კი ბევრი ხვდებათ.

- რამდენი ხანია, რაც ეს სქემა მუშაობს?

- ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს პრაქტიკა დაახლოებით ათ წელს ითვლის, შესაძლოა, მეტსაც.

- რაც შეეხება ანაზღაურებას... სტატიაში მოყვანილი ციფრები რეალურია?

- ის, რომ ქართველებს 15 ფუნტს უხდიან საქართველოში და 2000 ფუნტამდე - საზღვარგარეთ, უბრალო განცხადება კი არა, ფაქტია. ზოგჯერ მეტსაც იღებენ, მაგალითად, თუ ბრძოლა ტიტულისთვისაა.

- ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

- ჩვენს წყაროებს ვერ გავამჟღავნებთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. ისინი ისედაც დიდ რისკზე წავიდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მარტო წყაროებზე არ არის აგებული. თქვენ თვითონვე შედით Boxrec.com-ზე და ნახავთ, რომ რეალური ქართველი მოკრივეები გამარჯვებებს, ძირითადად, აღწევენ ისეთ მეტოქეებთან, რომლების არც სურათი დევს, არც დაბადების ადგილი და თარიღია მითითებული. და რაც მთავარია, მეტი წაგება აქვთ, ვიდრე - მოგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ხალხი არ არსებობს. მათ მოგებები აქვთ მხოლოდ ასეთივე არარეალური პროფილის მქონე მოკრივეებთან. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ყველაფერზე ძვირფასია, ამიტომ უფრო ტრაგიკულია ის, რომ მძიმე პირობების ფონზე ქართველ მოკრივეებს სხვა არჩევანი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ ასეთ გზებს მიმართონ.

- მაგრამ ბრიტანეთში ჩასვლა და მწვრთნელთან ერთად რამდენიმე დღე ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა. მით უმეტეს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, აღებული თანხის ნახევარს მოკრივე მენეჯერს აძლევს... რაღა უნდა დარჩეს თუნდაც 2000 ფუნტიდან?! უღირს ამდენი წვალება 500-600 ფუნტისთვის?

- 2000 ფუნტს მოკრივეები იღებენ, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს პრომოუტერები ფარავენ, მაგრამ სამაგიეროდ, საპრიზო თანხის"წილში უსხდებიან და დაახლოებით ნახევარი მიაქვთ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი მოკრივეებისთვის 1000 ფუნტიც მიმზიდველი თანხაა. თუ თვეში ორჯერ მაინც იბრძოლებს ევროპაში, ეს უკვე მომგებიანი ბიზნესია მებრძოლისა და მენეჯერისთვისაც.

- ეს ბრალდებები საფუძვლიანია, მაგრამ მაინც ეჭვის დონეზეა... შეგიძლიათ დამამტკიცებელი საბუთების წარდგენა?

- ნახეთ, მაგალითად, ზურაბ ნონიაშვილის ან ბექა ლობჟანიძის ბრძოლები დერეკ ჩისორასთან ან დილიენ ვაითთან. კრივის ელემენტარულად მცოდნეც კი გეტყვით, რომ ეს მებრძოლები ახლოსაც ვერ მოვლენ ჩისორასა და ვაითის სხვა მოწინააღმდეგეებთან. ეს მოკრივეები მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ ლაპარაკია გაცილებით ფართომასშტაბიან ოპერაციაზე. თუმცა, ის ქართველი მოკრივეები, რომლებიც საზღვარგარეთ, მაგალითად, გერმანიაში, აშშ-ში ან ესპანეთში ცხოვრობენ და ვარჯიშობენ, ხშირად აღწევენ წარმატებებს. მაგალითად, ავთანდილ ხურციძის წარმატება აბსოლუტურად რეალურია!

- თქვით, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგემუქრნენ...

- ფედერაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ჩემს მეუღლეს და უთხრეს, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რომ დამელაპარაკებოდნენ, რომ ტყუილის მთქმელებს პასუხი მოეთხოვებოდათ... როცა ვუპასუხეთ, რომ პოლიციას ვაცნობებდით, დაგვემუქრნენ, გიჩივლებთო. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ თუ ჩივილს აპირებენ, სარჩელის შეტანა ბრიტანულ სასამართლოში მოუწევთ. The Sun-ს ჰყავს პროფესიონალ იურისტთა გუნდი, რომელმაც ჩვენი მტკიცებულებები სტატიის გამოქვეყნებამდე სამჯერ შეისწავლა და გვითხრეს, რომ მტკიცებულებები დამაკმაყოფილებელი იყო. გარდა ამისა, სანამ დაბეჭდვაზე დაგვთანხმდებოდნენ, სტატიაზე გულდასმით იმუშავა სამმა რედაქტორმა.

- სტატიაში მხოლოდ საქართველო არ ყოფილა ნახსენები. კონტროლი სხვა ქვეყნებთანაც გამკაცრდება?

- ასეთივე კორუფციის ნიშნები სლოვაკეთში, ლიტვაში, ბულგარეთსა და ბოსნიაშიც ვიპოვეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ საქმეს უფრო ფრთხილად ეკიდებიან. Boxrec-ში გვითხრეს, რომ მათაც ჰქონდათ ეჭვი ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებით და ამიერიდან მათ ჩატარებული ბრძოლების დამადასტურებელ ვიდეოებს მოსთხოვენ. ჩვენმა წყარომ ასევე გაგვიმხილა, რომ სპორტსმენების უმრავლესობას ყალბ სამედიცინო დოკუმენტებს ატანენ, რასაც დამატებითი გამოძიება სჭირდება...

ბუნებრივია, კომენტარი ქართველებსაც ვთხოვეთ. საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ევროპაში საბრძოლველად მოკრივეებს პრომოუტერები გზავნიან და არა - ფედერაცია, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება და ვიდეოჩანაწერის გაგზავნის გარეშე Boxrec-ი არც აქამდე აქვეყნებდა სტატისტიკას:

- ასეთ რაღაცებს არა მხოლოდ საქართველოს, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებზეც წერენ. ინგლისის, გერმანიისა და კიდევ ორი-სამი ქვეყნის გარდა, თითქმის ყველაზე. სურთ, ეს სახეობა მხოლოდ იმ რამდენიმე ქვეყანაში იყოს განვითარებული, სადაც დიდი ფული ტრიალებს კრივში, დანარჩენ ქვეყნებში კი ჩაკლან...

- სტატიაში ნათქვამია, რომ რეალურ ქართველ მოკრივეებს, Boxrec.com-ზე, ძირითადად, არარსებულ მეტოქეებთან აქვთ გამარჯვებები...

- სისულელეა, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ნათქვამია. მონაცემებსა და ვიდეოჩაAნაწერს თუ არ გაგზავნი, გამორიცხულია, ბრძოლა დაგეგმონ. თანაც, ვინ თქვა, რომ ქართველები სულ აგებენ?! ვინმე დაინტერესდა, რამდენი ქამარი აქვთ მოგებული ქართველებს, ევროპის რამდენი ჩემპიონი გვყავს სხვადასხვა ვერსიაში? როგორ არ იგებენ, დაახლოებით 11 ჩემპიონი გვყავს ამ სამი წლის განმავლობაში! თუმცა ბევრი აგებს კიდეც... შედეგი ყველას ისეთი აქვს, როგორც ვარჯიშობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს ფინანსები, რომ შეჯიბრება საქართველოში ჩაატაროს, ევროკავშირის ქვეყნებში კი ბრძოლას არ გაძლევენ, თუ მოწინააღმდეგე მაინცდამაინც ნოკაუტში არ გაგზავნე...

- ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამიერიდან, Boxrec-ი ქართველებს ჩატარებული ორთაბრძოლის დამადასტურებელ ვიდეოებს მოსთხოვს...

- ამიერიდან?! უკვე წლებია, ვიდეოჩანაწერის გარეშე არც ერთი ბრძოლა არ იდება! თუ ევროპის კრივის ასოციაციამ არ ნახა ჩვენი გაგზავნილი ორთაბრძოლების ამსახველი დისკი, გამორიცხულია, ბრძოლა დაგეგმონ. არც სტატისტიკას დებენ და არც რეიტინგში ჩაწერენ!

- მძიმე პირობების ფონზე, ქართველ მოკრივეებს სხვა არჩევანი არ რჩებათ იმის გარდა, რომ ასეთ გზებს მიმართონ და გარკვეული გასამრჯელოსთვის თავი "გამოცხადებული წაგების ქრონიკისთვის" გაწირონო...

- და რა იციან, ვინ რამდენს იღებს?! კრივის არაფერი ესმით და რაღაც სისულელეს წერენ. მოკრივეების გაგზავნა-გამოგზავნასთან ფედერაცია არაფერ შუაშია და არც ანაზღაურებაზე ვიცი რამე. ეს პრომოუტერების საქმეა...

- სტატიაში ნახსენები იყო კონკრეტული მოკრივეები და საეჭვოდ მიჩნეული ბრძოლები. მაგალითად, ლობჟანიძე და ნონიაშვილი ჩისორასა და ვაითთან, ასევე, სხვა არაერთი შეხვედრაც...

- ბექა ლობჟანიძე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა, წლების განმავლობაში იყო ნაკრების კაპიტანი... წაგებაში რა არის გასაკვირი - ბექას კი არა, ტაისონს და სხვა არაერთ უძლიერეს მოკრივეს წაუგია პირველივე რაუნდში (ჩისორამ ლობჟანიძე პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა. - ავტ.)! ვიღაცებს ჰგონიათ, რომ დერეკ ჩისორა ძალიან დიდი მოკრივეა. ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ბექამ სწრაფი დარტყმა "გაატარა" და დაეცა, თორემ მე თუ მკითხავთ, შეხვედრა რომ გაგრძელებულიყო, თანაბარი ბრძოლა იქნებოდა.

- ჩვენმა რესპონდენტმა ისიც გვითხრა, რომ ფედერაციის წარმომადგენლები დაემუქრნენ.

- რა მუქარაზეა ლაპარაკი?! ვიცნობ სტატიის ავტორს, ორი წლის განმავლობაში უფასოდ ვარჯიშობდა ჩვენს დარბაზში... სამწუხაროდ, კრივის ტურნირებს ყურადღებას არავინ აქცევს, არადა, ისეთი მაგარი ორთაბრძოლები იმართება და იმდენი მაყურებელი ესწრება, სხვა სახეობები ვერც კი იოცნებებენ... ამდენი კარგი ხდება, ქართველი ჟურნალისტები კი მაინცდამაინც ცუდსა და სკანდალურზე ამახვილებენ ყურადღებას. ბევრჯერ მიგვიწვევია ჩვენს ღონისძიებებზე, მაგრამ არ მოდიან, ეროვნული მასშტაბის ტურნირები არავის აინტერესებს, არადა, კარგიც ხომ ხდება ამ ქვეყანაში?! ჩვენი ბიჭების წარმატებას არავინ აშუქებს და როგორც რაღაც სალანძღავი დაიწერა, ყველა ამაზე ალაპარაკდა...